კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის დაპირისპირება არაეფექტური ლარიზაციის გადასაფარი მითია?!

კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის დაპირისპირება არაეფექტური ლარიზაციის გადასაფარი მითია?!

რეალურად რა ხდება მთავრობის ეკონომიკურ გუნდში

ლარის კურსის სწრაფი გაუფასურების შოკი პრემიერ-მინისტრსა და პირველ ვიცე-პრემიერს შორის შესაძლო დაპირისპირებამ ,,გადაფარა'', რაც როგორც ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, ლარიზაციის კვირიკაშვილისეულ გეგმას უკავშირდება. ვაშაძის მონაცემებითვე, ლარიზაციის გეგმის თავდაპირველ ვარიანტში აქციზის გადასახადის ზრდა გათვალისწინებული არ ყოფილა ანუ ეს ქუმსიშვილის იდეაა, რის გამოც პრემიერს დაუპირისპირდა, თუმცა პრემიერ-მინისტრი ლარიზაციის გეგმაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და აცხადებს, რომ მთავრობაში დაპირისპირება არ არსებობს და ლარიზაციის გეგმის შესრულებას ხელს ვერავინ შეუშლის. რა ხდება მთავრობის ეკონომიკურ გუნდში და რის საფუძველზე აცხადებს გიორგი ვაშაძე, რომ კვირიკაშვილი-ქუმსიშვილი ხელისუფლების სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენენ? ,,ვერსია'' ახალი საქართველოს ლიდერ გიორგი ვაშაძეს კიევში დაუკავშირდა.
- ბატონო გიორგი, რის საფუძველზე დაასკვენით, რომ კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილს შორის დაპირისპირებაა? 
- მთავრობის დამტკიცებისას ოთხპუნქტიანი გეგმა წარმოადგინეს, რომელიც ლარიზაციის იმ გეგმისგან, რაც ორი კვირის წინ მოვისმინეთ და რასაც ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით საკმაოდ ნეგატიური ეკონომიკური რყევა მოჰყვა, აშკარად განსხვავდება. ასევე, არაერთგვაროვანი პოზიცია სხვა საკითხებზეც, მაგალითად, ონლაინსესხებზე იყო. ზოგი ამბობდა, რომ უნდა აიკრძალოს, ზოგი კი დამატებითი რეგულაციების დაწესებას ითხოვდა. პირველ ოთხპუნქტიან გეგმაში, რომელიც მთავრობის დამტკიცების დროს წარადგინეს, კრედიტების დაფარვის იმ ახალ ინიციატივაზე, რაც დოლარში აღებული კრედიტების ლარში გადაყვანას ეხება, ნათქვამი არაფერი იყო. პირველი გეგმა არც ლარიზაციის გეგმას, აქციზის გადასახადის მატებასა და ონლაინსესხების აკრძალვას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირებაა. ის რეაქცია, რაც ყველაფერ ამაზე მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთ წარმომადგენელს ჰქონდა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყველაფერი მწყობრში არაა. პირდაპირ გეტყვით: ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებული ორი კვირისწინანდელი განცხადება ლარისთვის, პრაქტიკულად, ყელში დანის გამოსმა იყო, რითაც ჩვენი ვალუტა ბოლომდე გაანადგურეს. საბოლოო დარტყმა კი მოსახლეობამ მიიღო, რადგან უამრავი პრობლემა შეექმნა. 
- ანუ, მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმას აქციზის გადასახადის ზრდა და ონლაინსესხების აკრძალვა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაუმატა? 
- ჩემი ინფორმაციით, ეს ფინანსთა სამინისტროს მომზადებული ინიციატივებია, მაგრამ არ ვიცი, კონკრეტულად რა გათვლებს ეყრდნობა. ამიტომაც ვითხოვ, კონკრეტული გათვლები წარმოგვიდგინონ, რის საფუძველზე დათვალეს ან გადაწყვიტეს, რომ ეს ინიციატივები ეკონომიკური განვითარებისთვის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. ვფიქრობ, აქციზის გადასახადის ზრდა ბიუჯეტთანაა მიბმული, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს. 
- თქვენს განცხადებას გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და ამ გეგმაზე პასუხისმგებლობა აიღო... 
- კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ გეგმაზე, მასთან ერთად, პასუხისმგებლობას მთელი მთავრობა იღებს. ვფიქრობ, ეს განცხადებაც და ზოგადად, საპარლამენტო უმრავლესობის რეაქციაც, რაც ჩემს ბრიფინგს მოჰყვა, ნიშნავს, რომ მთავრობის გუნდში ნამდვილად უთანხმოებაა და ამ სრულიად გაუაზრებელ ინიციატივებთან დაკავშირებით, ადრე თუ გვიან, განტევების ვაცის მოძებნა დასჭირდებათ, ვისაც ყველაფერს გადააბრალებენ. ეს თემა ასე მარტივად ვერ ჩაივლის, რადგან ყველა ასეთ წინადადებას ან ნებისმიერ განცხადებას, რასაც მთავრობა აკეთებს, ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკაზე, თითოეული მოქალაქის ჯიბესა და ყოფაზე საკმაოდ სერიოზული გავლენა აქვს. არც კი მახსენდება, ასეთი ტიპის განცხადება რომელიმე სხვა ქვეყნის მთავრობას ოდესმე გაეკეთებინოს. მხედველობაში 2015 წლის 1 იანვრამდე, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ლარში გადაყვანა მაქვს. ეს იმდენად აბსურდული ინიციატივაა, რომ ვიდრე ამას იტყოდნენ, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.50 იყო, ამის შემდეგ კი ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუარესდა. შესაძლოა, ახლა კურსი 2.58-ია, მაგრამ ბანკში რომ მიხვალთ, კურსი 2.62-ზე დაგხვდებათ, რაც ნიშნავს, რომ ის შეღავათი, რასაც მთავრობა აცხადებდა, უკვე დავკარგეთ. მაშინ კი, როცა ეს პროექტი განხორციელდება, ლარის კურსი შესაძლოა, კიდევ უფრო დაეცეს. გამორიცხული არაა, რომ 2017 წლის იანვარში, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, პირობითად, 2.70 იყოს. შესაბამისად, მთავრობის ინიციატივა უკვე საღ აზრსაა მოკლებული და გამოდის, თითოეულ დოლარზე 20 თეთრიც რომ დაგვაკლონ, 2.47-საც კი ანუ იმ კურსს, რაც ამ ინიციატივის გაცხადების მომენტში იყო, ვერ მივიღებთ. 
- კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილს ერთმანეთი პოლიტიკაში არ გაუცნიათ, წლების წინ, ქართუ ბანკში ერთად მუშაობდნენ და ივანიშვილთან ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, ეს ბანკი ერთდროულად დატოვეს. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ეკონომიკის მინისტრად სწორედ გიორგი კვირიკაშვილი წარადგინა, ამ უკანასკნელმა კი თავის მოადგილედ დიმიტრი ქუმსიშვილი მოიყვანა. ამ ბეგრაუნდის მიუხედავად, მათ შორის მაინც დაპირისპირებაა? 
- ნახევარი მთავრობა და საპარლამენტო სიაც კი ქართუ ბანკის თანამშრომლებისგან შედგება. დრო იცვლება და ალბათ, ისიც აქტუალურია, ვინ უფრო ახლოსაა ბიძინა ივანიშვილთან. აქედან გამომდინარე, არგუმენტი, კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, იმას არ ნიშნავს, რომ ახლაც საერთო ხედვა და პოზიცია აქვთ, თუმცა შეეცდებიან და ცდილობენ კიდეც, მაქსიმალურად აჩვენონ, რომ მათ შორის კამათი არ არსებობს, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება მიუთითებს, რომ ამ მხრივ ბევრი კითხვის ნიშანია. ისინი ძირითადად, შერბილებულ კომენტარებს აკეთებენ, მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ მაინც ერთიან პოზიციაზე ვართო. სწორედ ასეთი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყველაფერი არცთუ მარტივადაა. პირდაპირ გეტყვით, ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედის, მთავრობაში დაპირისპირება იყოს, რადგან ამას დამატებითი რყევა მოჰყვება და ისედაც დასუსტებულ ეკონომიკაში კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეიქმნება, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ თუ ასეთ გაუთვლელ ინიციატივებზე პასუხს არასოდეს არავინ აგებს და ციფრებიც არ გვექნება, ეს ინიციატივები კონკრეტულად რა გათვლებს ეყრდნობა, მუდმივად ამ რისკისა და იმ ფაქტის წინაშე ვიდგებით, რომ ხვალაც გამოვიდნენ და განცხადება გააკეთონ, რასაც ქვეყნის ეკონომიკაში კიდევ უფრო დიდი რყევა მოჰყვება. 
ექსპერტთა შეფასებით 
წლების წინ, გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი ქართუ ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრები იყვნენ. 2011 წლის შემოდგომაზე, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ღია წერილით ამცნო, რომ სააკაშვილის რეჟიმს დაუპირისპირდა და პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა. პირველ წერილს მეორეც მოჰყვა, სადაც ივანიშვილმა ,,ქართუ ჯგუფის'' პრეზიდენტი, გიგა ჩრდილელი საქართველოს შს მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ, ჯაშუშობაში ამხილა. ,,თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია. იგი ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს. ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ. ,,ქართუ ჯგუფისპრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე, ვლაპარაკობდი'', – წერდა თავის ღია წერილში ბიძინა ივანიშვილი. 
წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ჩრდილელი ქართუ ბანკის ოფისში აღარ მისულა და თანამდებობაც დატოვა, რომელიც ეროვნული ფორუმის იმდროინდელმა წევრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა დაიკავა. ჩრდილელის გარდა, თანამდებობები ქართუ ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრებმა – გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმაც დატოვეს... 
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების'' გამარჯვების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის შემადგენლობა წარადგინა და, როგორც ამბობენ, ყველაზე მეტად ეკონომიკური გუნდის შერჩევა გაუჭირდა: დაახლოებით თვენახევარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე ენერგეტიკის მინისტრების სავარძლები ვაკანტური იყო. აშკარაა, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილს მოულოდნელად ,,შეურიგდა'', რადგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი ჩააბარა. ამ უკანასკნელმა კი პირველ მოადგილედ სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილი დანიშნა. 
გიორგი ვაშაძის ზემოხსენებულ განცხადებას ექსპერტთა შეფასებები მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილის გუნდში მართლაც, დაპირისპირებაა, ნაწილი კი ამას კატეგორიულად გამორიცხავს. სინამდვილეში, კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილს შორის დაპირისპირება არ არსებობს. რაც შეეხება ლარიზაციის გეგმას, ის მართლაც შეიცავს რამდენიმე მტკივნეულ ასპექტს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ზიანს მოუტანს. აქედან გამომდინარე, ამ საკითხებზე მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობაა და გამორიცხული არ არის, კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის დაპირისპირების ილუზიას სწორედ ეს ქმნიდეს. 
რეალურად, კვირიკაშვილიცა და ქუმსიშვილიც თანამოაზრეები არიან და თუ ხელისუფლებაში მართლაც რამდენიმე ჯგუფია, პრემიერ-მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი სწორედ ერთ გუნდში მოიაზრებიან. აქვე, ჩნდება ლოგიკური კითხვა - მაშ, რა დაპირისპირებაზე საუბრობს გიორგი ვაშაძე? სავარაუდოდ, კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის დაპირისპირება და მათი სახით, მთავრობაში ორი გუნდის არსებობა მითია, რამაც ლარიზაციის არაეფექტური ეკონომიკური გეგმა და ამის გამო გაუფასურებული ლარი უნდა გადაფაროს. 
,,ჩემთვის ნათელია, რომ ონლაინსესხებით გაღარიბებული ხალხი მიუღებელია კვირიკაშვილისთვის, რომელსაც დაახლოებით, ორი ათეულია წელია ვიცნობ და სიკეთის გარდა, სხვა არაფრის კეთების ნიჭი აქვს. მისი პირადი თვისებები უნიკალური და პოზიტიურია, ამიტომ კვირიკაშვილს თვალდახუჭული ვენდობი. თუ კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილს შორის აზრთა სხვაობა ონლაინსესხების თემაზე შედგა, დარწმუნებული ვარ, ამ საკითხში კვირიკაშვილს პირადი ინტერესი არ ექნებოდა. ის მხოლოდ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან მოქმედებს, რაშიც ბატონ ქუმსიშვილთან დაკავშირებით დარწმუნებული არ ვარ და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონ დიმიტრის პირადად არ ვიცნობ. რასაკვირველია, ბრალდებას ვერ წავუყენებ, მაგრამ ვიდრე მოტივებს არ მოვისმენ, რატომ აქვს ამ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა, ასეთი ეჭვის უფლებას ვიტოვებ, თუმცა არც იმას გავიკვირვებ, თუ ყველაფერი ეს გარკვეული ჭორია, რომელსაც უბრალოდ, ვიმეორებთ'', - ამბობს ,,ვერსიასთან'' საუბრისას ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი. 
კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავს და ამას ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ,,ყავაზე მკითხაობის'' მცდელობას უკავშირებს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილიც. მისი თქმით, ნებისმიერ ხელისუფლებასა და პარტიაში არსებობს ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც საჭირო მომენტში, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისკენ ისწრაფვიან, თუმცა მთავრობაში ღია კონფლიქტის სიმპტომები არ არსებობს. ხუხაშვილი ამბობს, რომ აქციზის გადასახადის ზრდა დიმიტრი ქუმსიშვილის ლობირებული იდეაა, რაც სამომავლოდ, გიორგი კვირიკაშვილს პრობლემებს შეუქმნის, თუმცა აქვე, განმარტავს, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრია და პროცესს ბიუჯეტის შესრულების პრიზმაში აფასებს. აქციზის გადასახადი ფინანსთა მინისტრს 2017 წლის ბიუჯეტის დასაბალანსებლად სჭირდება, რადგან მოგების გადასახადის რეფორმის ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით, ლუფტი, რაც ამ გადასახადის გაუქმებით ბიუჯეტში შეიქმნება, სწორედ აქციზის გადასახადით უნდა შეივსოს. ,,ვერსიის'' კითხვას, ხომ არ აჯობებდა, მთავრობამ ესტონური მოდელი რამდენიმე წლით გადაავადოს, გია ხუხაშვილმა უპასუხა: 
,,ხელისუფლებას უნდა, რომ მოგების გადასახადის რეფორმა გაატაროს და ესტონური მოდელიც იმისთვის მოიფიქრა, რომ ეს ფული, მოგების გადასახადის სახით, ეკონომიკიდან არ ამოეღო, ჩაეტოვებინა და ეკონომიკის განვითარებისთვის სტიმული მიეცა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ერთი ხელით ანუ ერთი გადასახადის გაუქმებით ეკონომიკაში ფულს ტოვებ, მეორე ხელით ანუ აქციზის გადასახადის ზრდით კი იგივე რაოდენობის ფულს ეკონომიკიდან იღებ, რაც აბსურდამდე მიდის. აქციზის გადასახადის ზრდა, პირველ რიგში, ნავთობპროდუქტებზე აისახება, რაც ეკონომიკის საბაზისო ელემენტია. საწვავის გაძვირებით, ნებისმიერი სახის პროდუქტი გაძვირდება და მოსახლეობის მდგომარეობა გაუარესდება. ამ გადაწყვეტილების ეკონომიკური შედეგი ნოლია, სოციალური რისკებიც იზრდება და გაუგებარია, ამდენი ,,შარი-შური'' რა საჭირო იყო?''