1 ივნისს ეკა ბესელიამ რამდენიმე ადვოკატთან ერთად მცხეთის დროებითი დაკავების იზოლატორში მყოფი პატიმრები მოინახულა. 26 მაისის ღამით დაკავებულთაგან 15 ნაცემი ადამიანი მცხეთაში გადაიყვანეს და ადმინისტრაციულ პატიმრობას იქ იხდის. მათ რიცხვშია მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს.
რა სიტუაცია დაგხვდათ მცხეთის დროებითი დაკავების იზოლატორში?
- იქ 15-მდე დაკავებული პირია, ჩვენ 12-ს გავესაუბრეთ და საინტერესო ინფორმაციები მოვიპოვეთ. მათგან მხოლოდ სოსო ჯაჭვლიანი შიმშილობს. ამბობს, რომ ეს არის პროტესტის გამოხატვის ერთადერთი საშუალება, რადგან სრულიად გაუგებარია მისთვის რატომ წაუყენეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალი, როცა არანაირი წინააღმდეგობა არავისთვის არ გაუწევია. ამბობს, იქ სოლიდარობის გამო ვიყავი, იმიტომ, რომ ხალხი დაუცველი არ დარჩენილიყოო.
კინოთეატრ “რუსთაველის” შენობაში დაადეს სოსოს ბორკილები ხელებზე და ფეხებზე. მის თვალწინ დააკავეს ბატონები გოგი ქავთარაძე, დიმა ჯაიანი, ლუკა კურტანიძე, თემურ შაშიაშვილი. ყველა მათგანის მიმართ სხვადასხვა ხარისხის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. ესმოდა, როგორ შეურაცხყოფდნენ დაკავებულებს და ერთმანეთისთვის მხარდაჭერას ვცდილობდითო. იქიდან ის ჯერ პოლიციის სამმათველოში გადაიყვანეს, მერე კი მცხეთაში აღმოჩნდა. მცხეთის იზოლატორში გადმოყვანის შემდეგ მათზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს დაკავებულებს სახაზინო ადვოკატები ჰყავდათ?
- ადვოკატები არ ჰყოლიათ, ისე შეუფარდეს სასჯელები. პრაქტიკულად, მთელი 48 საათი ისინი უკანონოდ დაკავებულები იყვნენ, ამიტომაც მოითხოვა სოსო ჯაჭვლიანმა ჩემთან შეხვედრა. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და მქონდა თუ არა უფლება, გამოტანილი გადაწყვეტილება გამესაჩივრებინაო. ეს ვადები დაკავებულებს იმიტომ გააშვებინეს, რომ მათ არ ესარგებლათ სააპელაციო სასამართლოში საქმის გადახედვის უფლებით და მეორე, როგორც ჩანს, არ სურდათ დაფიქსირებულიყო ის დაზიანებები რაც მათ სხეულზე აღენიშნებოდათ. დაკავებულთა უმრავლესობამ პატიმრობის შეფარდება ვერ გაასაჩივრა, როცა მათთან ადვოკატები შევიდნენ, გასაჩივრების ვადები გაშვებული იყო. მხოლოდ თბილისში გაასაჩივრა
რამდენიმემ, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში
მათაც უარი მიიღეს. ამ ადამიანებს დაცვის უფლება მოუსპეს. ეს არის ძალიან დიდი დარღვევა, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე
- ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების.
რას ამბობენ დაკავებულები? მათ სხეულზე დაზიანებები ისევ აღენიშნებათ?
- იქ ვნახეთ სახალხო კრების დარბაზის წევრი სანდრო დონაძე, რომელსაც ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. 5-ზე მეტმა პოლიციელმა უმოწყალოდ სცემა კინოთეატრ ”რუსთაველის” შენობაში ხელებშეკრული დონაძე ისე, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. სასტიკად ნაცემია ვარლამ კეკუტია. მას 40-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისე ძლიერ არის ნაცემი, რომ დღესაც ეტყობა დაზიანებების კვალი და თუკი ექსპერტიზა ჩაუტარდება, სათანადო დასკვნაც დაიდება. კობა მუმლაძეც ამბობს, რომ სასტიკად სცემეს. რაც შეეხება დაკავებულ ზვიად გიორგაძეს, ის არც აქტივისტია და არც სახალხო კრების წევრი, უბრალოდ, იმყოფებოდა აქციაზე და ვერც ის გადაურჩა საშინელ წამებას, ისევე, როგორც ვერ გადაურჩნენ ამას ალექსანდრე კურატაშვილი და ირაკლი ჯავრიშვილი. მცხეთის დროებითი დაკავების იზოლატორში ჟორა გიორგაძეც ვნახეთ, წარმოიდგინეთ, ის ადამიანი აქციაზე საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ მაინც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.
მაშინ, როგორ აღმოჩნდა იქ?
- იმ ღამით გიორგაძე წვეულებიდან მოდიოდა და შემთხვევით აღმოჩნდა რუსთაველზე. როგორც ამბობს, დარბევა პრაქტიკულად დასრულებული იყო, როცა ის სპეცრაზმელებმა დააკავეს. უბრალოდ, იმიტომ რომ იქ აღმოჩნდა. სცემეს და პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, მასაც ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოზე რეალური ვითარების განმარტების საშუალება არ ჰქონდა?
- მოსამართლეები საერთოდ არ კითხულობდნენ, რისთვის იყვნენ ისინი დაკავებულები და ხომ არ ჰქონდათ რაიმე პრეტენზია. უბრალოდ, როგორც ნოტარიუსები, აკანონებდნენ პროკურატურის მოთხოვნებს. ფაქტობრივად, ყველა დაკავებულის ბრალის დადგენილების ტექსტი ერთნაირია, მხოლოდ სახელი და გვარი იცვლებოდა. ამ ქვეყანაში არანაირ მართლმსაჯულებაზე ლაპარაკიც არ არის. როდესაც პოლიცია არღვევს კანონს და დანაშაულს ჩადის, ერთადერთი, ვისაც შეუძლია ეს გააკონტროლოს და მართლმსაჯულების სივრცეში გადაიყვანოს, ეს სასამართლოა, მაგრამ მოსამართლეები გაცილებით უპასუხისმგებლოდ და უზნეოდ იქცევიან, ვიდრე პოლიციელები. მოსამართლეებს გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მაგრამ ისინი ამ დანაშაულების პირდაპირი თანამონაწილეები არიან.
საზოგადოებისთვის ცნობილი ბევრი ადამიანი პატიმრობას გადაურჩა, რატომ არ აღმოჩნდა მათ რიცხვში სოსო ჯაჭვლიანი და რამდენი ხანი მოუწევს პატიმრობაში ყოფნა?
- მას ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს მისჯილი. თვლის, რომ მისი დაკავება პიროვნული ანგარიშსწორება იყო. გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს და ეს ბუნებრივია, რადგან სრულიად უდანაშაულოა. ხელფეხშეკრული ადამიანი სცემეს და მერე დააკავეს. ამაზრზენია იმ ფაქტების მოსმენა, რასაც ეს ადამიანები ყვებიან. პოლიციის სამმართველოს შენობაში ჯგუფ- ჯგუფად შეჰყავდათ ქალები და მამაკაცები, აბსოლუტურად ყველას სცემდნენ და შენობაში სისხლის გუბეები იდგა. ფაქტობრივად, სასაკლაოზე ვიყავით და ერთმანეთს ვერაფერს ვშველოდითო. შესაძლოა, ბევრმა ვერ გაუძლო ამხელა ცემა-წამებას და ამიტომ არის დღემდე ამდენი ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობი.
სოსო ჯაჭვლიანს დაზიანებები ახლაც აღენიშნება?
- ახლა სახეზე უკვე ვიზუალურად არ ეტყობოდა, მაგრამ ამბობს, რომ პირველ დღეებში საშინელი ტკივილები ჰქონდა.
როცა სოსო ჯაჭვლიანის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობდნენ, ითქვა, რომ ვიღაც სვანურად დაელაპარაკა და ისე გაიყვანა იქიდან, ამას ადასტურებს?
- ასეთი რამ არ უთქვამს. თქვა, რომ რამდენიმე ძალოვანმა ის იცნო, მაგრამ განსაკუთრებით ერთ-ერთი ძალიან აგრესიული იყო მის მიმართ და უმოწყალოდ ცემდა. სოსო თვლის, რომ მის მიერ გაკეთებული მწვავე განცხადებების და შეფასებების გამო იძიეს მასზე შური და იმიტომ დააპატიმრეს. ძალიან შეურაცხყოფილი და გაბრაზებულია. ელოდებოდა აქციის დარბევას, მაგრამ ძალოვანთა მიერ გამოყენებული ფორმები და მეთოდები, მისთვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა. ლუკა კურტანიძის ამბავიც გაიხსენა. როცა სპეცრაზმელები ლუკა კურტანიძეს აყენებდნენ შეურაცხყოფას, გამოსარჩლება ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდაო. ესმოდა, რა სიტყვებით მიმართავდნენ დიმა ჯაიანს და გოგი ქავთარაძეს. სამმართველოდან ვინ სად გადაეყვანათ ამაზე დირექტივებს იღებდნენო. ასე რომ, არ იყო ისეთი უკონტროლო მოქმედება, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. როგორც ჩანს, ამ ყველაფერს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თავად აკონტროლებდა.
ისინი სხვადასხვა ქალაქების დროებითი დაკავების საკნებში რატომ აღმოჩნდნენ?
- თბილისის დროებითი დაკავების იზოლატორში ამდენი ხალხი ვერ დაეტია, ამიტომ ის ადამიანები, ვინც უფრო მეტად ნაცემები იყვნენ, რეგიონებში გადაიყვანეს. ალბათ იმიტომ, რომ თბილისისგან განსხვავებით, რეგიონებში პატიმრებთან შეღწევა უფრო რთულია. ამიტომ აღმოჩნდნენ დუმბაძე და ბადრი ბიწაძის ძმა თელავში. მე ისინი ჯერ არ მინახავს და ამიტომ მათ მდგომარეობაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.
ალბათ სცადეთ, სოსო ჯაჭვლიანი დაგერწმუნებინათ, რომ შიმშილობა შეეწყვიტა არა?
- ძალიან ვთხოვე. დედის და მეუღლის თხოვნაც გადავეცი, მაგრამ კატეგორიული უარი თქვა. მითხრა - თუ მე შიმშილობას შევწყვეტ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს ბიოგრაფიას ხაზი უნდა გადავუსვა. ეს ღირსების საკითხია. ერთადერთი, რითაც აქედან ვახერხებ პროტესტი გამოვხატო და გავაპროტესტო ჩემი უკანონო დაპატიმრება, ეს შიმშილობაა და ვიდრე აქ ვზივარ შიმშილობას გავაგრძელებო.
დაკავებულებს შორის აქციის რომელიმე დაკარგული მონაწილე ხომ არ აღმოგიჩენიათ?
- არა. ვინც დაკარგულთა სიაშია, იმ ადამიანების ადგილსამყოფელი ისევ უცნობია. დღეს სასულიერო პირებსაც ვესაუბრე და მიამბეს იმ საშინელ ღამეს, მათ როგორ ექცეოდნენ.
ისინი იქ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით იმყოფებოდნენ?
- დიახ, ჩვენი პატრიარქის ლოცვა- კურთხევით და მისი დავალებით რუსთაველზე სასულიერო პირები მივიდნენ. შეგნებულად არ ვასახელებ იმ სასულიერი პირის ვინაობას, რომელმაც ეს მიამბო. ისინი აქციის მონაწილეების გადარჩენას ცდილობდნენ. აქციის ერთ- ერთი მონაწილე, ეპილეფსიით დაავადებული ადამიანი, თურმე კომაში ჩავარდა და მას მაინც ურტყამდნენ. ამ ადამიანს სასულიერი პირი გადაეფარა და მასაც მიაყენეს შეურაცხყოფა. ერთ-ერთმა ისიც კი მითხრა, დახვრეტა რომ იყოს ნებადართული, ჯერ უნდა დაგიჭირონ და მერე უნდა დაგხვრიტონ, სხვის საქმეში რომ ერევითო. ყველანი და მათ შორის მეუფე იაკობი, ვცდილობდით პასუხისმგებელი პირი მოგვეძებნა, რადგან მასთან პატრიარქს დალაპარაკება სურდაო. პატრიარქი გვთხოვდა ასეთი ადამიანის მოძებნას, რომ შეეჩერებინა ეს ანგარისწორებაო. მეუფე დარბოდა და იძახდა, ვინ არის აქ ხელმძღვანელიო, მაგრამ არც ერთმა არ ისურვა პატრიარქთან დალაპარაკება, მერე გრიგალაშვილი დავინახეთ და შევეცადეთ მისთვის მიგვეწოდებინა ტელეფონი, ისიც ვუთხარით, რომ პატრიარქს სურდა მასთან დალაპარაკება, მაგრამ არ დაელაპარაკაო. უბრალოდ, ტელეფონში ისმოდა როგორ სთხოვდა ყველას პატრიარქი, რომ შეეჩერებინათ ძალადობა და სისხლისღვრა, მაგრამ უწმინდესსაც არ გაუწიეს ანგარიში. 150-მდე ადამიანი, სწორედ ამ სასულიერო პირების ძალისხმევით გადაურჩა დაპატიმრებას. ნაცემი ხალხი ქაშუეთის ეკლესიაში შეიყვანეს და მღვდელმსახურებმა იქ შეიფარეს.