შეიარაღებული დაპირისპირების პრელუდია შავ ზღვაზე

შეიარაღებული დაპირისპირების პრელუდია შავ ზღვაზე

"შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების პატრულირების ვადა შეიძლება 4 თვემდე გაიზარდოს, რაც მოსკოვში დიდ აღშფოთებას იწვევს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდალმა, ვიცე-ადმირალმა ჯეიმს ფოგომ გააკეთა. რუსული სამთავრობო მედია აქტიურად წერს, რომ პენტაგონი რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების საფრთხეს გამუდმებით ზრდის და მოსკოვს "დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის" პასუხის გაცემა შეუძლია. რუსული მხარე აშშ-ს მონტრეს კონვენციის დარღვევაში სდებს ბრალს. ასევე აღშფოთებით წერს, რომ ნატო პენტაგონს ამ საშიშ პროცესში ხელს უწყობს და ბრიუსელის სამიტზე განიხილეს კიდეც შავი ზღვის რეგიონში ალიანსის ძალების ყოფნის გაძლიერება. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ შავ ზღვაში ვითარება იძაბება, ამერიკა-რუსეთის დაძაბულობის კერა აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალტიის ზღვიდან შავი ზღვის აკვატორიაში გადმოდის და ამ ყველაფრის სამხედრო ინციდენტში გადასვლის შესაძლებლობა ძალიან დიდია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით შეიარაღებული დაპირისპირების პრელუდია შავ ზღვაზე / შავ ზღვაზე ამერიკული გემების პატრულირების ვადა შეიძლება 4 თვემდე გაიზარდოს, მოსკოვი საპასუხო რეაქციით იმუქრება.

"რუსული მხარის აღშფოთება რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის მე-6 ფლოტის ვიცე-ადმირალის, ჯეიმს ფოგოს მიერ გაკეთებულმა იმ განცხადებამ გამოიწვია, რომ შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდების პატრულირება შეიძლება 4 თვემდე გახანგრძლივდეს. ვიცე-ადმირალის განმარტებით, თუ რეგიონში გამოწვევები გაძლიერდება, მაშინ ამერიკული ფლოტის რაოდენობაც და ხარისხიც გაიზრდება. რუსული მედია წერს, რომ ამას შეიძლება ნეგატიური შედეგი მოჰყვეს, რადგან პენტაგონი ევროპაში გაძლიერებას გეგმავს მონტრეს კონვენციის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა კი, რუსული მედის მტკიცებით, მოსკოვისთვის მიუღებელია. მონტრეს კონვენციის თანახმად, იმ სახელმწიფოების სამხედრო გემებს, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, შავი ზღვის აკვატორიაში 21 დღეზე მეტ ხანს დარჩენის უფლება არ აქვთ. თუმცა აშშ-ის სამხედრო ფლოტის შავ ზღვაში გამაგრებას და პატრულირების ვადის გაზრდას შავი ზღვის 6 სახელმწიფოდან მხოლოდ რუსეთი ეწინააღმდეგება. დანარჩენი 5 - თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა და საქართველო კი მიესალმებიან", - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსული სამთავრობო გამოცემა "რია ნოვოსტი" წერს, რომ შავი ზღვის "რევოლუციური ცვლილების იდეოლოგ" ვიცე-ადმირალ ფოგოს "დაუსჯელობის განცდა და ილუზია აქვს" და ის თვლის, რომ შეუძლია კონვენციას გვერდი აუაროს, თუმცა რუსეთის საზღვაო ფლოტი საკუთარ ზონაში ამერიკულ ხომალდებს ყურადღებით ადევნებს თვალს - "რუსეთი ოპერატიულად ხვდება დაუპატიჟებელ სტუმრებს. ასევე შავ ზღვაშიც, როგორც ეს იყო სექტემბერში, ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავთან დაკავშირებით. მოსკოვი არ ცდილობს დასავლეთთან კონფრონტაციას და საპასუხო ზომებს მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს. შავი ზღვის ფლოტის განახლება ხდება ახალი გემებით და მხოლოდ ერთი ფედერალური პროგრამით მიიღებს 86 მლრდ რუბლზე მეტს. 2014 წლიდან რუსეთის გემების საწინააღმდეგო კომპლექსები "ბასტიონი", ასევე გემების საწინააღმდეგო რაკეტები ყირიმიდან დამიზნებულია შავი ზღვის უდიდესი ნაწილისაკენ, მთელი უკრაინის სანაპიროდან თურქეთის სანაპირომდე. აი, ეს არის რუსეთის სტრატეგიული გზავნილი", - წერს "რია ნოვოსტი", რომლის თქმითაც, პენტაგონი რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების საფრთხეს გამუდმებით ზრდის და მოსკოვს პასუხის გაცემა შეუძლია", - დასძენს გამოცემა.
"ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ შავ ზღვაში ამ ეტაპზე აშშ-სა და რუსეთს შორის "კუნთების ომი" შესაძლებელია დიდ ინციდენტშიც გადაიზარდოს. მაისაიას თქმით, მონტრეს კონვენცია იყო გაფორმებული ადრე, ახლა სიტუაცია შეცვლილია და ახლა ამ რეგულაციის გადახედვაზე მხოლოდ რუსეთი საუბრობს, მაგრამ მას ამ საქმეში მოკავშირე არ ჰყავს და ამიტომაც მოსკოვი აშშ-ის ფლოტს საკუთარი ფლოტის გაძლიერებით დაუპირისპირდება. "რუსეთი კონტრზომების განხორციელებას იწყებს. ის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო პოტენციალს ზრდის, ასევე შესაძლებელია გააძლიეროს წვრთნები და სწავლებები, რომ ამერიკელებს თავისი ძალა დაანახოს. ამ პირობებში ინციდენტების შექმნის ალბათობა ძალიან მაღალია. მცირე ინციდენტები იყო მანამდეც, მაგალითად, როდესაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა დემონსტრაციულად გადაუფრინეს ამერიკის სამხედრო გემებს შავი ზღვის აკვატორიაში და ასევე შავ ზღვაში ლამის სიმულაციური შეტევებიც იყო - აცხადებს ვახტანგ მაისაია, რომლის პროგნოზით, "სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება, რადგან უკვე აქტიური კუნთების დემონსტრირება ხდება", - წერს სტატიის ავტორი.

"მისივე თქმით, ჯერ ცნობილი არ არის აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ განავითარებს ურთიერთობას გლობალურ გეოპოლიტიკურ დონეზე, მაგრამ ამ ეტაპზე აშშ შავი ზღვის აკვატორიაში მიზანმიმართულად აქტიურდება. "აშშ ცდილობს შავ ზღვაში რუსეთთან ძალთა ბალანსს მიაღწიოს, რათა მოსკოვიდან შავი ზღვის აკვატორიაში აგრესია შეაჩეროს", - მიიჩნევს მაისაია. ის ამბობს, რომ სწორედ აშშ-ის მცდელობითაა, რომ ნატო-ში შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის სამხედრო კონტინგენტის გაზრდა აქტიურად განიხილება, თუმცა, ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის თურქეთის თავშეკავების გამო. მაისაია იმედოვნებს, რომ შესაძლოა თებერვალში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე მაინც მოხდეს ამ საკითხზე შეთანხმება. რა ფორმით ჩაერთვება საქართველო ამ პროცესებში, ჯერხერობით უცნობია. ერთი კვირის წინ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ოფიციალურ თბილისს შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით ნატოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა სურს", - დასძენს სტატიის ავტორი.