ენერგეტიკის სამინისტროში და სემეკში ირწმუნებიან, რომ დენი არ გაძვირდება, თუმცა ენერგოკომპანიები გადაწყვეტილად ჯერ ვერაფერს ამბობენ. ზოგადი ფონი კი ისეთია, რომ თუ ამჯერად მოსახლეობა ტარიფის გაზრდას გადაურჩა, მომავალში იგი, ალბათ, მაინც შეიცვლება.
სემეკმა „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საინვესტიციო გეგმებზე იმსჯელა და კომპანიების 2017 წლის საინვესტიციო მოცულობები დაადგინა. კომისიამ „თელასს“ მოთხოვნილი 42 მილიონი ლარიდან 28 მილიონი ლარის, ხოლო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კი 51 მილიონის საინვესტიციო გეგმა დაუმტკიცა.
ინვესტიციები სამომხმარებლო ტარიფის დადგენის ერთ-ერთი კომპონენტია, თუმცა 2016 წელთან შედარებით გაზრდილი საინვესტიციო გეგმა მოახდენს თუ არა გავლენას ტარიფებზე კომპანიებს კონკრეტული პასუხი არ აქვთ.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეგულირების მენეჯერი აცხადებს, მათ მიერ წარმოდგენილი ინვესტიციები ტარიფებზე მნიშვნელოვნად არ აისახება.
„ინვესტიცია ეს არის თავისთავად ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტი. ჩვენი ქსელიდან გამომდინარე, ალბათ, მეტი ინვესტიციაა საჭირო, თუმცა ჩვენ ვეცადეთ და ისეთი მოცულობის ინვესტიცია წარმოვადგინეთ სემეკში, რომელიც მნიშვნელოვნად არ აისახება ტარიფზე და მოსახლეობას არ დააწვება“, - განაცხადა მათიაშვილმა.
მისივე თქმით, სატარიფო განაცხადი არ ითვალისწინებს კონკრეტული ციფრის მოთხოვნას.
„ჩვენ წარმოვადგინეთ ყოველწლიურად კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემები. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება ახლა კომპანიამ დაასახელოს, გაიზრდება თუ შემცირდება, ეს დამოკიდებულია სემეკზე. შესაბამისად, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მათიაშვილმა.
„თელასის“ კომერციული დირექტორის მოადგილე მიხეილ ნათაძე ამტკიცებს, რომ სატარიფო განაცხადი, რომელიც მარეგულირებელ კომისიაში „თელასმა“ შეიტანა, არ ითვალისწინებს ტარიფის ან მომატებას, ან მოკლებას. ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული ფორმა, რომელიც ყოველწლიურად წარედგინება სემეკს.
„ჩვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ხდება სწორედ კომისიის მხრიდან ტარიფის დაანგარიშება, დათვლა და ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ინვესტიციები, რომლის შესახებაც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ანთაძემ და დასძინა, რომ არ იცის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტარიფებთან დაკავშირებით კომისია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, გოჩა შონიას განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფების ზრდის ტენდენცია არ არის, თუმცა ეს საკითხი კომისიის სხდომაზე საბოლოოდ რამდენიმე დღეში იქნება გატანილი.
„კომისიაში შემოსულია სატარიფო განაცხადები როგორც გენერაციის, ასევე გადაცემისა და განაწილების სექტორებიდან. დაახლოებით 20-მდე სატარიფო განაცხადია შემოსული. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, წინასწარ რასაც ვხედავთ ტენდენციას და რასაც ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ დეპარტამენტებთან ერთად, არის ის, რომ სამომხმარებლო ტარიფების ზრდის ტენდენცია არ არის, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ კომისიის სხდომაზე რამდენიმე დღეში იქნება გამოტანილი და სწორედ მაშინ მიიღებს კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა შონიამ.
წყალმომარაგების კომპანიებიდან სემეკში შესულია 3 სატარიფო განაცხადი. ესენია - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, „რუსთავის წყლისა“ და „მცხეთის წყლის“ სატარიფო განაცხადები.
„წყალთან მიმართებაშიც მიმდინარეობს მუშაობა დეპარტამენტის მიერ და დეკემბრის ბოლოსთვის ეს საკითხიც იქნება გამოტანილი სხდომაზე“, - განუცხადა „ბიპიენს“ შონიამ.
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის.
„ბოლო დროს ჩვენ ხშირად ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ელექტროენერგიაზე მოხდება ფასების ზრდა. თქვენ იცით, რომ ეს არის სემეკის პრეროგატივა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენც, ენერგეტიკის სამინისტროში ვაკეთებთ გათვლებს. დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი“, - განაცხადა კალაძემ და იქვე დასძინა, რომ თუკი მომავალი წლების განმავლობაში იქნება იმის საჭიროება, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის გადახედვა მოხდეს, ამ პროცესს მსვლელობა აუცილებლად მიეცემა.
„ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ კომპანიები გაკოტრდნენ და ენერგეტიკა დაინგრეს. გახსოვთ, გასულ წელს ჩემი განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ბევრი საუბარი იყო, რომ ტარიფი არ გაგვეზარდა, მაგრამ ეს იქნებოდა დიდი პრობლემა მთლიანად სექტორისთვის. მარეგულირებელმა კომისიამ იმუშავა და 30%-ით მოხდა ტარიფის მატება. თუ მომავალი წლების განმავლობაში იქნება იმის საჭიროება, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის გადახედვა მოხდეს, ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა კალაძემ.