ეროვნული ვალუტის მაფიოზური X-ფაილი - რატომ ფიგურირებენ საქმეში ზურაბ ჟვანია და რომან გოცირიძე, ვის აწყობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სიკვდილი, რეალურად არსებობს თუ არა დვალიშვილის ,,შავი დავთარი'' და როგორ იგეგმება ფინანსური ინტრიგები
ეს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ქრონიკაა. ქრონიკა, რომელიც სავსეა ინტრიგებით, მაფიოზური ელემენტებითა და სხვა ამოუცნობი ფინანსური მაქინაციებით. ამ ქრონიკაში იარაღიც ფიგურირებს და ერთი ცნობილი თეატრალური გამონათქვამისა არ იყოს, რაკიღა იარაღი გამოჩნდა, მაშასადამე, სისხლიც იქნება და სიკვდილიც. ისე, კარგად თუ დავაკვირდებით, ამბავი, რომელსაც დღეს ,,ვერსია'' მოგიყვებათ, სხვა ბანალური ამბებისგან განსხვავებით, სიცოცხლით კი არა, სიკვდილით დაიწყო ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს ფულის ერთეული მკვლელობისთვის დაბადებამდე იყო განწირული. დიახ, ეს მძაფრი შეფასებაა, მაგრამ ფაქტებს ვერსად გავექცევით. საერთოდ, ამბობენ, რომ მკვლელობები, რომელთაც პოლიტიკური შლეიფი აქვთ, არასოდეს იხსნება ან, უფრო სწორად, შეიძლება, გაიხსნას, მაგრამ საბრალდებო სკამზე ჭეშმარიტი კი არა, ცრუ დამნაშავე აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, ასე მოხდეს - ლარის ტრაგედიისთვის, ადრე თუ გვიან, პასუხს, ალბათ, ვინმე აგებს, მაგრამ ეს ,,ვინმე'', დიდი ალბათობით, შემსრულებელი იქნება. მთავარი დამნაშავე კი ანუ ის, ვინც ხალხი გააღარიბა და დაამშია, გისოსებსმიღმა არასოდეს აღმოჩნდება. ასე და ამგვარად, ,,ვერსია'' ლარის მკვლელობის X-ფაილს ადგენს და ვინაიდან კრიმინალურ ელემენტებს შეიცავს, ამ X-ფაილის გაცნობა 18 წლამდე ასაკისა და, ასევე, სუსტი გულის ადამიანებისთვის რეკომენდებული არაა!
გრძელი გზა
ვერ ვიტყვით, რომ ლარი ამერიკულ დოლარს, ინგლისურ ფუნტ-სტერლინგსა თუ გერმანულ მარკას ენათესავება ,,დედის ხაზით'', მაგრამ მისი გენეალოგია საკმაოდ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია. სხვათა შორის, თანამედროვე ქართულ ხურდას სწორედ თავისი დიდი წინაპრის სახელი ჰქვია - ისტორიული დოკუმენტების თანახმად, პირველი ქართული მონეტა - კოლხური თეთრი ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე VI საუკუნეში მოიჭრა, რაც ნიშნავს, რომ ქართულმა ფულმა გრძელი გზა გამოიარა და, მინიმუმ, 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს. ამ ხნის განმავლობაში, ლარის წინაპარი არაერთხელ დაეცა და აღზევდა. ასე, მაგალითად, დავითისა და თამარის მეფობისას, მსოფლიო, უფრო სწორად, მცირე აზია და ბიზანტიის იმპერია ე.წ. ვერცხლის კრიზისმა მოიცვა. მართალია, ეს პერიოდი საქართველოს ისტორიაში ,,ოქროს ხანადაა'' ცნობილი, მაგრამ ვინაიდან მაშინაც, დღევანდელის მსგავსად, მსოფლიოს ნაწილი ვიყავით, დავითიდან რუსუდანამდე ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ვერცხლის მონეტა აღარ მოჭრილა...
წელი-წელს მიჰყვებოდა, საუკუნე - საუკუნეს. საქართველო ხან დიდების მწვერვალზე იყო, ხანაც - სულს ღაფავდა, მაგრამ მხოლოდ გარეშე კი არა, შინაურ მტრებსაც გაუძლო... ამასობაში მე-20 საუკუნეც დადგა და... ქართველმა პატრიოტებმა ჩრდილოეთელი სისხლიანი ბოლშევიკების სისხლიანი ავანტიურის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება სცადეს - 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველი რესპუბლიკის პოლიტელიტა შეიძლება გრძნობდა, რომ დამოუკიდებლობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ფულის გარეშე ვერ იარსებებდა. ამიტომაც, 1919 წელს, მიმოქცევაში დროებითი ეროვნული ვალუტა - ბონი შემოდის, რომელზეც, გერბთან ერთად, ქვეყნის მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, კონსტანტინე კანდელაკისა და მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ფაქსიმილეცაა დატანილი. იმავე წლის 31 დეკემბერს, საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური ბანკი ანუ დღევანდელი ეროვნული ბანკის წინამორბედი ფუძნდება. პირველ ეროვნულ ბანკს მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის ძმა, ფინანსისტი და იურისტი იასონ ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. პარალელურად, მთავრობა ეროვნული ვალუტის შექმნაზე მუშაობას აგრძელებს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ქართულ ფულს მარჩილი ერქმევა. ცნობილი მხატვარი ევგენი ლანსერე მარჩილის ერთ-ერთი ნომინალის ნიმუშს ხატავს, მაგრამ... ბორბალი ისევ უკუღმა ტრიალდება და... 1921 წლის 25 თებერვალს, ქართული ფულის იდეას, საქართველოს დამოუკიდებლობასთან ერთად, მოდერნიზებული რუსული იმპერია 70 წლით დაასამარებს.
მე-20 საუკუნის 90-იან წლების პირველი დეკადა. ისტორია თითქოს ნაცნობი სცენარით მეორდება - საქართველო კრემლის კლანჭებს თავს აღწევს და დამოუკიდებელ ცხოვრებას სწავლობს. მმართველმა ელიტამ, რომელსაც სახელმწიფოს მართვის გამოცდილება არ აქვს, კარგად იცის, რომ სრულფასოვანი დამოუკიდებლობა ეროვნული ვალუტის გარეშე არ მიიღწევა. ამიტომ, უზენაესი საბჭო, რომელსაც ხშირად ეროვნულ მთავარობასაც ეძახიან, ფიქრს ეროვნული ვალუტის შექმნაზე იწყებს ანუ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ცდილობს, რუსულ ე.წ. სამანეთო ზონას თავი დააღწიოს...
1991 წელია. აკადემიკოსი ვასილ ჩანტლაძე მინისტრთა კაბინეტს სთავზობს, ეროვნულ ფულს ლარი დაერქვას. იდეა მისაღებია, რამეთუ სიტყვა ,,ლარი'' ძველი ქართული სიტყვაა და განძს, ქონებას ნიშნავს. სახელმწიფოს, რომელიც დამოუკიდებლობის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს, ყველაზე მეტად განძი და ქონება სჭირდება. სწორედ აქედან გამომდინარე, ,,ლარი'' ქართული ვალუტისთვის, მართლაც, ზედგამოჭრილი სახელია, მაგრამ მოგეხსენებათ, თავისი მისტიკა პოლიტიკასაც აქვს. ჰოდა, ქართულ პოლიტიკაშიც მოვლენები ერთობ მისტიკურად ვითარდება - გამსახურდიას მთავრობა მოღვაწეობას ფატალურად ამთავრებს და... ლარი, ოთხი წლით, პოლიტიკური აბორტის მსხვერპლი ხდება. ისე, მისტიკა ვახსენეთ და, 1991-92 წლების სისხლიანი მოვლენები, შეიძლება, ერთგვარი ნიშანი იყო, რომ ეროვნულ ვალუტას ლარი არ უნდა დარქმეოდა. ვინ იცის, მფარველმა ანგელოზმა ,,კუპონიზაციითაც'' ეგებ, ისიც მიგვანიშნა, რომ თუკი ეროვნულ ფულს ლარს დავარქმევდით, ქვეყნის საქმე ცუდად წავიდოდა, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ, მოკვდავები, რომელთაც პოლიტიკური ანგელოზებისა თუ დემონების ენა ხშირად არ გვესმის. სამაგიეროდ, ეს ენა ზედმიწევნით კარგად ეშმაკზე ერთი დღით ადრე დაბადებულებს ესმით. ამ ადამიანებს ზოგი ავანტიურისტებს ეძახის, ზოგი მაფიოზებს, ზოგი რას და ზოგიც კიდევ რას, მაგრამ სახელს რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტი ერთია: სწორედ მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა ისახებოდა, რამდენიმე პერსონამ ან პერსონათა ჯგუფმა ყველაფერი კარგად გათვალა ანუ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და თანამოძმეთა გაღარიბებისა თუ შიმშილით სიკვდილის ხარჯზე მილიონები ,,მოღუნა''.
დიახ, ასე იშვა ჩვენი საზოგადოების ახალი კასტა, რომელიც 90-იანებში საკუთარ თავს ,,ნოვი გრუზინს'' უწოდებდა, დღეს კი ეს ეპითეტი აღიზიანებს და გაიძახის, ,,სელებრითი'' ვარო; მეტიც, ამ ,,სელებრითების'' უმეტესობა თვალში ნაცარს გვაყრის და გვიმტკიცებს, მაშინ, როცა ქვეყანაში არც შუქი იყო, არც გაზი, არც წყალი და ხალხი შიმშილით წყდებოდა, მივხვდი, უფალმა ბიზნესის კეთების ნიჭი რომ მიბოძა. ჰოდა, მივდექ-მოვდექი, ნაცნობ-მეგობრებში როგორღაც ასი დოლარი შევაგროვე და ბიზნესი დავიწყეო.
ჰო, ეს ჭეშმარიტად უფლისმოშიში ,,ფულოსნები'' დღეს ზემოდან გვიყურებენ და ჰგონიათ, მათ მსგავსად, ჩვენც ამნეზია დაგვემართა. არა, ქალბატონებო და ბატონებო, ცდებით, თან ძალიან მწარედ ცდებით, რამეთუ ხალხს ყველაფერი კარგად კი არა, ძალიან კარგად ახსოვს. ისე, ჩვენში დარჩეს და, ,,დვალიშვილის დავთარიც'' არსად გამქრალა!
ჰო, გულმა რეჩხი გიყოთ?
არ დაგზარდებით, შეგვიძლია, 112-ში დავრეკოთ...
ცოტა, სულ ცოტა მოითმინეთ, წამი წამზე ,,სასწრაფო'' მოვა...
აი, მოვიდა კიდეც...
მოკლედ, ყველაფერი კარგადაა: ხელოვნური სუნთქვის ,,პროცედურა'' დამთავრებულია - თქვენ ცოცხლები ხართ!
ასე, რომ: გაიღიმეთ!
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დემურ დვალიშვილი კი 20 წელზე მეტია, მიწაში წევს!
არა, ბრალს არ გდებთ!
არც გასამართლებთ!
უბრალოდ, ეროვნული ვალუტის, ესე იგი, ლარის მკვლელობის X-ფაილს ვადგენთ და... საარქივო მასალებში დემურ დვალიშვილის თვითმკვლელობა თუ მკვლელობაც ავტომატურად ,,ამოვარდა''...
მოკლედ, ნება გვიბოძეთ, თხრობა გავაგრძელოთ. თქვენ კი, თუ სინდისის ქენჯნას ან, მინიმუმ, უხერხულობას იგრძნობთ, შეგიძლიათ, ლოცვები გააძლიეროთ და ,,ფულის ღმერთებს'' შენდობა სთხოვოთ!..
სისხლიანი 9 სექტემბერი
1994 წელია, 9 სექტემბერი...
რამდენიმე დღეში, ქვეყნის გაზულუქებული პოლიტიკური ელიტა სოხუმის დაცემის წლისთავს პატივს წუთიერი დუმილით მიაგებს...
პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მათი მოადგილეები და სხვა წვრილმან-მსხვილმანი ჩინოვნიკები გამოვლენ და ნიანგის ცრემლებით ასლუკუნდებიან, აფხაზეთის დაკარგვას ძალიან განვიცდით, მაგრამ, დანო და ძმანო, პირობას ვდებთ, ამ თუ არა, რომელიმე ახალ წელს სოხუმში შევხვდებით. ჩვენ გვახსოვს აფხაზეთიო...
ფარისევლები!
ახსოვთ, აბა, არ ახსოვთ წართმეული აფხაზეთი და საკუთარ სამშობლოში დევნილადქცეული ათიათასობით ადამიანი?! - დღედაღამ მუხლჩაუხრელად მათი კეთილდღეობისთვის ,,მუშაობენ''...
სახელმწიფო მეთაურის მისაღებში ისეთი ხალხმრავლობაა, ნემსი არ ჩავარდება. ვის აღარ ნახავთ აქ: დეპუტატებს, საქმოსნებს, რწმენაშეცვლილ კომუნისტებს, პატიოსნებს, გარეწრებს...
,,პირველთან'' ყველას ერთი და იგივე თხოვნა აქვს - კრედიტი უნდა, კრედიტი... ეროვნული ბანკიდან, მაგრამ ეს დემურ დვალიშვილი რაღაც უცნაური კაცია, ზომაზე მეტად და თვალშისაცემად პატიოსანი. ჰოდა, ანგარიშს არც დეპუტატებს უწევს და არც სხვა ჩინოვნიკებს. აი, ,,პირველს'' კი, ,,იასნია'', უარს ვერ ეტყვის და კრედიტს ყველა მის პროტეჟეს მისცემს...
და აი, ასე, ნელ-ნელა, ფურცელ-ფურცელ შეივსება ,,დვალიშვილის დავთარი'', რომელიც მხოლოდ მაშინდელი კი არა, ყველა მომდევნო ხელისუფლებისთვის ადამიანების მანიპულირების ყველაზე ძლიერ კომპრომატად იქცევა, თუმცა ეს მერე მოხდება. მანამდე კი ორთაჭალაში, ძალოვანი უწყების შენობაში სროლის ხმა უნდა გაისმას.
გასროლას ,,ნიუსი'' მოჰყვება, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დემურ დვალიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრაო და... ვიღაცები შვებით ამოისუნთქავენ, თუმცა ამ სისხლიანი 9 სექტემბრიდან ორი ათეული წლის შემდეგ, გარდაცვლილი ბანკირის ქალიშვილი, ნინო დვალიშვილი მედიასთან საუბრისას რამდენიმე სკანდალურ განცხადებას გააკეთებს და მხოლოდ მამის თვითმკვლელობის ვერსიას კი არა, ,,დვალიშვილის დავთრის'' არსებობასაც ეჭვქვეშ დააყენებს.
ისე, შეიძლება, ზოგმა იკითხოს, ლარი მიმოქცევაში დვალიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ შევიდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თვითმკვლელობასა თუ მკვლელობას ლარის ტრაგედიასთან რა საერთო აქვსო, მაგრამ საარქივო მასალები უტრირების საშუალებას იძლევა. ყოველ შემთხვევაში, მინიმუმ, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტისა და ეროვნული ვალუტის ტრაგედია ერთი მედლის ორი მხარეა, თუმცა მოდით, მოვლენები ქრონოლოგიურად გავიხსენოთ.
1992 წლის ნოემბერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დემურ დვალიშვილი ინიშნება. დვალიშვილი ქართული პოლიტიკური და ეკონომიკური წრეებისთვის უცნობი ფიგურა არაა: ლენინგრადის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჯერ ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საფინანსო განყოფილებაში მუშაობდა, შემდეგ - საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ და თავმჯდომარედ. 1977-1981 წლებში, ოზურგეთის (მაშინდელი მახარაძე) რაიონის რაიკომის მდივანია. 1981-დან 1990 წლამდე კი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 1990 წელს, დვალიშვილი უზენაესი საბჭოს დეპუტატი და საბიუჯეტო-საბანკო ქვეკომისიის თავმჯდომარე ხდება.
საქართველოდან ზვიად გამსახურდიას განდევნის შემდეგ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დვალიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ინიშნება და ამ თანამდებობაზე ერთი წელი, ანუ 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ოქტომბრამდე მუშაობს.
და მაინც, რა კავშირშია ლარის მკვლელობა დემურ დვალიშვილის ტრაგედიასთან? - ამ კითხვაზე დასაბუთებული პასუხი თუნდაც იმიტომ არ არსებობს, რომ დვალიშვილის გარდაცვალება დღემდე ბურუსითაა მოცული. ყოველ შემთხვევაში, ოჯახს ოფიციალური ვერსიის არ სჯერა და აცხადებს, რომ ბანკირი თავს არ მოიკლავდა; ამასთან, დღემდე ეჭვქვეშ დგას იარაღის საკითხი, ანუ როგორც დემურ დვალიშვილის ქალიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მამამისს პისტოლეტი არ ჰქონდა და მკვლელობის მერე ჩაუდეს. ამავე ინტერვიუში, რომელიც ორი წლის წინ, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნდა, ნინო დვალიშვილი ბანკირის არაპირდაპირ მკვლელად საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თენგიზ სიგუას ასახელებს და იქვე დასძენს, მამაჩემის მკვლელობა დიდი ხნის დაგეგმილი იყოო: ,,მამას ხშირად უწევდა მივლინებით საზღვარგარეთ გამგზავ რება. ერთხელ ჩეხეთში იმყოფებოდა და, როგორც ითქვა, აპირებდნენ, თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოეგდოთ. ამის შემდეგ თვითმფრინავი თბილისში საიდუმლო მარშრუტით დაბრუნდა. ხშირად ყოფილა მუქარის ზარებიც, შუბლს გავუხვრეტთ, ქუჩაში გავაგორებთო.
მამას თავის მოსაკლავი არაფერი სჭირდა და არც იარაღი ჰქონდა... ტელევიზიით იმავე დღეს გავრცელდა ვერსია, თითქოს მამამ იარაღი პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო. არადა, რეანიმაციაში სანიტარი შეესწრო, როგორ ცდილობდნენ მისი პიჯაკის ჯიბეში იარაღის ჩადებას. ჩანს, არ ჩაეტია და შემდეგ განაცხადეს, დვალიშვილმა იარაღი შარვლის სარტყლიდან ამოიღოო. საქმე ისე დახურეს, იარაღის წარმომავლობა გაურკვეველი დარჩა. მამას იარაღი ერთი წლის ჩაბარებული ჰქონდა, ბანკის სეიფში იდო. გარდა ამისა, შემავალი და გამავალი ჭრილობა ადასტურებდა, რომ ტყვია შორიდან იყო ნასროლი. ეს ინფორმაცია ახლობელმა ექსპერტმა მოგვაწოდა''.
მოდით, გავყვეთ ვერსიას, რომ დვალიშვილმა თავი კი არ მოიკლა, არამედ, მოკლეს. თუ ასეა, მაშინ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - ვინ და რატომ მოკლა ადამიანი, რომელსაც ეროვნული ბანკი ერთი წლის დატოვებული ჰქონდა? ხალხური მითოსით, ბანკირის თავიდან მოცილების საბაბ-მიზეზი ის ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გახდა, რომელსაც ეროვნული ბანკი დვალიშვილის პრეზიდენტობისას ატარებდა. საგულისხმოა, რომ დვალიშვილის სიცოცხლეშივე აპატიმრებენ მის ყოფილ მოადგილე ფიჩხაძეს, რომელიც ბანკირის საიქიოს გასტუმრების შემდეგ, როგორც ნინო დვალიშვილი ამბობს, ისრაელში ნახეს.
რატომ დაიბარეს შსს-ში დაკითხვაზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და, საერთოდ რეალურად არსებობს თუ არა ,,დვალიშვილის დავთარი''? - ეს ლარის X-ფაილის ერთ-ერთი საკვანძო კითხვაა.
ისე, თუკი დვალიშვილი დამნაშავე იყო, ანუ მის მიმართ გონივრული ეჭვი არსებობდა, საინტერესოა, ფიჩხაძესთან ერთად რატომ არ დააპატიმრეს? ასევე საკითხავია, დვალიშვილი იმ მასშტაბის ფიგურა იყო თუ არა, საბჭოთა ანაბრების ბედი ერთპიროვნულად გადაეწყვიტა და ქვეყანა ,,კუპონის ჭაობში'' ჩაეფლო?
საერთოდ, ლარის X-ფაილის შესწავლისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ კუპონიზაცია ვიღაცისა თუ ვიღაცების კარგად დაგეგმილი ფინანსური აფერა იყო, რომელიც მიზნად ხალხის გაღატაკებასა და ცალკეული სუბიექტების ,,გაფულოსნებას'' ემსახურებოდა. ეს, შესაძლოა, დილეტანტური შეფასებაა, მაგრამ ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს. ისე, კუპონზე საუბრისას, გვინდა თუ არა, ნაცმოძრაობის დღევანდელი სახე რომან გოცირიძე გაგვახსენდება, რომელსაც 90-იანების დასაწყისში ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა, ,,ვარდების რევოლუციის'' შემდეგ კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდა. სხვათა შორის, იყო დრო, როცა გოცირიძეს, ნოდარ ჯავახიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,მადლიერი'' ხალხი ,,ალკუპონეს'' ეძახდა, კუპონებს კი - ,,გოცირიკებს''.
,,დვალიშვილის დავთარი''
ლარის X-ფაილი ამოუწურავი და მრავალფეროვანია. ამიტომ, ,,ვერსია'' ყურადღებას მხოლოდ მნიშვნელოვან ნიუანსებზე ამახვილებს. ამ ნიუანსებიდან კი, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ერთ-ერთი მთავარი ,,დვალიშვილის დავთარია'' ანუ ხალხური მითოსით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას, დვალიშვილი ე.წ. შავ სიას აკეთებდა - სპეციალურ ბლოკნოტში იმ დეპუტატების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა თუ ბიზნესმენ-საქმოსნების გვარებს იწერდა, რომელთაც ეროვნული ბანკიდან კრედიტი ქვეყნის მეთაურის შუამდგომლობით გაჰქონდათ. არაოფიციალური ვერსიით, დვალიშვილი თავიდან სწორედ იმიტომ მოიშორეს, რომ კრედიტი არ დაებრუნებინათ. ამ ვერსიას არსებობის უფლება, რასაკვირველია, აქვს, მით უმეტეს ახლა, როცა ეროვნულმა ვალუტამ, თავისი არსებობის განმავლობაში, გაუფასურების რეკორდი მოხსნა - დღესაც ამბობენ, რომ ლარის კურსის თამაშით ვიღაც-ვიღაცები სოლიდურ თანხას შოულობენ. სხვათა შორის, ამაზე მინიშნება ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამაც გააკეთა და რამდენიმე კომერციული ბანკი, პირდაპირ თუ ირიბად, ფინანსურ მაქინაციებში ამხილა.
დღეს საქართველო, როგორც სახელმწიფო, ასე თუ ისე, შემდგარია - სახელმწიფო ინსტიტუტები, ვერ ვიტყვით, გამართულად, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს და თუკი ამ სიტუაციაში მავანნი ფინანსურ მაქინაციებს არ ერიდებიან, 90-იანებში, მით უმეტეს, არ მოერიდებოდნენ, რადგან მაშინ სახელმწიფო, პრაქტიკულად, არ არსებობდა და ქვეყანას შეიარაღებული ხალხი მართავდა ანუ მარტივად რომ ვთქვათ, წყალი ამღვრეული იყო. ამღვრეულ წყალში კი, მოგეხსენებათ, თევზის დაჭერა ადვილია...
რაც შეეხება ყბადაღებულ ,,დავთარს'', გნებავთ, ,,შავ სიას'', გარდაცვლილი ბანკირის ქალიშვილი, ნინო დვალიშვილი ამბობს, რომ ,,შავი სია'' თენგიზ სიგუას მოგონილია.
,,ინფლაცია, რომელიც ეროვნული ბანკიდან მამას წამოსვლის შემდგომ დაიწყო და კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია, თურმე მხოლოდ დვალიშვილის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ბრალი ყოფილა. წამოიწია სხვა ვერსიამაც და უნდათ, რომ ეს ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გაუცემელ ანაბრებს დაუკავშირონ... არადა, ლაპარაკია მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრების - თენგიზ სიგუასა და რომან გოცირიძის რეზოლუციებით გაცემულ სოლიდურ კრედიტებსა და ქვეყნის ფარგლებსგარეთ გადარიცხულ თანხებზე. ეროვნულ ბანკში არის ყველა ინფორმაცია, მათი ნებართვით, ვისზე და რომელ ქვეყნებში რა ოდენობის სესხები გაიცემოდა. ე.წ. ჟურნალი და ,,შავი სიაც'', რომელიც თურმე, მამას ჰქონდა, სიგუას მოგონილია... ჩემთვის თენგიზ სიგუა მამაჩემის მკვლელთან ასოცირდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ყველაფერი, რასაც სიგუა 1993 წლის დასაწყისიდან აკეთებდა...
1992-1993 წლებში, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ლიბერალურ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე ლაპარაკობენ, რაც თითქოს გაუცემელი საბჭოთა ანაბრების თემასთანაა დაკავშირებული და რატომღაც არ ითვალისწინებენ იმხანად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, რა ხდებოდა 1992 წლის იანვრიდან ეროვნულ ბანკსა და საბანკო სისტემაში. ნახონ, რა რაოდენობის კრედიტი გაიცა ნაღდი ფულის სახით 1993 წლის ოქტომბრიდან და ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ შემდეგ ილაპარაკონ. მამა არასოდეს გაურბოდა პასუხისმგებლობას, ამბობდა, შესაძლოა, მეც შემეშალა, რაღაც ბოლომდე ვერ გავთვალე და გამორიცხული არაა, ლიბერალურ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე მცირე დოზით რაღაც უარყოფითი გავლენა მოეხდინა, მაგრამ ეს უმნიშვნელო იყო და არა განმსაზღვრელი'', - აცხადებს ნინო დვალიშვილი ინტერვიუში, რომელიც ერთ-ერთმა ქართულმა გამოცემამ დემურ დვალიშვილის გარდაცვალებიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ გამოაქვეყნა.
ბანკირის ქალიშვილის უარყოფის მიუხედავად, ყოფილი პრემიერი თენგიზ სიგუა ,,ძველ ჩვენებას'' აწვება და დვალიშვილის ტრაგედიიდან ორ ათეულზე მეტი წლის შემდეგაც აქცენტს კვლავ ,,შავ სიაზე'' აკეთებს: ,,შევარდნაძე ურეკავდა დვალიშვილს, დეპუტატები რომ მოვლენ, გაეცი კრედიტიო. დეპუტატები კრედიტს თავისთვის კი არ იღებდნენ, სხვადასხვა ფირმას შუამავლობდნენ. მას კი ყველაფერი ეს ჟურნალში ჰქონდა აღრიცხული. ცნობილი იყო, რომელი ფირმების სახელზე იყო გაცემული კრედიტები, მაგრამ არ უნდოდათ გამჟღავნებულიყო, ამ საქმეში გასვრილი ვინ იყო და ჟურნალი ამიტომაც გადამალეს... ჟურნალში რეგისტრირებულია ყველა დეპუტატი, ვინც დვალიშვილთან კრედიტის სათხოვნელად მიდიოდა. ეს ჟურნალი დღემდე გამქრალია. როდესაც საპარლამენტო სპეციალურმა კომისიამ დვალიშვილი პარლამენტში დაიბარა და ჟურნალი მოსთხოვა, პროკურატურამ არ გადასცა. ჟურნალი უნდა მოსთხოვონ იმჟამინდელ პროკურორ ბაბილაშვილს, ვინაიდან პროკურატურამ ის შსს-დან ამოიღო. დვალიშვილი შევარდნაძემ გამოიყენა და შემდეგ მოსაკლავად გაიმეტა!..
1992 წლის ივლისში, როცა საქართველოში ინფლაცია წავიდა, მთავრობამ მიიღო დადგენილება ანაბრების 50%-ით გაზრდის თაობაზე. თანხების გაცემა უნდა დაწყებულიყო ნახევარწელიწადში, ანუ 1994 წლის დასაწყისისთვის... არ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ფული ვინმემ საქართველოდან გაიტანა. მართალია, რუსეთიდან ფულის ნიშნები აღარ შემოდიოდა, მაგრამ საკმაოდ დიდი თანხა იდო ეროვნულ ბანკში, რაც შემდეგ კრედიტების სახით გაიცა... დემურ დვალიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 1992 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მანამდე ეროვნული ბანკი მთავრობის დაქვემდებარებაში იყო. დვალიშვილს დანიშვნის შემდეგ კი სახელმწიფო მეთაურის და პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა. დვალიშვილი მეორე დღესვე გამოვიდა პარლამენტის სხდომაზე და განაცხადა, რომ ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მომხრე იყო და ამაში მხარს ედუარდ შევარდნაძე უჭერდა. ამ დღიდანვე ეროვნულმა ბანკმა უზომოდ დიდი კრედიტების გაცემა დაიწყო. რადგან ეროვნული ბანკი მთავრობის დაქვემდებარებაში აღარ იყო, ჩვენ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება აღარ გვქონდა. 1993 წლის მარტში, მინისტრთა კაბინეტში შსს-დან შემოვიდა პირველი ინფორმაცია, რომ ბანკში ცუდი ამბები ხდებოდა. მაშინვე დავნიშნე სამთავრობო კომისია, რომელმაც ეს ინფორმაცია პირველი აპრილის დასკვნაში დაადასტურა. ამის შემდეგ შევარდნაძეს ვთხოვე, სასწრაფოდ მოეწვია თათბირი ბანკების თანდასწრებით. საერთოდ, სესხად გასაცემი თანხების ზღვრული ნორმა სახელმწიფოს მიერ უნდა დაწესებულიყო. იმ დროისათვის ეს ნორმა წელიწადში 170 მილიარდ მანეთს შეადგენდა, მაგრამ 6 თვეში 400 მილიარდს გადააჭარბა. ეს იყო კატასტროფა. თათბირს ჩემს გარდა ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერები - რომან გოცირიძე და ზურაბ კერვალიშვილი, ეკონომიკის იმჟამინდელი მინისტრი მიხეილ ჯიბუტი, ფინანსთა მინისტრი პოპიაშვილი და პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ბასილია. ჩემს გამოსვლას მხარი ყველამ ერთხმად დაუჭირა, მაგრამ შევარდნაძემ განაცხადა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა სწორიაო. ამის შემდეგ უკვე პარლამენტის სხდომაზე გავაკეთე მოხსენება, სადაც სპეციალური კომისია შეიქმნა, მაგრამ პარლამენტმა 1995 წელს ისე დაამთავრა მუშაობა, რომ ამ საკითხის განხილვა აღარ მომხდარა.
...დაიწყეს „პირამიდის“ თამაში, ბევრი კერძო ბანკი გაიხსნა, ფული აიღეს და მერე გაქრნენ. რას ნიშნავს „პირამიდა“, ამის საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ერთ-ერთმა ფირმამ (სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს) აიღო კრედიტი 2 მილიარდი მანეთი, ამით იყიდა საქონელი, გაყიდა საზღვარგარეთ, მიიღო მოგება 4 მილიონი დოლარი, რომელიც ვარშავის ერთ-ერთ ბანკში შეინახა. არსებული კრედიტის, ანუ 2 მილიარდი მანეთის დაბრუნების დროისთვის, რადგან ფირმა აღწერილი ფინანსური ოპერაციების ბოლომდე მიყვანას ვერ ასწრებდა, შეიქმნა ე.წ. პადსტავნოი ფირმები „ლანა“ და „მედა“. ეროვნული ბანკიდან მათაც გამოიტანეს მილიარდმანეთიანი კრედიტი და მისცეს იმ პირველ ფირმას. მან დააბრუნა გატანილი 2 მილიარდი მანეთი, მაგრამ ამ ორ ფირმასაც ხომ ჰქონდა გადასახდელი კრედიტი? ამიტომ ვარშავის ბანკში შეტანილი 4 მილიონი დოლარიდან მოიხსნა 600 000 დოლარი, რაც 2 მილიარდი მანეთის ტოლფასი იყო, ოპერაცია დამთავრდა. ფირმას ზუსტად 3 მილიონ 400 ათასი სუფთა მოგება დარჩა.
თქვენ გგონიათ, დვალიშვილმა თავი მოიკლა? - არა, მოკლეს! შსს-ში წასვლის წინ დამირეკა და მითხრა, დაკითხვაზე მივდივარ და სიმართლე უნდა ვთქვაო. მის მდივან ქალს ჰქონდა ჟურნალი, სადაც ყველა გვარი ეწერა, ვისთვისაც შევარდნაძემ კრედიტის მიცემა დაავალა. ჩემი ყვირილის შემდეგ, როცა ეს ამბავი გასკდა, პარლამენტში რომან მიმინოშვილის ხელმძღვანელობით, საგამოძიებო კომისია შეიქმნა, ორი წელი იწვალა ბატონმა რომანმა, მაგრამ ჟურნალის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა. ბოლოს, ეს ჟურნალი დვალიშვილს შსს-ში მიატანინეს. მან, დაკითხვაზე ყოფნისას, თავის მდივანს დაურეკა და უთხრა, ჟურნალი მოიტანეო. ასე ჩაიგდეს ხელში დვალიშვილის ე.წ. შავი სია, დაკითხვიდან გამოსული დვალიშვილი კი მოკლეს და ეს ჟურნალიც გაქრა'', - აცხადებს რამდენიმე წლის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში თენგიზ სიგუა.
ამავე ინტერვიუში ყოფილი პრემიერი საინტერესო მინიშნებას აკეთებს და მოსახლეობის გაღარიბებაში, პირდაპირ თუ ირიბად, ჟვანიასდროინდელ მწვანეთა მოძრაობას ადანაშაულებს: ,,1993 წლის 2 მარტს, ეროვნულ ბანკში შევიდა ფირმა „თრიალეთის“ ფარატინა წერილი, რომელშიც ფირმის პრეზიდენტი 102 მილიარდ 700 მილიონი მანეთის სესხს ითხოვდა, ეს ფირმა მწვანეთა მოძრაობის შექმნილი იყო და დემურ დვალიშვილთან მის შუამავალს ზურაბ ჟვანია წამოადგენდა... ეს წერილი ეროვნულმა ბანკმა „აგრობანკს“ დააწერა. ეს იყო საუკუნის აფერა. წარმოუდგენელია, 103 მილიარდი მანეთი მისცე რაღაც ახალშექმნილ ფირმა „თრიალეთს“, თანაც უპროცენტოდ და ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. წერილში ეწერა, რომ ფულს რუსეთის ცენტრალურ ბანკში გადარიცხავდნენ, კონვერტაციას გაუკეთებდნენ და უკან დააბრუნებდნენ. ეს იყო სისულელე, რადგან 103 მილიარდს კი არა, 1 მილიონსაც ვერავინ ვერსად გადარიცხავდა. განათლების მაშინდელმა მინისტრმა, თამაზ კვაჭანტირაძემ მოსკოვში ატესტატები დააბეჭდვინა, ამისათვის 8 მილიონი მანეთი გვქონდა გადასარიცხი, ვინ აღარ ჩავრიეთ და ძლივს მოვახერხეთ და 103 მილიარდის გადარიცხვა როგორ წარმოგიდგენიათ? ეს აფერა შემდეგნაირად გასკდა: ჩემთან მოვიდნენ შსს-ს წარმომადგენლები და მითხრეს, რომ მოსკოვიდან მიიღეს МУР-ის ტელეფონოგრამა, რომლის შინაარსიც სიტყვასიტყვით მახსოვს: „у центрального банка россии подвязались два московских афериста: гомосексуалист в очках и московская шлюха, у них на руках фалшывое авизо банка грузии на 103 милиардов рублей...“ ისინი ამ საქმის გახსნაში ჩვენს შსს-ს თანამშრომლობას სთავაზობდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა, მწვანეებს ფული რუსეთის ცენტრალურ ბანკში გადასახურდავებლად ვიღაც მოსკოველი ჰომოსექსუალისა და მეძავისთვის მიუციათ. შსს-ს წარმომადგენლებს მივეცი დავალება, რომ დილის 8 საათისთვის 2 ოპერმუშაკი გადაეფრინათ მოსკოვში. დარწმუნებული ვიყავი, რომ ავიზო ყალბი იყო, თუმცა დილის 7 საათზე მაინც დავურეკე დვალიშვილს, დავიბარე და მოვუყევი, რომ ასეთი ამბავი მოხდა. ბატონი დემური სკამზე უხერხულად შეიშმუშნა და მითხრა, ბატონო თენგიზ, ავიზო ყალბი არაა, მე გავეციო. გავბრაზდი და რაღაც უხეშად ვუთხარი. ახლაც მახსოვს, როგორ განერვიულდა, კედელთან დადგა და გაწბილებულმა მითხრა, ბატონო თენგიზ, არ იცით, მე რა პრესის ქვეშ ვარო''.
გაუფასურების შკალა
მოკლედ, ლარის X-ფაილი ნათელყოფს, რომ ეროვნული ვალუტა კრახისთვის იმთავითვე იყო განწირული. ყოველ შემთხვევაში, ლარის კურსი ეროვნული ბანკის პრეზიდენტების შეცვლის პროპორციულად მერყეობდა.
მართალია, იმ დროს, როცა ეროვნულ ბანკს დემურ დვალიშვილი ხელმძღვანელობდა, ლარი, როგორც ფულის ერთეული არ არსებობდა, მაგრამ ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის ოფიციალური აღრიცხვა სწორედ მაშინ დაიწყო. კუპონი, რომელიც ეროვნული ვალუტა კი არა დროებითი გადახდის საშუალება იყო და რომელიც მიმოქცევაში 1993 წელს გამოჩნდა, ინგლისში დაბეჭდეს. კუპონმა რყევები დაბადებისთანავე დაიწყო და მალე მკვეთრად გაუფასურდა - იყო პერიოდი, როცა 1 დოლარი 102 300 კუპონიც ღირდა. 1994 წელს კი, როცა საქართველოში ჰიპერინფლაცია განვითარდა, სახელმწიფომ კუპონის მილიონიანი ბანკნოტიც მოჭრა...
კუპონი ძალიან ახალგაზრდა - 2 წლის ასაკში ,,გარდაიცვალა''... 1995 წელს, ლარი დაიბადა. ,,მშობიარობა'' ,,ოცნების'' ექსმინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ,,მიიღო'' - დემურ დვალიშვილის შემდეგ, ეროვნულ ბანკს 5 წელი ანუ 1993-დან 1998 წლამდე სწორედ ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. ახალშობილი ლარი, კუპონის ფონზე უდღეური არ ჩანდა - 1998-მდე გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებაში, 1,3 ნიშნულზე რჩებოდა. 1998 წლის შემოდგომიდან კი, რუსეთის კრიზისის პარალელურად, ლარი გაუფასურებას იწყებს და ახალი წლისთვის 1 დოლარის ღირებულება 2,10 ლარს აჭარბებს. 1999 წლის თებერვალში, ლარი გაუფასურების პირველ ისტორიულ მინიმუმს - 2,45-ს აღწევს. ეროვნული ვალუტა გამყარებას 2006 წლის ბოლოდან იწყებს და 2007 წლის ბოლომდე 1 დოლარის ფასი 1,60-1,80 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამ დროს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძეა.
გოცირიძის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას, ორი წლის განმავლობაში, დავით ამაღლობელი ასრულებს. უცნაურია, მაგრამ აგვისტოს ომის დროს ლარი მყარდება - ერთი დოლარი 1,39 ლარი ღირს. შედეგ კი ისევ უფასურდება და 2009 წლის 26 თებერვალს, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ქადაგიძე ინიშნება, 1 დოლარი 1,67 ლარად ფასობს...
რა ხდება დღეს? რა და, ეროვნულ ვალუტას, როგორც ამბობენ, აღარც დედა ჰყავს და აღარც მამა. სამაგიეროდ, ძალიან მალე შეიძლება, გავიგოთ, რომ ვიღაც იღბლიანმა უეცრად, ნასესხები ასი დოლარით, ბიზნესი დაიწყო და სულ რაღაც ორ-სამ კვირაში მილიარდერი თუ არა, მილიონერი გახდა.
ასე რომ, მოკალით ლარი და თქვენ გამდიდრდებით, ბატონებო!