რით აიხსნება დათმობითი პოლიტიკა ბანკებთან მიმართებით?

რით აიხსნება დათმობითი პოლიტიკა ბანკებთან მიმართებით?

ბოლო დროს ბანკების მიმართ არაერთი კრიტიკული შეფასება გაისმა. გასულ კვირას ლარის თავბრუდამხვევი მანევრის გამო ცალკეულმა ექსპერტებმა ბანკები სისხლის სამართლის დანაშაულში - ხალხის დაშანტაჟებაში დაადანაშაულეს. ამას მოჰყვა მკვეთრი შეფასებები, რომ ქვეყანაში საბანკო-კარტელური დიქტატურაა და ჩვენს ქვეყანას რეალურად ბანკირები, ანუ საბანკო სფეროს ლობისტები მართავენ.

ეკონომიკური პროფილის ექსპერტებს კითხვები უჩნდებათ, რატომ მიდის ხელისუფლება ბანკებთან მიმართებით დათმობაზე? ნუთუ დათმობითი პოლიტიკა იმით აიხსნება რომ ხელისუფლების უმაღლეს შტოებს ბანკირები განაგებენ? თუ ბანკების წინაშე ხელისუფლების მოწიწებას შიდა ვალის გამო დავალდებულება განაპირობებს?!

ექსპერტი გია ხუხაშვილი მოგების გადასახადიდან ბანკების გათავისუფლებას გაუგებრობად მიიჩნევს. მისი აზრით, ბანკირების მენტალიტეტზე აგებული დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას არ გამოადგება. ექსპერტი შეცდომად თვლის იმასაც, რომ საბანკო სექტორი პრაქტიკულად ყველა გადასახადისგან გათავისუფლებულია. ამ დროს კი, ზემოგებაზე ორიენტირებული ბანკი არაფერს აწარმოებს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge -სთან საუბარში აცხადებს, რომ მოგების გადასახადისგან ბანკების გათავისუფლებას არავინ აპირებს. უბრალოდ, ლაპარაკია ახალ ესტონურ მოდელზე, რომლის მიხედვითაც, თუკი მიღებული მოგების გარკვეული ნაწილი დაბანდდება წარმოებაში (ანუ დაბრუნდება წარმოებაში), სწორედ ის ნაწილი გათავისუფლდება გადასახადისგან. მთლიან მოგებას თუ დააბანდებენ (რაც საეჭვოა, რომ მოხდეს), მაშინ მთლიანად გათავისუფლებიან მოგების გადასახადისგან.

„რა თქმა უნდა, ამით სარგებლობენ ბანკები. აქ საუბარია მოგებაზე, რომელიც ჩაიდება წარმოების გაფართოებაში და ამ სფეროში მონაწილეობენ ბანკებიც. თავდაპირველად ეს მოდელი არ არსებობდა და სასურველიც იყო, მხოლოდ და მხოლოდ საწარმოებისთვის ყოფილიყო ეს დაშვებული, რაც უშუალოდ შექმნიდა მატერიალურ დოვლათს, დაასაქმებდა ხალხს, მაგრამ საბანკო სექტორიც შევიდა ამ სფეროში და ამ მხრივ ბანკები კარგ პოზიციაში არიან. აღნიშნული ესტონური მოდელი 1-ლი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში და მასში მონაწილეობენ ბანკებიც. მთლიანობაში, ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ, რომ ბანკებს სასათბურე პირობებს უქმნიან. უბრალოდ, ეს სფერო ყველაზე წარმატებულია. თუმცა, სამწუხაროდ, როცა მოსახლეობა ღატაკდება, ამ დროს ბანკები გადიან ე.წ. ზემოგებაზე“, - აცხადებს პაატა აროშიძე.

ამასთან, ექსპერტი გამოსავალს იმაში ხედავს, რომ სახელმწიფოს (და მისი სახელით ეროვნულ ბანკს) უნდა ჰქონდეს იმის ბერკეტები, რომ ბანკების ე.წ. ზემოგება ქვევით ჩამოსწიოს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ხერხდება. თეორიულად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლების ერთგვარი დათმობა იმითაც აიხსნება, რომ სახელმწიფოს ეროვნული ბანკის შიდა ვალი აქვს დასაფარი. ეს არგუმენტი ძალიან მყიფეა, მაგრამ მისი დაშვება შეიძლება.

ექსპერტის თქმით, ბანკი ყოველთვის სასათბურე პირობებშია, ნებისმიერ ქვეყანაში ბანკს საკუთარი პოლიტიკა გააჩნია და არ არსებობს არც ერთი ქვეყნის ბანკი, რომელიც ითვალისწინებს გადამხდელის, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქის პირობებს.

„საქართველოში, სადაც შემოსავლები მწირია და გაღატაკება აშკარაა, ბანკები არ ითვალისწინებენ მორალურ ვალდებულებას, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით“.

 „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის -„აფბას“ ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი For.ge -სთან საუბარში აცხადებს, რომ რეალურად ბანკებს მართლაც დომინანტური მდგომარეობა უჭირავთ საქართველოს ეკონომიკაში, მაგრამ გადაჭარბებულია შეფასება, თითქოს ქვეყანაში საბანკო-კარტელური დიქტატურაა.

ანალიტიკოსის თქმით, ბანკებს არ უუქმდებათ მოგების გადასახადი. უბრალოდ, იმაზეა საუბარი, რომ რეფორმა უნდა შეხებოდათ ბანკებსაც, მაგრამ ჯერჯერობით მათ არ ეხებათ რეფორმა და სამი წლის შემდეგ შეიძლება შეეხოთ. ამიტომ ბანკები, სადაზღვევოები, საფინანსო კომპანიები ჩვეულებრივად გადაიხდიან მოგების გადასახადს.

„ვერ ვიტყვი, რომ ბანკების მიმართ ხელისუფლების დათმობითი პოლიტიკა შიდა ვალს უკავშირდება. მართალია, ხელისუფლებას სჭირდება შიდა ვალი და ბანკებისგან სესხულობს კიდეც, მაგრამ ისეთ მაღალ პროცენტში იღებს ამ სესხს, არ გაუჭირდებოდათ სხვაგანაც სესხის აღება. ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს ბანკებისთვის მისაღები გადაწყვეტილებები მიიღოს ხოლმე. ეს

წინა ხელისუფლების დროსაც ასე ხდებოდა და ამ მხრივ არც დღევანდელი ხელისუფლება აკლებს. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ საბანკო სფერო მსხვილი ბიზნესია და ცდილობენ, მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ“, - აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი, რომლის აზრითაც, კატეგორიული შეფასებები გაისმა წინა კვირას და ბანკები მაქინაციების ჩაატარებაში დაადანაშაულეს.

ექპერტის თქმით, ამ მაქინაციების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ, თუ რაღაცას არასწორად აკეთებენ ბანკები, ეროვნული ბანკი სწორედ იმისთვისაა, ჩაერიოს სავალუტო ბაზრის პროცესებში და არსებული მდგომარეობა შეცვალოს.