მშენებლებს ლარში ფასის დაწესება არ მოსწონთ

მშენებლებს ლარში ფასის დაწესება არ მოსწონთ

როგორც აღმოჩნდა, დეველოპერებს უძრავი ქონების ფასის ლარში მითითება მაინც და მაინც არ მოსწონთ და უკვე მთავრობის გადაწყვეტილების კრიტიკაც გაისმა. მთავრობა უკან დახევას არ აპირებს, მშენებლები კი ჯერ ნიადაგის მოსინჯვით არიან დაკავებულნი.

პირველად უძრავი ქონების ბაზრის ლარში გადაყვანის თაობაზე განცხადება ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.

„მთავრობა, ეროვნულ ბანკთან, საჯარო რეესტრთან და კომერციულ ბანკებთან იმუშავებს უძრავი ქონების უსაფრთხო ანგარიშსწორების სისტემით ე.წ. „ესკროუ“ ანგარიშით განხორციელებაზე. ამ შემთხვევაში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა აღარ იქნება ტრანზაქციულ რისკებთან დაკავშირებული და შეამცირებს დაკავშირებულ ხარჯებს, რაც იქნება დამატებითი სტიმული უძრავი ქონების შესაძენად ლარით ანგარიშსწორებისათვის“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ამას რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვნული ბანკის გეგმა მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ორგანულ კანონში მომზადდება ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება სავალდებულო იქნება ლარით. ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით.

სებ-ის ინფორმაციით, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, კომერციულ ბანკებში დაინერგება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დაცული მომსახურება, რომელიც მიზნად ისახავს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას საფასურის გადახდისა და ქონების დასაკუთრებასთან დაკავშირებული რისკების აცილებასა და ხარჯების შემცირებას როგორც გამყიდველისთვის ასევე მყიდველისთვის. აღნიშნული მომსახურება განხორციელდება საჯარო რეესტრთან თანამშრომლობით და მომხმარებლისთვის იქნება ნებაყოფლობითი. ეს სერვისი დამატებითი სტიმული იქნება უძრავი ქონების ლარით ანგარიშსწორებისათვის.

„პირველადი მშენებლობის ხარჯის უმეტესი ნაწილი არის ეროვნული ვალუტით. ყველა საუბრობს, რომ თუ უძრავი ქონების ფასდადება იქნება ლარით, ეს გაზრდის პროგნოზირებადობას, შეამცირებას ამ ბიზნესში პრობლემებს და რისკებს. მრავალმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში აისახა იმაში, რომ მოსახლეობამ დაივიწყა უძრავი ქონების ფასები დოლარით და გადაერთო ადგილობრივ ვალუტაზე.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დეველოპერული კომპანია ვალდებული იქნება ფასი მიუთითოს ლარით, თუმცა ამავე დროს ის არ იზღუდება, თუ მას სურვილი ექნება, ფასი მიუთითოს დოლარითაც და ნებისმიერი სხვა ვალუტითაც“, - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას პირველი კრიტიკა უკვე მოჰყვა. COLLIERS INTERNATIONALS GEORGIA-ს დირექტორის ირაკლი კილაურიძის აზრით, ახალი რეგულაციები საქართველოს, როგორც საინვესტიციო ბაზრის, მიმზიდველობას შეამცირებს და ცალსახად გამოიწვევს უფრო მეტ დაკვირვებას უცხოელი ინვესტორების მხრიდან. უძრავი ქონების ლარში ფასდადება კი დეველოპერებს რისკებს გაუზრდის.

კილაურიძის განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო და ახლა მთავარია ეს ინიციატივა, რა სახით „გადაითარგმნება“ კანონპროექტში. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ინიციატივა მოკლევადიან შედეგზეა გათვლილი და გრძელვადიან პერიოდში შეამცირებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობას.

„თუკი დეველოპერებს დაავალდებულებენ, რომ ფასი შესთავაზონ ლარში, მაგრამ დაუტოვებენ უფლებას ეს ფასი რეალურად დოლარს მიაბან შენიღბული ფორმით, მაშინ ამას არანაირი ეფექტი არ ექნება, მაგრამ თუ რეალურად მოუწევთ ლარში ფასების დაფიქსირება და ფასის ცვლილება შეუძლებელი გახდება, მაშინ მნიშვნელოვანი რისკი დგება და საკმაოდ უარყოფით გავლენას იქონიებს ეს დეველოპერებზე. საბოლოოდ, უარყოფითად აისახება უცხოურ ინვესტიციებზე, რომელიც იდება სექტორში“, - განუცხუდა „ბიზნეკონტრაქტს“ კილაურიძემ.

რამდენადაც მშენებლობისას ძირითადი ხარჯები უცხოურ ვალუტაშია და დოლარის ეფექტს ამ სექტორში ვერ გავექცევით. „ეს სექტორი და ბიზნესი იყო დოლარში წლების განმავლობაში და ახლა ერთი ხელის მოსმით მისი გალარება შეუძლებელია, არ გამოვა. შეიძლება ბევრი კომპანია რისკის ქვეშ დადგეს, ვერ მართონ ფინანსური რისკები და მივიღოთ პრობლემური კომპანიები“, - ამბობს კილაურიძე.