წინასაახალწლოდ მოსახლეობას, შესაძლოა, დენი და გაზი გაუძვირდეს. ლარის მკვეთრმა დევალვაციამ ეს რეალობა წარმოშვა. თუ ლარი დოლართან მიმართებაში 2.55-ზე დარჩა, მაშინ ენერგოკომპანიებს უფლება აქვთ ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთონ.
ენერგეტიკოსი გია არაბული ამბობს, რომ ძნელია წინასწარ განსაზღვრო ტარიფი რამდენი მოიმატებს, მაგრამ ეს ნახტომისებური ცვლილება არ იქნება.
„წინა ტარიფის რეგულაცია როცა მოხდა, მაშინ ლარი დოლართან მიმართებაში 2.30-ზე იყო. აღსანიშნავია, რომ 10-11%-ის მატების შემთხვევაში, ტარიფის გადახედვა უნდა მოხდეს. ენერგოკომპანიებს სრული უფლება ექნებათ, რომ მომატება მოითხოვონ. სიტუაციას ობიექტურად რომ შევხედოთ, დენსა და გაზს დოლარში ვყიდულობთ და თუ კურსი 2.55-ზე დარჩა, ალბათ სემეკ-ს რაღაც კორექტივების გაკეთება მოუწევს. რამდენით მოიმატებს ტარიფი ამის პროგნოზირება რთულია, რადგან კომპანია თავად წერს, რა ხარჯები ემატება ლარისა და დოლარის დღევანდელი კურსიდან გამომდინარე“, - განაცხადა არაბულმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ენერგოტარიფების ზრდა გარდაუვალია.
განსაკუთრებით ზამთარში ბაზარი დამოკიდებულია თბოსადგურების მიერ გამომშავებულ ელექტროენერგიაზე და იმპორტზე, რაც დოლარის კურსიდან გამომდინარე გაცილებით ძვირია. ჩალაგაშვილის თქმით, ტარიფის გაზრდა გარდაუვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თბოსადგურები ვერ იმუშავებს.
„რაც შეეხება გამანაწილებელ კომპანიებს – „თელასს“, „ენერგოპროს“ და „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“, ვფიქრობ, რომ კომპანიებს გაეზრდებათ შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულება, რაც საბოლო ჯამში აისახება სამომხმარებლო ტარიფზე. დეკემბრის ბოლომდე უნდა მოხდეს სემეკში ტარიფების განხილვა და ვფიქრობ 1,5-2 თეთრით ზრდა გარდაუვალია, რომ სისტემა არ დაინგრეს“, – განუცხადა „კომერსანტს“ ჩალაგაშვილმა.
მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს გადავიდეს გრაფიკზე, რომ კომპანიებმა დაზოგონ შესყიდული ელექტროენერგია და ნაკლები წაგება მიიღონ. სემეკის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, სისტემა, შესაძლოა, საფრთხის წინაშე დადგეს, გახშირდეს ავარიები და ვიყოთ დამოკიდებული გრაფიკზე.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფს - ჩალაგაშვილის თქმით, ეს ნაწილობრივ დერეგულირებული საკითხია, რაშიც კომისია ვერ ერევა, ანუ თავად კომპანიებს - „სოკარს“ და „ყაზტრანსგაზს“ - შეუძლიათ 2 კვირით ადრე გააფრთხილონ მომხმარებლები გაძვირების შესახებ და ამ პროცესში კომისია ვერ ჩაერევა.
ლარის გაუფასურების გამო თბოსადგურებმა ტარიფის ზრდის მოთხოვნით სემეკს გასულ წელს მიმართეს და დააანგარიშების შედეგად სამომხმარებლო ტარიფი მაშინ 3,95 თეთრით გაძვირდა. ამ ეტაპზე კი ტარიფის შესაძლო მატებას არც სემეკი და არც ენერგოკომპანიები არ ადასტურებენ.
„ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ კურსი გაიზარდა, ტარიფის მატების წინაპირობა არ არსებობს. სრულყოფილად იგი გაანალიზებულიც არ არის. საჯარო განხილვებს დეკემბრის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ. დღევანდელი მოცემულობით, გაძვირების საფუძველი არ იკვეთება“, - აცხადებს სემეკის ტარიფების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გივი სანიკიძე.
ენერგოგამანაწილებელ კომპანიებში ამტკიცებენ, რომ ტარიფის გაძვირების მოთხოვნით სემეკისთვის არავის მიუმართავს და ამ მხრივ ცვლილებას არც ელიან.
„თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის. საბოლოო გადაწყვეტილებას მარეგულირებელი კომისია 31 დეკემბრამდე გამოაცხადებს.