სად გადის ზღვარი ხალხის მოთმინებასა და სოციალურ აფეთქებას შორის

სად გადის ზღვარი ხალხის მოთმინებასა და სოციალურ აფეთქებას შორის

"წინ ეკონომიკურად საკმაოდ რთული და მკაცრი ზამთარი გველის. ბოლო დღეების განმავლობაში ლარის მუდმივმა გაუფასურებამ და მთავრობის დაანონსებულმა ეკონომიკურმა გეგმამ, ფასების მატების გარდაუვალობაზე აალაპარაკა ყველა და საზოგადოებაში ერთგვარი პანიკაც შეიქმნა. ანალიტიკოსების თქმით, სოციალური უკმაყოფილება უკვე არსებობს და ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, როს გამოც ეს უკმაყოფილო ადამიანები ქუჩაში საპროტესტოდ არ გამოდიან, ისაა, რომ დღეს მეტ-ნაკლებად სერიოზული პოლიტიკური ძალა, "დაუზიანებელი პოლიტიკური ბრენდი", რომელიც ამ პროტესტის კონსოლიდაციას მოახდენს, არ არსებობს და სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირე, რომელმაც ამ კრიზისის ფონზე არაპოპულარული განცხადებებითა თუ გაუგებარი ინიციატივებით "გამოიჩინა" თავი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სად გადის ზღვარი ხალხის მოთმინებასა და სოციალურ აფეთქებას შორის / "ხელისუფლება ქმნის რევოლუციურ სიტუაციას და არა რომელიმე ოპოზიცია".

"პოლიტოლოგების პროგნოზით, თუკი იანვარ-თებერვალში მთავრობა რაიმე ქმედით, სისტემურ ცვლილებას არ განახორციელებს, გაზაფხულისთვის დიდ პროტესტს მხოლოდ ერთი მცირე ნაპერწკალი დასჭირდება, ეს ნაპერწკალი კი ხელისუფლების მიერ დაშვებული ნაკლებად მნიშვნელოვანი შეცდომაც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ბოლო ერთი თვეა, ხელისუფლება ვერა და ვერ აჩერებს ლარის გაუფასურებას, რამაც უკვე გამოიწვია იმპორტირებული საქონლის გაძვირება. ამ ფონზე კი, ოთხი დღის წინ ახალმა მთავრობამ ეკონომიკური განვითარების ახალი გეგმა წარმოადგინა, რის მიხედვითაც აქციზის განაკვეთი იზრდება ნავთობპროდუქტებზე, სიგარეტზე, იმპორტირებულ ავტომანქანებზე. ექსპერტების თქმით, აქციზის ფასის მატება ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან საწვავზე ფასი მინიმუმ 20 თეთრით გაიზრდება, რაც თავისთავად იწვევს სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვან გაძვირებას. ეკონომისტები ასევე პროგნოზირებენ ელექტროენერგიის ტარიფის 2 თეთრით მატებას. მედიაში ასევე იწერება, რომ მუნიციპალური სამარშრუტო ტაქსის საფასური შესაძლოა 80 თეთრიდან 1 ლარამდე ავიდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილის თქმით, სამომხმარებლო პროდუქტის, ასევე დენის და გაზის ტარიფების გაძვირება გარდაუვალია იმიტომ, რომ ამის ალტერნატივა სუბსიდირებაა. ყველაფრის სუბსიდირება კი აბსურდამდე მიდის. მისი თქმით, მომავალ გარდაუვალ გაძვირებასაც რომ თავი გავანებოთ, ადამიანისთვის დღევანდელი ფასებით ოპერირებაც ძალიან რთულია და დღეს ძალიან რთული ვითარება მივიღეთ, რადგან მოსახლეობის საკმაოდ დიდი სეგმენტი - საშუალო ფენა ღარიბთა კატეგორიაში გადავიდა და ეს ამ ხელისუფლებას გაზაფხულზე წინ აუცილებლად დახვდება. "ეს ფენა არის ის დასაქმებული ადამიანები, რომელთა ხელფასი 1000-3000 ლარი იყო, რომლებმაც რაღაც კრედიტები აიღეს და თუკი ადრე მათი ხელფასის 20-30%-ით შესაძლებელი იყო ვალის მომსახურება, ახლა მათი ხელფასის დიდი ნაწილი მიდის ამ ვალზე და პრაქტიკულად საარსებო ფული აღარ რჩებათ. შესაბამისად, ამ ყველაზე აქტიურმა მასამ ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლა და ეს გრძელვადიანი ყველაზე დიდი რისკი და ხიფათია, რაც ამ ხელისუფლებას გაზაფხულზე წინ დახვდება", - განაგრძობს გამოცემა.

"სოციალური უკმაყოფილება დღეს უკვე სახეზეა, მაგრამ ეს ადამიანები ჯერ შოკურ მდგომარეობაში არიან. 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ლარის სტაბილურობა დამოკიდებული იქნება არა მთავრობის გადაწყვეტილებებზე, არამედ იმაზე, რამდენ ინდაურს და გოჭს შევჭამთ ჩვენ. ამ ხელისუფლებას ვურჩევ, 15 იანვრამდე, სანამ ჩვენ გოჭებით და გოზინაყით ვიქნებით დაკავებულები, საქმეს მიხედონ და ჭამაში ნუ გაერთობიან. მათ უნდა იცოდნენ, ჩვენ რომ ჭამას მოვრჩებით, პასუხს მერე მათ მოვთხოვთ. ამიტომაც რაღაც რეალური გეგმა უნდა წარმოადგინონ და არა დღევანდელი არადამაჯერებელი გეგმები. სხვა შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეიძლება დაიწყოს. სერიოზული პროტესტის საფუძველი არსებობს. ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირე არის ის, რომ დღეს მეტ-ნაკლებად სერიოზული პოლიტიკური ძალა, დაუზიანებელი ბრენდი, რომელიც ამ პროტესტის კონსოლიდაციას მოახდენს, არ არსებობს. თუმცა ამის იმედად ყოფნაც ხელისუფლებისთვის არასწორი იქნება, რადგან თუ პროტესტი ლიდერს ითხოვს, ლიდერიც გამოჩნდება. ხოლო თუკი კონსოლიდირებული პროტესტი დაიწყო, მაშინ სერიოზული კრიზისი შეიძლება ჩამოყალიბდეს, რისი გადალახვაც ამ ტიპის და ფსიქოლოგიის ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება", - აღნიშნავს ხუხაშვილი. ექსპერტის თქმით, სოციალური უკმაყოფილება ნელ-ნელა დაგროვდება და ხელისუფლების ერთი შეცდომაც კი გამოიყვანს ხალხს ქუჩაში", - დასძენს გამოცემა.

"თუ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა კრიზისის ღირსეული ეფექტური მენეჯმენტი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ დროს კი ტლაპოში ჩახტომას აგრძელებენ. ერთი ლაპარაკობს, რომ აქციზის მომატებით თურმე ჰაერი გაიწმინდება და იბერია გაბრწყინდება. ასევე ამბობენ, რომ თურმე გაუნათლებელი მოსახლეობა ჰეჯირების გარეშე იღებს სამომხარებლო კრედიტებს და დევალვაცია კარგია იმიტომ, რომ 1000 დოლარით მეტი ლარი მოგივა. თუ ამ რიტორიკით გააგრძელა ხელისუფლებამ მუშაობა, მოთმინებასაც ხომ აქვს საზღვარი?! ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების ადეკვატურობაზე. რევოლუციას არასდროს არ აწყობს ოპოზიცია, ეს არის შეცდომა. ხელისუფლება ქმნის რევოლუციურ სიტუაციას და არა რომელიმე ოპოზიცია", - დასძენს ხუხაშვილი, რომლის განმარტებით, "2003 წლის რევოლუცია მიშა სააკაშვილმა კი არა, ედუარდ შევარდნაძემ მოამზადა, რადგან მან შექმნა სიტუაცია, როდესაც ხალხს აღარ უნდოდა ისე ცხოვრების გაგრძელება", - წერს სტატიის ავტორი.

"პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძის მოლოდინი ფასების მატებაზე პესიმისტურია. მისი ვარაუდით, შესაძლოა ლარის კურსი კიდევ უფრი დაეცეს, რაც ყველა იმ პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს, რაც იმპორტირებულია, ქართულ ეკონომიკაში კი ძირითადად ყველა საქონელი იმპორტირებული გვაქვს. ჩიტაძე ფიქრობს, რომ ფასების ზრდის გამო მთავრობის ლეგიტიმურობის ხარისხის შემცირდება და მის რეიტინგს დაბლა დასწევს, მაგრამ ამას მასობრივი გამოსვლები არ მოჰყვება. ის ამ ზამთარს მხოლოდ მცირე, ცალკეულ პროტესტს პროგნოზირებს. "ცალკეულ გამოსვლებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მათ შორის იქნება რადიკალური მოთხოვნებიც, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, მაგრამ მასობრივი გამოსვლები გაზაფხულამდე მოსალოდნელი არ არის. ჯერჯერობით მოსახლეობა ამ ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას ვერ ხედავს", - ამბობს პოლიტოლოგი, რომლის აზრით, მართალია, "ნაციონალურ მოძრაობას" 500 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, მაგრამ არ ჰგონია, ამ ეტაპზე მან შეძლოს მათი უმრავლესობის გამოყვანა და საპროტესტოდ აყოლა. ჩიტაძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" თავის დროზე 9 წლის სისხლიან რეჟიმზე მითები რომ გაეფანტა, - რაც ნაწილი სიმართლე და ნაწილი ტყუილი იყო, მაშინ ალბათ შეძლებდა ნდობის და მხარდაჭერის მოპოვებას", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ 2017 წლის ზამთარი რაიმეთი უარესი იქნება გასულზე, თუმცა ამბობს, რომ საფრთხეების კორიანტელი არ დადუმდება და არც "ქართული ოცნების" მიმართ ნდობა აღდგება უახლოეს მომავალში მაინც - "გაზაფხულამდე არანაირ პროტესტს არ ველოდები. გაზაფხულზე კი ჩვენ დავინახავთ როგორ იქცევიან ისეთი ბიზნესის მფლობელნი, რომლებიც არაფერს დაგიდევენ საკუთარი ინტერესების გარდა. შევაფასებთ საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობას, რომელსაც სწორედ ბიზნესმენები წარმოადგენენ და ვნახავთ, კვლავ კერძო ბანკების ნება-სურვილის აღმასრულებელი იქნება ჩვენი მთავრობა, თუ მოიძიებს საკუთარ თავში ძალას, იყოს რეალურად დამოუკიდებელი როგორც მცოდნეთა, ასევე უცოდინართა მიმართ და თუ რაიმე საჯარო უსამართლობას დააფიქსირებს საზოგადოების დიდი ნაწილი, ეს უფრო ახლოს იქნება საერთო ბუნტთან, ვიდრე 2 თეთრით გაძვირებული ტარიფები", - დასძენს სტატიის ავტორი.

"საბჭოთა კავშირის დროსაც კი, როდესაც ცარიელი იყო მაღაზიებში თაროები, საქართველოში მშიერთა ბუნტი არასდროს ყოფილა. საქართველოსგან განსხვავებით ამის ხილვა რუსეთსა და უკრაინაში არაერთხელ მომხდარა. ამიტომ, თუ მხოლოდ ფასზე და წარუმატებელ პერიოდზე ვიფიქროთ, მაშინ გარკვეული წინმსწრები ნაბიჯებით შეგვიძლია შევიმსუბუქოთ ის სიმძიმე, რასაც შეიძლება ველოდოთ. რაიმე სახის მრავალათასიანი ღონისძიებები გამორიცხულია, რადგან ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ ძალს, რომელიც იმდენად სანდო იქნება საზოგადოებისთვის, რომ მას სიცივეში ქუჩაში გაჰყვეს. შეიძლება პატარა გამოსვლები შედგეს, მაგრამ მასშტაბური არ იქნება. თუმცა, არც ის ივარგებს, ყველა საკუთარ ბინაში ჩაიკეტოს და საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით არ ინტერესდებოდეს", - დაასკვნის სოსო ცისკარიშვილი.