«დღეს ხელისუფლება ისე იოლად თავს ვერ დაიძვრენს, როგორც 2007 წელს მოახერხა»

«დღეს ხელისუფლება ისე იოლად თავს ვერ დაიძვრენს, როგორც 2007 წელს მოახერხა»

«სწორედ სამოქალაქო სექტორის აქტივობამ შეიძლება თქვას დღეს გადამწყვეტი სიტყვა. ხელისუფლება მათ ასე ხელაღებით ვერ დააბრალებს რუსეთის აგენტობას,» - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე. მისი თქმით, «თუ სამოქალაქო სექტორის მიერ ამ დღეებში დაწყებულმა მოძრაობამ ტემპი აკრიფა», ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს.

როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები 26 მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, ამის შესახებ «რეზონანსი» ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

ზ.ა: როგორც არ უნდა შევაფასოთ 26 მაისს მომხდარი, მან უკვე დაიწყო საზოგადოების აქტივობის ხელახლა გამოღვიძების კატალიზატორის როლის შესრულება. რამდენ ხანს ეყოფა ამ კატალიზატორს მოქმედების ვადა და რა ტიპის რეაქციას გამოიწვევს, გამოჩნდება მომდევნო რამოდენიმე კვირის მანძილზე.

თუ სამოქალაქო სექტორის მიერ ამ დღეებში დაწყებულმა მოძრაობამ ტემპი აკრიფა, თბილისის ქუჩებს გასცდა, რეგიონებიც მოიცვა და ამ მოძრაობას ოპოზიციამაც აუბა მხარი, ხელისუფლება სიტუაციის განმუხტვის მიზნით შეიძლება რაღაც დათმობებზე წამოვიდეს, თუნდაც იგივე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ან შექმნას მიტინგის დარბევაზე საგამოძიებო კომისია. მე ვფიქრობ, რომ სწორედ სამოქალაქო სექტორის აქტივობამ შეიძლება თქვას დღეს გადამწყვეტი სიტყვა. ხელისუფლება მათ ასე ხელაღებით ვერ დააბრალებს რუსეთის აგენტობას.

თუმცა შესაძლოა მოხდეს ისეც, რომ საზოგადოების აქტივობ აიმედგაცრუებამ, ნიჰილიზმმა და დარბევის შედეგად ხელისუფლებისადმი გაჩენილმა შიშმა შთანთქას. მიტინგის ასეთი  სასტიკი დარბევაც ხომ სწორედ შიშის სინდრომის გაღრმავებას ემსახურებოდა.

თუმცა დღეს ხელისუფლება ისე იოლად თავს უკვე ვეღარ დაიძვრენს, როგორც მან 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ მოახერხა. ბოლოს და ბოლოს მიტინგის დარბევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და არ არის გამორიცხული ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს. მომხდარზე პასუხისმგებლობის დიდი წილი მაინც ხელისუფლებას ეკისრება, რადგანაც იმ დღეს პოლიციას, რომ არაფერი ვთქვათ მის რიცხობრივ უპირატესობაზე, გააჩნდა ყველა ის ტექნიკური თუ სპეცსაშუალება, რომლითაც შესაძლებელი იყო სამასიოდე მომიტინგის გაყვანა რუსთაველის გამზირიდან დიდი შეხლა-შემოხლისა და ძალადობის გარეშე.

ვთვლი, რომ მომხდარის გამოძიებაში, რომლის ჩატარებასაც ითხოვს როგორც ადგილობრივი საზოგადოება ისე საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩათვლით, აუცილებლად უნდა ჩაერთონ დამოუკიდებელი და მოუსყიდველი საერთაშორისო ექსპერტები.

«»: რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ხელისუფლების მიერ კულტივირებული ვერსია, რომ «სახალხო კრების» აქციები მოსკოვიდან იყო მართული და შეძლებს თუ არა ხელისუფლება ამაში საზოგადოების დარწმუნებას? არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლებას ეს იმიტომაც სჭირდება, რომ ნინო ბურჯანაძის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის დაპატიმრებას რაიმე ლეგალური საფუძველი მოუძებნოს.

ზ.ა: ვფიქრობ, ხელისუფლებამ იმაზე უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს ვიდრე უკვე ნაჩვენები ვიდეოსიუჟეტები, რომელთა აუტენტურობაც ექსპერტიზას საჭიროებს. დღეს პროსახელისუფლებო მედია ახორციელებს ფართო მასებზე ინფორმაციულ ზემოქმედებას, რომელიც დიდი კრეატიულობით მართლია არ გამოირჩევა, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტია და ეფექტიც ახლავს.

საინფორმაციო ომში კარგად შერჩეულ სიმბოლოებს შეუძლიათ ძალიან დიდი ზემოქმედება გამოიწვიონ და აუდიტორიას რაციონალური განსჯის უნარი გარკვეული დროით დაუკარგონ. მითუმეტეს დღეს ხალხს ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალებად მხოლოდ 2 პატარა ტელევიზია და რამდენიმე გაზეთიღა დარჩა.

ხელისუფლების პროპაგანდისტულმა აპარატმა სწორედ ინფორმაციული შეტევით ასე თუ ისე მოახერხა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება უშუალოდ ნინო ბურჯანაძისკენ მიემართა. ეს მოხდა საზოგადოების მეხსიერებაში უარყოფითი დატვირთვის მქონე სიმბოლოების გაცოცხლებით, როგორიც არის მაგალითად ბურჯანაძის ვიზიტები რუსეთში, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული განცხადებები, მისი ოჯახის სიმდიდრე ასოცირებული ხორბლის ბიზნესთან და ა.შ.

ხელისუფლების პიარ-ტექნოლგები იმაზეც კი თამაშობენ, რომ ბურჯანაძემ მიტინგი დატოვა უსაფრთხოების მიზნით და ამბობენ, რომ ლიდერებმა ხალხი მიატოვეს, ბურჯანაძე მიტინგიდან გაიქცა და ა.შ. სიახლე ამაში არაფერია, ეს პიარ ტექნოლოგიაში საკმაოდკარგად აპრობირებული მეთოდებია და ჩვენისთანა საზოგადოებაში კარგად ჭრის.

«»: საზოგადოებისა და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მარტო ბურჯანაძის ფაქტორი არ ყოფილა «სახალხო კრების» აქციის წარუმატებლობის მიზეზი, რომ აქციას აკლდა ორგანიზებულობა, ხოლო მისი ლიდერები ძირითადად ქვეყნის წარსულთან ასოცირებული ადამიანები იყვნენ, აქციაზე პრაქტიკულად არ იყო ახალგაზრდობა და ამან დიდწილად განაპირობა საზოგადოების მწირი მხარდაჭერა. როგორია თქვენი აზრი ამის თაობაზე?

ზ.ა: ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილმა გარემოებამ თავისი როლი შეასრულა იმაში, რომ «სახალხო კრების» აქცია არ გადაიქცა სახალხო მასშტაბის პროტესტად. სამიტინგო კომუნიკაციას თავის წესები და თავისებურებები აქვს. მიტინგის ლიდერები მასის მანიპულატორის როლში გვევლინებიან და ადამიანმა, ვინც სამიტინგო კომუნიკაციის ხელოვნებას კარგად ფლობს, კარგად იცის, როგორ არეგულიროს მომიტინგე მასის აქტივობა. «სახალხო კრების» ლიდერებს კი ამის გამოცდილება არ ჰქონდათ.

«»: შეუძლია თუ არა 26 მაისის მოვლენებიდან რაიმე პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს .. კონსტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოლაპარაკებებშია ჩართული?

ზ.ა: ცოტა არ იყოს ცინიკურად ჟღერს, მაგრამ გამოდის რომ »კონსტრუქციულმა ოპოზიციამ» ნინო ბურჯანაძისა და «სახალხო კრების» ხელით ნარი მოკრიფა, მათ ე.წ. «შავი სამუშაო» გააკეთებინა და ახლა გააქტიურდა, ითხოვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას და ასე ცდილობს პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას, რომელთანაც პარალელურ რეჟიმში საარჩევნო გარემოზე საუბრობს.

ტყუილად კი არ ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური რამ არისო. დიახ, გარკვეულწილად ის რაც «სახალხო კრების» თუნდაც არასწორად ჩატარებულმა აქციამ გამოიწვია, სხვა პოლიტიკური ძალებისათვის ერთგვარი დივიდენდი გახდა. მართალია დღეს სააკაშვილის ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას და ერთგვარი ალიბიც შეიქმნა დასავლეთის წინაშე, მაგრამ 26 მაისის მერე ის მაინც დისკრედიტირებულია და «კონსტრუქციულ ოპოზიციას» დასავლეთთან აპელირების უფრო მეტი ბერკეტები აქვს.

მე ძალიან მენიშნა ეკლესიის პოზიცია. ალბათ ბევრი ელოდებოდა რომ პატრიარქი, მას შემდეგ რაც დემონსტრატიულად არ დაესწრო სამხედრო აღლუმს, მკვეთრად დაუპირისპირდებოდა ხელისუფლებას. თუმცა მისი განცხადება, რომ დიდი საქმეები უნდა წყდებოდეს არა ქუჩაში, არამედ დარბაზში და მშვიდობიან საუბარში, ფაქტიურად არის განაჩენი ე.წ. «რადიკალური» ოპოზიციისათვის, რადგანაც ეკლესია ნდობის კუთხით მოსახლეობაში პირველ ადგილზეა და პატრიარქი მათთვის შეუვალი ავტორიტეტია.

«»: თუმცა ერთ-ერთ ამასწინანდელ ინტერვიუში სააკაშვილმ აეკლესიისადმი ნდობა პოლიციისადმი ნდობას გაუტოლა....

ზ.ა: წავიკითხე ეს ინტერვიუ და ამაზე ერთი ძველი ქართული ანდაზა მახსენდება - ერთ ქარქაშში ორი ხანჯალი არ ჩაიგებაო..სწორედ ასეთია ამჟამინდელი ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებაც....

«»: რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია დღემდე კონსოლიდაციას, მაშინ როდესაც თითქმის ყველა, ვისაც კი აზრი მოეკითხება, აცხადებს, რომ ამის გარეშე ხელისუფლების დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია?

ზ.ა: გამოცდილება თითქოსდა აჩვენებს, რომ ჩვენთან ხელოვნური პოლიტიკური გაერთიანებები არ ამართლებს, მაგრამ იგივე გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ 2007 წელს როდესაც ერთმანეთისგან განსხვავებული 12 ოპოზიციური პარტია ერთად დადგა, ცნობილი »საგურამოს მანიფესტი» შეიმუშავა და მთავარ მიზნად ხელისუფლების შეცვლა გამოაცხადა, ამას უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ადამიანი გამოეხმაურა.

მე ვფიქრობ რომ კონსოლიდაციას ხელს უშლის ის, რომ პარტიები ვერ თანხმდებიან თამაშის წესებზე. თუ ოპოზიცია მაინც მოახერხებს თუნდაც მოკლევადიან გაერთიანებას ერთ კონკრეტული მოკლევადიანი მიზნის ირგვლის, ის მაინც უნდა მოახერხოს, რომ საზოგადოებამ მათგან ერთგვაროვანი მესიჯები მიიღოს. ამით წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გავრცელების ალბათობაც შემცირდება, ხალხსაც ზუსტად ეცოდინება, რას სთავაზობენ და ნაკლებად დაიბნევა. ხალხი მართლაც დაბნეულია, სოციოლოგიურ გამოკითხვებში მატულობს რესპონდენტთა ის სეგმენტი რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ენდობა, ან უბრალოდ არ აქვს პასუხი.

«»: მოსკოვში ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა აფხაზ სეპარატისთა ლიდერი სერგეი ბაღაფში, თქვენის აზრით რას შეცვლის მისი სიკვდილი კონფლიქტის მოგვარების კუთხით და როგორ იმოქმედებს პოლიტიკურ სიტუაციაზე აფხაზეთში?

ზ.ა: კონფლიქტის მოგვარების კუთხით სავარაუდოდ ბევრს ვერაფერს, მაგრამ აფხაზეთში შესაძლოა პოლიტიკური გამწვავების კატალიზატორი გახდეს, რადგანაც მოსალოდნელია პრორუსული და ასე ვთქვათ პრო-ნაციონალური დაჯგუფებების შეჯახება ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. აფხაზური საზოგადოებრივი აზრიც დღეს რუსეთის მიმართ აღარ არის ისე ცალსახად პოზიტიური, როგორც 2008 წელს.

ბაღაფშის უეცარი გარდაცვალება ოპერაციის შემდეგ და სიკვდილის მიზეზის გამოცხადებული ვერსია ბევრ კითხვას აჩენს. ამბობენ, რომ ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა, არადა თავდაპირველად როდესაც მოსკოვში ჩაიყვანეს, ოფიციალურ ინფორმაციებში სულ სხვა დიაგნოზი ფიგურირებდა.

ჩემის აზრით, ბაღაფში ორ სკამზე მჯდომი ლიდერის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ერთის მხრივ, ის მოსკოვის ერთგული ლიდერის როლს ასრულებდა, მეორეს მხრივ კი ყველანაირად ცდილობდა აფხაზეთის სახელმწიფო დამოუკიდებლობის განმტკიცებას ახალი საერთაშორისო კავშირების დამყარებით. ორ სკამზე მჯდომი ლიდერების ბედი კი ერთნაირია, როდესაც ერთი სკამი გამოეცლებათ, იატაკზე ძალიან მტკივნეულად ენარცხებიან ხოლმე.