ელვისებური შოკი - ლარის შავი ხუთშაბათი

ელვისებური შოკი - ლარის შავი ხუთშაბათი

ლარის არანორმალურმა ვარდნამ მთელი ქვეყანა პანიკაში ჩააგდო. ბაზრის უკონტროლობა თანდათან ქაოსში გადადის. დროთა განმავლობაში ხელისუფლებას სულ უფრო უჭირს სიტუაციის მართვა.

ეროვნული ვალუტა ერთ დღეში 15 პუნქტით გაუფასურდა და გარე სავალუტო ბაზარზე ჯერარნახულ ნიშნულს - 2,75-ს მიაღწია. მოვლენები იმდენადლ სწრაფად განვითარდა, რომ ეუცარი შოკის გამო, ბევრმა ვალუტის გადამცვლელმა ჯიხურმა მუშაობა საერთოდ შეწყვიტა.

პირველი არსებულ ქაოსს ეროვნული ბანკი გამოეხმაურა. სებ-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა და ხაზი გაუსვა, რომ კურსის მკვეთრი გაუფასურება ხალხში გამოწვეულ პანიკას მოჰყვა:

„დღეს სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. გასული თვის განმავლობაში გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ - დოლარის ინდექსმა ყველაზე მაღალ მნიშვნელობას მიაღწია 2003 წლის მერე.

ამას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინი, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე. ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს. შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას.

ამდენად, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული და მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ვურჩევთ ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს“.

გაცილებით კატეგორიულები იყვნენ დეპუტატები. კურსის ასეთი ცვლილება საეჭვოდ მიაჩნია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძეს. მისი აზრით, ეკონომიკაში არ მომხდარა ისეთი რყევა, რაც ლარის ერთ დღეში საგრძნობლად გაუფასურებას გამოიწვევდა.

„ქვეყანაში თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გაუგებარია - ლარის კურსი ეცემა, გუშინდელ დღესთან შედარებით გაიზარდა 15 პუნქტით. არ ვიცი, ეს რას შეიძლება დავაბრალოთ. არა მგონია ეკონომიკაში ასეთი რყევა მომხდარიყო ერთ დღეში, რომ ჩვენი ვალუტა ასე მკვეთრად გაუფასურებულიყო“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

„ლარმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, რაშიც ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკაა დამნაშავე“, - ასე შეაფასა პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა გუშინდელი დღე.

დეპუტატმა ყურადღება ბანკების არაპროფილურ საქმიანობაზე გაამახვილა და ეს დიდ გამოწვევად შეაფასა. ოქრიაშვილის თქმით, არსებობს კანონი, რომელიც ბანკების არაპროფილურ საქმიანობას კრძალავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი სხვადასხვა სქემით არაპროფილურ ბიზნესებს ფლობენ და ამით კონკურენციას კლავენ. ამიტომ მთავრობა ბიზნესის ნდობას კარგავს.

„არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს. ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური არის ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკის გატარება საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში. საჭიროა კონკურენტული და თავისუფალი ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფა. როდესაც ბანკები აფუძნებენ კერძო კომპანიებს და არიან სხვადასხვა კომპანიების ფაქტობრივი მფლობელები, ეს იწვევს კონკურენციის ჩახშობას დარგში, ბიზნესის უნდობლობას საბანკო სექტორისა და მთავრობის მიმართ“, - აცხადებს ოქრიაშვილი.

ლარის კურსის გაუფასურებას სპონტანურსა და დროებით რეაქციას უწოდებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. მისი ინფორმაციით, მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, მუშაობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ „რამდენადაც შესაძლებელია კურსმა დაიწიოს“.

„ლარის კურსზე რამდენიმე ფაქტორი მუშაობს. დოლარი 2003 წლის შემდეგ ყველაზე მეტადაა გამყარებული. ბოლო 3 კვირაში კიდევ 8 პროცენტით გამყარდა. ამას დაემატა შიდა ემოციური ფაქტორები, რომელიც ბოლო ორი დღეა მუშაობს. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მონეტარული ხელისუფლების, ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივმა მუშაობამ გამოიწვია ის, რომ ემოციური ფაქტორი ფატობრივად ჩაცხრა“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ლარის კურსის დღევანდელი ცვლილებები რამე ეკონომიკური ფაქტორით გამოწვეული არ ყოფილა.

„სახეზე იყო აჟიოტაჟური და პანიკური ფონი, რაც მნიშვნელოვანწილად გამოიწვია იმ გაუგებრობამ, რაც საზოგადოებაში მთავრობის ახალი ინიციატივების შემდეგ შეიქმნა. პანიკური ქცევის წესი რამდენიმე საათის განმავლობაში ჩამოყალიბდა და საზოგადოების და ბიზნესის ნაწილმაც გაურკვევლობების ფონზე, გაზარდეს დოლარზე მოთხოვნა. ამან საბოლოო ჯამში, გამოიწვია ის, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა ლარის კურსმა“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, აჟიოტაჟი ძალიან სახიფათოა, რადგან იწვევს არარაციონალურ გადაწყვეტილებებს ვალუტის შეძენასთან დაკავშირებით.

„როგორც წესი, ეს პანიკური ფონი მალე მინელდება ხოლმე და შემდეგ რეალურ საბაზრო ნიშნულს უბრუნდება კურსი. საგანგაშო სიტუაცია არ არის. გვაქვს გარკეული პრობლემები, ბუნებრივია, მაგრამ თანდათანობით დარეგულირდება“, - განაცხადა კალანდაძემ.

ექსპერტი საზოგადოებას ურჩევს, არ აყვეს შექმნილ აჟიოტაჟს და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, ჩაერიოს სიტუაციის დარეგულირებაში.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ კი ლარის კურსის მკვეთრ მერყეობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. ისინი აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი ცვლილება მოითხოვს სწრაფ, ოპერატიულ რეაგირებას. ლარის არასტაბილურობა ანგრევს მისდამი ნდობას და ლარიზაციის იდეას საფუძველშივე კლავს:

„მთავრობის მიერ შემოთავაზებული ლარიზაციის პროგრამა კონცეპტუალურად სწორია და ორიენტირებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში პრობლემის პრევენციაზე, მაგრამ იგი ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა ფინანსისტები მივმართავთ მთავრობას და ეროვნულ ბანკს შემდეგი რეკომენდაციებით:

გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რადგან მონეტარული პოლიტიკის შერბილების პოლიტიკა ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ნაადრევად. ინფლაციის დაბალი დონის არგუმენტად გამოყენება თეორიულად სწორია, მაგრამ აცდენილია რეალობას. გარდა ამისა, არსებობს საგარეო რისკები ნავთობზე ფასის მატების, რისგან დასაცავადაც საჭიროა პრევენცია და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ეს ნაბიჯი ლარის კურსზე დადებითად აისახება.

ეროვნულმა ბანკმა უნდა შეზღუდოს კომერციული ბანკების დაკრედიტება, მათ შორის, რეფინანსირების სესხებით. ბოლო მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება სებ-ის მიმართ ისტორიულ მაქსიმუმზეა და 1 მილიარდ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ნოემბრამდე (როდესაც ლარის გაუფასურების პირველი ტალღა მოხდა) ეროვნულ ბანკს თავად ჰქონდა კომერციული ბანკების ვალი, ანუ ფული ამოღებული იყო ბანკებიდან, რაც კურსის სტაბილურობას ეხმარებოდა. 2014 წლის ნოემბრიდან ყოველთვიურად იზრდება სებ-ის მიერ ბანკებისთვის ნასესხები ფული, რაც ხვდება ბაზარზე და ლარზე ქმნის წნეხს.

უნდა გამოცხადდეს მოკლევადიანი მორატორიუმი ფულის მასის ზრდაზე - წლის დასაწყისიდან დღემდე სარეზერვო ფული გაზრდილია 21%-ით, ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში ასევე - 21%, ხოლო M2 აგრეგატი - 16-ით. დოლარის შემოდინების მცირედი გაუმჯობესების ფონზე, ეროვნული ვალუტის მასა გაიზარდა გაცილებით დიდი ტემპით და ნეგატიურად აისახა გაცვლით კურსზე;

მთავრობის დაანონსებული რეფორმები მნიშვნელოვანია, თუმცა მათი დაანონსება უნდა მოხდეს ფრთხილად, თანმიმდევრულად და თანდათანობით, ბიზნესთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რათა არ გაჩნდეს არასწორი მოლოდინი. მაგალითად, საწვავზე აქციზის ზრდის დაანონსება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი კომპანიის საღად მოაზროვნე ხელმძღვანელი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მთელი მის ხელთ არსებული რესურსით მოახდინოს პროდუქტის დამარაგება, რაც ზრდის დოლარზე მოთხოვნას.

სესხების გალარების პროგრამა კი ბანკებს უჩენს ცდუნებას, რომ კურსის ცვლილებით დამატებით მოგება ნახონ იმ იმედით, რომ მთავრობა მოსახლეობას დაეხმარება სესხის გალარების დროს კურსის შემსუბუქებაში;

აუცილებელია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირება შემცირების მიმართულებით; საჭიროა სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციის ფორსირება და აქცენტი უნდა გადავიდეს უცხოელი ინვესტორების მოძიებაზე, რათა ქვეყანაში მოხდეს დოლარის ახალი მასის შემოდინება;

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვაზე წვდომასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მხოლოდ ბანკები ყიდულობდნენ მას. ახლა გვაქვს შემდეგი სურათი, ბანკები შეუზღუდავად ყიდულობენ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, შემდეგ მათი დაგირავებით ეროვნული ბანკიდან იღებენ სესხს, რაც დამატებითი წნეხია ლარისთვის;

უნდა გადაიხედოს ლარის კურსის განსაზღვრის მექანიზმი - დღეს ლარის კურსი დგინდება მხოლოდ ბანკთაშორისი გარიგებების შედეგად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეალურად საბანკო სექტორში მხოლოდ 2 მსხვილი ბანკია, ძალიან დიდია ბაზარზე არაფორმალური გავლენის ალბათობა. მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდეს ლარის კურსის დადგენაში მონაწილე სუბიექტების წრე და მხოლოდ ბანკების გარდა, კურსის დადგენაში გაითვალისწინებოდეს, მაგალითად, მიკროსაფინანსოების, მსხვილი ექსპორტიორების და იმპორტიორების, სხვა ორგანიზაციების გარიგებები“.