ავტობიზნესი მორიგი კრიზისის მოლოდინშია

ავტობიზნესი მორიგი კრიზისის მოლოდინშია

ავტომობილებზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა არ წყდება. ბიზნესმენები ამბობენ, რომ ავტოიმპორტს სერიოზული საფრთხე ემუქრება. როგორ განვითარდება მოვლენები იანვრიდან, ამის პროგნოზირება ყველას უჭირს და მათი პროგნოზიც ერთმანეთისგან განსხვავებულია.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც მანქანებზე აქციზის გადასახადის ზრდას გულისხმობს, საავტომობილი ბიზნესს გააკოტრებს. გურჩიანის შეფასებით, ეს დამოკიდებულია იმაზე, აქციზი რამდენით გაიზრდება. თუ ეს მცირე დოზით მოხდა, ამას უარყოფითი გავლენა არ ექნება, მაგრამ თუკი ზრდა თუნდაც 20 პროცენტით მოხდა, მაშინ ეს ბიზნესის ხელმეორედ მკვლელობა იქნება.

„ანალოგიური მოხდა 2000 წელს, როდესაც ნოღაიდელმა იმის იმედით, რომ ბიუჯეტში ბევრი ფული შეუვიდოდა, აქციზი გაზარდა. მაშინ ეს ბიზნესი, 2003 წლამდე აბსოლუტურად მკვდარი იყო. იგივე მოხდება დღესაც“, - აცხადებს გურჩიანი.

მისი თქმით, ხელისუფლება ამას იმიტომ თუ აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჰიბრიდული და ელექტოავტომობილების შემოყვანა-გაყიდვას, გამართლებული არ არის. როგორც გურჩიანი აცხადებს, საქართველო არ არის მზად არც ჰიბრიდული ავტომანქანებისთვის და მით უმეტეს არც ელექტრო ავტომობილებისთვის.

„ჰიბრიდული მანქანა, საშუალოდ, 30 000 დოლარი ღირს, მისი ეკვივალენტი მანქანა, ზომით, წონით და ტექნიკური მახასიათებლებით, რომელიც ბენზინს წვავს, ღირს 14 000 დოლარი. ნებისმიერი ქართველი ადამიანისთვის 30 000 დოლარი ძალიან ბევრია. ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად არ არის“, - აცხადებს გურჩიანი „კომერასნტთან“ საუბრისას.

სხვა მოსაზრებისაა mycar.ge-ს დირექტორი დავით რეხვიაშვილი. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანას შეუწყობს ხელს, რაც შეეხება სხვა ტიპის ავტომობილებს, რომელზეც აქციზის განაკვეთი გაიზრდება, ეს ფასზე აუცილებლად აისახება.

„აქციზის ზრდა, რა თქმა უნდა, ავტომობილების ფასზე იმოქმედებს და შესაბამისად იმპორტირებული ავტომობილების რიცხვს შეამცირებს, თუმცა ვფიქრობ, ეს მთლიან ტენდენციაზე არ აისახება, რადგან ჰიბრიდული ავტომობილებით ჩანაცვლება მოხდება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

„თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორ გიორგი მშვილდაძე ამბობს, ძირითადად, პრობლემა ძველ ავტომობილებს შეექმნება.

„ჩემი აზრით, ახალ 2-3-წლიან ავტომანქანებზე აქციზის გადასახადი არ უნდა გაიზარდოს. ძველი მანქანები კი პრობლემაა. ასე თავისუფლად ძველი ავტომობილები არ უნდა შემოდიოდეს. ძალიან ბევრ ქვეყანაში ძველი ავტომანქანების იმპორტი ასე თავისუფლად ვერ ხდება“, - აცხადებს მშვილდაძე.

მისივე ინფორმაციით, საავტომობილო ბიზნესთან მთავრობას წინასწარი კონსულტაცია ამ საკითხზე არ გაუვლია. მიუხედავდ ამისა, თუ აქციზი გონიერების ფარგლებში, წინასწარ ჩატარებული კვლევის შედეგად გაიზრდება, ბიზნესისთვის ეს მისასალმებელი იქნება.