ახალი წლიდან ქვეყანაში ტოტალური გაძვირება დაიწყება. საწვავის ფასი 2 ლარამდე მოიმატებს, ავტოგაზის ფასი 20 თეთრით გაიზრდება. ამას კი აუცილებლად მოჰყვება სხვადასხვა ძირითადი მოხმარების პროდუქციის გაძვირება და ქვეყანაში ინფლაციაც დიდ ნახტომს გააკეთებს.
უკვე გარკვეულია საწვავის ფასიც. იგი წლების წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდება.
„ბუნებრივია, სააქციზო განაკვეთის გაზრდა ფასებზე აისახება. ფაქტობრივად, ეს სააქციზო გადასახადი პირდაპირ არის ჩადებული პროდუქტის თვითღირებულებაში. როცა ის იზრდება, საწვავიც ძვირდება. ჩვენი გათვლებით, თუ ბენზინის აქციზი 500 ლარი გახდება, ხოლო დიზელის საწვავის - 400 ლარი, საწვავი, საშუალოდ, 20-25 თეთრით მოიმატებს“, - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.
ის ვარაუდობს, რომ აქციზის გაძვირება ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობაზე არ აისახება.
„ამჟამად სააწვავი არც ისე ძვირი ღირს, როგორც რამდენიმე წლის წინ. ვნახოთ, სანამ კანონი არ მიუღიათ, ამაზე საუბარი ნაადრევია“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.
საწვავის გაძვირებას ადასტურებენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მშვიდად აცხადებს, რომ ბენზინისა და დიზელის ფასი 2 ლარს არ გადასცდება.
„საწვავი გაძვირდება და 2 ლარის ფარგლებში დარჩება“, - აღნიშნავს თალაკვაძე.
რასაკვირველია, ნავთობპროდუქტების გაძვირება ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და ძირითადი მოხმარების საქონელზე ფასი გაიზრდება. გაძვირების ტალღას არ გამორიცხავს, კომპანია „გრანდის“ ხელმძღვანელი ივა ჭყონია. მისი აზრით, ქვეყანა კრიზისის წინაშეა, ხოლო მოსახლეობა დიდად დაზარალდება. საწვავი არის ის საკითხი, რომელიც ყველაფერზე ახდენს გავლენას აისახება და თანაც უარყოფითად.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საწვავის ფასის ზრდის გამო სამომხმარებლო სექტორზე დარტყმა გარდაუვალია. სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნავთობპროდუქტებზე აქციზის ოდენობის გაზრდა და ფასების მომატება სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩენილი ადამიანების რაოდენობის მატებას შეუწყობს ხელს.
„ენერგომატარებლები არის ეკონომიკის საბაზისო ელემენტი და შესაბამისად, ეს სერიოზულად დაატყამს სამომხმარებლო კალათას, რომელიც ისედაც უკვე ძალიან დამძიმებულია და ალბათ, სიღარიბის ზღვარს მიღმა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გადაისვრის. მგზავრობის საფასურზე შეიძლება, რაღაც სუბრისდირება განახორციელონ, მაგრამ აქციზის ზრდა გამოიწვევს გაძვირებას, პრაქტიკულად, ყველა სექტორში, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე იმიტომ, რომ ტრანსპორტირება დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი სერიოზული ელემენტია, მით უმეტეს, იაფი პროდუქტის შემთხვევაში. ლოგისტიკას თვითღირებულებაში აქვს ძალიან დიდი წილი.
კი ბატონო, საბიუჯეტო პრობლემას წყვეტენ, მაგრამ თუ დაფიქრებულან, როგორ აისახება ეს ყველაფერი სამომხმარებლო კალათაზე, რომელიც ისედაც ძალიან დამძიმებულია? ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და სამომხმარებლო კალათის თვითღირებულება დიდწილად ყალიბდება დოლართან მიმართებით და ამას ტრანსპორტირების კომპონენტში კიდევ უფრო აძვირებენ. გათვლები, ანალიტიკა კეთდება თუ არა ხელისუფლებაში, ჩემთვის აბსოლუტურად გაგებარია.
ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ მთავრობაში, უბრალოდ, არ აქვთ გეგმა და „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა“-ს პრინციპიდან გამოვიდნენ. ფაქტია, რომ სპონტანურობა არის წამყვანი. ერთი მხრივ, ეკონომიკაში ფული ჩატოვო და ამაზე ილაპარაკო ამაყი სახით მოგების გადასახადის შეღავათიან რეჟიმში გადაყვანით და მეორე ხელით იგივე თანხა, თუ მეტი არა, ჯიბიდან ამოუღო ეკონომიკას - ამას ჰქვია ეკონომიკური პოლიტიკა? მე ვფიქრობ - არა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გია ხუხაშვილმა.
მასობრივ გაძვირებაზე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობაშიც. დეპუტატ ოთარ კახიძის განმარტებით, ქვეყანაში საწვავზე ფასების ზრდა ყველა პროდუქტზე ფასის მატებას გამოიწვევს. ასე რომ, საწვავის გაძვირება ზრდა მთავრობის მავნებლური ნაბიჯი იქნება.
„მთავრობა თავისი ინიციატივით უმატებს საწვავზე ფასს, რომელიც მინიმუმ 20 თეთრით გაიზრდება და ეს ავტომატურად ნიშნავს ყველა იმ პროდუქტზე ფასის ზრდას, რომელიც ტრანსპორტირებასთან არის დაკავშირებული. ეს არის მთავრობის მავნებლური ნაბიჯები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრებას გაუძვირებს“, - აცხადებსკახიძე.