[ნანა მაისაშვილი]
ოქრუაშვილის პარტიის მარტივ მამრავლებად დაშლის პროცესი გრძელდება. პრესაგე.ტვ-ს ინფორმაციით არაოფიციალურად პარტიიდან წასული გაჩეჩილაძე-გუნცაძის დუეტი „ქართული პარტიის“ წევრების გადაბირებითაა დაკავებული.
პარტია დატოვა გაჩეჩილაძის მომხრე ათამდე აქტივისტმა, თავმჯდომარის გარეშე დარჩა თბილისის სათაო ოფისი, რომელსაც „მხედრიონელი“ ვახტანგ ბეგიაშვილი მას შემდეგ ხელმძღვანელობდა, რაც გუნცაძე გააგდეს პარტიიდან.
მეტიც, პრესაგე.ტვ-ს ინფორმაციით, გაჩეჩილაძის მომხრეები უფრო შორს აპირებენ წასვლას და თბილისის რაიონული ორგანიზაციების იმ თავმჯდომარეების და წევრების გადაბირებასაც ცდილობენ, რომლებიც ოქრუაშვილის გუნდში მოიაზრებიან.
ჩვენი ინფორმაციით, გუნცაძის დაჯგუფებამ საბურთალოს რაიონის ოფისის თავმჯდომარის გადაბირება სცადა, რასაც სკანდალი მოყვა. საბურთალოს ოფისის ხელმძღვანელმა მასთან ოფისში მისული „მოღალატეები,“ რბილად რომ ვთქვათ სასტიკი უარით გაისტუმრა. ზოგადად კი, როგორც ამბობენ საქმე ლამის ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა და ამ ჩხუბს არა ერთი მოწმეც ყავს.
პრესაგე.ტვ-ს ინფორმაციით გაჩეჩილაძე-გუნცაძემ შესძლო თბილისის მხოლოდ ორი რაიონული ოფისის ხელმძღვანელების გადაბირება. თუმცა ძირითადი დარტყმა და მთავარი აქცენტი რეგიონებზეა გადატანილი. რეგიონებს თავად ოქრუაშვილი კურირებს და აქ საქმეს, როგორც ამბობენ, თბილისზე უკეთესადაა აწყობილი. თუ „განდგომილები“ რეგიონებს შეარყევენ, გამოდის, რომ ოქრუაშვილს პარტია მართლა დაემხობა თავზე.
ერთადერთი რეგიონი, სადაც გაჩეჩილაძეს თავისი დასაყრდენი ძალა აქვს სამეგრელოა. დღეს ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ამ ოფისის ხელმძღვანელი კახა მიქაიაც გაჩეჩილაძის გუნდში აპირებს დარჩენას. რას ნიშნავს ეს და რა დარტყმას მიაყენებს მიქაიას პარტიიდან წასვლა „ქართულ პარტიას“?
კახა მიქაია მთლად „გარდამავალი დროშასავით“ არაა. ორი პარტია მოიარა მხოლოდ, მაგრამ დღემდე ზვიად გამსახურდია გონია საქართველოს პრეზიდენტი, რასაც თავის პარტიაშიც არ მალავდა და სამეგრელოში ჩასულ, როგორც თავად ამბობს „ჩემს მეგობარ“ ლევან გაჩეჩილაძეს მიქაიამ საჯაროდ მიახალა: „ლევანი ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია, არჩევნები, რომ არ გაყალბებულიყო დღეს ლევანი პრეზიდენტი იქნებოდა, მაგრამ თუ გინდათ სიმართლე მე მხოლოდ ერთადერთ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ვცნობ! არც გამსახურდიამდე და არც გამსახურდიას შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოლია და არც ეყოლება! ბოდიში ლევან შენთან, ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ ეს ფაქტია“.
ლევანს ხომ დღემდე თავი პრეზიდენტი გონია, მაგრამ მაშინ „მეგობარმა ლევანმა“ „მეგობარ კახას“ გაუღიმა და თემაც ამითი ამოიწურა. მიქაია თავისი მეგობრის ერთგული დარჩა, თუმცა ეს „მეგობარი“ ის კაცია, რომელმაც აპრილის აქციების დროს მიქაიას ზუგდიდში ჩააკითხა და საკნები ააღებინა.
მაშინ მიქაია არც მალავდა უკმაყოფილებას, რაც შემდეგ გულმოწყალებით შეცვალა და განაცხადა: თბილისში, რომ საკნები აიღეს ზუგდიდში 6 თვის შემდეგ ავიღე მე საკნები და ბოლოსდაბოლოს, როდემდე უნდა ვმჯდარიყავი ქუჩაშიო. მოკლედ, ლევანს კახამ დაუთმო, მაგრამ უკვე „ქართული პარტიის“ ზუგდიდის ოფისის გახსნის დღეს საჯაროდ გამოუცხადა, რომ პრეზიდენტად არც არასდროს ჩათვლიდა მას, თუნდაც არჩევნები მოიგოს.
მიქაიას სამეგრელოში თავისი ზვიადისტური წარსულის გამო, ძალიან ბევრი მომხრე ყავს. ზუგდიდში „ქართული პარტიის“ დაფუძნების დღეს მან შეძლო და „ახალაიას სამეფოში“ 800-მდე ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. სამეგრელოს სინამდვილეში ეს ერთ-ერთი უპრეცედენტო ფაქტი ლევან გაჩეჩილაძის წყალობით, ლამის ჩაიშალა.
თბილისიდან ზუგდიდამდე ჩასვლა „ქართულმა პარტიამ“ დანიშნულ დროს ვერ მოახერხა, რის გამოც, უკვე დამფუძნებელ კრებას 500-მდე ადამიანი დაესწრო, რომელთა ერთმა ნაწილმა დემონსტრაციულად მას შემდეგ დატოვა დარბაზი, რაც მიქაიამ უცნობის ერთ-ერთი სიმღერა ჩართო თანდართული ტექსტით: „ბელა ჩაო კარგია, მაგრამ ჩემთვის საქართველო შავლეგოდან იწყება და ერთ-ერთი თანამედროვე „შავლეგოს“, ჩემი მეგობარი უცნობის სიმღერა მინდა შემოგთავაზოთ“.
როგორც კი დაასრულა მიქაიამ წინადადება დარბაზიდან 100-მდე ადამიანი გავიდა - ეს ის „უცნობი“ და მისი ძმა არაა, გამსახურდიას რომ ებრძოდაო? მიქაიამ ეს შემთხვევა მოახერხა და სკანდალში არ გადაზარდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა. სამეგრელოში გაჩეჩილაძეები არ უყვართ. ოქრუაშვილი მიქაიას დაკარგვით სამეგრელოს დაკარგავს, მაგრამ რას მოიგებს თავად მიქია იმ კაცთან ერთად ვინც ზუგდიდში არ უყვართ? არც არაფერს, ის ისევ მარტო დარჩება როგორც ადრე იყო - „დაიცავი საქართველოს“ ან „ქართული პარტიის“ რიგებში რომ ითვლებოდა.
და ბოლოს, პრესაგე.ტვ-ის ინფორმაციით გაჩეჩილაძე თავისი დაფუძნებულ „დაიცავი საქართველოს“ რიგებში დაბრუნებას აპირებს, მას თან, „ქართული პარტიიდან“ წამოყოლილი „პირადი შემადგენლობაც“ მიყვება.