საწვავი, თამბაქო და ავტომობილები ძვირდება

საწვავი, თამბაქო და ავტომობილები ძვირდება

ერთი თვის შემდეგ მანქანები, სიგარეტი, საწვავი და ბუნებრივი აირი გაძვირდება. მთავრობამ ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის სხვა გზა ვერ გამოძებნა და ფასების ზრდის გზას დაადგა.

ნავთობპროდუქტების, თამბაქოს და ავტომობილების აქციზის გადასახადის მატებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მან ხაზი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას გაუსვა.

„2015 წელს საქართველოში დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა. დაგეგმილი ცვლილებები აუცილებლად აისახება იმპორტის მოცულობაზე, რამაც საბოლოოდ, დადებითი გავლენა უნდა იქონიოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე, რაც ასევე ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალია“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნავთობპროდუქტების აქციზის გადასახადის ზრდამ, დადებითი გავლენა უნდა იქონიოს გარემოს დაბინძურებაზეც, რაც ბოლო დროს ქვეყნისთვის აქტუალურია. კვირიკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ 2017 წლის

ბიუჯეტის პროექტში ჩადებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე აქციზის ზრდა მუნიციპალურ-საზოგადოებრივი ტრანსპორტის - ავტობუსების ფასზე არ აისახება, რადგან მთავრობა სუბსიდირებით გაანეიტრალებს სიტუაციას.

ნავთობპროდუქტების პარალელურად ახალი წლიდან ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება. მთავრობაში ფიქრობენ, რომ თამბაქოსთან მიმართებაში მოხმარება10%-ით შემცირდება, ავტოიმპორტი კი 25%-ით დაიკლებს.

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება 1 ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; ბუნებრივი აირის 1000 კბ/მ-ზე - 80-დან 200 ლარამდე. აქაც გათვალისწინებულია მოხმარების შემცირება 10%-ით.

„გარკვეული ნაწილი ამ ღონისძიებებისა ერთმნიშვნელოვნად დადებითად აისახება საგადასახდელო ბალანსზე. ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებითაც შემდეგ წლებში მნიშვნელოვანი კლება გვექნება“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მან ქვეყანაში მომრავლებულ მანქანებზეც ისაუბრა.

„თავიდან ბოლომდე გაივსო ქალაქი მანქანებით, რაც ნიშნავს, რომ 30%-ით მეტი გამონაბოლქვი და საცობი გვაქვს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და დასძინა, რომ საწვავის აქციზის გაძვირების გამო „ზეწოლა მოვა ძალიან ძველ ავტომობილებზე. უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან ავტომობილები 5-დან 10 წლამდე და ამ ნაწილს მაქსიმალურად შეეწყობა ხელი“.

ნავთობიმპორტიორები ხელისუფლებისგან დეტალურ ინფორმაციას ელოდებიან. ამასთანავე ამბობენ, რომ აქციზის გაზრდის შემდეგ, საცალო ბაზარზე საწვავის ფასი აუცილებლად მოიმატებს.

„სენტას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა ავტომატურად გამოიწვევს ბაზარზე საწვავის ფასის მატებას.

„ბოლო პერიოდში „პლატცის“ ფასმა 30 დოლარით მოიმატა, თანაც ასევე ბოლო პერიოდში გაუფასურდა ლარიც. ამ ყველაფერს თუ ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა დაემატა, მაშინ ეს გამოიწვევს საწვავის გაძვირებას, რასაც მოჰყვება რეალიზაციის შემცირება. საწვავზე ფასის ზრდას კი შემდგომ ყველა პროდუქტის გაძვირება მოჰყვება“, - აღნიშნა იაკობიძემ.

„სოკარის“ დირექტორის დავით ზუბიტაშვილის განცხადებით, გაძვირდება თუ არა საწვავი აქციზის ზრდის ფონზე, იმაზეა დამოკიდებული, თავად აქციზის გადასახადის მატება რა სიდიდით და ფორმით მოხდება.

„აქციზის გადასახადი თვითღირებულებასთან მიმართებაში პირდაპირპროპორციულია. ეს ყველაფერი სამომავლოდ დადებითად აისახება თუ უარყოფითად, ამას ახლა ვერ შევაფასებ“, - დასძინა ზუბიტაშვილმა.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი პირდაპირ ადასტურებს, რომ აქციზის ფასის მატება საწვავის თვითღირებულებაზე პირდაპირ მოქმედებს.

„მოგეხსენებათ, საწვავის თვითღირებულებას აქციზის ფასი განსაზღვრავს და რა თქმა უნდა, მისი მატება ან კლება პროდუქტის თვითღირებულებაზე პირდაპირ მოქმედებს. აქციზის გადასახადის მატება, შესაძლოა, საწვავის ფასზე უმნიშვნელოდ ან პირიქით მნიშვნელოვნად აისახოს“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აქციზის გადასახადის მატებას ნეგატიურად აფასებს.

„ცხადია, ეს შესაბამის პროდუქტებზეც და მათ სარეალიზაციო ფასზე აისახება. თავად რომელიმე პროდუქტის გაძვირება ჩვენს ქვეყანაში, როგორც წესი, გადამდებია სხვა დანარჩენზეც. სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ გაძვირების პროცესი ოფიციალურად დაიწყო და ეს პროცესი ეტაპობრივად კიდევ უფრო მტკივნეული იქნება. ამ მხრივ მომხმარებლის და მოქალაქეების უფლებები მკვეთრად შეილახება“, - განაცხადა გამზარდიამ, რომელმაც მოსალოდნელ ინფლაციაზე გაამახვილა ყურადღება.

სხვათა შორის, ასეთ რისკს მთავრობაშიც არ გამორიცხავენ. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც აქციზის გადასახადებს ზრდის, ინფლაციის რისკი ნამდვილად იქნება. იგი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ცვლილებების შედეგად ინფლაციურ ფაქტორი გაიზრდება.