2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა და პოსტსაარჩევნო პრესის ანალიზის შედეგად რამდენიმე თვალსაჩინო ტენდენციაზე შეიძლება საუბარი, რომლებზეც ყურადღება მიმდინარე მონიტორინგის პროცესში ჩემმა კოლეგებმაც გაამახვილეს. მათგან უნდა გამოიყოს:
1. უპირველესად ის, რომ უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდშიც კი, პრესისთვის არჩევნების გაშუქება მეორეხარისხოვანი თემა იყო. ეს ნონსენსია თვით ქართული პოლიტიკური რეალობისთვისაც კი - როცა პრესა დიდწილად იგნორირებას უკეთებდა არჩევნებს.
2. ემოციური ფონის, ემოციური მიდგომების პრევალირება რაციონალიზმზე. ანალიზისას ამ თემაზე ერთდროულად გაამახვილეს ყურადღება ბატონმა ალექსანდრე რუსეცკიმ და ქალბატონმა ნანა დევდარიანმა. ბატონი რუსეცკი წერს, რომ საარჩევნო პროცესის გაშუქება “ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ გაშიშვლებულ საარჩევნო გრძნობებს და მიზნად ისახავს ემოციური ფონის გაძლიერებას და ფართო მასების ყურადღების მიპყრობას”. ქალბატონი ნანა დევდარიანიც აღნიშნავს, რომ პრესა “ირაციონალურ მდგომარეობას ასახავს ნაცვლად იმისა, რომ თავად იყოს პროცესის რაციონალიზაციის აღმძვრელი”.
3. ძალზედ დიდი ადგილი ეთმობოდა არჩევნების შედეგების და, ზოგადად, ამ არჩევნების შედეგად მოსალოდნელი ცვლილებების მიმართ ნიჰილიზმის გაღვივებას. უნდა აღინიშნოს, რომ ნიჰილიზმის ასეთი ხარისხი არ ახასიათებდა საქართველოში დღემდე ჩატარებულ არც ერთ წინასაარჩევნო გარემოს. ამავე მიმართულებას ორგანულად ავსებდა არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების თემა, რომლის პედალირებაც ერთდროულად ხდებოდა როგორც საკუთრივ პოლიტიკური სუბიექტების, ასევე - ექსპერტების მხრიდან.
4. პარალელურად მიდიოდა ნეგატიური განწყობების პედალირება არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიმართ. როგორც ბატონი ზვიად ქორიძე აღნიშნავდა, “ჟურნალისტები თავად გაურბიან სიძულვილის ენას და ცდილობენ, რომ რესპოდენტებსაც კი არ მისცენ საშუალება, განავითარონ იგი. ეს – როგორც წესი, თუმცა ეს წესი, როგორც ნორმა, ჯერ ქართულ ბეჭდურ მედიაში სრულად ვერ ჩამოყალიბდა. დღევანდელ საარჩევნო გარემოს საქართველოში ახლავს სიძულვილის ენა”. ამავე თემას არაერთხელ ეხმიანება ქალბატონი მაია ურუშაძეც: “ბეჭდური მედია ვერ შეელია ვერც კონკურენტთა დამაკნინებელ ტონს. პრესის ყურადღების ცენტრში კი პირველ პოზიციაზე კვლავ კულუარული ინფორმაცია და ოპონენტთა მიერ კონკურენტების შესახებ გავრცელებული ჭორები იდგა”.
5. ანალიტიკური მასალების სიმწირე, რაზეც უკლებლივ ყველა მონიტორმა გაამახვილა ყურადღება. მაგალითად, ქალბატონი ნანა დევდარიანი აღნიშნავს: “რჩება შთაბეჭდილება, რომ პრესა ძირითადად ორი ჟანრით გადის ფონს – ინტერვიუ და ნიუსი. ამასთანავე, ინტერვიუების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ რესპოდენტები ძირითადად საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის მოწოდებით არიან დაკავებული, ხოლო ჟურნალისტები ვერ ახერხებენ მათთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხების მიღებას. ინტერვიუთა უმრავლესობა იმდენად ზოგადია, რომ თავისუფლად შეიძლება დათარიღდეს რევოლუციის შემდგომი ნებისმიერი არჩევნების წინა პერიოდით. ინფორმაციის ძირითად წყაროსაც, ერთეული გამონაკლისების გარდა, პოლიტიკოსები წარმოადგენენ”.
იდენტურია ქალბატონ მაია ურუშაძის შეფასებაც: “გაზეთების უმეტესობა ფონს სკანდალებითა და კულუარული თემებით გადის, რითაც წარმატებულად სარგებლობენ საარჩევნო სუბიექტები და მედიას სწორედ ამ ტიპის პროდუქციით კვებავენ. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ბეჭდური მედია არ ცდილობს, მკითხველს მაღალი ხარისხის, ყოველმხრივ დაბალანსებული და გაწონასწორებული მასალები მიაწოდოს. თუმცა, სამწუხაროდ, ნეგატივის იმ უხვი ნაკადის ფონზე, რომელიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ სივრცეს ავსებს, ეს შეუძლებელი ხდება. შედეგიც სახეზეა: საქართველოში ბეჭდური მედია იძულებულია იყოს ისეთი, როგორიც არის – სკანდალებსა და ჭორებს დახარბებული, ენაკვიმატი და შეურაცხმყოფელი. ანუ, დაემსგავსოს პოლიტიკური ამინდის დამკვეთებს მაშინაც კი, როცა ეს დამკვეთები ეპატაჟური გამონათქვამებითა და საკმაოდ საეჭვო სკანდალებით ცდილობენ, ცნობადობა აიმაღლონ/შეინარჩუნონ”.
6. მედია-მონიტორინგმა თვალნათლივ გამოკვეთა თანამედროვე ქართულ პრესაში საარჩევნო თემატიკით პროფესიონალურად დაკავებული ჟურნალისტების სრული დეფიციტი. კვლავ მოვიყვანთ ამონარიდებს ჩვენი კოლეგების ანალიზებიდან: “პრესა არ ინტერესდება წმინდა საარჩევნო ადმინისტრირების საკითხებით, არა მარტო უბნებსა და ოლქებში, არამედ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც. მკითხველისთვის უცნობია, რამდენად არის მზად პირველადი რგოლები არჩევნების ჩასატარებლად, რამდენად კომპეტენტურია კომისიები, რამდენად ღია და გამჭვირვალეა ცსკ-ს სხდომები”; პრესაში “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობასა და რაობაზე განმარტებები, პრაქტიკულად, არ გაცემულა. სამაგიეროდ, გასული კვირის განმავლობაში ქართულ პრესაში არ გამოქვეყნებულა არც ერთი მასალა, სადაც იქნებოდა საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების დასაბუთებულად გაანალიზების მცდელობა”; ჟურნალისტები “არ ცდილობენ მოიპოვონ დარღვევის კონკრეტული ფაქტები, გამოიძიონ და ისე გაავრცელონ ისინი”.
საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტების საკითხზე მსჯელობისას ქალბატონი ნანა დევდარიანი ძალზედ საინტერესო პარალელს ავლებს: “თუ შედარებისათვის ავიღებთ 2003 წლის წინასაარჩევნო პრესას, ნათელი გახდება, რომ ამ საკითხების აქტუალიზება კარგად იყო დაგეგმილი და კოორდინირებული მედიის სხვადასხვა საშუალებაში. სერიოზულად იყო დაფინანსებული საარჩევნო სიების მონიტორინგი, მოსახლეობის ინფორმირებულობა, სამართლებრივი მხარდაჭერა, საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობის კონტროლი და ა.შ.”
შეუძლებელია არ დავეთანხმოთ ქალბატონ ნანას ამ დაკვირვებას: მოყოლებული ლამის 1996 წლიდან უამრავი დრო, ენერგია და ფინანსები დაიხარჯა იმისთვის, რომ ჟურნალისტების დიდი არმია გაეტრენინგებინათ სხვადასხვა, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების, საარჩევნო სამართლის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საგამოძიებო ჟურნალისტიკის თუ სხვა არაერთი მიმართულებით. ეს ერთგვარი დემოკრატიული შტურმი ჟურნალისტთა კორპუსზე ლამის ვარდების რევოლუციამდე გრძელდებოდა და სწორედ ამ შტურმის შედეგად გატრენინგებული ჟურნალისტების დიდ არმადას მიუძღვის ლომის წილი იგივე ვარდების რევოლუციაში.
მაგრამ ეს უფრო ფართო თემაა, რეალობა კი ის გახლავთ, რომ განსაკუთრებით 1999 წლიდან მოყოლებული, ყველა წინა თუ პოსტსაარჩევნო პერიოდებში საარჩევნო თემაზე მომუშავე ჟურნალისტიკა შესაშურად მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. დღეს აღარც ის თაობაა ჟურნალისტიკაში, აღარც ის ინტერესი, თუნდაც მატერიალური, რომელიც დამკვეთების გულუხვობაში გამოიხატებოდა, და რაც მთავარია, აღარც დემოკრატიული შტურმის მოსურნე უცხოელი სპონსორები.
რაც შეეხება უცხოელ სპონსორებს, ეს კიდევ ერთი და ძალზედ ნიშანდობლივი თემა და ქართული არჩევნების “მარილია”, რომლის გარეშეც არჩევნების შედეგების ხელდასხმა არ ხდება. თუ საქართველოს საზოგადოებას ამ არჩევნების მიმართ მანამდე არნახული ნიჰილიზმი გამოარჩევდა, დასავლეთი ასეთივე შესაშური ინდიფერენტიზმით მოეკიდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მომზადებასაც, მიმდინარეობასაც და შედეგებსაც. დასავლეთის ამ მიდგომასაც მრავლგანზომილებიანი მიზეზი აქვს, დაწყებული ზოგადად საქართველოს მიმართ დამოკიდებულების ცვლით და დამთავრებული ქართული ოპოზიციური სპექტრის რესურსების მიმართ უნდობლობით. ქალბატონი ნანა დევდარიანიც აღნიშნავს, რომ “საერთაშორისო ორგანიზაციები და “მეგობარი ქვეყნები” იმავე 2003 წელთან შედარებით გაცილებით ნაკლებად არიან ჩართული წლევანდელი არჩევნების სამართლიანად ჩატარების მხარდაჭერაში”.
აქვე, უთუოდ შემოდის არასამთავრობო სექტორის, მის მიერ განხორციელებული აქტივობების თუ პასივების და მასთან პრესის ურთიერთობის თემა. აქაც იგივე სიტუაციას ვაწყდებით: შედარება არ შეიძლება რევოლუციამდელი არასამთავრობო სექტორისა მისი ჩართულობითა და დაინტერესებით საარჩევნო პროცესებში დღეს ამ სივრცეში არსებულ ვითარებასთან. აღარც დაფინანსება, აღარც ინტერესი, აღარც პროფესიონალიზმი - მოკლედ ასე შეიძლება შევაფასოთ საარჩევნო მიმართულებით ამ სექტორის მუშაობა. შედარებისთვის მხოლოდ “თავისუფლების ინსტიტუტისა” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” როლს გავიხსენებ ვარდების რევოლუციის მზადების, საარჩევნო ადმინისტრაციების, რბილად რომ ვთქვათ კონტროლისა და მონიტორინგის, ყბადაღებული ეგზიტპოლების დამკვიდრების და ა.შ. პროცესში.
7. არჩევნების მიმართ პრესაში გამეფებული ნიჰილიზმი და ერთგვარი ინდიფერენტიზმი განსაკუთრებით გადაწვდა რეგიონებს. რეგიონებში მიმდინარე საარჩევნო პროცესი, ფაქტობრივად, პრესის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. ჩემი კოლეგებიც აღნიშნავდნენ, რომ “თუ არ ჩავთვლით გაზეთ “რეზონანსის” თემატურ დამატებას ”რეგიონის არჩევანი”, სხვა საერთო-ეროვნული ქართული გამოცემებიდან ბევრს ვერაფერს შევიტყობდით საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესზე, ცალკეულ დარღვევებზე და მეტიც დანაშაულებზე, რომელიც ხდება სხვადასხვა რეგიონში”.
პრესამ, ამ მხრივ, ფაქტობრივად, ზუსტად ასახა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ზოგადად და კერძოდ, მათი არჩევნების მნიშვნელობის გაუცნობიერებლობა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილის მიერ, რაშიც მათი წარუმატებელი პოლიტიკური კარიერის ერთ-ერთი მიზეზიც შეიძლება ვეძებოთ: ჩვენი პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა” და თავის დროზე “ახალი მემარჯვენეებისა” და “ლეიბორისტებისა”, სათანადოდ ვერ აფასებდა ადგილობრივ ორგანოებში წარმომადგენლობის ყოლის მნიშვნელობას: საქართველოში, სადაც ადმინისტრაციული რესურსი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბერკეტია პოლიტიკური ძალის ხელში, ადგილობრივ ორგანოებში წარმომადგენლობას დიდი როლი ენიჭება უფრო მაღალი დონის არჩევნებში გამარჯვებისთვის, ოპოზიცია კი ამ რესურსის უგულებელყოფას ახდენდა ყოველთვის.
წინა და პოსტსაარცევნო პრესის ანალიზისას ჩვენს კოლეგებს მხედველოდბიდან არ გამორჩენიათ კიდევ არაერთი თეთრი ლაქა, მაგ., ის, რომ პრესის ფურცლებზე არ ჩანდა მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის ანალიზის მცდელობა და რომ თავად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობასა და რაობაზე განმარტებები, პრაქტიკულად, არ გაცემულა.
ამ და ყველა წინაჩამოთვლილ ხარვეზს თუ გავითვალისწინებთ, უნდა დავასკვნათ, რომ პრესაში 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების ასახვა აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯია ყველა წინა არჩევნებთან შედარებით.
ერთადერთი, რასაც პრესას ნამდვილად ვერ უსაყვედურებთ, გახლავთ ის, რომ პრესა აბსოლუტურად ადექვატური იყო პოლიტიკურ სპექტრში არსებული რეალობისა: რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქართული პრესა, რომელსაც ხშირად საყვედურობენ ტენდენციურობას, ამჯერად ზუსტად ასახავდა იმას, რაც ხდებოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში: ფაქტობრივად, არც ერთი ალტერნატიული აზრი თუ პოზიცია არ დარჩა ყურადღების მიღმა.
არსებული ვითარების ანალიზი კი საბოლოოდ ერთი, არცთუ სახარბიელო დასკვნისკენ გვიბიძგებს: ქართულმა პრესამ განვლო ყმაწვილური რომანტიზმის ეპოქაც და შეუზღუდავი თავისუფლების ბანგიდანაც გამოვიდა. მეორეს მხრივ, ჭკვიანი და გულუხვი დამკვეთების ხანამაც ჩაიარა (იგივე ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი თუ “თავისუფლების ინსტიტუტი” ხელისუფლებამდელ ჰიპოსტასში). და ახლა ხელთ შეგვრჩა თანამედროვე ქართული პრესა სუფთა სახით - საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების ამარა - დიდწილად იდენტური გემოვნების საზოგადოების პირისპირ.