ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ თბილისში ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდება. მართალია, მერიაში ირწმუნებიან, რომ ტარიფი არ შეიცვლება, მაგრამ კომპანიის ორაზროვანი განცხადებები და ჩუმ-ჩუმად გადადგმული ნაბიჯები, ამის წინაპირობას ქმნის. მძღოლები ამბობენ, რომ მგზავრები 1-ლარიან გადასახადს არ შეეგუებიან.
უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ დედაქალქში მოძრავი მიკროავტობუსები მოძველდა და მისი ექსპლუატაცია ძვირი ჯდება. მატულობს საწვავზე ფასი. კომპანიის ბიუჯეტში მძღოლს ყოველდღიურად, საშუალოდ, 63 ლარი შეაქვს, ზოგს მეტიც. ყოველდღიური გადასახადი დამოკიდებულია სამარშრუტო ხაზსა და მგზავრთა რაოდენობაზე.
„თბილისის მიკროავტობუსს“ კი ხარჯის დასაფარად ფინანსები არ ჰყოფნის. პრობლემას ქმნის დედაქალაქის ქუჩებში შექმნილ საცობებში დგომა, რის გამოც მიკროავტობუსების მძღოლები ვერ ასრულებენ დღის განმავლობაში დაგეგმილ მარშრუტს და საცობებში საწვავიც მეტი ეხარჯებათ.
მძღოლების პრობლემებზე საუბრობენ ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებიც. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ადასტრურებს, რომ ყვითელი მიკროავტობუსების ასაკის მატების კვალობაზე, ძალიან მაღალია მათი ცვეთის ხარისხი, მეტი რემონტი სჭირდებათ და, შესაძლოა, ეს ხარჯი მთლიანად მძღოლებს დააწვეთ.
„თბილისის მიკროავტობუსში“ ყველაფერზე მძღოლები არიან პასუხისმგებელნი. ნელ-ნელა ძვირდება საპოხი მასალები თუ საწვავი და ადრე მძღოლებს თუ დღეში 50-60 ლარი რჩებოდათ, დღეს ეს თანხა, ფაქტობრივად, გაუნახევრდათ. სწორედ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო 101 მიკროავტობუსი კუსტარულად გადაიყვანეს გაზზე.
ახლა ერთადერთი გამოსავალი მგზავრობის გაძვირებაა. არ არის ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებიც, რაც მიკროავტობუსს ჩაანაცვლებდა. ყველაფერი იქით მიდის, რომ მიკროავტობუსების გაძვირება გარდაუვალი გახდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მგზავრობის გაძვირება პოლიტიკურ პროცესში გადაიზრდება, რაც ვითარებას დაამძიმებს, ამიტომ თბილისის მერია უნდა ჩაერთოს ამ საკითხის მოგვარებაში“, - აცხადებს მესხიშვილი.
„ყვითელი მარშრუტკის“ მძღოლები იმასაც ადსტურებენ, რომ მგზავრობის ტარიფის გაძვირება მათ შემოსავალზე უარყოფითად აისახება და შეიძლება გეგმის შესრულება ვეღარც შეძლონ. ჯერჯერობით კომპანიას ცვლილებების შესახებ მათთვის არ შეუტყობინებია.
„თუ მოუმატეს ტარიფი, ძალიან ცუდია იქნება, ხალხს 80 თეთრი არ აქვს და 1 ლარს როგორ გადაიხდის. 50 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს, არ აქვს ხალხს და რა უნდა ქნა? გაიზრდება ტარიფი და არავინ ამოვა „მარშრუტკაში“. 20 თეთრით გაძვირება, ბევრია, რადგანაც დღეში რამდენჯერმე უწევს ადამიანს მგზავრობა“, - აცხადებენ მძღოლები.
ისინი არ გამორიცხავენ, რომ მგზავრობის გაძვირების შემთხვევაში „თბილისის მიკროავტუბუსმა“ ყოველდღიური გეგმა გაზარდოს.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში კი ირწმუნებიან, მგზავრობის საფასური არ გაძვირდება.
„კომპანიასთან კონტრაქტი 2011 წელს გაფორმდა და მოქმედებს 2024 წლამდე. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში არის გარკვეული ვალდებულები. ამასაც თავი რომ დავანებოთ, ასე ცალსახად და უხეშად ხელშეკრულების გაწყვეტა არც ქალაქის და არც საზოგადოების ინტერესებში არ შედის იმიტომ, რომ მათ გადაჰყავთ ბევრი მგზავრი და ამ ადამიანების მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს“, - აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
„თბილისის მიკროავტობუსებში“ კი აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.
„კომპანიას ჯერჯერობით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. თუკი გადაწყვეტს, ამას, ბუნებრივია, მომხმარებელს რამდენიმე კვირით ადრე ვაცნობებთ“, - ორაზროვნად აცხადებენ კომპანიაში.