კანონპროექტი, რომელიც ნაციონალების გამო, სამი წელი პარლამენტის თაროზე იდო, განსახილველად ჩამოიღეს

კანონპროექტი, რომელიც ნაციონალების გამო, სამი წელი პარლამენტის თაროზე იდო, განსახილველად ჩამოიღეს

„ქართული ოცნება“ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას უბრუნდება და ამის ერთ-ერთ მიზეზად საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს ასახელებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი, სანაცვლოდ, საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებას აანონსებს და მმართველ გუნდს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლაში ადანაშაულებს.

აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო, სადაც უმცირესობის მიერ წამოწყებული „პროცედურული ომის“ გამო, უმრავლესობამ ცვლილებების მიღება ვერ შეძლო და ცვლილებათა პაკეტი თაროზე შემოდო.

საქმე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ეხება, რომლის გათვალისწინებითაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის სფეროდან ადმინისტრაციული სამართლის სფეროშია გადატანილი. კერძოდ, პროექტით, კანონის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება.

ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დადგება, თუ პირმა ასეთი ქმედება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგ ჩაიდინა.

აღსანიშნავია, რომ კანონში უცვლელი ის პუნქტი რჩება, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები გამონაკლის შემთხვევებსაც ადგენს. კერძოდ, პროექტით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ის პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე შევიდა/შევა აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის სპეციალურ თანხმობას მიიღებს.

სამი წლის წინ, „ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნებოდა, რომ პროექტზე გამართული დებატების მიზანი - არც პოლიტიკური კაპრიზია, არც საპროცედურო ომი და არც შიდა საპარლამენტო ძალის დემონსტრირების სურვილი, არამედ ის, რომ საქართველოს ორი სხვადასხვა ტიპის საზღვარი არ ჰქონდეს.

წინა მოწვევის პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსმა შემართებამ და წინააღმდეგობამ გარკვეულწილად გაჭრა, რადგან for.ge-ს ინფორმაციით, საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა კოალიცია „ქართულ ოცნებაშიც“ წარმოიშვა და მმართველ გუნდში იმაზე დაიწყეს მსჯელობა, მართლაც, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ხომ არ მიდიოდნენ.

ოთხდღიანი პროცედურული ომისა და მაგიდებზე მუშტების ბრახუნის შემდეგ, ცვლილებები პირველი მოსმენით იქნა მიღებული და საკითხზე მსჯელობა მეორე მოსმენის ფორმატში აღარ გაგრძელდა, თუმცა მოგვიანებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებებთან მიმართებაში ახალი ინიციატივით გამოვიდა. კერძოდ, მათი წინადადებით, კანონის პირველად დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმა უნდა გავრცელებულიყო არა მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ შესულ მოქალაქეებზე, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

თუ რა შეიცვალა სამი წლის შემდეგ და „ქართული ოცნება“ თუ რატომ უბრუნდება ცვლილებების განხილვას, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა. როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, ოპოზიციას მძიმე ბრალდებების გაჟღერება სჩვევია, რომ თითქოს, ხელისუფლება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიდის, მაგრამ „ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა მაშინ იყო, როცა ნაციონალებმა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რეკომენდირებული და შედგენილი საგზაო რუკა გადახიეს, ჩამოშალეს და რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საშუალება მისცეს“.

„ამ უბედურების მონაწილეობისგან თავდაცვისთვის უამრავ რაღაცას მოიგონებენ და იტყვიან, მაგრამ ეს საკითხი განსახილველია. საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ცნობილია. მათ უნდათ, რომ მკვდარი წერტილიდან პროცესი დაძრან, ურთიერთობის ლიბერალიზაცია მოახდინონ და რუსეთს რეგიონის საბოლოოდ ჩაკეტვის საშუალება არ მისცენ. ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ და შევისწავლოთ, რათა რაიმე ისეთი არ დავუშვათ, რომელიც მომავალში ვითარებას გაგვირთულებს. ამ საკითხს განხილვა კამათით და აზრთა ჭიდილით სჭირდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ქვეყნის წინააღმდეგ“, - აცხადებს დეპუტატი.

ვოლსკი ამბობს, რომ ის ცვლილებების განხილვისას „ნაციონალური მოძრაობისგან“ რაიმე რაციონალური ინიციატივის გაჟღერებას არ ელოდება.

„ისინი საქართველოში დატრიალებული უბედურების გამო, თავდაცვის რეჟიმში არიან და გაგრძელებაც ასე სურთ. საკითხის განხილვა უნდა გაგრძელდეს“, - დასძენს ვოლსკი.

თანაგუნდელის მსგავსად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებებზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.

for.ge-სთან საუბარში ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს „ჭიქაში ქარიშხალის მოწყობის“ მცდელობას, რადგან საუბარია იმაზე, რომ კანონმა რეპრესიულთან ერთად პრევენციული ხასიათი შეიძინოს და პირველად სისხლის სამართლის სასჯელთან ერთად ადმინისტრაციული სახდელი არსებობდეს.

„საკითხის განხილვა უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, ოპოზიციას არარსებული პრობლემების წამოწევა უნდა, სინამდვილეში საუბარია იმაზე, რომ კანონი მხოლოდ რეპრესიული არ უნდა იყოს“, - აღნიშნავს ნარჩემაშვილი.

საკითხზე საუბრისას საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებზე აპელირებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

როგორც for.ge-ს ბესელიამ განუცხადა, ქართულ მხარეს ყველა აკრიტიკებს, რომ ცვლილებების განხილვა გააჩერა და მისი მხარდაჭერა არ მოხდა.

ბესელიას მოსაზრებით, დღეს მოქმედი კანონი ძალიან ბევრ საერთაშორისო მიდგომას ეწინააღმდეგება და იმის გამო, რომ მოქმედი კანონი ხარვეზიანია, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კრიტიკას იღებს.

„საუბარია არა პასუხისმგებლობის მოხსნაზე, არამედ პასუხისმგებლობის თანაზომადი პრინციპის განსაზღვრაზე. საქართველოს ორწლიანი სანქცია იმის გამო დაედო, რომ ევროსაბჭოს წევრი დეპუტატების მიმართ პასუხისმგებლობის გამოყენება მოხდა. მათ მიმართ კანონის გამოყენება მოხდა და ქვეყანა დაისჯა, რადგან ორი წელი სანქცია გვედო და ქვეყანაში ევროსაბჭოს ეგიდით არც ერთი საერთაშორისო ღონისძიება არ ტარდებოდა. მთავარია არა ის, რომ ნაციონალები გაგვაკრიტიკებენ, არამედ ის, რომ ევროპელი ლიდერები საქართველოს სანქციას არ ადებდნენ“, - აცხადებს ბესელია.

ბესელიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უარყოფს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი რეკომენდაცია არავის გაუცია.

კაპანაძის მოსაზრებით, კანონის შეცვლა სწორი არ არის, რადგან არაფერი არ შეცვლილა.

„მარტივად რომ ვთქვათ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი მიღებული იყო როგორც პასუხი ოკუპაციაზე. ეს რომ შეიცვალოს, მაშინ რეალობა უნდა შეიცვალოს, რომელიც არ შეცვლილა. თუკი რეალობა შეიცვლება და განსხავებული მდგომარეობა იქნება, მაშინ შეიძლება, კანონიც შეიცვალოს. იმის დასაბუთებასაც ვერ ვხედავთ, ამ ფორმით ცვლილებების განხორციელება რას მოგვიტანს“, - აცხადებს კაპანაძე, რომლის პათოსს იზიარებს გიგა ბოკერია.

ბოკერია მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა და ცუდია, რომ მთავრობა და უმრავლესობა ამ საზიანო ინიციატივაზე უარს არ ამბობენ.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მავნებლურ ინიციატივას ხელი შევუშალოთ. ყველა ლეგიტიმური ბერკეტი გამოყენებული იქნება. ევროპელი პარტნიორების ნაწილს შეიძლება ათასგვარი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით და ინტერესით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, - განუცხადა for.ge-ს ბოკერიამ.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ განწყობას, ისინი ხელისუფლების მსგავსად, ცვლილებების შეცვლაზე აპელირებენ.

როგორც for.ge-ს ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტი გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს, რადგან კანონის გადახედვაზე საქართველოს ის მოქალაქეები საუბრობენ, რომელთაც გადაადგილებისას პრობლემები ექმნათ.

„ამაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომელთაც ნათესავები ჰყავთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან კავშირი აქვთ. ისეთი ცვლილებები უნდა მივიღოთ, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემას არ შეუქმნის, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ინტერესს გაატარებს და რაღაც ბარიერები იქნება გადალახული. სიმკაცრის ლიბერალიზაციას მივესალმები, რადგან პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმა მისაღებია და ამაზე ვიფიქრებთ“, - განაცხადა ინაშვილმა.