საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ ახალი რეკორდი დაამყარა და ისტორიულ ფსკერს მიაღწია. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 დოლარი 2,5026 ლარი ღირს. ამით წელს 28 იანვარს დამყარებული ანტირეკორდი დაემხო.
საქართველოს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მიიჩნევენ, რომ ლარის ვარდნა დროებითია, მას საგარეო და საშინაო მაკროეკონომიკური ფაქტორებით ხსნიან და ეროვნული ვალუტის გამყარებას საშუალოვადიან პერიოდში ელოდებიან.
„ჩვენი ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია უფრო ნაკლებად, ვიდრე ევრო და დანარჩენი ყველა ქვეყნის ვალუტა: ეს არის თურქეთი, მოლდოვა, რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, უკრაინა და აზერბაიჯანი“, - უშფოთველად აცხადებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი და დასძენს, რომ ამ პროცესში არაფერი ექსტრაორდინალური არ ხდება. თუმცა, იქვე აღიარებს, რომ ლარის გაუფასურება მოსახლეობისათვის მტკივნეულია.
კვირიკაშვილი განმარტავს, ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილი იმპორტი ექსპორტის ზრდით ვერ დაბალანსდა, რამაც ვალუტის დამატებით გაუფასურება გამოიწვია.
„ლარის მსყიდველუნარიანობა დოლართან მიმართებაში კურსით არ განისაზღვრება. მას ინფლაციის მაჩვენებლით განსაზღვრავს. მეორე საკითხია, რომ ლარის დევალვაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ჩვენი მოსახლეობისათვის, დოლარიზაციის მაღალი დონიდან და იქედან გამომდინარე, რომ საკრედიტო პორტფელის 63%-ზე მეტი, დოლარიზებულია. ამას ბევრი მიზეზი აქვს.
დღეს რეგიონში ყველა ვალუტა, ჩვენი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია. არის დოლარის გამყარების ტენდენცია. რა თქმა უნდა, მიზეზები არის იმ აჟიოტაჟშიც, რომელიც ქვეყანაში ხელოვნურად იქმნება - თემა ახალი ამბებიდან არ ჩამოდის და ხელოვნური ხელშეწყობა ხდება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლარის გაუფასურებაში ბრალი მხოლოდ ოპონენტებს დავდო, მაგრამ მგონია, რომ ეს ყველა ჩვენგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ის საკითხია, სადაც მეტი კონსოლიდაცია უნდა იყოს, მისი გადაჭრის მიმართულებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ოპოზიცია და ექსპერტები კი ფირობენ, რომ ლარი ვარდნას კვლავ გააგრძელებს, რაც თავის მხრივ ფასების ზრდაზე, მათ შორის, კომუნალურ მომსახურებაზეც აისახება. ოპოზიცია ლარის კურსის ვარდნას ხელისუფლებას აბრალებს და აცხადებს, რომ ექსპორტისა და ინვესტიციების შემცირება ნეგატიურად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე.
ექსპერტთა ვარაუდით, ლარი დევალვაციას გააგრძელებს, ფასები აუცილებლად მოიმატებს, რაც მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას, რომლის ხელფასიც ინფლაციის პარალელურად არ მატულობს. ამიტომ ლარის გაუფასურებით მოსალოდნელი პანიკის პრევენციის ერთადერთ გამოსავალს სებ-ის ინტერვენციებში ხედავს. გია ხუხაშვილის აზრით, ეს ამ ეტაპზე ერთადერთი და უალტერნატივო ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ ბაზრისთვის საზიანოა.
ხუხაშვილი სააკაშვილის ადმინისტრაციული სქემის ამოქმედების მომხრეცაა - სავალუტო ბაზრის ხელოვნური მართვის, ბაზრის მოთამაშეების შეთანხმებული მოქმედების. ესკალაციის განმუხტვა სავალუტო ბაზრის წინასწარი შეთანხმებული წესებით არის შესაძლებელი და შესაბამისად, ერთიანი სქემით უნდა იმოქმედონ.
„ამ ღონისძიებებით უნდა მივატანოთ 15 დეკემბრამდე, შემდეგ კი, ლარზე სეზონური ფაქტორის დადებითი ეფექტის იმედად ვიყოთ - მოსახლეობა წინასაახალწლოდ დანაზოგების ლარში კონვერაციას მოახდენს. ამასაც ეფექტი იქნება მაშინ, თუკი მთავრობა ბიუჯეტის შესრულებისთვის წლის ბოლოს არ დაელოდება და თანაზომიერ ხარჯვას განახორციელებს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.