[როზი ჯღამაია]
26 მაისის დარბევის შეფასებები, ხელისუფლების წაგებული თამაში, წაგებული ოპოზიცია და წაგებული საზოგადოება. ახალი საფრთხე ჩრდილოეთიდან და რუსულ პოლიტიკურ ველზე გაჭრილი ქართველი პოლიტიკოსები. როგორია ახალი პოლიტიკური რეალობა და რატომ გაზარდა 26 მაისის აქციის დარბევამ რუსეთიდან საფრთხის მოლოდინი?
პრესაგე.ტვ ექსპერტს, პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილს ესაუბრა.
26 მაისის აქაციის დარბევა წყალგამყოფი აღმოჩნდა ძველსა და ახალ რეალობას შორის, მაგრამ, ჯერ არ ვიცით უკეთესობისკენ შეიცვალა ქვეყნის მომავალი თუ უარესობისკენ. თქვენ თუ ხედავთ რაიმე პერსპექტივას თუ, მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა საზოგადოებაში ნიჰილიზმის გააღრმავება და ამით ბოლო მოუღო ოპოზიციურ ბრძოლას? 31 მაისს როგორც ვნახეთ, „რვიანს“ მოლოდინი გაუწბილდა და ხელისუფლებამ პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა.
- ის, რაც მოხდა, იყო პოლიტიკური შოკი. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი დიდი ხნით შეჩერებული იყო და ხელისუფლება, როგორც ჩანს, თვლიდა, რომ ყველა პრობლემას ჩვეულ სტილში მოაგვარებდა. თუმცა, ვთვლი, რომ გათვლა სწორი არ იყო და ხელისუფლებამ საპირისპირო შედეგი მიიღო.
ამ შოკიდან ნელ-ნელა დაიწყებს გამოსვლას, როგორც ქართული საზოგადოება, ისე - საერთაშორისო თანამეგობრობა. ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები თავიდან საკმაოდ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდნენ, რადგან შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, მაგრამ ვფიქრობ, იქაც უკვე იცვლება განწყობები და საკმაოდ სერიოზულად.
გაერომ უკვე გააკეთა განცხადება, ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 60-ზე მეტი ადამიანი, ჯერჯერობით, არ ჩანს. აქ ნებისმიერი ახალი გარემოება შეიძლება გახდეს ძალიან მძიმე პროცესების კატალიზატორი ხელისუფლებისთვის.
მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ დიდი ხანია ცდილობს ეს სისტემა დათრგუნვაზე და შიშზე იდეგეს - დაათითოკაცოს ეს პროცესი და კონფორმისტულ საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ხელისუფლებას, გარკვეულწილად, ეს ამოცანა გადაწყვეტილიც ჰქონდა, თუმცა 26 მაისის შემდეგ ყველა ადამიანმა, თუნდაც - შეშინებულმა და დათრგუნულმა, დაინახა, რომ მისი რიგიც მალე დადგება.
საზოგადოებამ დაიწყო თავდაცვითი რეაქციების გამოვლენა, რაც 28 მაისის აქციაზე გამოჩნდა, როდესაც ბევრად მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე სხვა აქციებზე. ეს იყო მდუმარე აქცია, მაგრამ დამერწმუნეთ, შინაგანი პროტესტი ბევრად უფრო მაღალი იყო, იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკასთან არ იყო იდენტიფიცირებული და ეს სწორიც იყო. ეს იყო საზოგადოებიდან წამოსული, ნატურალური აქცია, რომელსაც წინასწარ არავითარი მობილიზება და ორგანიზება არ ჰქონია.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ უკუშედეგი მიიღო, როგორც საშინაო, ისე - საგარეო პოლიტიკური გაგებით. თუ ამას დავუმატებთ სხვა ფაქტებს, 26 მაისი იყო ხელისუფლების მხრიდან დაშვებული ფატალური შეცდომა.
იმის თქმა გინდათ, რომ რეალურად, ხელისუფლებამ ის სარჩული, რაც ამ აქციებს დაუდო - თითქოს, რუსეთისგან იმართებოდა მთელი აქცია, საზოგადოებამ არ მიიღო?
- ეს უკვე დიდი ხანია გვესმის და ხომ არ შეიძლება საზოგადოებამ ერთი და იგივე სცენარი მუდმივად დაიჯეროს? თუ საზოგადოება განწყობილია, რომ ერთი და იგივე მუდმივად „ჭამოს“, მაშინ ამ საზოგადოებას პერსპექტივა არ ჰქონია. ამას იჯერებს ის, ვისაც უნდა დაიჯეროს, რომ ვიღაცა „რაგატკებით“ აპირებდა სახელმწიფო გადატრიალებას.
თან, თვითონ ხელისუფლებაც ალოგიკურად იქცევა, როდესაც ერთი მხრივ, ვიღაცეებს გადატრიალებაში ადანაშაულებს და რატომღაც მათ არ აპატიმრებს. გარდა ამისა, ხელისუფლება გადატრიალების თემას იყენებს პროპაგანდისთვის და არა პრევენციისთვის. ვფიქრობ, ეს ყველაფერი გაცვეთილია და საკუთრივ, ხელისუფლების მხარდამჭერებსაც არ სჯერათ, რომ ასე სერიოზულად იყო საქმე, უბრალოდ, ყველა თავის დამოკიდებულებას აყალიბებს თავისი გემოვნების მიხედვით.
ასეთი ტიპის ქმედებებით ხელისუფლება უფრო და უფრო იკრავს მანევრის საშუალებას, ანუ მისი სიხისტე აახლოვებს მისსავე დასასრულს. ხელისუფლების ქმედებები გამორიცხავს დიალოგს საზოგადოებასთან და როცა დადგება ჭეშმარიტების წამი, შეთანხმება ასეთი ტიპის ხელისუფლებასთან იქნება შეუძლებელი. აგრესია ბადებს აგრესიას და მუდმივად „მგელი მოდის“ ძახილში მგელი მართლა მოდის.
როდესაც ჩვენ მუდმივად გვესაუბრებიან სერგო ორჯონიკიძეზე და საბოლოო ჯამში საქართველოში „სერგო ორჯონიკიძე“ არ ჩანდა, ხელისუფლებამ ამ ყვირილით და უკომპრომისო საქციელით მიაღწია იმას, რომ მართლა გამოიკვეთა „სერგო ორჯონიკიძე“.
ირაკლი ოქრუაშვილი გყავთ მხედველობაში?
- დიახ, და თუ სცენარი ზუსტად იმ მიმართულებით განვითარდა, როგორც იმ ფილმში ვითარდება, საკმაოდ მძიმე ფინალამდე მივალთ. როდესაც ადამიანს არ უტოვებ ველს პოლიტიკური ბრძოლისთვის, იგი „რაგატკებით“ კი არა, რეალურად გადადის ქმედებებზე და მართლა იწყებს შეიარაღებას. ყველა ქვეყანაში ტერორიზმის ინიციატორი ყველგან იყო ხელისუფლება, რომელმაც საწყის ეტაპზე არ დაუტოვა ადამიანებს სხვა მეთოდით ბრძოლის საშუალება.
ფაქტიურად, ხელისუფლება თავისი ქმედებებით ტერორისტთა საფრთხეს კი არ ამცირებს ამ ქვეყანაში - აათკეცებს. 2004-2005 წლების ოქრუაშვილის შედარება ძალიან ძნელია დღევანდელ ოქრუაშვილთან, რომელიც რუსებზე რა ეპითეტებით გამოდიოდა, ყველას გვახსოვს. დღეს ეს ოქრუაშვილი ხელისუფლების მიერ დადგმული პროპაგანდის ნაწილი გახდა, მხედველობაში მაქვს ფილმი „კავკასია 2 - მეტასტაზები“, სადაც ოქრუაშვილი რუსეთის მოკავშირე გამოდის. ოქრუაშვილისგან ეს ფენომენი ხელისუფლებამ შექმნა. მე ამით ოქრუაშვილს კი არ ვამართლებ, მაგრამ იმ ტიპის ადამიანისთვის, როგორიც ოქრუაშვილი იყო, ეს ლოგიკური ქმედებაა.
როგორ ფიქრობთ, ოქრუაშვილის ეს ნაბიჯი სააკაშვილის გაფრთხილება იყო, რომ მას ყველაფერზე შეუძლია წასვლა, თუ ოქრუაშვილი რეალურად გადავიდა უკვე ქმედებაზე?
- რუსეთი როგორი ქვეყანაა ჩვენ კარგად ვიცით. გამომდინარე იქედან, რა საინფორმაციო რიტორიკა მიმდინარეობს რუსეთში; გამომდინარე იქედან, როგორ იქცევა ჩვენი ხელისუფლება, რომელიც პრევენციის ნაცვლად, ხელს უწყობს უკომპრომისო საქციელით რუსეთთან არარსებული „დავითის და გოლიათის“ თემას... ყველა ამ მომენტის გათვალისწინებით, ოქრუაშვილს შეუძლია სიტუაციის მოდელირება. ძალიან მარტივად შესაძლებელია ასეთი გეგმის განხორციელება, მით უმეტეს, რუსებს 2008 წელს რეპეტიცია გავლილი აქვთ და ქართული ჯარის შესაძლებლობები და ქართული ხელისუფლების საქციელი კარგად აქვთ ნანახი. რუსებმა კარგად იციან, რა პანიკას გამოიწვევს მათი ნებისმიერი შემოტევა საზღვარზე.
ამის საპირწონედ ოპოზიციაში და კონკრეტულად - პოლიტიკურ „რვიანში“, თუ არის რესურსი, რომ შეცვალონ პოლიტიკური მიმართულება?
- პოლიტიკური „რვიანი“ დღეს სრულად ინაწილებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მოხდა ქვეყანაში. მათი ფუნქცია ქართულ საზოგადოებაში იყო პოლიტიკური ცენტრის შექმნა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ, არ გავბმულიყავით ამ პოლიტიკურ თამაშებში, სადაც ვიღაცა „პროა“, და ვიღაცა - „ანტი“. ამ თამაშებს ეწირება სახელმწიფო ინტერესი. „რვიანი“ ძალიან გაერთო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობაში და დაავიწყდა, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. „რვიანს“, შესაძლოა, ჰქონდა რაღაც წარმატება საერთაშორისო თანამეგობრობასთან კომუნიკაციის აწყობაში, მაგრამ მას საერთოდ დაავიწყდა ხალხი.
დღესაც რომ ვთქვა, ამ მიმართულებით რაღაცა ტიპის აქტიურობას ვხედავ, აქედან გამომდინარე ველოდები, რომ ისინი ახლა მაინც დაიწყებენ აქტიურობას, რომ შექმნან პოლიტიკური ცენტრი, რითაც, სხვათა შორის, ხელისუფლებასაც გადაარჩენენ, ოპოზიციასაც და სახელმწიფოსაც გადაარჩენენ ცუდი შედეგებისგან. თუ ეს ანტი-პრო თამაშები გაგრძელდა, ამას ცუდი განვითარება შეიძლება მოყვეს. მე კი, „რვიანის“ მხრიდან ასეთი პოლიტიკური ცენტრის შექმნის რესურსს კი არა, სურვილსაც ვერ ვხედავ.
ამის გამო მათ ხშირად უყენებენ ბრალს, რომ სააკაშვილს ხელისუფლების გახანგრძლივებაში ეხმარებიან...
- ამ ომში ისინი მართლაც ხელისუფლების მხარეს აღმოჩნდნენ, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „რვიანი“ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებს. საქმე ისაა, რომ, როგორც კი ანტი-პრო თამაშები იწყება, „რვიანი“ ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე იმის მხარეს, ვინც ე.წ. პროდასავლურობას გაჰკივის, თუმცა, სინამდვილეში პროდასავლურს მე ვერავის ვხედავ ამ ხელისუფლებაში. ერთი მხრივ, ეკონომიკა რუსებს ჩააბარო, ეკონომიკური და ფასეულობათა სისტემა რუსულ მენტალობაზე ააგო და თან დასავლურობაზე ილაპარაკო, არასერიოზულია. დასავლეთი ხომ გეოგრაფიული ერთეული არ არის. დასავლეთი ფასეულობათა სისტემაა და ამითაა ის ჩვენთვის ღირებული. თუ შენ ეს ფასეულობათა სისტემა არ გინდა და მხოლოდ, გეოგრაფიულ ორიენტირებზე ლაპარაკობ, ეს ძალიან არასერიოზულია.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მენტალურად ჩვენ რუსებთან უფრო ახლოს ვართ. საინტერესოა, ჩვენი სპეცრაზმი რომელი სტანდარტით მოქმედებდა, დასავლურით თუ რუსულით?
იმ დარბევისას მთავარი პრობლემა ის კი არ იყო, რომ მიტინგი დაშალეს; არც ის, რომ ადამიანებს თავები გაუტყდათ... იმ ადამიანების ოჯახებმა მაპატიონ და, არც მსხვერპლი გახდა მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა ის მოტივაცია იყო, რომლითაც უსწორდებოდა სპეცრაზმელი საკუთარ თანამოქალაქეებს. იმ დროს, ის რუსეთს ურტყამდა. სპეცრაზემელი სახელმწიფოს კი არ ემსახურებოდა, ის ემსახურებოდა პოლიტიკურ ინტერესს. მათ აუხსნეს, რომ ის მშიერი პენსიონერი, განაწყენებული ადამიანი კი არ არის, ის არის რუსეთი, რომელსაც თავი უნდა გაუტეხო. ასე რომ, ეს ძალა თავად წარმოადგენს სახელმწიფოსთვის საფრთხეს.
თქვენ კითხვას სვამთ - თუ აქციის ორგანიზატორები დამნაშავეები არიან, რატომ არ იჭერენ ლიდერებს? სხვათა შორის, ბურჯანაძე თავადაც ითხოვს, დამიჭირეთო, მაგრამ ხელისუფლება ბურჯანაძეს რომ გარეთ ტოვებს და მის მარგინალიზაციას ცდილობს, ხელისუფლებისთვის ეს უფრო მომგებიანი არ არის?
- ახლა მიდის კატა-თაგვობანას თამაში. იცით ჩემი დამოკიდებულება. მე არ ვარ ბურჯანაძეზე მაღალი აზრის, მაგრამ ბურჯანაძე დასავლეთის თვალში საკმაოდ წონადი პოლიტიკური ფიგურაა. ის ორჯერ იყო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეა და მისი დაჭერა დასავლეთის მხრიდან ამ პროცესებში უფრო ღრმად ჩახედვის სურვილს გამოიწვევს, იქ კი, თეთრი ძაფით ნაკერი საქმე დახვდებათ და ხელისუფლება ამას ერიდება. ხელისუფლებას ნინო ბურჯანაძის დაჭერა კი არ უნდა, მისი დისკრედიტაცია სურს, ამიტომ ანკესს უგდებს, მაგრამ ბურჯანაძე ცდილობს არ წამოეგოს.
კონკრეტულად?
- 26-ში ღამეს, გეხსომებათ, წაიყვანეს ბურჯანაძის შვილი. გათვლა იყო ასეთი - ბურჯანაძე, როგორც დედა, ძალიან შეშფოთდებოდა და ამით მოახდენდნენ მის დისკრედიტაციას - ხომ ხედავთ შვილზე ზრუნავს და სხვები არ აინტერესებსო. თუმცა, ბურჯანაძემ - „სადაც სხვისი შვილები, იქ - ჩემიცო“ და ეს ვაჟკაცური თვისებები მას კარგად ახასიათებს.
მეორე ფაქტი - გირაო. დააწესებდნენ მაღალ გირაოს, ბურჯანაძე გადაიხდიდა და შემდეგ იტყოდნენ, თანხა გაიხადა და ამ დროს ასეულობით ადამიანი ციხეში რჩებაო. ასეთი ტიპის ანკესებს უგდებენ, მაგრამ ბურჯანაძე, ჯერჯერობით, თავიდან იცილებს.
რას ფიქრობთ - ბურჯანაძე, როგორც პოლიტიკოსი, მომზადებული შეხვდა ამ ყველაფერს?
- ნინო ბურჯანაძეს კარგად აქვს ნამეცადინები ზურაბ ჟვანიასთან, მაგრამ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, ვიმეორებ, მაღალი აზრის ნამდვილად არ ვარ. საერთოდ, სამწუხაროდ, არც ერთი ქართველი პოლიტიკოსის შესაძლებლობებზე არ ვარ მაღალი აზრის . ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ელიტის სერიოზული კრიზისი. ჩვენ გვყავს სახელმწიფო მოღვაწეები, მაგრამ არა - პოლიტიკური მოღვაწეები. ეს ადამიანები ქართულ სახელმწიფოს ნამდვილად გამოადგებოდნენ, წესიერებიც არიან და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებიც, მაგრამ მათ არ აქვთ ის, რაც პოლიტიკოსისთვის აუცილებელია.
მაგალითად, მე ვთვლი, რომ დავით უსუფაშვილი არის ქართული სახელმწიფოს იდეალური მოღვაწე და მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ის იქნება სახელმწიფოს მშენებლობაში, მაგრამ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, მას აქვს მინუსები, თუმცა ეს მას უარყოფითად არ ახასიათებს. ამასაც აქვს თავისი პლუსები - იგი არ არის საკმარისად ავანტურისტი, საკმარისად წამსვლელი დიდ რისკებზე იმისთვის, რომ სრულფასოვან პოლიტიკოსად იქნას განხილული.
განსაკუთრებით პრობლემატურები არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების ნაწილი არიან და დღეს აკრიტიკებსნ ყველაფერ იმას, რაც მათ დროს დაიწყო. ოქრუაშვილზე როდესაც ვლაპარაკობთ, ეს ტელედაჭერები, საროსკიპოში შევარდნები, ჯარისკაცებზე დედის გინებები და ბიზნესების ტერორი, ხომ არ გახსოვთ, ვისგან გავიგეთ პირველად?
იგივე ბურჯანაძეს, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ მისი მხრიდან პოლიტიკური დანაშაულებები ბევრჯერ იყო ჩადენილი. 7 ნოემბერზე ბევრი საუბრებია, მაგრამ 2008 წელს ის იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და როდესაც ქუჩაში ასიათასობით ადამიანი იდგა და საკმარისი იყო მისი მხრიდან ერთი სიტყვა თქმულიყო, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდებოდა.
ნურავინ იტყვის, რომ ის არ ფლობდა ბერკეტებს. ის იმ მომენტში იყო მთავარსარდალი და ხალხი გაუმაგრებდა ზურგს, მაგრამ მან ეს ნაბიჯი არ გადადგა. როცა იგი ამას იმით ამართლებს, რომ გუნდის წევრი ვიყავი და აბა რა მექნაო, თავის საწინააღმდეგო ჩვენებას იძლევა. ეს აღიარება იყო, რომ გუნდის წევრი ვიყავი და ამის გამო ცუდ რაღაცეებს ვაკეთებდიო.
დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბურჯანაძე, როგორც პოლიტიკოსი დამთავრდა?
- არა. მე არ მინდა წაქცეულ ადამიანზე ცუდი ვთქვა, მაგრამ 26 მაისი მისი მხრიდან იყო ავანტურა. შეიძლებოდა სხვანაირად მოქცევა და ბევრად უკეთესად გამოსვლა ამ ყველაფრიდან. მას შეეძლო ეს აქცია, ვთქვათ, დედა ენის ბაღში გაეგრძელებინა, უფრო მეტ ადამიანს მოიზიდავდა და უფრო მასშტაბური და ნაკლებ რისკიანი იქნებოდა.
თუმცა, ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ბურჯანაძეს სწორედ ეს შედეგი აწყობდა და გამიზნულად მოქმედებდა...
- გამიზნული იყო თუ არა, ეს მიზანიც შეცდომა იყო. თუ მისი მიზანი იყო მაღალი პოლიტიკური შედეგის მიღება და ამას თავის გატეხვა სჭირდებოდა, თავის გატეხვის გარეშეც მოხდებოდა ამ დივიდენდების მიღება.
დღეს რის წინაშე ვდგავართ, გვაქვს თუ არ შანსი, რომ კატაკლიზმების გარეშე გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე?
- რთული სიტუაციის წინაშე ვდგავართ. როგორც ჩანს, რუსული სცენარის განხორციელების საფრთხე, ჩვენი ხელისუფლების ვაჟკაცური რიტორიკის მიუხედავად, ერთიათად გაიზარდა. რაც შეეხება დასავლეთის მომენტს, არ გენიშნათ ერთი მხრივ, მედვედევი კადაფის მოუწოდებს, რომ გადადგეს და ამის საპასუხოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი საპასუხო განცხადებას აკეთებს. საქართველოზე ჯვარი არავის აქვს დაწერილი. ამ სამყაროში ბატონობენ ინტერესები და არა ლამაზი თვალები, მითუმეტეს, რომ ლამაზი თვალებიც არსად ჩანს. ასე რომ, ყველაფერი გაცვლადია და დღევანდელ ვითარებაში საქართველო ბევრად უფრო ადვილი დასახურდავებელია, ვიდრე ადრე იყო, თუნდაც ამ აქციმდე.
როდესაც შენ ასე იქცევი, დასავლეთი მისიანად არ გთვლის. ის თვლის, რომ შენ ხარ უცხო, რადგან იმ სტანდარტებს, რომელიც დასავლეთისთვის ფასეულია, შენ უფრო შორდები. სავაჭრო კი რუსეთს და დასავლეთს ძალიან ბევრი აქვთ, ენერგეტიკაში იქნება ეს, ერაყში, ავღანეთში თუ ლიბიაში.