კომერციული ბანკები მალე ბიზნესის ყველა სფეროს გადაყლაპვას შეეცდებიან. ამჯერად ჯანდაცვის სექტორის დრო დადგა და „საქართველოს ბანკმა“ ფარმაცევტულ ბიზნესს შეუტია. მისთან ასოცირებულმა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (ევექსი) „ფარმადეპოს“ შესყიდვის შესახებ გააკეთა განცხადება. მანამდე კი იგივე ჯგუფმა ქსელი „ჯიპისი“ შეიძინა.
აქედან გამომდინარე, „ევექსი“ ქვეყანაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ხდება სააფთიაქო ბაზარზე. გარიგება კონკურენციის სააგენტომ უნდა დაამტკიცოს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი „ფარმადეპოს“ შერწყმას „ჯიპისისთან“ ერთად გეგმავს და შედეგად ახალ სააფთიაქო ქსელს GEPHA-ს ქმნის.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წილი ახალ კომპანიაში 67% იქნება, დარჩენილი 33% აქციების მფლობელი კი „ფარმადეპო“ იქნება, კერძოდ კი, კომპანიის აქციონერები ენრიკო ბერიძე და მიხეილ აბრამიძე. GEPHA საქართველოს მასშტაბით 230 სააფთიაქო ქსელს გააკონტროლებს. გარიგების დასრულებას „ევექსი“ 2017 წლის იანვარში ელოდება.
ფარმაცევტული ბაზრის მოთამაშეები, მსგავს გარიგებას ელოდნენ კიდეც და მათთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი პროექტების დაწყებისგან თავს შეიკავებენ, რადგან ამიერიდან კონკურენცია არ იქნება მარტივი.
„პსპ“-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ფარმაცევტულ ბაზარზე გამსხვილებას კონკურენციის შეზღუდვად აფასებს. „ჩვენი კონკურენტები როცა ბანკები არიან, რომლებსაც 8 ოთახი ფული აქვთ, აღარ გავფართოვდებით, შევინარჩუნებთ იმას რაც გვაქვს“, - აცხადებს იგი.
ოქრიაშვილის აზრით, ბანკთან დაკავშირებული სამედიცინო პროფილის კომპანიების გაფართოებაზე მთავრობის მიდგომა ცალკე სამსჯელოა. ფაქტია, რომ კონკურენცია კი არ მძაფრდება, პირიქით, იზღუდება. ბაზარზე „პეესპეს“ საბაზრო წილი 30%-ს აღემატება, უფრო მეტია, ვიდრე „ფარმადეპო“ და „ჯიპისის“ ერთად აღებული.
ბანკებთან კონკურენციას აპროტესტებს „ავერსიც“, არაპროფილური აქტივის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მართვა მის წარმომადგენელს კურტანიძეს მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ბიზნეს სამართლის სპეციალისტის აკაკი ჩარგეიშვილის განმარტებით, სააფთიაქო ბიზნესში მსხვილი საბანკო ჯგუფის შესვლა ნიშნავს, რომ დღევანდელი კომპანიები უკონკურენტო გარემოში აღმოჩნდებიან. „საქართველოს ბანკი“ უპირატეს მდგომარეობაში საკუთარ ჯგუფს ჩააყენებს. ეს პრობლემა იმის გამოძახილია, რომ არც ეროვნულმა ბანკმა და არც პარლამენტმა საკითხი ბოლომდე არ მიიყვანეს.
„დღესდღეობით რეალურად საკანონდებლო ვაკუუმია. ეს არის გაქცევა პასუხისმგებლობისგან. ერთი მხრივ, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ არაპროფილური ბიზნესები აკრძალულია, თუმცა რეალურად კანონით არანაირი აკრძალვა არ არსებობს. „საქართველოს ბანკი“ თავს იმართლებს, რომ სხვა კომპანიები აქვს შექმნილი, მაგრამ რეალურად ეს ჯგუფი იგივე კაპიტალით იმართება. ეს არის ერთი ჯიბიდან ამოღებული და მეორეში გადადებული ფული“, - აცხადებს ჩარგეიშვილი.
ხელისულების პოზიცია უდიდეს არაპროფილურ გარიგებასთან მაინც და მაინც მკაცრი არ არის. დეპუტატი აკაკი ზოიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ რთული სათქმელია, წინასწარ რა გადანაწილება მოხდება ბაზარზე. ეს დამოკიდებულია, თუ რა სტრატეგიას და ტაქტიკას აირჩევს ახალი კომპანია.
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა რამდენიმე თვის წინ „ჯიპისის“ ქსელი იყიდა, ახლა ყიდულობს „ფარმადეპოს“. უნდა დაველოდოთ, როგორი იქნება კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, თუმცა კონკურენციის გაძლიერებაზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა მოქმედებს. ჩვენ საკმაოდ ბევრს ვიმუშავებთ, რომ არსებული კანონმდებლობის სრულყოფა მოხდეს და ხელი არ შეეშალოს უფრო წვრილი მოთამაშეების ბაზარზე დამკვიდრებას“, - აცხადებს ზოიძე.
ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამ გარიგების შემდეგ კონკურენციის გამძაფრებას ელოდება. მისი თქმით, „ავერსსა“ და „პსპ-სთან კონკურენცია „ფარმადეპოს“ უჭირდა. ამიტომ, შესაძლოა, ამ გარიგების შემდეგ მსხვილი ჯგუფის გამოჩენის შედეგად კონკურენცია გამძაფრდეს და შედეგად მომხმარებელმა ისარგებლოს. ჯანიაშვილი ამბობს, რომ „ავერსი“ და „პსპ“ სკამაოდ მსხვილი მოთამაშეები არიან და ისინი არა მხოლოდ სააფთიაქო ქსელებს ფლობენ, არამედ აქვთ მედიკამენტების წარმოება, საავადმყოფოები, სადაზღვევო კომპანიები.