ეკონომიკური თამაშის წესები ,,ვარდების რევოლუციის შემდეგ

ეკონომიკური თამაშის წესები ,,ვარდების რევოლუციის შემდეგ

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიტიური და ნეგატიური რეფორმები

2003 წლის 23 ნოემბრიდან 13 წელი გავიდა. ,,ვარდების რევოლუციის'' შემდგომი პერიოდი ორ ეტაპად იყოფა - შევარდნაძის ეპოქის, უფრო ზუსტად, რეჟიმის დასასრულად და გაცილებით მძიმე, ავტორიტარული და სისხლიანი რეჟიმის დასაწყისად, რომელიც საბოლოოდ, 2012 წლის 1 ოქტომბერს დასრულდა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის ანუ ,,სისხლიანი 9 წლის'' მიუხედავად, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ იმ ეკონომიკურ მიღწევებს, რამაც ქვეყანა ჭაობიდან იხსნა. 24-საათიანი დენი, გაზი, დაგებული გზები, შადრევნები, მშენებლობების ბუმი - ეს ის ფასადური ცვლილებები იყო, რაც ნაციონალების ოპონენტების ლექსიკას თუ დავესესხებით, გარეთ მტერს უბრმავებდა თვალებს, შიგნით კი მოყვარეს. ,,ვარდების რევოლუციის'' 13 წლისთავზე, ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი, ,,ვერსიასთან'' ინტერვიუში იმ ეკონომიკურ რეფორმებზე საუბრობს, რამაც სააკაშვილის ხელისუფლებას პოზიტივთან ერთად, ბევრი ნეგატივიც მოუტანა.
- ბატონო გია, რა იყო ,,ვარდების რევოლუციის'' შემდგომი პერიოდის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მიღწევა? 
- პირველ რიგში ის, რომ რევოლუციამდე, ჩრდილოვანი ეკონომიკა ქართული ეკონომიკის დიდ სეგმენტს მოიცავდა. აქედან გამომდინარე, საბიუჯეტო სისტემა მთლიანად ჩავარდნილი და ღრმად კორუმპირებული იყო. ,,ვარდების რევოლუციის'' მთავარი მონაპოვარი ისაა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ეკონომიკა ჩრდილიდან გამოიყვანა, ბიუჯეტი სწრაფად გაზარდა, თითქმის გააორმაგა. საჯარო სექტორში კორუფციის ხარისხი მინიმუმამდე დავიდა. იმ ხელისუფლების ამ დამსახურების უარყოფა არ შეიძლება. მეტიც, დღესაც კი, ხელისუფლება, იმ ე.წ. რომანტიკული ეტაპის დივიდენდებზე არსებობს. ანუ, რადიკალური რეფორმა, რომელსაც შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ბევრი ანალოგი არ აქვს, სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ განახორციელა, თუმცა სხვა საკითხია, როგორ გამოიყენა ეს მეორე ეტაპზე. 
- პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გატარდა. მართალია, 50-ლარიანი პენსიაც დაბალი იყო, მაგრამ შევარდნაძისეულ 14-ლარიანს სჯობდა. საჯარო უწყებებში თანამშრომელთა საკონკურსო სისტემით შერჩევაც ნაცმოძრაობის მიღწევაა? 
- მთლიანობაში, მთავარ მიღწევებზე უკვე გესაუბრეთ, ეს არის ჩრდილოვანი ეკონომიკის ფაქტობრივად გაყვანა ეკონომიკური ორბიტიდან და შესაბამისად, საბიუჯეტო პროცესის მოწესრიგება. ამ რეფორმების კონცეფცია და ალგორითმი ასე იყო აგებული: შემოსავლების ნაწილში, მოპარვა და კორუფცია აიკრძალა და ყველაფერი გაკეთდა, რომ საბიუჯეტო სახსრებში ხელი არავის ეფათურებინა. სისტემა ეფექტური და არაკორუმპირებული გახდა. თუმცა სწორედ ამავე პერიოდში, ელიტური კორუფცია გაძლიერდა, რადგან ნაცმოძრაობამ შეძლო, მხოლოდ ერთი სალარო ჰქონოდა - საშუალო და ქვედა დონეზე კორუფცია გამორიცხა, სისტემა გაწმინდა და რესურსებს მხოლოდ ერთ სალაროში მოუყარა თავი. არ მგონია, დღევანდელ ხელისუფლებას ამ ტიპის რეფორმის განხორციელების თავი ჰქონოდა, რადგან ამას თავისებური ,,სიგიჟე'' სჭირდება. სხვა საკითხია, ნორმალური და ჯანსაღი ეკონომიკის ნაცვლად, როგორ აშენდა ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი, როცა ამ სიკეთის ,,დირექტორად'', ნაცმოძრაობამ საკუთარი თავი ,,დანიშნა'' და ფაქტობრივად, მთელი ეკონომიკა, მათ შორის კერძო სექტორიც, საკუთარ ვერტიკალში მოაქცია, რის გამოც ეკონომიკაში საკმაოდ მაღალი პოლიტიკური კომპონენტები მივიღეთ. ამისთვის მინიმალური მოთხოვნა პოლიტიკური ლოიალობა იყო, მაქსიმუმი კი - საკუთარი კეთილდღეობის დათმობა ხელისუფლების სასარგებლოდ. ანუ, ,,ვარდების რევოლუციის'' შემდეგ, მეორე ეტაპზე, ავტორიტარული ურთიერთობი მივიღეთ ეკონომიკაშიც. 
- მეორე ეტაპზე, რეფორმირებული საგადასახადო კოდექსი მივიღეთ, ოღონდ უამრავი პრობლემით, გვქონდა სწრაფი წინსვლა ეკონომიკაში, ჭარბი ოდენობის უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო მხარდაჭერა, მაგრამ მეორე მხრივ, ბიზნესის ტერორი ჩვეულებრივ ამბად იქცა. 
- სწორედ ამას ვუწოდებ ნომენკლატურულ კაპიტალიზმს, როცა ხელისუფლება ნებისმიერი ეკონომიკური ურთიერთობების ,,დირექტორია'', რომელიც ნიშნავს ან ათავისუფლებს ბიზნესმენებს ანუ ერთს ართმევს და მეორეს აძლევს. სამწუხაროა, რომ ბიზნესი თვითონ აწერდა ამ თამაშის წესებზე ხელს. მაშინდელი ხელისუფლების ამოცანა იყო, ფინანსური ნაკადები მისი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო, რათა ეს ფული სხვა, პოლიტიკური ძალისკენ არ გადაქაჩულიყო, მეორე მხრივ კი ხელისუფლების ახლობლების წრე მუდმივად ვიწროვდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან უფრო დაახლოებული პირები, შედარებით შორს მყოფებს რეიდერულად იპყრობდნენ და ამაში სახელისუფლებო რესურსს იყენებდნენ. თუმცა მნიშვნელოვანი დეტალია, რომ დღეს, ბევრი ისეთი ბიზნესმენი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, რომლებიც პირველ ეტაპზე, თვითონვე იყვნენ სააკაშვილის მოლარეები, მეორე ეტაპზე კი გარკვეული შიდაგარჩევების გამო, შეავიწროვეს - უკანონოდ მიღებული ქონება, უკანონოდვე ჩამოართვეს. მათ პრეტენზია აქვთ, რომ სააკაშვილის ,,მსხვერპლნი'' არიან, სინამდვილეში, თავად იყვნენ იმ ნეგატიური პროცესების თანამონაწილეები. მაგალითად, ქიბარ ხალვაში. თუმცა ბევრად მეტია ისეთი მაგალითი, როდესაც ბიზნესმენები უკანონო და უსამართლო ზეწოლის მსხვერპლნი იყვნენ. 
- ერთი მაგალითი მეც მახსენდება: ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე, ნიკა რურუას მეგობარმა გიორგი რამიშვილმა (,,ზარალა'') თქვა, სააკაშვილის დროს მავიწროებდნენო... 
- სამწუხაროდ, ბევრი ასეთი მაგალითია, რადგან ტრანსფორმაცია და ახალ პირობებზე მორგება ბევრ ადამიანს ახასიათებს. 
- ,,ვარდების რევოლუციის'' შემდეგ, პირველივე ეტაპის უდიდესი შეცდომა შს სამინისტროსა და ყოფილი გენპროკურატურის სპეციალური საბანკო ანგარიშები იყო ,,რესპუბლიკა ბანკში'', ამ ანგარიშებზე საპროცესო გარიგების შედეგად დადგენილ თანხებს საკუთარი სურვილით რიცხავდნენ რიგითი ადამიანებიც, ჩინოვნიკებიცა და ბიზნესმენებიც. 
- ძალაუფლება რყვნის და ეს გამოჩნდა, როცა ძალოვანი სისტემის ამგვარი, სპეციალური ფონდები ე.წ. კეთილი მიზნებით გაიხსნა. გამოთქმაა: ,,ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კეთილი სურვილებითაა მოკირწყლული''. როცა კეთილი მიზნებით კანონს არღვევ, საბოლოოდ, ეს ყველაფერი ძალაუფლების უზურპაციას იწვევს. სააკაშვილის ხელისუფლებამ პატარ-პატარა შეცდომებით დაიწყო, საბოლოოდ, ურჩხული შექმნა, რომელმაც ხელისუფლება მძევლად აიყვანა და 2012 წელს, ,,შეჭამა'' კიდეც. ნებისმიერი კანონდარღვევა ან უსამართლო ქმედება საზოგადოებაზე, აუცილებლად უბრუნდება ხელისუფლებას ცუდად, რაც უნდა კეთილი მიზნები ჰქონდეს. 1994 წლიდან, ,,საქართველოს რკინიგზის'' სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი, მაგრამ მოვიდა დავალება, შევარდნაძისდროინდელი ,,შავი სალარო'' აღგვედგინა. ამაზე ხელს ვერ მოვაწერდი და პროტესტის ნიშნად წამოვედი. ხელისუფლება ამბობდა, ,,შავი სალარო'' იმიტომაა აუცილებელი, რომ თავდაცვის სამინისტროში სპეციალური საკითხებია გადასაწყვეტი, რასაც ფული სჭირდებაო. შესაძლოა, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ, მართლაც ფიქრობდნენ, რომ ეს ფული კეთილი მიზნებისთვის სჭირდებოდათ, მაგრამ გიმეორებთ, არ არსებობს უკანონო ქმედება, რომელსაც სიკეთის მოტანა შეუძლია. ასეც მოხდა - რკინიგზის ,,შავი სალარო'' კონკრეტული ადამიანების ფუფუნების უზრუნველყოფის მექანიზმად იქცა. 
- რკინიგზის ,,შავი სალაროს'' მიზანი იყო, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, დავით კეზერაშვილი ბიზნესმენი გამხდარიყო? 
- კეზერაშვილი ბიზნესმენი კი არა, უფრო პარტიული ,,ობშჩიაკის'' მფლობელი იყო. ეს ცალკე საკითხით, მაგრამ არ მგონია, ბიზნესმენობა პირადი კეთილდღეობის გამო სურდა, მისი ბიზნესმენობა პარტიულ, პოლიტიკურ სალაროს უკავშირდებოდა. 
- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველი, რაც გააკეთეთ, რკინიგზის ,,შავი სალარო'' გააუქმეთ. ეს შურისძიება იყო? 
- ამ სალაროს გაუქმება ჩემი მეორე მცდელობა იყო. სხვათა შორის, 2004 წელს, როდესაც ,,საქართველოს რკინიგზის'' სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დავინიშნე, პირველი, რაც ლევან ვარშალომიძესთან ერთად გავაკეთე, რომელიც მაშინ წესიერი კაცი იყო, სწორედ ,,შავი სალაროს'' გაუქმება იყო. თუმცა რამდენიმე თვეში, ეს ყველაფერი უკან შემოგვიტრიალეს. რკინიგზის ,,შავი სალაროს'' გაუქმება ჩემი მორალური ვალდებულება იყო ქართული საზოგადოების წინაშე და შემიძლია ვიამაყო, რომ 2012 წელს, მეორე მცდელობის შედეგად, გამომივიდა! ,,ჯორჯიან ტრანზიტი'', რომელშიც ამ ,,შავი სალაროს'' თანხებს აკუმულირდებოდა, სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა! 
- პოლიტიკურ ფულსა და უწყებებში ,,შავ სალაროებზე'' ვსაუბრობთ, მაგრამ ელიტური კორუფციის ნაწილი კონკრეტული ბიზნესმენები და ჩინოვნიკები იყვნენ, რომლებიც ოფშორულ ზონებში აფუძნებდნენ კომპანიებს. შესაბამისად, მაშინდელი ხელისუფლების ვერტიკალში დიდი ოდენობით შავი ფული ტრიალებდა. 
- მთლიანობაში, საქართველოში მოღვაწე ყველა ბიზნესმენი ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებოდა, მათ შორის, საბანკო და მსხვილი ბიზნესის, ასევე საშუალო და წვრილი ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებას ხარკს უხდიდნენ. ისინი პირველ რიგში, სახელისუფლებო ,,სალაროზე'' მუშაობდნენ და ამით საკუთარი ბიზნესის გარკვეული ნაწილის გადარჩენას ცდილობდნენ, რადგან ასეთი იყო თამაშის წესები! ხელისუფლებას ბიზნესმენების შიდაწრე ჰყავდა, რომლებიც ოფშორების საშუალებით მოქმედებდნენ, მაგრამ იყო მეორე წრეც - ისინი ხელისუფლებასთან დაახლოებულნი არ ყოფილან, თუმცა სახელისუფლებო სალაროსთან, რიგში საკუთარი სურვილით იდგნენ. ამას ყველა აკეთებდა, ისინიც კი, დღეს რომ სააკაშვილის პერიოდში არსებულ სისტემურ შეცდომებზე საუბრობენ. ყველა ბიზნესმენი გასვრილია, სუფთა არავინაა, რადგან ის, ვინც სააკაშვილის დროს მუშაობდა, თამაშის ამ წესებს იცავდა, სხვაგვარად შეუძლებელი იყო. 
- გვახსოვს მათი სოლიდური შესაწირები ნაცმოძრაობის ანგარიშზე, წინასაარჩევნო პერიოდებში. 
- იმ შესაწირს გულისხმობთ, რომლის შესახებაც ინფორმაცია გამჭვირვალეა. თუმცა შავად რაც შეჰქონდათ, მერწმუნეთ, იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე თქვენ იცით! 
- ელექტრონული სისტემის შემოღება საჯარო უწყებებში, სწორი და მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, შეუძლებელია, იუსტიციის სახლები წარმატებულ რეფორმად არ განვიხილოთ, მაგრამ წარმატების პარალელურად, ამავე სისტემის საშუალებით, საკმაოდ დიდი თანხები ,,ტყდებოდა'' იგივე ელექტრონულ ტენდერებში. 
- დიახ, ამგვარი ფაქტები ხდებოდა, მაგრამ ცენტრალიზებულად. გამოვრიცხავ, რომ ვერტიკალში შეთანხმების გარეშე, ვინმეს კორუფციული გარიგება ეწარმოებინა. ესეც პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელიც პარტიულ სალაროზე მუშაობდა. ცხადია, ესეც კორუფციის ნაირსახეობაა, მაგრამ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ელიტური და ერთჯერადი. 
- აქედან გამომდინარე, 2003 წლის 23 ნოემბერს, ხალხი მასშტაბურად აღშფოთდა იმ კორუფციული ჭაობის გამო, რომელშიც შევარდნაძემ ქვეყნის ეკონომიკა ჩაძირა? 
- დიახ, ასე იყო! ხალხი მართლაც აღშფოთდა, რადგან იმ ჭაობში ცხოვრება აღარ შეეძლო. მკვეთრი და რადიკალური ცვლილებები იყო საჭირო, რადგან ფაქტობრივად, ბიუჯეტი არ არსებობდა და სისტემაც გარყვნილი იყო. ამით ისარგებლა გარკვეულმა ამბიციურმა პოლიტიკურმა ელიტამ და მოხდა ის, რაც მოხდა. ,,ვარდების რევოლუცია'' ხელოვნური და გარედან ინიცირებული კი არა, ბუნებრივი პროცესი იყო. თუმცა გავიდა წლები და ფაქტობრივად, სულ სხვა ტიპის რევოლუცია მივიღეთ - დიახ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა, მაგრამ ესეც ერთგვარი რევოლუცია იყო. ჩვენ კეთილდღეობა და თავისუფლება ერთად გვინდა, რადგან ეს ის ორი ფუნდამენტური პრინციპია, რაზეც სახელმწიფო დგას!