"არასაპარლამენტო ოპოზიცია შესაძლო გაერთიანებაზე ისევ ვერ თანხმდება, მათი თქმით, მსჯელობა და კონსულტაციები სამომავლო გეგმებსა და მათ შორის გაერთიანებაზე ისევ გრძელდება, თუმცა კვლავ აზრთა სხვაობისა და კონსენსუსის გარეშე. პოლიტოლოგების ნაწილი კი ამ ფონზე მათ გაერთიანებას ნაკლებად პროგნოზირებს და ამბობს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის მთავარი მიღწევა ამ ეტაპისთვის საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე დაწყებული გეგმის შესრულება იქნება. შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდგომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა, მათ შორის გუშინაც, რომელიც, მათი განცხადებით, მხოლოდ არჩევნების შედეგის საკითხსა და მის არალეგიტიმურად გამოცხადებას ეხებოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ოპოზიცია გაერთიანებაზე ვერ თანხმდება / "თუ ოპოზიცია გაერთიანებაზე კვლავ უარს იტყვის, ივანიშვილი მოიგებს".
"ოპოზიცია აღნიშნულზე განცხადების გაკეთებას უახლოეს დღეებში გეგმავს და ამბობს, რომ ახლა სწორედ ამ განცხადების ტექსტსა და მის შინაარსზე თანხმდებიან. არაააპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაწყებულ შეხვედრებსა და კონსლუტაციებში საზოგადოება ყველაზე ხშირად რამდენიმე კვალიფიციურ სუბიექტს ხედავდა. მათ შორის პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარეს, კახა კუკავას, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ახვლედიანს, ასევე "თავისუფალი დემოკრატების" სხვადასხვა ლიდერებს. მათი განცხადებით, ეს შეხვედრები ტექნიკური ხასიათის იყო და ჯერჯერობით მხოლოდ საარჩევნო საკითხებს ეხებოდა. ამავე კონსულტაციებში არ გვიხილავს "ეროვნული ფორუმი" და "რესპუბლიკური პარტია". ეს უკანასკნელი კი არასაპარლამენტო ოპოზიციის აზრს ზემო აღნიშნულ საკითხებზე არ იზიარებს. "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის, ანი მიროტაძის თქმით კი, არჩევნების შედეგის არალეგიტიმურობასა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე პარტია არასაპარლამენტო ოპოზიციის აზრს იზიარებს. ხოლო, რაც შეეხება მოსალოდნელ გაერთიანებას, მისი თქმით, კოალიციური რეჟიმი, ანუ პარტიული გაერთიანებები სწორი ვერ იქნება, ვინაიდან ჩვენ ამის არც თუ ისე კარგი გამოცდილება გვაქვს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ვნახეთ, რომ კოალიციური რეჟიმი არ ამართლებს. ჩვენი აზრით, ახალი პოლიტიკური გაერთიანება უფრო მართებულია. ვერ გეტყვით ამას რა დასჭირდება - სხვა პარტიების გაუქმება თუ პერსონალური ლიდერების ახალ გაერთიანებაში შესვლა, მაგრამ კონსულტაციებისთვის მზად ვართ. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რათა ყველაზე კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალა შეიქმნას", - განაცხადა ამ თემაზე საუბრისას ანი მიროტაძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვისთან ერთად შეიძლება მომავალში "ფორუმი" ვიხილოთ. მისგან განსხვავებით, არასპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის სამომავლოდ გაერთიანებას არ გამორიცხავს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა და ამბობს, რომ მიუხედავად შეუთანხმებელი პოზიციებისა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება, ხოლო დეკემბრის დასაწყისში შესაძლოა საზოგადოებას საერთო აზრიც გააცნონ. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, დასაწყისისთვის შეიქმნება ერთობლივი ორგანო, რომელიც ხელისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ იმუშავებს და რომელშიც რამდენიმე პარტია შევა", - განაგრძობს გამოცემა.
"ბოლო კონსულტაციები ძირითად საკითხზე - არჩევნების შედეგის ლეგიტიმაციის თემაზე გაიმართა. დიდი ალბათობით ტექსტი უკვე ჩამოყალიბდა და განცხადებაც გაკეთდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომდევნო შეხვედრაზე უკვე საარჩევნო გარემოზე იქნება მსჯელობა და შესაბამისად, საზოგადოებას ჩვენს შეჯერებულ აზრს გავაცნობთ. სამომავლო გაერთიანებაზე არასაპარლამენტო ოპოზიციაში კონსესუსი ისევ არაა, თუმცა "თავისუფალო საქართველო" გაერთიანების მომხრეა. ვნახოთ, რა იქნება, ჩვენ პირადად დეკემბრის დასაწყისში ამის თაობაზე განცხდების გაკეთებას ვგეგმავთ, ჩამოვყალიბდებით იმ პარტიებთან ერთად, რომელიც ამ გაერთიანებაზე თანახმაა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.
"გაერთიანება მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტებით არ განისაზღვრება. შესაძლოა, იყოს კარგი პარტნიორი პარტიაც, ამიტომ მათთან ერთობა სულაც არაა გამორიცხული. ზუსტად ვიცი, რომ "რესპუბლიკელებთან" და ბურჭულაძის პარტიასთან ორმხრივი სურვილის საფუძველზე გაერთიანება არ მოხდება. ეს არ მოხდება მეტისმეტად განსხვავებული იდეოლოგიური პოზიციების გამო. გაერთიანება, სავარაუდოდ, არც "ეროვნულ ფორუმთან" იქნება შესაძლებელი, ჩვენ კონსულტაციები არ გვქონია, თუმცა რადენადაც ვიცი, ისინი უსუფაშვილთან ერთიანდებიან. პრინციპში, მათ გაერთიანების გეგმა უკვე გამოაცხადეს, როცა თქვეს, რომ უნდა გაერთიანდეს ყველა პროევროპული ძალა და შესაბამისად, იარლიყები ვიღაც-ვიღაცებს უკვე მიაწებეს, რაც ჩემი აზრით, მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმაა. დღეს კი საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის, ხოლო თუ ამ პრო და ანტი განსაზღვრებებით ოპოზიცია გაერთიანებაზე კვლავ უარს იტყვის, რა თქმა უნდა, ივანიშვილი მოიგებს", - დაასკვნის კახა კუკავა.
"რაც შეეხება გიორგი ახვლედიანის პოზიციას, მისი თქმით, გაერთიანებისა და კოალიციების შექმნა ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო გააქტიურდება. "ეჭვი მაქვს, ეს პროცესი დაიწყება, თუმცა ალბათ უფრო გაზაფხულიდან", - ამბობს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი. პოლიტოლოგების ნაწილი ოპოზიცის შესაძლო ერთობას მაინცდამაინც იმედიანად არ უყურებს. მათი პროგნოზით, ამ ეტაპზე ოპოზიციის მთავარი ამოცანა და შესაბამისად, გამაერთიანებელი ძალა საარჩევნო კოდექსის ცვლილებისთვის წამოწყებული ბრძოლაა. ექპერტთა კლუბის პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის თქმით, როდესაც წლების განმავლობაში პოლიტიკოსებმა ამბიციები ვერ დაძლიეს, ახლა გაერთიანებაზე საუბარი, ცხადია, ძალიან რთულია", - დასძენს გამოცემა.
"არ მგონია, არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიან სუბიექტად ჩამოყალიბდეს, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ იმ სივრცეში ვართ, როცა ლიდერების რწმენასა და ამბიციებზე ვსაუბრობთ. ერთადერთი გამაერთიანებელი ძალა, რაც მათ ამ ეტაპზე გეგმად აქვთ დასახული, საკანონმდებლო ცვლილებაა, რომელიც საარჩევნო კოდექსს ეხება, სხვა შემთხვევაში მათი ერთობის წინაპირობას ვერ ვხედავ. თუ ისინი ამას შეძლებენ, ჩავთვალოთ, რომ ერთ მიზანს მაინც მიაღწიეს", - მიიჩნევს ცისკარიშვილი. მისივე შეფასებით, თუ მომდევნო, ადგილობრივ არჩევნებამდე გათვლილ დროს გადავხედავთ, არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის უპრიანი იქნებოდა, ხუთ-ხუთ სუბიექტი მაინც გაერთიანებულიყო, ან ეცადათ მაინც საკუთარი აზრის შეჯერება", - წერს სტატიის ავტორი.
"რამდენად შეძლებს არსებული რეალობის გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსის შეცვლას არააპარლამენტო ოპოზიცია, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, თუმცა თავმოყვარე პარლამენტმა ეს საკითხი ნამდვილად უნდა განიხილოს. ყოველ შემთხვევაში, წინადადება მაინც უნდა მიიღოს, რომელიც ათეულობით პარტიის მიერ იქნება წარდგენილი. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება ოპოზიციური ძალის დაკნინება ჩვენი პარტნიორების თვალშიც, რაც ისევ მმართველ ძალას ავნებს", - განმარტავს ექსპერტი.