ხელისუფლებაში ლარის გამყარებაზე აღარ საუბრობენ

ხელისუფლებაში ლარის გამყარებაზე აღარ საუბრობენ

საპარლამენტო არჩევნების და ახალი მთავრობის შერჩევის შემდეგ ლარის გამყარებაზე საუბარი ხელისუფლებამ საერთოდ შეწყვიტა. როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ შეაგუონ მოსახლეობა, რომ ამჟამინდელი გაცვლიით კურსი არის ეროვნული ვალუტის ახალი წონასწორული ნიშნული და მოემზადონ შემდგომი პრობლემებისთვის.

ლარის კურთან დაკავშირებით ბუნდოვან განცხადებებს აკეთებენ როგორც ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და ნუკრი ქანთარია. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მათი მთავარი ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა.

„ამოცანა არის დამოკიდებულების შეცვლა, რომ ჩვენს მოსახლეობას ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად არ ეცვლებოდეს ის განკარგვადი შემოსავალი, რაც მათ რჩებათ, გადასახადების და სესხის მომსახურების გადახდის კვალდაკვალ. ამ პოლიტიკას ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად განახორციელებს“, - აცხადებს ქუმსიშვილი.

უმრავლესობის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურება და ეკონომიკურად არასტაბილური ფონი კონკრეტულად ერთი პიროვნების ბრალი არ არის და შესაძლო მიზეზებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ ეძებს.

„ლარის გაუფასურებას ბევრი მიზეზი იწვევს, რომელიც ერთ კონკრეტულ პირს ვერ დაბრალდება. ეს პროცესი არ არის არც ერთი კონკრეტული მინისტრის პასუხისმგებლობა. ლარის გაუფასურება ბევრი სხვადასხვა კომპლექსური მიზეზით გამოწვეულია. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორც შიდა, ასევე გარე მიზეზებზე“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ხელისუფლებაში არსებულ პოზიციას იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარიაც. მისი განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური გუნდის დასკვნებს უნდა დაველოდოთ.

„ამ საქმეში უმთავრესი არის არ ვიმარჩიელოთ. დამტკიცდეს მთავრობა და ის ვინც იქნება პასუხისმგებელი ჯგუფი მან უნდა გვითხრას და ჩვენ შეგვიძლია შევასაფოთ თუ რამდენად მართალი გამოდგა. ლარი ჩვენ ხელოვნურად არ უნდა დავაბათ, რადგან ხელოვნურად დაბმა გინდა ჯაჭვით და გინდა თოკით გამოიწვევს აწყვეტას და მეტ ზიანს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ქანთარიამ.

პარალელურად საერთაშორისო ორგანიზაციებიც დიდ პრობლემას ვერ ხედავენ თუ ლარი არათუ ამ ნიშნულზე დარჩება, არამედ გააგრძელებს გაუფასურებას.

„საქართველო ახლა დგას გამოწვევის წინაშე თუ როგორ უნდა მოახდინოს ეროვნული კურსის დარეგულირება. ეს არის პერიოდი, როცა ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა ხელოვნურად არ უნდა დაასტაბილუროს კურსი, არამედ მას მისცეს საშუალება, რომ ბუნებრივად დარეგულირდეს“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ევროპისა და აღმოსავლეთ ქვეყნების მთავარმა ეკონომისტმა, ჰანს ტიმერმა ბუქარესტში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

მისი განმარტებით, სტაბილური ვალუტა ქვეყნის წარმატებას პირდაპირ არ განსაზღვრავს და საგარეო შოკის პარალელურად, ლარის ე.წ. მცურავ რეჟიმში გაშვებაა საჭირო.

„საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგეს ამ საკითხს. ეკონომიკურ შოკს ხშირად სჭირდება ვალუტის ცვლილება, რომ მას ქვეყანა გაუმკლავდეს. თუმცა, ვალუტის ცვლილების გამო, საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა უცხო ქვეყნებიდან შემოსული ფინანსური რესურსი. ამიტომ დევალვაცია აუცილებელია“, - დაამატმა ჰანს ტიმერმა.

მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის მთავარმა ეკონომისტმა, ჟენევიევ ბუიარომ კი განმარტა, რომ სტაბილური გაცვლითი კურსი მაშინაა მნიშვნელოვანი, როცა ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული საგარეო ურთიერთობებზე.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ კურსის გაუფასურების შეჩერების მიზნით წინ კარგი ნაბიჯები იდგმება“, - აღნიშნა ჟენევიევ ბუიარომ.