რუსთაველმა ჩინოვნიკებმა ბავშვები „გადააგდეს“ და ექსკურსიაზე წავიდნენ

რუსთაველმა ჩინოვნიკებმა ბავშვები „გადააგდეს“ და ექსკურსიაზე წავიდნენ

 

 


რუსთაველ ბავშვებს გუბერნატორმა, დავით კირკიტაძემ 1 ივნისი  “მთელი გულით” მიულოცა. ადმინისტრაციული შენობის წინ, ატრაქციონზე მოთამაშე ბავშვების ფონზე, “რუსთავი 2”-ს ინტერვიუ მისცა. “ეს არის ის თაობა, რომელიც იცხოვრებს კარგ და ლამაზ საქართველოში, რომელზეც ჩვენ ვოცნებობდით“ – განაცხადა კირკიტაძემ.

მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან “გულითადი“ მილოცვებისა, 1 ივნისის აღნიშნვით პატარა რუსთაველების მშობლები უკმაყოფილოები იყვნენ. „ჩვენ ბაღში გვითხრეს, რომ მერიის წინ ატრაქციონები დაიდგმებოდა, რომელიც პირველ ივნისს ყველა ბავშვს უფასოდ მოემსახურებოდა. ატრაქციონები კი არის, მაგრამ ყველაფერი 1 ლარი, ან 50 თეთრი ღირს. ვერ გავიგე, რა აზრი ქონდა ამ ატრაქციონის ახალი რუსთავიდან აქ გადმოტანას? თუ ყველაფერი იგივე ფასი ეღირდებოდა, იქ მივიდოდით. “ – საუბრობს რუსთაველი მშობელი, ეკა ნაცვლიშვილი.

პრესაგე.ტვ დაინტერესდა ატრაქციონების ღირებულებით. მათი ფასი ნამდვილად 50 თეთრი და 1 ლარი იყო. რუსთავის მერიის წინ დადგმულ ატრაქციონებზე ბავშვების სიმრავლე თვალს ახარებდა. მათ, ფასიანი ატრაქციონების გარდა 1 ივნისს მულტფილმების გმირების კოსტუმებში, გადაცმული ადამიანებიც ართობდნენ.  „მიკი მაუსთან გადავიღე სურათი. 2 ლარის ვისრიალე. ზევიდან დავეშვი ორჯერ და ,,ვსიო”  – გვითხრა რუსთაველმა, გიგი პაპუაშვილმა. 

ბავშვებს 1 ივნისი რუსთავის საკრებულომაც მიულოცა. სხდომა 12 საათზე შედგა, თუმცა რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე სხდომის ჩატრების საათის მითითება „გამორჩათ”.

„გაცნობებთ, რომ 2011 წლის 1 ივნისს გაიმართება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მეოთხე მოწვევის საკრებულოს სხდომა” – ვკითხულობთ საკრებულოს აპარატის განცხადებაში. მიუხედავდ ამისა, ჟურნალისტებმა საკრებულოს საათის დაზუსტება მოვახერხეთ, თუმცა საკრებულოზე მისულებმა „წესიერად” მოქცევა მაინც ვერ შევძელით და საკრებულოს ხელმძღვანელის საჯარო საყვედური დავიმსახურეთ.

„ახლა, მოისმინეთ, რასაც ვამბობთ, თორე მერე არასწორად დაწერთ კიდე რამეს” – მოგვმართა, რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე, კახა გურგენიძემ.

ამ დროს, ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტი მობილურზე ხმადაბლა საუბრობდა. რატომღაც გურგენიძესთვის, რომელიც სხდომის მიმდინარეობისას მობილურზე საუბარს არასოდეს უშლის თავის მოადგილეს, ფიქრია ავალიანს და საკრებულოს წევრებს,  გამაღიზიანებელი, აღმოჩნდა  საკრებულოს სხდომის დარბაზის ბოლოს, კართან მჯდომი ჟურნალიტის ჩურჩულით ნათქვამი ორი წინადადებაა.

„მე არ მითქვამს პრეტენზია თქვენ მიმართ. ეს ნათქვამი თქვენ არ გეხებოდათ. საერთოდ, მე მიყვარს ჟურნალისტები” – გვითხრა სხდომის დასრულების შემდეგ გურგენიძემ.

რუსთავის საკრებულოსთვის ეს იყო 26 მაისის მოვლენების შემდეგ ჩატარებული პირველი სხდომა. აქციის მონაწილეთა დარბევა-დაშლის  შესახებ რაიმე განცხადება საკრებულოს წევრებს არ გაუკეთებიათ. მათი განწყობა საზეიმო იყო. ერთმანეთს 1 ივნისს ულოცავდნენ და ახალი „თავსატკივარის”,  რუსთავი-თბილისის მგზავრთა სამარშუტო გადაყვანის საკითხისთვის კომისიის შექმნაზე იზრუნეს.

სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათ დარჩათ ერთი საკითხი, რომელზეც მედიის გარეშე უნდა განიხილონ. მოგვიანებით, გავიგეთ, რომ რუსთავის საკრებულოს წევრებმა ექსკურსიაზე წასვლის გეგმები დააწყვეს.