„როდესაც ბავშვის ყოლა იწვევს გაღარიბებას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის სოციალური პოლიტიკა არ არის ბავშვზე ორიენტირებული“

„როდესაც ბავშვის ყოლა იწვევს გაღარიბებას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის სოციალური პოლიტიკა არ არის ბავშვზე ორიენტირებული“

საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. ამის მიზეზია ის, რომ ოჯახებში სოციალური პრობლემის დაძლევა ვერა და ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახების საშუალო მოხმარება, არ შეცვლილა მათი შემოსავალი.

„იუნისეფის“ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაში აღნიშნულია, რომ ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ლაილა ომარ გადმა განაცხადა, საქართველომ სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, თუმცა კვლავ სერიოზული გამოწვევები რჩება.

„სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად. საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს სოციალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას მისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების წინაშე. ბავშვის უფლებათა დაცვა ახლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს და არსებითია უფრო ძლიერი და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

საჭიროა მეტი ინვესტიცია ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის. სხვაგვარად გვექნება ნელი ზრდა, მეტი უთანასწორობა და ნაკლები სტაბილურობა“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

საყურადღებოა, რომ ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე უბავშვო ოჯახებში. ბავშვთა სიღარიბის დონე დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალია სოფლად, ვიდრე ქალაქებში. გამოდის, რომ ბავშვების ყოლა ოჯახისთვის სოციალურ პრობლემასთან გამკლავების ტოლფასია.

„იუნისეფის“ კვლევაში აღნიშნულია, რომ 2013 წელთან შედარებით, მოსახლეობაში უკიდურესი სიღარიბის (1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც სამ ლარზე ნაკლებია) დონე შემცირდა 3.9-დან 2.1 პროცენტამდე, ხოლო ბავშვებში 6-დან 2.5 პროცენტამდე.

ზოგადი სიღარიბის (ზოგადი სიღარიბის ზღვარია დღეში 2.5 აშშ დოლარი, დღეში დაახლოებით 5 ლარზე ნაკლები) დონემაც იკლო მოსახლეობაში - 24.6 პროცენტიდან 18.4 პროცენტამდე, ხოლო ბავშვებში - 28.4-დან 21.7 პროცენტამდე.

მიუხედვად ამისა, საერთო სურათი კვლავ მძიმეა. როგორც აღვნიშნეთ, ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც ბავშვები არ ჰყავთ. „როდესაც ბავშვის ყოლა იწვევს გაღარიბებას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის სოციალური პოლიტიკა არ არის ბავშვზე ორიენტირებული“, - ამბობს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი.

„თუ ზოგადად მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ბავშვების მდგომარეობა ყველაზე ნაკლებად გაუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ ესმის სიღარიბის უარყოფითი ეფექტი ბავშვზე. ანუ სიღარიბე ბავშვს ისეთ ზიანს აყენებს განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის კუთხით, რომ ის, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება იბრძვის ბავშვობაში მიღებული ზიანის გამოსასწორებლად.

ბავშვთა კეთილდღეობის და დაცვის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა არის ისეთი, რომ რა ფულიც გამოჩნდება, იმას იყენებს სახელმწიფო. მაგრამ უნდა იყოს პირიქით, რა საჭიროებებიც აქვს ბავშვს, იმის მიხედვით უნდა გამოჩნდეს ფული. ვერ მივაღწიეთ, რომ პოლიტიკის დაგეგმვა იყოს საჭიროებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნავს არგანიშვილი.

დღეს საქართველოში 2 ათასზე მეტ ბავშვს სრულყოფილ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც სკოლაში საერთოდ არ უვლიათ. იმატა ადამიანთა მიერ სიღარიბეში ყოფნის სუბიექტურმა განცდამაც. გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლის შემცირება ის ძირითადი პრობლემია, რასაც მოსახლეობა აწყდება.

აღსანიშნავია, რომ ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-ით გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი ხარჯების მთავარი კომპონენტია.