სად და რატომ დაიბარეს სამოქალაქო აქტივისტებმა ბოკერია, რა მოხდება ნაცმოძრაობის ყრილობაზე და რა ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე სააკაშვილს მეგი გოცირიძემ
„ელენე ხოშტარია ირმა ინაშვილს დებატებზე როგორ უნდა დაუჯდეს? - ირმა გააქანებს და თავში ცოცხს ესვრის, ელენე ვერ აიცილებს და ძალიან შემრცხვება. როცა შენი ქვეყანა ოკუპირებულია და ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგული გაქვს, იმის ყურება, ემზარა კვიციანი გიგა ბოკერიას ყბაში როგორ ურტყამს და მელია როგორ იცილებს, არ შემიძლია. ეს გულისამრევი საზიზღრობა იქნება!“ - ამბობს ნაცმოძრაობის წევრი, ექსდეპუტატი და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი მეგი გოცირიძე, რომელიც სოციალურ ქსელში ყოფილი მმართველი პარტიის ე.წ. ბოკერიას ფრთას, როგორც იტყვიან, სულ „ცოცხლად მარხავს“. ისე, გოცირიძეს თამარ ჩერგოლეიშვილიც „კარგად ასამარებს“ ხოლმე. მოკლედ, ყოფილ მმართველ პარტიაში ისეთი ამბები ხდება, დედა შვილს არ აიყვანს. რატომ დაერივნენ ნაციონალები ერთმანეთს? - ეს ერთობ ფილოსოფიური კითხვაა, თუმცა მეგი გოცირიძე, რომელსაც ათ წელზე მეტია, ვიცნობ და რომელთანაც, როგორც 2004 წლის მოწვევის პარლამენტის წევრთან პირველი ინტერვიუ მე ჩავწერე, ეჭვობს, რომ ჩერგოლეიშვილს მიშასა და მის მხარდამჭერებზე პასკვილების დაწერის დავალებას თანამეცხედრე აძლევს. ერთი სიტყვით, რა ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე სააკაშვილს, სად და რატომ დაიბარეს სამოქალაქო აქტივისტებმა ბოკერია და რა მოხდება ნაცმოძრაობის ყრილობაზე? - „ვერსია“ ძირძველი ნაციონალის, მეგი გოცირიძის, ცოტა არ იყოს, სკანდალურ ინტერვიუს წარმოგიდგენთ.
- მეგი, როგორ ხარ?
- კარგად!
- არ გამაგიჟო, ნაცმოძრაობაში ლამის შიდაომია და მაინც კარგად ხარ?
- ისეთი არაფერი ხდება...
- კარგი, რა: ერთი საათის წინ, სოციალურ ქსელში შენი პოსტი წავიკითხე და გამაჟრიალა...
- რატომ?
- ყველა - გია ნოდიათი დაწყებული დავით დარჩიაშვილით დამთავრებული „მიწაში ჩადე“ და კიდევ მე მეკითხები, რატომ?
- ვანო, არ ვიცი, „მიწაში ჩადებაში“ რას გულისხმობ, მაგრამ იცი, როგორაა? - ყველა კომენტარს ვპასუხობ, თუმცა წაგვშალეს, მიგვბლოკეს და მოგვბლოკეს.
- ვინ „მიგბლოკ-მოგბლოკა“?
- ვიღაცებმა... ერთი-ორმა ე.წ. ახირებულმა.
- ეს „ერთი-ორი ახირებული“ ბოკერია და მისი „სასტავია“?
- ალბათ...
- მეგი, პარტიაში პირველი ბზარი როდის გაჩნდა ანუ როდის მიხვდი, რომ რაღაც „ნი ტო“ იყო?
- ბზარი არა, მაგრამ მთელი საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, რომ მიშა და მისი დამსახურება არავის უხსენებია. არადა, ეს ადამიანები ვინ არიან? ამან სერიოზულად გამაღიზიანა.
- არჩევნების წინ გამართულ ნაციონალების მიტინგზე მიშა ოდესიდან ჩაერთო...
- კი ბატონო, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს მიშას არ ახსენებდნენ და გადასახადების შემცირებაზე ლაპარაკობდნენ. „ოცნებას“ ოთხი წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ნაცმოძრაობის ოპოზიციაში იყო, არაფერი გაუკეთებია და საარჩევნო კამპანიაში არ უნდა გამოიყენო ან ადამიანებს, ვისაც სამწუხაროდ, ძალიან მოკლე მეხსიერება აქვთ, არ უნდა გაახსენო, მიშას რა გაუკეთებია?
- ამ „მესიჯბოქსს“ ვინ ადგენდა?
- ვინ და - ბაქრაძე, ბოკერია და, ალბათ, შტაბის უფროსი.
- ნიკანორ მელია?
- ალბათ...
- შენ და სხვებს, ვინც მიშას როლის წინა პლანზე წამოწევის მომხრენი ხართ ანუ ძირძველ ნაციონალებს სიტყვა არ გეთქმოდათ?
- ერთია, სიტყვა გეთქმის თუ არა და მეორეა, ამ სიტყვას რამდენად გაიზიარებენ. ისე, მიშას რჩევებს არ იზიარებდნენ და რატომღაც ჩემი რჩევები რომ გაეზიარებინათ!
- შენი აზრით, ბოკერიას „სასტავმა“ სააკაშვილისგან გამიჯვნა რატომ გადაწყვიტა?
- როგორც თვითონ ხსნიან, მიშას კი არ ემიჯნებიან, არამედ, პარტიის წესდების შესაბამისად იქცევიან.
- სააკაშვილი, ვინაიდან საქართველოს მოქალაქე არაა, თავმჯდომარედ აღარ ითვლება, მაგრამ პარტიას არც ახალი ლიდერი ჰყავს...
- დიახ, არ ჰყავს და სწორედ ამას ამბობენ, ახალი თავმჯდომარე უნდა ავირჩიოთო.
- იგივე ბოკერიას ფრთამ ნაცმოძრაობის ახალი თავმჯდომარე 8 ოქტომბრამდე რატომ არ აირჩია?
- როგორ აირჩევდა? ნაცმოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა ღიად იმიტომ დარჩა, რომ ასე ბიძინას უნდოდა.
- უკაცრავად, ბიძინა რა შუაშია?
- იმ შუაშია, რომ მიშა ქვეყნიდან განდევნეს და საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს ანუ პოლიტიკურ პროცესებს ჩამოაშორეს. მოკლედ, როცა შენ, ივანიშვილსა და პუტინს ერთი სამიზნე გყავთ, კოლაბორაციონისტების თანამზრახველი ხარ!
- მაშასადამე, იზიარებ მოარულ ხმას, რომ ბოკერია ივანიშვილს შეეკრა?
- ეს არ ვიცი, მაგრამ როცა ერთი სამიზნე გყავთ, ავტომატურად მის საქმეს აკეთებთ, თორემ როგორ შეიძლება, საკითხი ასე დააყენო, მიშა ნაცმოძრაობის თავმჯდომარის პოსტს ნომინალურად მაინც უნდა იკავებდეს თუ არაო?
- მეგი, შენც აღიარებ, რომ სააკაშვილს ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობა კანონით ეკრძალება.
- დიახ, მაგრამ შეგიძლია, საპატიო თავმჯდომარედ დატოვო, მით უმეტეს, როცა ხალხი ამ პარტიას მხარს მიშას გამო უჭერს და არა - ლაკა ხოშტარიასი.
- ლაკა ხოშტარია ვინაა?
- ელენე ხოშტარია, რომელმაც ნაცმოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებიდან ყველაზე დაბალი პროცენტი აიღო და მაინც ყველაზე მეტს ლაპარაკობს.
- ბოკერიასა და მის დაქალ-ძმაკაცებს მიშას პარტიიდან საერთოდ გაგდება რომ უნდოდეთ, მაშინ არც იმას დაუშვებდნენ, რომ სანდრა რულოვსი არათუ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილიყო, არამედ, უარს პარტიულ სიაშიც ჩაწერაზე ეტყოდნენ...
- უარი რომ ეთქვათ, ეს ხომ უნდა დაესაბუთებინათ? სხვათა შორის, ზაფხულში, სოციალურ ქსელში გაჩნდა მოთხოვნა, სანდრამ კენჭი იყაროს და სიაშიც იყოსო. ამაზე განცხადება ბოკერიამ გააკეთა, რაზეც სანდრამ ასე უპასუხა, დირიჟორი და კომპოზიტორიო.
- ისე, სანდრას წაგება ერთგვარად ნაციონალების ე.წ. ბოკერიას ფრთის დამსახურება ხომ არაა?
- სანდრამ არჩევნები პირველ ტურშივე მოიგო.
- კარგი, რა, მეგი, კარგი, რა?!
- რა კარგი? ჰოლანდიელმა სანდრამ „ოცნების“ კანდიდატი ბეჭებზე საკუთარ სოფელშივე დადო... ზუსტად ის უბნები დაარბიეს, სადაც სანდრა 316 ხმით იგებდა, მაგრამ სანდრას, აქტივისტების გარდა, არავინ დახმარებია. დიახ, შტაბი არ ეხმარებოდა და სანდრამ ზუგდიდი თავისი ავტორიტეტით მოიგო!
- თუ იცოდი, რომ შტაბი გვერდით არ ედგა, მეგი, რატომ ზუგდიდში არ წახვედი და სანდრას არ დაეხმარე?
- თბილისში მეგობრებს ვეხმარებოდი...
- არჩევნებში იმ მეგობრებს ეხმარებოდი, ვინც სააკაშვილის პოზიციას იზიარებენ?
- დიახ, ისეთი მეგობრები, ვინც მიშას პოზიციას არ იზიარებენ, არ მყავს.
- მეგი, ნაცმოძრაობის წევრი ისევ ხარ?
- აბა, რა?!
- მიშაც კვლავ ნაცმოელია?
- დიახ და ვიდრე პოლიტსაბჭო არ გადაირჩევს, მიშა პარტიის თავმჯდომარეც იქნება!
- ვთქვათ, პოლიტსაბჭომ გადაირჩია...
- ვერ გადაირჩევს.
- რატომ?
- რატომ და, ნაცმოძრაობა არც პოლიტსაბჭოა და არც - 27 დეპუტატი. ნაცმოძრაობა მიხეილ სააკაშვილი და ის 500 ათასზე მეტი ადამიანი ვართ, ვინც ამ პარტიას მხარი მიშას გამო დავუჭირეთ! დიახ, ენმ არც აეროპორტის ტრასაზე მდებარე ოფისია და არც - ის საბიუჯეტო დაფინანსება, რომელსაც პარტია ჩვენი მხარდაჭერის გამო მიიღებს.
- ყრილობა როდის უნდა ჩატარდეს?
- ალბათ, დეკემბერში.
- მაშასადამე, დეკემბერში, ნაცმოძრაობის ყრილობაზე დიდი „ბათქი“ იქნება და შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ბოკერიას „სასტავი“ პარტიიდან გარიცხონ?
- არ ვიცი, გარიცხვა ვის შეუძლია. ისე, თუკი გაფართოებულად არ ჩატარდება, ყრილობა არალეგიტიმური იქნება! როგორ შეიძლება, ყრილობას ის ადამიანები არ დაესწრნენ, რომლებიც დაარსების დღიდან პარტიაში არიან და რომლებმაც უამრავი ტალახი თუ ცოცხი მიიღეს? სხვათა შორის, 2012 წლის შემდეგ, სწორედ მიხეილ საკაშვილის გამო, ნაცმოძრაობაში ათასობით ადამიანი გაწევრიანდა.
- არსებობს ალბათობა, მიშას მომხრეები ყრილობაზე არ მიგიწვიონ?
- რა მიწვევა გვინდა? მიტინგებს რომ აანონსებდნენ, მოსაწვევებს კი არ გვირიგებდნენ, არამედ, ჩვენით მივდიოდით. ჰოდა, გენაცვალეთ, ბრძოლა უკვე წესების გარეშეა - იმ პარტიის ყრილობაზე, რომელი პარტიაც ჩვენი ზურგით ვათრიეთ, მაინტერესებს, ვინ უნდა მიგვიწვიოს - ელენე ხოშტარიამ, დავით დარჩიაშვილმა თუ მოსაწვევი ლევან თარხნიშვილმა უნდა გამომიგზავნოს? ჩემნაირი ასობით კი არა, ათასობითაა. ჰოდა, ყრილობაზე მივალთ!
- ვთქვათ, ყრილობაზე მიხვედით, მაგრამ დარბაზში არ შეგიშვეს. რას იზამთ?
- გარეთ დავდგებით, თან ვიმეორებ: თუკი გაფართოებულად არ ჩატარდება, ყრილობა, უბრალოდ, არალეგტიმური იქნება!
- იმის შესახებ, ყრილობა „ვიწრო წრეში“ უნდა ჩატარდეს თუ გაფართოებულად, გადაწყვეტილება ვინ უნდა მიიღოს?
- პოლიტსაბჭომ... მოკლედ, ყრილობაზე მისვლას და ჩვენი აზრის დაფიქსირებას ვერავინ შეგვიზღუდავს! ლიდერს არავინ ნიშნავს, ლიდერს ირჩევენ და ჩვენი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია - ის ნახევარი მილიონი ადამიანის ენაზე ლაპარაკობს ანუ ჩვენიანია, საქართველოს ხვალინდელ დღეს ჩვენნაირად ხედავს და ოლიგარქის რეჟიმის დამარცხებაზეც ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც - ჩვენ. მიშა ჩვენნაირი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენგან გამორჩეულია და ლიდერიც ამიტომაა! საერთოდ, ნაცმოძრაობა იდეაა, გესმით?
- შეიძლება, მაგრამ ნაცმოძრაობა სადღაა?
- ნაცმოძრაობა მე და ჩემნაირები ვართ!
- ჰო, აბა, ბოკერია-ჩერგოლეიშვილი ბამბას არჩევენ, არა?
- გიგა ბოკერია პარტიის ერთი რიგითი წევრია, რომელიც ჩემგან არაფრით გამოირჩევა!
- მეგი, ხომ არ ფიქრობ, რომ იგივე ჯიხაშკარის ინციდენტი ზოგიერთი ნაცმოელის ინტერესში შედიოდა, რათა სანდრას არჩევნები წაეგო?
- სისულელეა! - ეს „ოცნების“ ხელწერაა!
- ასე გადაჭრით ნუ უარყოფ, მით უმეტეს, ადამიანი, ვინც ჯიხაშკარის უბნის დარბევის გამო დაიჭირეს, „ქოცებში“ პორტირებული „ნაცია“ და, როგორც ვიცი, ვანო მერაბიშვილისგან ჯილდოც აქვს მიღებული!
- ამას რა მნიშვნელობა აქვს? - ბევრი მიშას ღირსებით ორდენით ჰყავს დაჯილდოებული, მაგრამ დღეს უღირსად იქცევა! ვერ ვიტყვი, ყველაფერი ეს ერთად დაგეგმეს და განახორციელეს-მეთქი. არც იმას ვამბობ, გიგა ბოკერია პუტინთან შეკრულია-მეთქი, მაგრამ მათი ინტერესები შეიძლება, ერთმანეთს დაემთხვა.
- ჩვენში დარჩეს და, ბოკერიას, უფრო სწორად, მის მეუღლეს მუდმივად „გაზპრომს“ აძახებენ. ამაზე რა იცი?
- ის ვიცი, რაც საჯაროდ ითქვა - „ტაბულამ“ „გაზპრომს“ გადაცემა მიჰყიდა, რამაც საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია...
- მეგი, ძირძველ ნაციონალებთან, მაგალითად, დავით კეზერაშვილთან ურთიერთობა გაქვს?
- დათო ძალიან მაგარი კაცი, თავისი ქვეყნის უერთგულესი და უპატრიოტესია! ვამაყობ, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
- პარტიაში მიმდინარე პროცესებზე „კეზერას“ როგორი პოზიცია აქვს?
- სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი არაა და არც ტელეფონით დავკავშირებივარ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ კეზერაშვილი ქვეყნის სირცხვილი არასოდეს იქნება!
- ვა, ბოკერია ქვეყნის სირცხვილია?
- ეს არ მითქვამს...
- ასე გამოგივიდა...
- გამოსვლით შეიძლება, ბევრი რამ გამოვიდეს...
- „ადე“ რას ფიქრობს, ვის მხარესაა - მიშასი თუ ბოკერიასი?
- არ ვიცი...
- გიგი უგულავას ერთობ სკანდალურ წერილზე რას იტყვი, მეგი?
- გიგი ჩემი მეგობარია!..
- მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობიდან მიშას წასვლაზე ხმამაღლა ლაპარაკი გიგიმ დაიწყო, მაინც მეგობრად თვლი?
- გიგი პატიმარია.
- ანუ, იმაზე მიანიშნებ, რომ ზემოხსენებული წერილის დაწერა გიგის აიძულეს?
- არ ვიცი, ვინ ვის რა აიძულა, მაგრამ გიგი ჩემი მეგობარი და პატიმარია. მან ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში გამარჯვება მიშას გარეშე არ „მოვა“. ისე, მნიშვნელობა არ აქვს, პარტიის ქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარე იქნება თუ არა, გიგი ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ ერთადერთი ლიდერი ვერასოდეს გახდება. ნაცმოძრაობის ერთადერთი ლიდერი მიშაა! ყველა სხვა კი ერთ-ერთი ლიდერია!
- მეგი, გირჩევ, იმ აზრს შეეგუო, რომ მიშა ნაცმოძრაობიდან „გააბუნძულეს“!
- ვანო, გიხსნი, რომ „ერთი-ორი ახირებული ლიდერი“ ნაცმოძრაობა არაა!
- როგორც ვიცი, დაფუძნების დღიდან ნაცაქტივისტი ხარ. ჰოდა, დღეს, როცა ყველაფერი აირ-დაირია, თავი მოტყუებულად ხომ არ მიგაჩნია?
- არავითარ შემთხვევაში! ვანო, წეღანაც გითხარი და კიდევ გეუბნები: ნაცმოძრაობა იდეაა, ეს იდეა კი ერთიანი ძლიერი საქართველოა და ვინ უნდა მომატყუოს?! ჩემს წილ ოკუპირებულ საქართველოს არავის დავუთმობ! დიახ, მე ოკუპირებული საქართველოს ხვალინდელი დღისა და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვი.
- უკეთესი საქართველოსთვის მაინცდამაინც ნაცმოძრაობის ეგიდით უნდა იბრძოლო ანუ მიშამ „ნაცმოძრაობა 2“ რომ შექმნას, ამ პარტიაში დარჩები თუ იქ წახვალ?
- აქ რა მინდა, ვისთან დავრჩე - ელენე ხოშტარიასთან, სერგი კაპანაძესთან თუ ლევან თარხნიშვილთან?
- ეს პერსონებიც, როგორც ამბობენ, უკეთესი საქართველოსთვის იბრძვიან!
- ეგენი სკამებისთვის იბრძოდნენ და პირველი ტურის მერე ვნახე, რაც მოხდა.
- რა მოხდა?
- რა და, ხმები არ დაიცვეს!
- როგორ უნდა დაეცვათ?
- ჩვეულებრივად, როგორც 2003-ში დავიცავით.
- მაშინ სხვა მოცემულობა იყო...
- რა მოცემულობა იყო? - არჩევნები მაშინაც გაგვიყალბეს.
- თუკი ასეა, მაშინ კითხვას ასე დაგისვამ: ნაცმოძრაობის ბოკერიას ფრთამ ხმები ეგებ იმიტომ არ დაიცვა, რომ ფინანსური ან ადამიანური რესურსი არ ჰქონდა?
- როგორც კი რამე აქციას დავაანონსებთ, 50 ათასი ადამიანი გროვდება და რა, ვანო, გგონია, ეს 50 ათასი ადამიანი რომ მოდის, რამე ფინანსური რესურსი სჭირდება? 8 ოქტომბერს 4 წელი ველოდით და ზუსტად ვიცოდით, იმ ღამეს რაც მოხდებოდა...
- რა ამის პასუხია და, ამას წინათ, ერთ გადაცემაში, ხათუნა გოგორიშვილი არასახარბიელო კონტექსტში ახსენე. ისიც ხომ ნაცაქტივისტია და რატომ ვერ იტან?
- ჯერ ერთი, ვინ თქვა, რომ ვერ ვიტან? მეორეც, ძალიან დიდი ბოდიში, რა - აქტივისტობა ცოტა უფრო სხვა რამეა, ვიდრე კაბინეტში ჯდომა და რაღაცების „დალაგება“!
- სხვათა შორის, ისიც თვალში მომხვდა, რომ ე.წ. ჟვანიას გუნდი, რომელიც ნაცმოძრაობაშია დაპორტირებული, მიშას გვერდით არ დადგა. მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანი აქტიური პროცესებიდან გავიდა...
- ვინ გავიდა? ოფისში მიბრძანდი და ნახავ, სადაა გასული. უბრალოდ, სიაში ვერ მოხვდა...
- რა ვიცი, მიანიშნა, აქტიურ პოლიტიკაში აღარ ვიქნებიო...
- აქტიური პარტიულ საქმიანობაში იყო, თორემ პოლიტიკაში აქტიური როდის ყოფილა?
- მოკლედ, მაჭავარიანი მიშას მხარესაა თუ ბოკერიასი?
- რა თქმა უნდა, მიშას მხარეს არაა, თუმცა იმდენად ჭკვიანია, რომ ამას ღიად ისევე არ იტყვის, როგორც დარჩიაშვილი ან ოთო კახიძე ამბობენ...
- ჩიორა თაქთაქიშვილი ან აკო მინაშვილი ვის მხარეს არიან?
- ჩიორაც პატრიოტია, აკოც და ნუგზარ წიკლაურიც. საერთოდ, ძალიან ბევრი პატრიოტი გვყავს.
- აი, ისიც პატრიოტია, ექსგუბერნატორი, სულ რომ ჩხუბობს?
- კაკო ბობოხიძე?
- ჰო, აი, ეგ...
- (იცინის) კაკო პატრიოტი იყო, მაგრამ ახლა არ ვიცი და შეგიძლია, მას ჰკითხო...
- ვანოს პოზიციაც მაინტერესებს, მერაბიშვილის, თან იმ ფონზე, როცა მისი ადვოკატი და აწ უკვე დეპუტატი ოთო კახიძე მიშას აზრებს არ იზიარებს...
- ვანომ იცის, რომ მიშას გარეშე გამარჯვება არ იქნება.
- ისე, თუ არ მეშლება, ვანოს მეგობარი ხარ, არა?
- არა, არ გეშლება... ეს პარტია მიშამ და ვანომ შექმნეს და ვანო ყოველთვის იქ დადგება, სადაც სიმართლეა! სიმართლე კი ერთია!
- და ეს სიმართლე რა არის?
- ის, რომ ნაცმოძრაობა მიშას გარეშე ერთპროცენტიანია!
- ესე იგი, მიშას ნაცმოძრაობას „აწერენ“?
- ერთი-ორ ახირებულ და თვითგამოცხადებულ ლიდერს, დიახ, ამის მცდელობა აქვს.
- ამ მცდელობის ფარული იდეოლოგი ლევან რამიშვილია?
- რასაკვირველია, ასეა.
- დავიჯერო, ამ ადამიანებმა არ იციან, რომ მიშას გარეშე ნაცმოძრაობის რეიტინგი, როგორც ამბობ, ერთი პროცენტი იქნება?
- ვანო, იცი, საქმე რაშია? - ნაცმოძრაობა ბრენდია!
- ანუ, ყოფილ მმართველ გუნდში ბრძოლა პარტიის სახელისთვის მიდის?
- ბრძოლა მიშას წინააღმდეგაა და მეტი არაფერი - უნდათ, ქართულ პოლიტიკას მიშა ჩამოსცილდეს...
- მეგი, პარტიის ოფისში რომ მიხვიდე და უცებ ბოკერია შეგეფეთოს, დაგელაპარაკება?
- რატომ არ უნდა დამელაპარაკოს?
- რატომ და, მისმა თანამეცხედრემ, როგორც ვიცი, სოციალური ქსელის „ფრენდებიდან“ წაგშალა.
- „ფრენდებში“ არც მყოლია, უბრალოდ, დამბლოკა.
- დაგბლოკავდა, აბა, რა იქნებოდა, სულ „პეროკრატი“ ეძახე...
- დიახ, ეგენი „პეროკრატები“ არიან.
- ვინ „ეგენი“?
- ვინ და, ვინც ნაცოძრაობის ვაკის ოფისში ეტევიან!
- ვაკის ოფისში რამდენი ეტევა?
- ერთი-ორი თვითგამოცხადებული ლიდერი...
ვანო, იცი, გაბრაზებული კიდევ რატომ ვარ? - პარტიის ლიდერშიპს იმის უნარიც არ აღმოაჩნდა, ჩვენი სამხედრო ტყვეები და პოლიტპატიმრები დაეცვა და დაეხსნა. მეტიც, დევნილობაში მყოფ პრეზიდენტს კვანტებს უდებენ და „ეშპილკავებიან“!
- ჯერ ერთი, საკაშვილი დევნილი კი არა, ძებნილია, მეორეც, დევნილობისა რა ეტყობა - მთელ უკრაინულ პოლიტიკურ ელიტას თავის ჭკუაზე ატრიალებს!
- დიახ, მიხეილ სააკაშვილი დევნილობაში იმყოფება - ქვეყნიდან ისევე გააგდეს, როგორც ზვიადი!
- მდაა... ჰო, მართლა, შენი შეფასებით ბაჩანა ახალაიაც პატრიოტია?
- ბაჩო კაცია! - ვიღაცებივით კი არ დაიმალა, თავისი ფეხით ჩამოვიდა, ჩაჯდა და 13 ბრალდება წაუყენეს, 12-ში გაამართლეს და ერთადერთი დაუტოვეს, რომელ საქმეშიც არაპირდაპირი მოწმე „ცოცხი“ ბედუკაძეა, რომელმაც ტელეფონში გაიგო, რომ ვიღაცა ვიღაცას ტელეფონით ეუბნებოდა, დიახ, შეფო და ეს შეფი თითქოს ბაჩო ახალაია იყო. არადა, ამ დროს ბაჩო სასჯელაღსრულების სისტემაში ოთხი წელი აღარ მუშაობდა.
- ასეა თუ ისე, იმის ნაცვლად, ნაცები „ოცნებას“ აკრიტიკებდეთ, ერთმანეთს დაერიეთ, რაც ცოტა სასაცილოა, არა?
- ჯერ ერთი, კრიტიკას არც „ოცნებას“ ვაკლებ; მეორეც, ის, რაც ხდება, მოსალოდნელი იყო. დემაგოგიაა, როცა ამბობენ, განხეთქილების მიზეზი თითქოს მეორე ტური გახდა, ეს აბსოლუტური ბოდვაა! 8 ოქტომბერს აზრად რატომ უნდა მოგივიდეს, თქვა, პარლამენტში შეხვალ თუ არა? სიაში რომ ვყოფილიყავი, იმ ღამეს ცესკო-ს „გადავდგამდი“! თამარ ჟვანიამ, რომელსაც ივანიშვილი იამაიკაზე ბიუჯეტის ფულით ასვენებდა, ბრძანა, დილის 6 საათამდე ანუ ვიდრე „ხიხო“ არ გაიღვიძებს, მონაცემებს საიტზე არ ავტვირთავო. ვანო, ამდენი წელია, პოლიტიკას აკვირდები და ოდესმე ყოფილა, ცესკო-სთვის ამის საშუალება ვინმეს მიეცა? წულუკიანმა 100 ათასი ID ბარათი რომ დაბეჭდა და ყველა სახლში 25 ადამიანი მაინც იყო მიწერილი, ამის შესახებ ნაცმოძრაობის ლიდერშიპს არჩევნების წინ ხმა საერთოდ არ ამოუღია. ყველაფერი ეს რომ გაჟღერდა, არჩევნები მაშინვე არალეგიტიმურად უნდა გამოცხადებულიყო და სასამართლოდან ცხვირი არ გამოგვეყო, მაგრამ გამოდიხარ და ამბობ, არჩევნები წავაგეთო და ეს გაუგონარი კატასტროფაა!
- ნაცმოძრაობის საპარლამენტო სია ვინ შეადგინა?
- ალბათ, ბოკერიამ და მისმა მეგობრებმა.
- ყველაფერ ამაში ბოკერიამ „ოცნებისგან“ ფული აიღო?
- არა.
- აბა, გაფიცებ, მარტივად გამაგებინე, რას „ჩორტაობს“?
- მიშას ეტოლება, მაგრამ მიშამდე ვერ მივა!
- ესე იგი, გიგას უნდა, „მიშა 2“ გახდეს?
- „მიშა 2“ ვერც თვითონ გახდება და ვერც ისინი გახდებიან, ვისითაც მიშას ჩანაცვლება უნდა - ჭკვიანი ბიჭია და უნდა ესმოდეს, რომ ეს ბოდვა და უტოპიაა!
- სააკაშვილს დავით ბაქრაძემაც უღალატა?
- არ ვიცი, უღალატა?
- ამბობენ, შესაძლოა, ნაცმოძრაობის თავმჯდომარე გახდესო და ეს ხომ ღალატი გამოვა?
- ბაქრაძეს იყენებენ!.. ბაქრაძემ პარტიიდან მიშას გაგდებას ხმა რა სინდისით უნდა მისცეს, ან როგორ შეიძლება, კაკო ბობოხიძემ და პეტრე ცისკარიშვილმა ხმა მიშას გაგდებას მისცენ და მხარი ბაქრაძეს დაუჭირონ?!
- პეტრეც, მეგი?
- არ ვიცი, ისე ვამბობ, თორემ პეტრე ჩემი მეგობარია...
- პოლიტსაბჭოში მიშას ხალხი უფრო მეტია თუ ბოკერიასი?
- მიშა არც სიას აკომპლექტებდა და არც პოლიტსაბჭოს! მიშა სხვა სიმაღლეზეა, რა! ის ლაზიკაზე ლაპარაკობდა, ურთიერთობა პრეზიდენტებთან ჰქონდა და რა დროს პოლიტსაბჭოს დაკომპლექტება იყო? - არ გამაგიჟო, ქეთი მჭედლიძე და ვიღაცები აინტერესებდა?
- ქეთი მჭელიძე ვინღაა?
- არ ვიცი, პოლიტსაბჭოში წერია და საერთოდ, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არიან!..
არავის ვაფეტიშებ, მაგრამ ობიექტური რეალობაა - ადამიანს, რომელმაც წუმპეში სახელმწიფო შეგიქმნა და რომელსაც ივანიშვილი, პუტინი და სხვა მანიაკები დასდევენ, შენც ურტყამ და „აწვები“. ეს ადამიანურად უნამუსობაა და მეტი არაფერი!
- შეგიძლია, ყველაფერი ეს გიგას პირში უთხრა?
- ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს, პირში თქმა არ იქნება? საერთოდ, გიგა ის ტიპი არაა, ვერ დაელაპარაკო.
სხვათა შორის, მე და გიგამ ბოლოს ერთი თვის წინ, ცაგარელის ოფისში ვისაუბრეთ.
- „ცაგარელის ოფისი“ რას ნიშნავს?
- ამ ქუჩაზე ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისია.
- რომელი საზოგადოებრივი მოძრაობის?
- სამოქალაქო აქტივისტები ვართ...
- ამ სამოქალაქო მოძრაობას რა ჰქვია?
- როცა დრო მოვა, გაიგებ...
- ანუ, ამ სამოქალაქო მოძრაობის ოფისში გიგა დაიბარეთ და „საქმე გაურჩიეთ“?
- საქმე კი არ გავურჩიეთ, არამედ, მოვიყვანეთ, რაღაცები გვაინტერესებდა, ვისაუბრეთ და პასუხები გავიგეთ. პირადად მე, კითხვები ვაშაძესთან დაკავშირებით მქონდა იმიტომ, რომ გიორგი ჩემი მეგობარი იყო.
- ახლა აღარ ემეგობრები?
- კონტაქტი აღარ მაქვს - ძალიან არასწორ დროსა და არასერიოზულად წავიდა.
- ვაშაძე მართლა ივანიშვილმა მოისყიდა?
- ეს არ ვიცი, მაგრამ როცა ივანიშვილის წასვლის დრო რეალურად დადგება, გიორგი ბარიკადებზე ჩვენთან ერთად იდგება!
- ისე, მეგი, ამ ინტერვიუს მერე ჩერგოლეიშვილის „ტაბულა“ დაგმარხავს!
- (გულიანად იცინის) არასოდეს, არც ჩერგოლეიშვილისთვის შემითანხმებია და არც ირმა ნადირაშვილისთვის, რომელ ტელევიზიაში მივსულიყავი და ინტერვიუ რომელი გაზეთისთვის მიმეცა.
- ვაიმე, მიშას ირმა ნადირაშვილმაც უღალატა?
- ირმა ნადირაშვილმა პოლიტსაბჭოს იმ ჩეკისტურ განცხადებას მისცა ხმა, რომელიც აქტივისტებს გმობს...
- ჩვენში დარჩეს და, სერგი კაპანაძეს „ოცნებას“ კოშმარს დაჰპირდა, მაგრამ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველმა სხდომამ ისე ჩაიარა, „ნაცების“ ერთი „ოცნებელიც“ არ „დაუსინიაკებიათ“...
- ჩერგოლეიშვილი ივანიშვილს ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრებოდა, მაგრამ ნაცმოძრაობის აქტივისტებს თავ-ყბაში „ბლოკებს“ უბრახუნებს, დებილებს, უგუნურებს, უწიგნურებს ეძახის და ჯერ მეტი ჯოჯოხეთი ვერ ვნახე...
- მეგი, შენი აზრით, სააკაშვილმა, როგორც პარტიის ლიდერმა, რა შეცდომა დაუშვა?
- მიშას შეცდომა არ დაუშვია. უბრალოდ, ნაცმოძრაობა იდეაა და მიშა სწორედ ამ იდეის სულისჩამდგმელია. პარტიაში ყველაფერ ვანოს ჰქონდა ჩაბარებული და მისი დაპატიმრების მერე, პარტია უთავოდ დარჩა.
- იმ 9 წლის განმავლობაში, როცა ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში იყო, არ დაგიშვია, რომ ოდესმე გიგა მიშას უღალატებდა?
- 2004-2008 წლების პარლამენტში გიგა მიშას სულ ეწინააღმდეგებოდა და ამის გამო მე და გიგას სერიოზული დაპირისპირება არაერთხელ მოგვსვლია... მიშა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არასოდეს იღებს და მისი ყველაზე დიდი შეცდომაც სწორედ ესაა - ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება არაერთხელ რომ მიეღო, დღეს ნაცმოძრაობაში სულ სხვა რეალობა იქნებოდა. ამ თემზე მეტს არაფერს ვიტყვი!
- მეგი, ერთ კითხვას კიდევ დაგისვამ და საუბარი დავამთავროთ: ვთქვათ, „დაგიდეს“ ფაქტები, რომლითაც ნათელი იქნება, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, მიშას მიმართ პოზიცია-დამოკიდებულებას შეიცვლი?
- ვანო, ამ კითხვით შეურაცხყოფას მაყენებ!
- რატომ?
- რატომ და, მიშა ის ადამიანია, რომელსაც ჩემი იდეის განხორციელება ხელეწიფება, თორემ მიშას კი არა, თუ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ წავა, შვილსაც არ დავინდობ!
- ჰო, მართლა, მიშა ბოლოს როდის ნახე?
- დაახლოებით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე.
- სად?
- სად და იქ, სადაც არის.
- ოდესაში მარტო წახვედი?
- არა, რამდენიმე მეგობართან ერთად.
- შენი სურვილით წახვედი თუ მიშამ დაგიბარა?
- ჩემი სურვილით - მაინტერესებდა, აქედან რა ინფორმაციას აწვდიდნენ და იმ სურათს, რაც აქ იყო, რეალურად იცნობდა თუ არა.
- და რა გაარკვიე?
- რა და - რაღაცებში შეცდომაში იყო შეყვანილი.
- დაგიჯერა?
- დამიჯერა, მაგრამ იქიდან რას იზამდა?
- მეგი, მართლა ბოლო კითხვას გისვამ: არ გირჩევნია, პოლიტიკას მოეშვა და მთელი შენი ენერგია შვილიშვილს მოახმარო?
- ჩემი შვილიშვილი ერთი წლის ახლახან გახდა, მაგრამ იმაზე მეტ დროს, ვიდრე ვუთმობ, ვერ დავუთმობ - მარიამი, მშობლებთან ერთად, ბორჯომში ცხოვრობს...
- წარმატებებს გისურვებ, მეგი!