სად არის მსოფლიო ბანი და რატომ იყიდება მისი პარტიის ოფისიდან ნივთები
,,ვერსიის'' კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პაატა ბურჭულაძე მახათას მთაზე მიმდინარე ტაძრის მშენებლობას ჩამოაშორა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უწმინდესმა მსოფლიო ბანი საპატრიარქოში დაიბარა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის პროცესში რაიმე ტიპის მონაწილეობა კატეგორიულად აუკრძალა. რა გახდა ამის მიზეზი - პოლიტიკა თუ ფინანსები, ამაზე ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ საუბრობს. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდანვე, მსოფლიო ბანი ტაძრის მშენებლობის პროცესს, ისედაც, ლოგიკურად ჩამოშორდა ანუ, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბურჭულაძის პოლიტიკური ამბიციებია, თუმცა ,,ვერსიას'' კონფიდენტი წყარო სხვა ვერსიაზეც ესაუბრება - მისი თქმით, პატრიარქის ამ გადაწყვეტილების მიზეზი მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობისთვის განკუთვნილი ფინანსებია, რომლის ნაწილიც გაპოლიტიკოსებულმა ბანმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ბურჭულაძესა და მის პარტიას დავალიანება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, უხვად დაუგროვდა და როგორც ,,ვერსიის'' წყარო ამტკიცებს, მისი ,,გაუჩინარების'' მიზეზიც სწორედ ესაა. ჩვენთვის ისიც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ, უწმინდესი განცხადებას გაავრცელებს და არაა გამორიცხული, ყველაფერს ფარდა აეხადოს, მანამდე კი ,,ვერსია'' შეეცადა, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაემოწმებინა და ისიც გაერკვია, სად არის ამჟამად ბურჭულაძე ან აპირებს თუ არა მომავალში პოლიტიკურ აქტიურობას:
ინფორმაციის გადასამოწმებლად, თავდაპირველად, საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსს, მამა დავით შარაშენიძეს დავუკავშირდით. იგი მოკლე პასუხით შემოიფარგლა - არანაირ ინფორმაციას არ ვფლობო, გვითხრა და ტელეფონი გათიშა. მოგვიანებით, საპატრიარქოს წარმომადგენელს ვესაუბრეთ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა განგვიმარტა:,,როცა პაატა ბურჭულაძემ გააკეთა განცხადება ახალი პარტიის ,,სახელმწიფო ხალხისთვის'' შექმნის შესახებ, იურიდიულად ავტომატურად გაემიჯნა ორივე ფონდს - ,,იავნანასა'' და ,,ივერიას''. 17 დეკემბერს დიდი ღონისძიება იგეგმება მახათას მთაზე, მანამდე საპატრიარქო გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობისთვის, თანხებს ადამიანები და ორგანიზაციები საბანკო ანგარიშზე რიცხავენ, ხელზე ფულის აღება არ ხდება, საბანკო შემოსავალს აკონტროლებს სამეთვალყურეო საბჭო და თანხა მიზანმიმართულად იხარჯება. პაატა ბურჭულაძეს ამ ფინანსებთან შეხება არ აქვს''.
გახდა თუ არა ფინანსები პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზი, დრო გვიჩვენებს, ის კი ნამდვილად ცნობილია, რომ ზოგადად ფული, პაატა ბურჭულაძეს და მის პარტიას ,,აქილევსის ქუსლად'' ექცა - პარტიას არაერთი პიროვნების დავალიანება აქვს, რასაც ბურჭულაძის თანამებრძოლებიც ადასტურებენ. სხვათა შორის, ,,ვერსიის'' ინფორმაციით, ბურჭულაძე სწორედ ამ ,,ვალს'' გაექცა და თანაც ისე შორს - ქვეყანა დატოვა. ,,ვერსიის'' წყაროს ინფორმაციით, ულიდეროდ დარჩენილ პარტიაში ფინანსურ პრობლემებს, ოფისიდან ინვენტარისა და ნივთების გაყიდვით ,,ებრძვიან'' - არც ისე დიდი ხნის წინ გვითხრეს, ,,სახელმწიფო ხალხისთვის'' ოფისიდან მაგიდებს, სკამებს, კომპიუტერებს, პრინტერებს და ქოთნით ყვავილებსაც კი ყიდიანო. ამ ინფორმაციების გადასამოწმებლად და იმის გასარკვევად, სად არის ბურჭულაძე, რომელიც არჩევნების შემდეგ დაგვპირდა, ორ კვირაში ახალ სამოქმედო გეგმას გაგაცნობთო, ,,ვერსია'' პარტიის წარმომადგენელს, ტარიელ ჭულუხაძეს დაუკავშირდა:
- ბატონო ტარიელ, პარტიაში დღეს რა ვითარებაა?
- ისევ რებრენდინგის პროცესში ვართ. ალბათ, მალე დასრულდება ეს პროცესი და საჯარო განცხადებას გავაკეთებთ. ვალაგებთ ყველაფერს. უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ იმ გამოწვევებს, რაც პარტიას ჰქონდა და შემდეგ, ყველაფერს გავაგებინებთ საზოგადოებას.
- ,,ვერსიის'' ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდა. სად არის ამჟამად მსოფლიო ბანი და პარტიის წევრებთან თუ აქვს ურთიერთობა?
- რამდენიმე დღით იყო საზღვარგარეთ წასული. 14 ნოემბერს ჩამოვიდა საქართველოში და ჩვეულებრივ, პარტიის თავმჯდომარეა.
- ადასტურებთ, რომ პარტიას ფინანსური დავალიანებები აქვს?
- ვაღიარებთ, პარტიას აქვს დავალიანებები, რასაც აუცილებლად გავისტუმრებთ.
- როგორ გაისტუმრებთ? მართალია, რომ პარტიის ოფისიდან ტექნიკა და საოფისე ინვენტარი იყიდება?
- სწორედ იმაზე ვმუშაობთ, რესურსები მოვიძიოთ. რაც შეეხება, ოფისიდან ინვენტარისა და ნივთების გაყიდვას, დიახ, გავრცელდა ეს ინფორმაცია. მოვიდა კიდეც რამდენიმე ადამიანი, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ იყიდება. თავისთავად არის რაღაც ინვენტარი, რაც გაიყიდება, მაგრამ ეს ოფიციალურად გაკეთდება, ტენდერი გამოცხადდება.
- თუ პარტია ისევ აპირებს ფუნქციონირებას, საოფისე ინვენტარს რატომ ყიდით?
- უბრალოდ, არის გარკვეული ნივთები, რაც არ იქნება საჭირო პარტიისთვის. შესაძლოა, იმ რაოდენობის ოფისი, რაც დღეს გვაქვს საქართველოში, აღარ დაგვჭირდეს. სწორედ ამაზე ვმუშაობთ, რომ გავერკვეთ, რა გვჭირდება და რა - არა. ამ ნივთებს ხომ არ გადავყრით? გამოვაცხადებთ ტენდერს და გავყიდით.
- პარლამენტსგარეთ დარჩენილი პარტიები გაერთიანებებს ქმნიან. თქვენი პარტია რომელიმე მათგანში შესაძლოა ვიხილოთ?
- არა, ჯერჯერობით მხოლოდ პარტიის შიდასამუშაოები მიმდინარეობს და ასეთ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობთ.
- უკვე გააანალიზეთ, პარტიამ ასეთი კრახი რატომ განიცადა?
- როგორც კი დამთავრდება პარტიის რეორგანიზაცია, ამ ყველაფერზე საჯაროდ გავაკეთებთ განცხადებას.
- პაატა ბურჭულაძის მიმართ საჩივარი ხომ არ შემოსულა რომელიმე დაზარალებულის მხრიდან?
- პირადად, პაატა ბურჭულაძის მიმართ ვერანაირად ვერ შემოვა საჩივარი. თუ რაიმე დავალიანება გვაქვს, პარტიისაა. ჩვენ ვაღიარებთ ამ დავალიანებებს და ვამბობთ, რომ ყველა ვალს გავისტუმრებთ.
- ,,ვერსიის'' ინფორმაციით, პატრიარქმა პაატა ბურჭულაძე მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას ფინანსების გამო ჩამოაშორა. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- პირველად მესმის მსგავსი რამ. სავარაუდოდ, ჭორი იქნება.