დედაქალაქის კონკრეტულ უბნებში კა-2 კოეფიციენტის დროებითი შეზღუდვა, შესაძლოა, ძალაში დარჩეს. ეს ინფორმაცია დავით ნარმანიამ პირდაპირი ტელეეთერით დაადასტურა. რამდენად შეცვალა ახალმა რეგულაციამ თბილისში არსებული ქაოსური განაშენიანების მიმართულება, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
სავარაუდოდ, საქმე ეხება თბილისის ცენტრალურ ნაწილს, რომელიც მაღალსართულიანი შენობებით ძალიან გადაიტვირთა. თუკი გენერალურ გეგაზე მომუშავე ჯგუფმა, გადაწყვიტა, რომ კა-2 კოეფიციენტის შეზღუდვა საჭიროა, რეგულაცია ძალაში დარჩება.
„თავიდან, როდესაც შევზღუდეთ კა-2 კოეფიციენტი, ითქვა, რომ გენერალური გეგმის შექმნამდე იმოქმედებდა ეს დროებითი რეგულაცია. თუ გენგეგმაზე მომუშავა ჯგუფი დაადგენს და თუ მეტი ინტენსივობის განვითარების საშუალება არ იქნება, ეს ასე უნდა დარჩეს. ყველაფერი დამოკიდებულია დასკვნაზე, თუკი იქნება არგუმენტებული, რასაკვირველია, შეზღუდვა დარჩება“, - აცხადებს დავით ნარმანია.
კა-2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით, დროებითი შეზღუდვა 2016 წლის თებერვალში დაწესდა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, დროებითი შეზღუდვის შემოღების მიზანი ქალაქის ქაოსური განაშენიანების თავიდან აცილებაა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდის მიზნით 2000-ზე მეტი ნებართვა გაიცა. მერია „ნაციონალური მოძრაობას“ „მანკიერი პრაქტიკის“ შემოღებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კა-2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელი 2007 წლიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაწესდა.
„უსახური შენობები სწორედ წინა ხელისუფლების დროს აიგო. 2007 წლიდან დაწესდა მანკიერი პრაქტიკა ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, ამოქმედდა მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის, რის შედეგსაც დღეს ჩვენი თანამოქალაქეები იმკიან“, - აცხადებდა დავით ნარმანია.
კა-2 ის კოეფიციენტია, რომელიც კონკრეტულ კვადრატულ მეტრზე, ანუ კონკრეტულ მიწის ფართზე ასაშენებელი ობიექტის სიდიდეს განსაზღვრავს. თუ, მაგალითად, მშენებელი 1000 კვ/მ-ს ფლობს და იმ ტერიტორიაზე კა-2 ის კოეფიციენტი 4-ია, ეს ნიშნავს, რომ ასაშენებელი ობიექტის საერთო ფართი 4-ჯერ მეტი, ანუ 4000 კვ/მ უნდა იყოს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც სამშენებლო სექტორს გაუჭირდა, თბილისის მაშინდელმა მერმა, გიგი უგულავამ, შეჩერებულ მშენებლობებზე სართულების დამატების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სართულების დამატება ფასიანი იყო და მშენებელი ამ კოეფიციენტს ყიდულობდა. თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე კა-2-ის კოეფიციენტი 4 იყო, გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, კა-2-ს 6-მდე გაუზრდიდნენ. შედეგად, სამშენებლო კომპანია თავის ობიექტს რამდენიმე სართულს დაუმატებდა.
სამშენებლო კომპანიების ნაწილმა თბილისის მერიის მაშინდელი გადაწყვეტილება გამოიყენა და საკუთარ ობიექტებს სართულები დააშენა, მაგრამ მოსაკრებლის გადახდა გაუჭირდა და დავალიანების სახით დაუგროვდა.