სოფელ ზვარეში ჩინური მენეჯმენტის მხრიდან დაზარალებულ ქართველებს ამ დრომდე კომპენსაცია არ მიუღიათ. ჩინელებს ქართველი მუშებისთვის დაპირებული სამედიცინო ხარჯებიც არ აუნაზღაურებიათ.
ქართველებსა და ჩინელებს შორის გაუგებრობა ამ ორიოდე კვირის წინ დასკვნით ფაზაში მაშინ შევიდა, როცა ჩინური მენეჯმენტის წარმომადგენლები ქართველ დასაქმებულებს არმატურით „გაუმასპინძლდნენ“. ჩინელებმა ქართველებისთვის არც სხვა სახის ცივი იარაღი და ხორცის საჩეხი დანა დაიშურეს და ამ იარაღებს ჯგუფურად გამეტებით ურტყამდნენ თავში ალყაში მოქცეულ ადგილობრივებს. ქართველმა დასაქმებულებმა მაშინ ტყეში გაქცევით უშველეს თავს, პოლიციამ კი ჩინელებისგან ცივი იარაღი ამოიღო.
ამის შემდეგ რკინიგზაზე დასაქმებულმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ჩინური მენეჯმენტის გადადგომა და დაზარალებულთა კომპენსაცია მოითხოვეს. დაპირების მიუხედავად, ჩინელები ამ დრომდე მეორე მოთხოვნას არ ასრულებენ, პირველი მოთხოვნა კი დაკმაყოფილებულია და „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მენეჯმენტი შეცვლილია.
ჩინურ კომპანიაში დასაქმებული, მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებული მინდია ოკრიბელაშვილი ამ ორიოდე კვირის წინ For.ge-სთან საუბარში აცხადებდა, რომ ჩინელებმა მას თავში „რეიკა“ ჩაარტყეს, მეტის ჩარტყმა ვერ მოასწრეს, რადგან გატეხილი თავით იგი ტყეს შეეფარა და, სხვებთან ერთად, ალყიდან დაუსხლტა დანებით, ნაჯახებითა და ხის კეტებით შეიარაღებულ 150 ჩინელს. დღეს მინდია ოკრიბელაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მუშაობას ჩინურ კომპანიაში ისევ იმავე პოზიციაზე აგრძელებს.
მინდია ოკრიბელაშვილის თქმით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა პროფკავშირებთან დადეს ხელშეკრულება, რომ მათ მიერ დაზარალებული ქართველების მკურნალობის ხარჯებს გაიღებდნენ. ქართველებიც ელიან ამ პირობის შესრულებას, ჩინელებს წარუდგენენ ჩეკს, დაჯამებულ თანხას და ამის მიხედვით მოხდება მედიკამენტებისა და საავადმყოფოს ხარჯების ანაზღაურება.
„მე ისეთი სირთულის დაზიანებები არ მქონია, თავი მქონდა გატეხილი და ვიმკურნალე, დანარჩენები კი დღემდე შრომისუუნარონი არიან და მკურნალობას გადიან. კაცს რომ ნაჯახი აქვს თავში ჩარტყმული, ცხადია, ორ კვირაში ვერ გამოჯანმრთელდება. ასეთი დაზარალებული კი 5-6 ადამიანია. საბედნიეროდ, ძველი მენეჯმენტი შეიცვალა და ახალი მენეჯმენტი შედარებით კარგად გვექცევა. საპროტესტო აქციებიც შევწყვიტეთ, რადგან ჩვენი მოთხოვნის ნაწილი დაკმაყოფილდა. ჩვენ ვითხოვდით მენეჯმენტის შეცვლას და იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას. ამაზეც ხელშეკრულება დაიდო და, წესით, უნდა აგვინაზღაურონ“, - აცხადებს დაზარალებული.
მისივე ინფორმაციით, ჩინური კომპანიის ახალი მენეჯმენტი ირწმუნება, რომ ქართველებზე თავდამსხმელი სამი ჩინელი დაკავებულია. საუბარია სამ დამსაქმებელზე, რომლებმაც ტყეში შეშის გამოსატანად წასული ადგილობრივი მოსახლეობა სცემეს და მეორე დღეს დანარჩენ ქართველ დასაქმებულებსაც ცივი იარაღით გაუსწორდნენ.
„ასეთი დანაშაული ქართველს რომ ჩაედინა, სამუდამოს მისცემდნენ. განზრახ ნაჯახით როცა ჩეხავ ადამიანს, მაშინ სხვა რამეშია საქმე და უნდა გაირკვეს, რა იყო ეს მიზეზი“.
დაზარალებული დავით მუმლაძე For.ge-სთან საუბარში თავშეკავებულია. ის ამბობს, რომ არ სურს მომხდარის გახსენება, თუმცა ადასტურებს, რომ ჩინური კომპანიის წარმომადგენლები მათ დღემდე არაფერს ატყობინებენ. დასაქმებულებმა არც ის იციან, აუნაზღაურებენ თუ არა დამსაქმებლები მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯებს.
„ერთი რამ ვიცი, დღემდე ბიულეტენზე ვიმყოფებით და ჩვენივე ხარჯით ვმკურნალობთ“, - აღნიშნა დავით მუმლაძემ.
„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების“ თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პროფკავშირების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოებისა და რკინიგზელთა სოლიდარობამ ნაყოფი გამოიღო და ჩინურმა კომპანიამ ზვარეში დასაქმებული ადამიანების მკურნალობა და რეაბილიტაციის ხარჯები საკუთარ თავზე აიღო. ამის შესახებ ხელშეკრულებაც დაიდო და შესაბამისი ქვითრებისა და დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ დაზარალებულებს გაწეულ ხარჯებს აუნაზღაურებენ. თუკი ამ ვალდებულებას დაარღვევს ჩინური კომპანია, პროფკავშირი კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
„ჩვენ გვყავს ძალიან კარგი იურიდიული სამსახური და ყველანაირ გზას მივმართავთ დასაქმებულების უფლებების დასაცავად. ამისთვის გამოვიყენებთ სასამართლოს, შრომით დავას, მედიაციას, აქციებს, გაფიცვას. მომდევნო კვირას ვგეგმავთ მონიტორინგს ჩინური კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესამოწმებლად. ჩავალთ ზვარეში და ადგილზევე გავარკვევთ ვითარებას. ჩვენთვის დასაქმებულებს ოფიციალურად არ მოუმართავთ და არ უთქვამთ, რომ ჩინური კომპანია ვალებულებას არ ასრულებს. მათ ჰყავთ კერძო ადვოკატები, კერძო ადვოკატების აყვანა მათი უფლებაა, მაგრამ მაინტერესებს, მათი მხრიდან პროფკავშირების როლის დაკნინება პოპულისტურ და პროვოკაციულ მიზნებს ხომ არ ემსახურება? ორი თვის განმავლობაში პროფკავშირები, ფაქტობრივად, ცხოვრობდა ზვარეში. დღესაც არ გამოვრიცხავ, რომ ჩინურმა კომპანიამ დააღვიოს ჩვენთან დადებული შეთანხმება. ამის გარანტია არ არსებობს. ამიტომ, თუ დაარღვევს შეთანხმებას, პროფკავშირი რეაგირებას მოითხოვს“, - აცხადებს ვიტალი გიორგაძე.
მისივე თქმით, ჩინური მენეჯმენტის მხრიდან ცხრა ადამიანი დაზარალდა და ცხრავე მკურნალობს. მართალია, ამ ეტაპზე მათ უკვე აღარ აქვთ კრიტიკული მდგომარეობა, მაგრამ რეაბილიტაცია მაინც ესაჭიროებათ. მით უფრო, რომ მათ სერიოზული დაზიანებები, ტვინის შერყევა მიიღეს.
ვიტალი გიორგაძე აღნიშნულ კომპანიასთან ურთიერთობის ორ-სამთვიან გამოცდილებასაც იხსენებს. ის ამბობს, რომ ამ კომპანიამ ბევრჯერ უარყო თავისი ნათქვამი, მაგრამ ამჯერად ჩინური კომპანია აიძულეს, ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა.
„ერთთვიანი მოლაპარკების დროს ჩინური კომპანიის მენეჯმენტს, ფაქტობრივად, ვასწავლეთ ქართული შრომის კოდექსი. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ ადამიანის უფლებებზე, არც ის იცოდნენ, რომ დასაქმებულისთვის კვირაში ერთი დღით მაინც უნდა მიეცათ დასვენების უფლება. მათ არ ესმოდათ, რატომ უნდა გადაეხადათ ზეგანაკვეთური სამუშაოს გასამრჯელო“.