[ეკა ბაქრაძე]
ზაფხული კომერციული ბანკების მოთოკვით დაიწყო. ამიერიდან ბანკებს მეტ-ნაკლებად მოუწევთ მომხმარებელთა უფლებების გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ქადაგიძის უწყებასთან ექნებათ.
1-ლი ივნისიდან ძალაში შევიდა „საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების“ წესი. იგი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოამზადა და იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც ქვეყნის მთავარმა ბანკმა საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შარშან დაიწყო.
ახალი რეგულაციის დეტალები სპეციალურ ბრიფინგზე სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გაახმოვანა.
„ამ ინიციატივის განხორციელებით, ხელს შევუწყობთ საბანკო სექტორში კიდევ უფრო მეტად კონკურენციის განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში აუცილებლად აისახება საბანკო პროდუქტის ღირებულებაზე, ანუ საპროცენტო განაკვეთებზე“, - განაცხადა ქადაგიძემ.
აღნიშნული წესი გავრცელდება ფიზიკური პირებისთვის 1-ლი ივნისიდან დადებულ ყველა სახის სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებებზე, როდესაც კრედიტის მთლიანი თანხა აღემატება 300 ლარს და ნაკლებია 50 000 ლარზე, ან მის ეკვივალენტზე, ასევე, ფიზიკური პირების ყველა სახის სადეპოზიტო ხელშეკრულებებზე, რომელთა პირველადი შენატანი ნაკლებია 50 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე.
წესის თანახმად, ბანკები ვალდებულნი იქნებიან ხელშეკრულებებში მიუთითონ ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც კრედიტითა და დეპოზიტით სარგებლობასთან არის დაკავშირებული, პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ინფორმაცია სავალუტო რისკების შესახებ, ხელშეკრულების პირობების ცვლილების წესი და სხვა.
გარდა ამისა, ბანკებმა უნდა შეიმუშაონ პრეტენზიების მიღების სტანდარტული წერილობითი პროცედურა და მიღებული პრეტენზიების სტატისტიკა ყოველთვიურად მიაწოდონ საქართველოს ეროვნულ ბანკს. ბანკის მხრიდან ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის დარღვევის, ან მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს ბანკს წარუდგინოს პრეტენზია ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
პრეტენზიაზე წერილობით პასუხს ბანკისგან წინასწარ განსაზღვრულ დროში მიიღებს. თუ მომხმარებელი მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დაირღვა და მომსახურე ბანკში გასაჩივრების შემდეგ ვერ მიიღო სათანადო პასუხი, მას შეულია საკონსულტაციოდ მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების ვებ-გვერდის ან ცხელი ხაზის მეშვეობით.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების მთავარი მოვალეობაა, უზრუნველყოს კომერციული ბანკების მხრიდან „მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევისას აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესრულება. გარდა ამისა, აღნიშნული განყოფილების ფუნქციაა უშუალოდ მიიღოს ეს პრეტენზია, განიხილოს და მომხმარებელს აცნობოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ბანკ „რესპუბლიკას“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ჯანელიძე აცხადებს, რომ ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ ის ინფორმაცია, რომელიც ხელშეკრულების სხვადასხვა გვერდზე იყო მოქცეული, ერთ გვერდზე განთავსდება. ჯანელიძის განცხადებით, თავსართზე იქნება დატანილი კლიენტისთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც სესხისა და დეპოზიტის მომსახურების პირობებს და ხარჯებს უკავშირდება.
ექსპერტები ხშირად აცხადებენ, რომ საქართველოში მარტო ბანკების უფლებებია დაცული. შესაბამისად, ხშირად მომხმარებელი ზარალდება, თუნდაც არაინფორმირებულობის თვალსაზრისით. ის, რომ მომხმარებელმა არ იცის, რას იხდის კრედიტის აღებისას, ამაზე ექსპერტი ლია ელიავაც საუბრობს. კერძოდ, ბანკები მომხმარებელს დაბალი საპროცენტო განაკვეთით იზიდავენ, სინამდვილეში გაუმჭვირვალე ხარჯების გამო, ეს კრედიტი გაცილებით ძვირი ჯდება.
„საქართველოში კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი გაცილებით მაღალია, ვიდრე მას ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ. ამიტომ კლიენტი ხშირ შემთხვევაში მოტყუებული რჩება“, - ამბობს ელიავა.
რა შეიცვლება 1 ივნისის შემდეგ ძადიან მალე გამოჩნდება. თუმცა, ეროვნული ბანკი რომ კომერციულ სტრუქტურებს ბოლომდე არ შეზღუდავს, ამის თქმა ახლავე შეიძლება.