არასაპარლამენტო ოპოზიციის ფარული გეგმა

არასაპარლამენტო ოპოზიციის ფარული გეგმა

ნინო ბურჯანაძესა და გუბაზ სანიკიძესთან ბლოკს ვალერი ხაბურძანია, სიმონ ნოზაძე და ზვიად ჩიტიშვილი ქმნიან?

ქართული ოპოზიცია ,,დიდ დეპრესიაშია''. ყოველ შემთხვევაში, ,,ანტიოცნებელი'', უფრო სწორად, ერთ დროს ,,ოცნებელი'' ლიდერები მშობლიურ პარტიებსა თუ პოლიტიკურ ავანსცენას ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. თავდაპირველად, ირაკლი ალასანია ,,გაიქცა'', მას დავით უსუფაშვილი მიჰყვა. ამ დღეებში კი ალასანია-უსუფაშვილს გუბაზ სანიკიძეც ,,გაეკიდა'', თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ალასანია პოლიტიკიდან ,,დროებით გავიდა''. უსუფაშვილი და სანიკიძე კი, უბრალოდ, იმ პარტიებს გაემიჯნენ, სადაც აქამდე საქმიანობდნენ, ანუ ეს პერსონები პოლიტიკაში დარჩნენ. იმის შესახებ, რას აპირებს პარლამენტის აწუკვე ყოფილი თავმჯდომარე, ,,ვერსია'', კონფიდენტზე დაყრდნობით, უკვე წერდა - რესპუბლიკელყოფილმა შესაძლოა, ახალი პარტია შექმნას, რომელიც ირიბად, ალბათ, პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციებს გაამაგრებს და რომელიც შესაძლოა, პროევროპელი სულისკვეთების პოლიტიკოსებით, მათ შორის, ექსნაციონალებითაც დაკომპლექტდეს, მაგრამ სად და რატომ წავიდა გუბაზ სანიკიძე, რომელმაც გასული ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებას თავი პარლამენტში ძილით დაამახსოვრა? - ალბათ, გახსოვთ, 2012 წლის არჩევნების წინ, ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის თანახმადაც, სანიკიძე ამბობს, მილიონი მინდა ვიშოვოო. მერე კი, როცა სანიკიძე დეპუტატი გახდა, მიხეილ სააკაშვილმა ფოტო ააფრიალა, რომელზეც ქუთაისის პარლამენტის სხდომათა დარბაზში მწერლის ,,ტკბილად მთვლემარე'' ვაჟი იყო აღბეჭდილი...
 
,,ნინო ბურჯანაძემ, პრინციპში, დაადასტურა და მეც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გუბაზი სწორედ მას მიეკედლება'', - ეუბნება ,,ვერსიას'' კონფიდენციალური წყარო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ სანიკიძის პარალელურად, ეროვნული ფორუმი მალე რეზო შავიშვილმაც დატოვოს. 
ამასთან, ჩვენი კონფიდენტი ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი გადანაწილება დაიწყო, რომლის მიზანიც პრორუსული ძალების გაძლიერებაა. 
,,ირაკლი ალასანიას მიმართ ყოველთვის სიმპათიით ვიყავი განწყობილი, მაგრამ იმის გამო, რაც არჩევნების მერე გააკეთა, ძალიან გავბრაზდი. დიახ, ეჭვი არ მეპარება, ალასანიამ, ნებსით თუ უნებლიედ, ქართულ პოლიტიკაში დასავლური ფლანგი მოკლა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, პოლიტიკიდან ალასანიას წასვლით ყველაზე მეტად რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური სპექტრი იხეირებს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, მინიმუმ, ქუჩა დაიკავოს. ისე, კარგად თუ დავაკვირდებით, ქუჩის დაკავების, ესე იგი, პოლიტიკის ქუჩაში გადატანის დიდი ალბათობა არსებობს - ახალი პარლამენტი აპოლიტიკური ფიგურებით არის ,,გატენილი''. გარდა ამისა, არც იმის ილუზია მაქვს, რომ იგივე უსუფაშვილი, რომელმაც რესპუბლიკური პარტია დატოვა, ორ-სამ თვეში ისეთ მძლავრ პოლიტიკურ ძალას შექმნის, რომელიც დასავლეთზე იქნება ორიენტირებული და პროცესებზე ზეგავლენას მოახდენს. ამ ფონზე ერთადერთი ან თითქმის ერთადერთი ფიგურა, რომელსაც მინიმუმ, პოლიტიკის ანბანი ესმის, მოგვწონს თუ არა, ნინო ბურჯანაძეა. ჰოდა, ეს ქალბატონი ყველაფერს გააკეთებს, იმ ოპოზიციური მუხტის ავანგარდში მოექცეს, რომელიც ხალხში ძალიან მალე გაჩნდება, თუმცა ბურჯანაძემ იცის, რომ მისგან ,,ხალხის ბელადი'' ვერ დადგება, ამიტომ გვერდით ისეთი პერსონა სჭირდება, რომელსაც მშიერი მასა გაჰყვება. ამ როლის შესასრულებლად კი გუბაზ სანიკიძე იდეალური კანდიდატურაა - ალბათ, გახსოვთ, იგივე 2009 წლის აქციების დროს, მაშინდელი ოპოზიციიდან სწორედ ეროვნული ფორუმი სარგებლობდა მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერით, თუმცა ამ მხარდაჭერას ვერც კახა შარტავას მივაწერთ და ვერც რეზო შავიშვილის. დიახ, გუბაზ სანიკიძე ეროვნული ტიპაჟია, რომელსაც საზოგადოების ემოციების მართვა კარგად ეხერხება'', - აღნიშნავს ,,ვერსიის'' კონფიდენტი და აქვე ბურჯანაძე-სანიკიძის ბეგრაუნდსაც იხსენებს ანუ ხაზს იმ დეტალს უსვამს, რომ ამ ორი სუბიექტის მეგობრობას საფუძველი ჯერ კიდევ მათმა მშობლებმა ჩაუყარეს, - ,,როგორც ვიცი, ცხონებული ლევან სანიკიძე და ანზორ ბურჯანაძე მეგობრობდნენ; ისიც გამიგია, რომ ერთი პერიოდი მათ უთანხმოება მოუვიდათ, მაგრამ მალევე შერიგდნენ. ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ნინო და გუბაზი ერთმანეთს ახალგაზრდობიდან იცნობენ და, თუ არ ვცდები, ნათელმირონობაც აკავშირებთ - სანიკიძე ექსსპიკერის ერთ-ერთი შვილის ნათლია უნდა იყოს. ზოგადად, ყოველთვის, როცა ნინო მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, სანიკიძე მის გვერდით ხან ფარულად დგას და ხან ღიად. მაგალითად, ვიცი, რომ 2011 წლის 26 მაისის დარბევამდე, გუბაზ სანიკიძე ნინოსთან მივიდა და ეხვეწებოდა, რომ ხალხი რუსთაველზე არ წაეყვანა, რადგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის მოხდებოდა, რაც მოხდა, მაგრამ მაშინ ნინომ გუბაზს, როგორც ჩანს, არ დაუჯერა''. 
ერთი სიტყვით, თუ ჩვენი კონფიდენტის ლოგიკას გავყვებით, ქართულ პოლიტიკაში ბურჯანაძის აღზევების ეპოქა იწყება. ეს შეფასება ვინმეს შეიძლება, გადაჭარბებულად მოეჩვენოს და ბოლომდე არც ,,ვერსიას'' სჯერა, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და სააკაშვილის ყოფილი მეგობარი რეიტინგის ,,აკრეფას'' შეძლებს, მაგრამ ჩვენი კონფიდენტი, რომელიც პიარტექნოლოგიებსა და ასევე, პოლიტიკურ კომბინაციებში კარგად ერკვევა, ამბობს, რომ ოპოზიციური ველი თავისუფალია. შესაბამისად, ხალხის სიმპათიას ის დაიმსახურებს, ვინც ამ ველის დაკავებას დროზე მოახერხებს. 
,,კი ბატონო, ამბობენ, თითქოს ერთი დიდი პარტია შეიქმნება, რომელშიც ყველა ის ლიდერი გაწევრიანდება, რომელმაც 8 ოქტომბრის შემდეგ ან დროებითი ტაიმ-აუტი აიღო, ან ,,მშობლიური'' პარტია დატოვა. ეს კი არადა, ვიღაცამ ისიც თქვა, უსუფაშვილი, ბურჯანაძე და სანიკიძე ერთიანდებიანო, მაგრამ შემიძლია, ათასი პროცენტით გითხრათ, რომ ეს მტკნარი სიცრუეა. ასეთი ჭორის გავრცელება ვიღაცას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის სჭირდება. მოკლედ, უსუფაშვილი არა, მაგრამ ბურჯანაძის გვერდით, სანიკიძესთან ერთად, მალე, ალბათ, ისეთ პერსონებსაც ვიხილავთ, როგორიც მაგალითად, უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანიაა. 
ზოგადად, ამ ,,ტრიოს'' - ბურჯანაძე-სანიკიძე-ხაბურძანიას, ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ცნობილია, რომ სანიკიძე და ხაბურძანია მეგობრები არიან და იმ სატელეფონო ჩანაწერშიც, რომელიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე გავრცელდა, გუბაზი, როგორც მახსოვს, სწორედ ხაბურძანიას ელაპარაკებოდა. 
გარდა ამისა, ვიცი, ნინო და ხაბურძანია კლასელები არიან და თავის დროზე ამ უკანასკნელის უშიშროების მინისტრად დანიშვნასაც, ერთგვარად, სწორედ ბურჯანაძე ლობირებდა. ის ინფორმაციაც მაქვს, რომ რამდენიმე წლის წინ, ხაბურძანია ბურჯანაძესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, რათა პოლიტიკურ ველში, როგორც პოლიტიკოსი, ნინოს პარტიის სახელით დაბრუნებულიყო, მაგრამ მაშინ შეთანხმება არ თუ ვერ შედგა, ახლა კი ყველაფერი თავისით დალაგდება. ამასთან, არ გამოვრიცხავ, ამ ფლანგზე სიმონ ნოზაძეც ვიხილოთ. მოგეხსენებათ, სიმონ ნოზაძე ხაშურის მაჟორიტარი გახდა - მეორე ტურში ,,ოცნების'' კანდიდატი ვალერი გელაშვილი დაამარცხა. ნოზაძე უშიშროების კადრია - მას გენერალ-მაიორის ჩინი აქვს და წლევანდელ არჩევნებში ,,მრეწველების'' ეგიდით მონაწილეობდა. ნოზაძეს თავის დროზე უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა და აქედან გამომდინარე, იგივე ხაბურძანიასთან ნორმალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს'', - აღნიშნავს ,,ვერსიასთან'' საუბრისას ჩვენი ოპერატიული წყარო, რომელიც ასევე, უშვებს ალბათობას, ბურჯანაძის გვერდით ზვიად ჩიტიშვილიც დადგეს. 
,,ზვიად ჩიტიშვილი ფართო საზოგადოებისთვის მაინცდამაინც ცნობილი პიროვნება არ გახლავთ, თუმცა მისი ბიოგრაფია საინტერესოა'', - ამბობს წყარო და მიანიშნებს, რომ ჩიტიშვილს გარკვეული კავშირები ჩრდილოეთში აქვს. 
საძიებო სისტემა Google-ს მიხედვით, ზვიად ჩიტიშვილი 1971 წლის 20 დეკემბერს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში დაიბადა. 154-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განაგრძო; ასევე დამთავრებული აქვს ეკატერინბურგის სახელმწიფო იურიდიული აკადემია. ჩიტიშვილი ქართულ-რუსული საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,გროსის'' ერთ-ერთი დამფუძნებელია. ნიშანდობლივია, რომ ეს ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული ქართველ და რუს ხალხებს შორის კულტურული და საქმიანი ურთიერთობების განმტკიცებაში. 
სხვათა შორის, 8 ოქტომბრის არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზვიად ჩიტიშვილის პარტია ,,ჩვენი სამშობლო'' და ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის პოლიტიკური გაერთიანება ,,სახალხო ხელისუფლება'' გაერთიანდნენ, თუმცა საბოლოოდ, ჩიტიშვილი ოქტომბრის არჩევნებზე ,,მრეწველებთან'' ერთად გამოვიდა. 
,,მოგეხსენებათ, ნებისმიერი სახის პოლიტიკური აქტიურობისთვის, მით უმეტეს, თუ საქმე ქუჩას ეხება, ფულია საჭირო. ამ კონტექსტში, ბურჯანაძის პარტიას ფულის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს - ჯერ ერთი, კვალიფიციური სუბიექტია, ანუ არჩევნებში 3%-იანი ბარიერი გადალახა და, კანონის თანახმად, წელიწადში 300 ათას ლარს ბიუჯეტიდან მიიღებს; აჭარის უმაღლეს საბჭოში კი ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაც მოახერხა. გარდა ამისა, როგორც ვიცი, კვალიფიციურ სუბიექტს, განვითარების მიზნით, გარკვეულ თანხას ცესკო- აძლევს. თუ ბურჯანაძის გვერდით ჩიტიშვილიც დადგება და მრეწველებიც, გამოვა, რომ ეს პარტია წელიწადში სოლიდურ თანხას მოაგროვებს. გუბაზ სანიკიძის სახით ,,ფეისიც'' ეყოლება და შესაბამისად, ფარული გეგმაც ამუშავდება, ანუ ვფიქრობ, ყველაფერ ამით პროდასავლური სპექტრი ჩრდილში აღმოჩნდება და ამასობაში, ადგილობრივი არჩევნებიც კარს მოგვადგება. ჰოდა, პირადად მე, სულაც არ გამიკვირდება, რომ გაისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ბურჯანაძე სოლიდურად იქნეს წარმოდგენილი'', - ვარაუდობს ,,ვერსიის'' კონფიდენციალური წყარო, თუმცა აქვე ამბობს, რომ პოლიტიკაში გრძელვადიანი პროგნოზები მაინცდამაინც არ ამართლებს და შესაძლოა, ყველაფერი სხვა სცენარით განვითარდეს.