სააკაშვილს პარტიაში „სვეტი“ ლიდერების არსებობა არ მოსწონს, ბოკერიას მის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია

სააკაშვილს პარტიაში „სვეტი“ ლიდერების არსებობა არ მოსწონს, ბოკერიას მის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია

„ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლური თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიაში არსებულ საშიშ ტენდენციებზე მიუთითებს, პარტიაში „სვეტებისა“ და „თვითგამოცხადებული“ ლიდერების არსებობაზე საუბრობს და პარტიული ყრილობის ჩატარებას ითხოვს.

ყოფილმა პრეზიდენტმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ღიად ერთ-ერთი ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა და თუკი ცოტა ხნის წინ, საკუთარი გუნდის წევრებს „ახირებული“ და „უაზრო ტიპები“ უწოდა, ამჟამად, ყურადღება ქართულ პოლიტიკაში ახალი, სერიოზული ტალღის ამოყვანაზე გაამახვილა და მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილის დაღლა დაასახელა.

თუ ვის გულისხმობს ოდესის ყოფილი გუბერნატორი „სვეტებში“, ეს მან არ დააკონკრეტა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, სააკაშვილის პოლიტიკური დარტყმების მთავარი სამიზნე გიგა ბოკერია და ის ახალი სახეები არიან, რომლებიც მის იმ მოთხოვნას არ დაემორჩილენ, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის ბოიკოტს და პროცესების საკანონმდებლო ორგანოდან ქუჩაში გადატანას გულისხმობდა.

სააკაშვილმა გამოსვლისას არც ის პირები არ დააკონკრეტა, რომელთაც 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობას აკისრებს, თუმცა ამ ჭრილში უკრაინაში გამართული შეხვედრა და იქ დაყენებული ულტიმატუმი გაიხსენა.

„როდესაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქ ჩამოვიდნენ, მითხრეს, საარჩევნო კამპანიაზე პასუხს ვაგებთ, რადგან ლიდერები ჩვენ ვართო. ეს ბევრჯერ და მრავალი ადამიანის დასწრებით ითქვა. ამიტომ, როცა ადამიანი იტყვის - პასუხს მე ვაგებ, მან პასუხი უნდა აგოს. როგორ შეიძლება, არ მიმხვდარიყავით, რომ ივანიშვილი არჩევნებს გააყალბებდა? ივანიშვილმა სპეცოპერაცია 2012 წელს ჩაგვიტარა და 2016 წელს, რატომ არ ჩაატარებდა? - მზად არ ვარ, თავი მოვიტყუო. დამარცხება წინასწარ გამოგვიწერეს და ლაპარაკი იმაზე, რომ ეს 10-წლიანი ციკლია, იმის თქმაა, რომ ჩვენ მომავალშიც გავფარჩაკდებით. ხელს არ ვაწერ იმას, რომ ჩვენს ბედს უნდა შევეგუო“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია სათანადოდ მომზადებული არ იყო, რის გამოც პარტიის ყრილობა უნდა ჩატარდეს, სადაც ხალხი მაქსიმალურად რეპრეზენტატული იქნება.

„ვინც პასუხისმგებლობა აიღო, ვერ გაამართლა. წინასწარ მეუბნებიან, რომ თურმე, ციკლია, მრავალი წელი უნდა დაველოდოთ და მერე რა იქნება, ვნახოთ. ყრილობა უნდა ჩატარდეს და თუ მათ აირჩევენ, აირჩიონ, თუ სხვას - სხვა იყოს, მაგრამ ყველა ამ თემაზე ღია დისკუსია უნდა იყოს. პარტია 30-40 ათასი თავგადაკლული საქართველოს პატრიოტით შედგება, რომელთა გადაწყვეტილებას უსიტყვო პატივს ვცემ და არა იმ სამი-ოთხი თვითგამოცხადებული ლიდერის, რომელიც ამბობს, ჩვენ პარტია ვართო. არასდროს არ მითქვამს, მე ვარ პარტია. მათ რა უფლება აქვთ, რომ თავის თავს პარტიად აცხადებენ?“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ის ერთპიროვნული მმართველი არასდროს ყოფილა.

„ვისაც ჩემთან უმუშავია, ყველამ იცის, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია. პრეზიდენტის კაბინეტში მრავალსაათიანი კამათები ყოველთვის იყო და ბევრჯერ, ჩემთვის სიტყვა შეუბრუნებიათ, ხმა აუმაღლებიათ, უჩხუბიათ, უსიამოვნო სიტყვებიც უთქვამთ და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ ვიღებდით. ხანდახან ვფიქრობ, ცუდი იყო რომ ასეთი ვიყავი და ბევრს ვუჯერებდი, მაგრამ ასე იყო... მიმაჩნდა, რომ ძალა ერთობაშია“, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ვიწრო ჯგუფი სადღაც ჩაიკეტა მოტივით - „ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები და მაგათ რა იციანო“.

„ამბობენ, რომ ვმარგინალიზდებით და ა.შ. 2003 წელს, მარგინალები ვიყავით?! ქუჩაში ვიბრძოდი. რატომღაც, „გრეჩიხა“ და გაჩეჩილაძეს იხსენებენ. უკაცრავად, მაგრამ შენი ისტორია არ უნდა დაგავიწყდეს. „გრეჩიხა“ მარგინალი თავისი არსით და ბუნებით იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩიდან იბრძოდა და ჩვენ მარგინალები არასდროს ვყოფილვართ, რადგან ხალხის უფლებებს ვიცავდით და ხალხზე ვლაპარაკობდით. ის, რომ „გრეჩიხას“ დავემსგავსებით, სისულელეა. მოდით, დავემსგავსოთ საკუთარ თავს, როგორებიც ვიყავით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან საშიში ტენდენციაა, რადგან რაღაც სვეტების ჯგუფია, რომლებიც განათლებულები არიან და მეორე მხრივ, ბნელი მასაა, რომელიც მარტო არჩევნებზე უნდა გამოიყენო“, - ამბობს სააკაშვილი.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის ცნობით, პარტიაში თვითგამოცხადებული ლიდერების გარკვეულ ჯგუფს აღარც სჯერა, რომ პარტიამ მართლა რამეს მიაღწია.

„მე აგერ ვარ. პარტიის შიგნით, აქტიურად გადაწყვეტილებების მიღებას უახლოეს პერიოდში არ ვაპირებ. ეს ჩემი ფუნქცია არ არის. თუმცა, ყველას მინდა ვუთხრა - მგონია, რომ ჩვენი აქტივისტები ბევრად უფრო ამაყობენ იმით, რასაც მივაღწიეთ, ვიდრე ეს თვითგამოცხადებული ლიდერების პატარა ჯგუფი“, - დასძენს სააკაშვილი, რომლის განცხადებებსაც შეფასებები პარტიაში უკვე მოჰყვა.

ელენე ხოშტარია პარტიაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ დაპირისპირების საფუძველია არა არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება, არამედ პარლამენტში შესვლის საკითხი. მისი თქმით, ქვეყნის ინტერესებში ქუჩის და რევოლუციის გზით წასვლა არ არის, რაც აზრთა სხვადასხვაობის მთავარი ღერძია.

„რეალურად, ჩვენს აზრებში არსებითი და ფუნდამენტური განსხვავება იმასთან დაკავშირებითაა, თუ რა გზით უნდა წასულიყო პარტია - საპარლამენტო თუ ქუჩის, რევოლუციის გზით?! მიგვაჩნია, რომ აქტივის ინტერესებშია, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით დავამარცხოთ და ამისთვის უკვე ვემზადებით. განსხვავება ეს იყო და პარტიაში ამაზე ვკამათობთ და არა ვინმეს მხარეს თითის გაშვერაზე“, - აცხადებს ხოშტარია.

სააკაშვილის განცხადებების მთავარი ობიექტი გიგა ბოკერია კი, მათ წინააღმდეგ ბინძური კამპანია წაახალისებაზე აპელირებს.

მისი ინფორმაციით, პარტიაში დაპირისპირება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

„ამ გადაწყვეტილებას პარტიის ერთი ნაწილის მხრიდან ძალიან აგრესიული რეაქცია მოჰყვა, რომელმაც ჩვენთან დაკავშირებით ძალიან ბინძური კამპანია წაახალისა, რომ თითქოს, ივანიშვილს შევეკარით. ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, ისევე როგორც ძალიან დიდი შეცდომაა არჩევნებზე ხელის ჩაქნევა და გამოცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს მაშინ, როცა წინ თვითმმართველობის არჩევნები გველის. ამ არჩევნებზე ბრძოლას ჩვენს აქტივთან ერთად ვაპირებთ. ჩვენი ამოცანა, ხალხის გვერდზე დგომაა და არა ამ ბინძური კამპანიის წახალისება“, - აღნიშნა ბოკერიამ, რომლის პათოსს იზიარებს ლევან თარხნიშვილი.

როგორც for.ge-ს თარხნიშვილმა განუცხადა, ის სააკაშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას არ ეთანხმება, რადგან პარტია ცოცხალი ორგანიზმია, სადაც პასუხისმგებლობა ხელმძღვანელობას შორის არის გადანაწილებული. შესაბამისად, სწორი არ არის, რომ ჯოხი ერთ ადამიანზე გადატყდეს. მისი შეფასებით, მთავარი პრეტენზია, რომ თითქოს, პარტია აქტივის ინტერესებს არ ითვალისწინებს, არასწორია.

„ურთიერთობა სწორედ ამ ადამიანებთან გვაქვს, რომელთა ბრძოლის დაფასება იყო ის, რომ დეპუტაციამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ იმ ხალხის პატივისცემაზეა საუბარი, რომელმაც ეს შედეგი დადო. შესაბამისად, იმ პრეტენზიებს ვერ გავიზიარებ, რომელიც სააკაშვილმა გამოთქვა, თუმცა, მას უფლება აქვს, თავისი აზრი თქავს. უახლოეს მომავალში ყრილობის გამართვას ვგეგმავთ, სადაც მომავალი გაირკვევა. ეს ჩვეულებრივი პროცესია და პარტია დღეს უფრო წინ არის, ვიდრე 2012 წლის მარცხის დროს იყო.“, - აცხადებს თარხნიშვილი.

კანონმდებელი არ აკონკრეტებს, სააკაშვილი „სვეტებში“ თუ ვის გულისხმობს და თავად მოიაზრება თუ არა „სვეტებს“ შორის.

„ვინც ეს ტერმინი მოიგონა, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მას გვარები არ დაუსახელებია და ყავის ნალექზე მკითხაობა ჩემი საქმე არასოდეს არ ყოფილა. რაც შეეხება თვითგამოცხადებულ ადამიანს, ეს რას ნიშნავს? - პარტიას პოლიტსაბჭო ჰყავს, რომელიც ყრილობამ აირჩია. შემდეგ, საბჭომ სამდივნო აირჩია, რომელიც პარტიას ისე მართავს, როგორც ეს წესდებაშია ჩაწერილი. თვითგამოცხადებული ვინ არის, ეს გაურკვეველია“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

თარხნიშვილისგან განსხვავებით, გიორგი თევდორაძე ფიქრობს, რომ ის ნაციონალ „სვეტებში“ არ მოიაზრება. როგორც for.ge-ს თევდორაძემ განუცხადა, მისი თანაგუნდელები არიან ის ადამიანები, რომელთაც ღირსება და ინტელექტი ჰყოფნით იმისათვის, რომ ყოველთვის ადეკვატურები იყვნენ იმ პრობლემების წინაშე, რომელიც ხალხის წინაშე დგას.

„მე ქუთაისელი ვარ, რომლებიც „სვეტებთან“ ასოცირებული ნაკლებად არიან. ეს ცხადზე უცხადესი ამბავია, მაგრამ ამას ხუმრობით ვამბობ. არ მგონია, მიშას მხედველობაში რომელიმე კონკრეტული ადამიანი ჰყოლოდა, მას პრეტენზიები იმ მანკიერ მხარეებზე ჰქონდა, რომელიც ნებისმიერ პარტიას და ადამიანებს შეიძლება ჰქონდეს. არ მგონია, რომ „სვეტები“ და დაღლილობა პერსონიფიცირებული ყოფილიყო. იმ ნაკლოვან მხარეებზე გამოითქვა პრეტენზიები, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა. მგონია, რომ ამ დაძაბულობას პარტია დაძლევს და იმედი მაქვს, რომ სიტუაცია დალაგდება“, - დასძინა თევდორაძემ.