საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები მკვეთრ საპროტესტო ნაბიჯებზე გადადიან. კომპანიის ოფისიდან აქციებმა სახელმწიფო უწყებებთან გადაინაცვლა.
გუშინ დაზარალებულებმა მორიგი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართაეს. მათი განცხადებით, კომპანიას 30 მილიონ დოლარზე მეტი თანხა აქვს მეანაბრეებისგან მიღებული. უმეტესობამ საფინანსო კომპანიას ანაბრის სახით 18 000 დოლარამდე თანხა მიაბარა. ახლა კი მეანაბრეები კუთვნილი თანხის მთლიანად დაბრუნებას ითხოვენ. მეანაბრეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადებაც დაწერეს.
„ჩვენ აქციის მონაწილეები რამდენიმე თვეა ვითხოვთ ამ პრობლემის მოგვარებას. მნიშვნელოვანია, მოხდეს მათი საქმიანობის საფუძვლიანი შესწავლა და ჩვენი კუთვნილი თანხების დაბრუნება. თუ ჩვენი პირობები არ დაკმაყოფილდება, აქციები გახდება უფრო მასშტაბური და მიიღებს პერმანენტულ ხასიათს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
გუშინვე საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულმა მეანაბრეებმა პროტესტი ეროვნული ბანკის შენობასთანაც გამოხატეს. ისინი ითხოვდნენ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რადგან დღემდე მათ ვითარებასთან დაკავშირებით ვერავინ გასცა კომპეტენტური პასუხი.
დაზარალებულები ითხოვენ კომპანია „საქართველოს“ მუშაობის საშუალება მიეცეს, რათა მათ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა შეძლოს.
საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სებ-ის მიერ შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“ აღიარებული იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აეკრძალა ფართო მასებიდან თანხების მოზიდვა და დაუწესდა აკრძალვა ნებისმიერი სახის მომსახურებაზე კომპანიასთან დაკავშირებულ მხარეებთან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ცნობით, ვალდებულებებისა და სესხების გასტუმრების მიმართულებით კომპანიას არანაირი აკრძალვა არ აქვს და შეუძლია გააგრძელოს ვალდებულებების მომსახურება.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია შეცვლის დაფინანსების ბიზნეს-მოდელს და არაინფორმირებული და დაბალშემოსავლიანი პირებიდან მოზიდულ მცირე ოდენობის სახსრებს ჩაანაცვლებს კვალიფიციური მსხვილი ინვესტორებით, რომელთაც შესწევთ უნარი შეაფასონ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, მაშინ აღნიშნულ კომპანიაზე აღარ გავრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის გათვალისწინებული მოთხოვნები და შეზღუდვები.
დაზარალებულები კი აგრძელებენ სახელმწიფო უწყებებთან პროტესტის გამოხატვას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც იმყოფებოდნენ, სადაც აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ მათი საქმის მოკვლევა მიმდინარეობს. გამოძიება182-ე მუხლით უკვე დაიწყო. საინიციატივო ჯგუფი ბიზნეს-ომბუდსმენსაც შეხვდა, რომლისგანაც დახმარებაზე უარი მიიღო.
ამიტომ აქციის მონაწილეები სახელმწიფო უწყებებს დროის ხელოვნულ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ წარმომადგენლის თამაზ ლობჟანიძის განცხადებით, კრედიტორების აქტივები საფინასო კომპანიაზე უნდა გადაფორმდეს, რათა მეანბრეების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.