SOS! ფშავის სოფლები და უნიკალური ტყეები საფრთხეშია!

SOS! ფშავის სოფლები და უნიკალური ტყეები საფრთხეშია!

სახელმწიფოს მილიონობით ლარის ზარალი ემუქრება

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი კაწალხევი მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკად კაწალხეურას ხეობაში, ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზონაში მდებარეობს. აქ სტიქია თითქმის ყოველწლიურად მეორდება. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სახელმწიფო თან ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისთვის სოლიდურ თანხებს ხარჯავს და თან ამ სტიქიური პროცესების გააქტიურებასაც უწყობს ხელს – რისკის ზონაში სოციალურ ჭრას ნიშნავს.
„ტყეებში განვითარებული ეროზიულ-მეწყერული პროცესების გამო დახეთქილია ნიადაგი. ფერდობები მოწყვეტილი და ჩამოქცეულია. ერთადერთი, რაც სტიქიას აკავებს, არის ტყე, რომელსაც სოფელი იცავს. ამ ტყის გაჩეხვა გამოიწვევს სოფლის დანგრევას და დაცარიელებას“, – აღნიშნული წერილით სოფლის მოსახლეობამ საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა და სტიქიის გააქტიურების საფრთხის შეფასება მოითხოვა. 
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, მოსახლეობის განცხადების პასუხად, ადგილზე სპეციალისტების ჯგუფი გაგზავნა. საველე კვლევაში, დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად ასევე ჩაერთო CENN. კაწალხევში ჩასულ სპეციალისტებს მძიმე სურათი დახვდათ – ტყეკაფების ათვისება აქტიურად არის დაწყებული და ასევე მიმდინარეობს ახალი ტყეკაფების გამოყოფა. 
,,გაშეშებული'' ტყე 
რამდენად უსაფრთხოა ჭრის ჩატარება არაგვის სათავეების აღნიშნულ უბანზე და ხომ არ გამოიწვევს ეს დამატებით პრობლემებს? – ამ კითხვაზე პასუხს სპეციალისტების მიერ მომზადებულ ანგარიშში ამოიკითხავთ. 
წინასწარი ვიზუალური შეფასებით, ტყეკაფები პოტენციურ მეწყერულ ადგილებშია გამოყოფილი და აქ ჭრის ჩატარება გამოიწვევს მეწყერული კერების გააქტიურებას. მოსახლეობა ფიქრობს, რომ სტიქიის მასშტაბი ერთი-ორად შეიძლება გაიზარდოს. რამდენიმე წლის წინ ღვარცოფმა მდინარის ქვემო წელში მცხოვრები ოჯახები ძალზედ დააზარალა, წაიღო სოფლამდე მისასვლელი გზა და ხიდები, რისი რეაბილიტაციაც დუშეთის გამგეობას ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა. 
გარემოსდამცველები, ბუნებრივი კატასტროფების გარდა, სხვა პრობლემებზეც საუბრობენ. „ტყეკაფები გამოყოფილია უთხოვრის შერეულ კორომებში. სატყეო გზები შეყვანილია პირდაპირ მდინარის კალაპოტებში, მოჭრილი ხეების კოტრები დაგორებულია კალაპოტისკენ, რაც იწვევს ჭრაში მოუნიშნავი ხეების დაზიანებას და კანის აცლას (მათ შორის უთხოვრის ხეების დაზიანებას)“, – აცხადებს CENN-ის კოორდინატორი მცხეთა-მთიანეთში, გიორგი იორამაშვილი. 
რას ამბობენ გარემოსდამცველები 
გიორგი იორამაშვილი: ,,ამ ხეობაში თვალშისაცემია ტყის მჭრელებისგან ტყეკაფებში დაყრილი ბენზინიანი ბოთლები და ცელოფნის პარკები, ასევე ადგილზეა დარჩენილი ასათვისებელი საშეშე მერქნის დაახლოებით 30%. ამის მიზეზი თავად მოსახლეობაა – დუშეთის რაიონის ქვედა ზონის სოფლების მაცხოვრებლები, სკოლები და ბაგა-ბაღები, ვინც ამ შეშას ყიდულობს და მოიხმარს, ითხოვენ მსხვილ უკოჟრო მორებს, რის გამოც მოჭრილი ხეების მნიშვნელოვანი მოცულობა რჩება ადგილზე და ქმნის ჩახერგილობას. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ახლა უკვე ნოემბერია და ნედლი შეშის მოხმარებით ენერგიის კიდევ 30-40% დაიკარგება. გამოდის, რომ ამ უნიკალური ტყეების მხოლოდ 40%-ს ვიყენებთ. მდინარის სათავეებშივე ვაბინძურებთ წყალს, რომელსაც თბილისის მოსახლეობა სასმელად იყენებს, ტყეების დეგრადაციით ვაჩენთ უამრავ მეწყერულ და ღვარცოფულ კერას, რაც გამოიწვევს ჩამოტანილი ინერტული მასალით კალაპოტების ამოვსებას და მდინარეების პირას დასახლებულ მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის“. 
გარემოსდამცველები ამბობენ, რომ დეგრადირებული ტყიდან, რომელსაც დაკარგული და შემცირებული აქვს მთავარი ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქცია, ინტენსიური წვიმის დროს ირეცხება და ჟინვალჰესში ილექება უნიკალური ნიადაგის ფენები, რაც ამ ტყეებმა საუკუნეების განმავლობაში შექმნა: ,,ტყეებთან ასეთი უდიერი მოპყრობა და არარაციონალური გამოყენება თუ გაგრძელდა (ეს პრობლემა, სამწუხაროდ, მხოლოდ კაწალხევსა და მცხეთა-მთიანეთში არ დგას), საბოლოოდ გამოიწვევს უამრავ ბუნებრივ კატასტროფას, შეიცვლება არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი და ეს ყველაფერი ქვეყნისათვის მოიტანს მილიონობით ლარის ზარალს“.