კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, რომელიც საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე წამყვანი კომპანიაა, ოქტომბრიდან წყლის ტარიფის გადახდის ახალი ფორმა აამოქმედა. ახალი სისტემით, წყლის გადასახადი - 1 სულზე 3.15 ლარი, იმ საცხოვრებელ ფართებზეც დაირიცხება, სადაც ოფიციალურად არავინ ცხოვრობს.
თუ კომპანია ეჭვს შეიტანს, რომ ამ სახლს ვინმე საცხოვრებლად იყენებს და ამის საფუძელი კონკრეტულ მისამართზე მცირე ელექტროენერგიის მოხმარებაც კი გახდება, კომპანია წყლის გადასახადს დაარიცხავს.
ამ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა როგორც მომხმარებელი, ასევეე ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილიც. მისი აზრით, ეს არის კომპანიის უნებართვო ქმედება.
„ეს შემთხვევა შეეხება გაუმრიცხველიანებელ აბონენტებს, რომელთაც სასმელი წყლის ღირებულება ერიცხებათ სულადობის მიხედვით. სულადობა ნიშნავს საცხოვრებელ ფართში რეგისტრირებულ პირთა ოდენობას, რომლის თაობაზე სრულყოფილი ინფორმაცია მოიპოვება მხოლოდ სერვისების სააგენტოში.
თუ საცხოვრებელ ფართში არც ერთი პირი არ იყო რეგისტრირებული, ამ აბონენტს მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გადასახადი არ ერიცხებოდა. ოქტომბრიდან კი, ასეთ აბონენტებს დაერიცხათ გადასახადი ერთ სულზე, რომელიც შეადგენს 3.15 ლარს. მარეგულირებელი კომისიის წესებით არაფერი შეცვლილა და, ფაქტობრივად, ეს არის კომპანიის უნებართვო ქმედება. ზოგადად, სემეკის წესებით დადგენილია გადახდის ორი ფორმა - მრიცხველით და სულადობით. იქ, სადაც მრიცხველი არ დგას დარიცხვა ხორციელდება სულადობის მიხედვით, ანუ რამდენი პირია რეგისტრირებული ბინაში. პირთა რეგისტრაციის შესახებ კი ინფორმაციას ვიღებთ სერვისების სააგენტოდან.
ვფიქრობ, კომპანიას არა აქვს ამის უფლება და ამიტომ ასეთ მიდგომას ვეწინააღმდეგები. ვაპირებ დავას ამ საკითხზე. უკვე გამოვითხოვე ახსნა-განმარტება კომპანიიდან და ველოდები მათ მოსაზრებას“, - აცხადებს ვარდიაშვილი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გადაწყვეტილება მაშინვე გააპროტესტა ოპოზიციამ. კომპანიის სათავო ოფისში პარტია „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ, კახა ძაგანიამ და სხვა ლიდერებმა კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი ცხადაძის სახელზე საპროტესტო წერილი შეიტანეს, რომელიც წყლის გადასახადის გადახდის ახალი ფორმის შემუშავებას შეეხება.
„თქვენი გადაწყვეტილება წყლის ტარიფის ახალი გადახდის ფორმასთან დაკავშირებით არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან კონსტიტუციის თანახმად, არ შეიძლება, რომ მომხმარებელი ერთ პროდუქტში 2-ჯერ და მეტჯერ იხდიდეს გადასახადს. თქვენ მოახდინეთ საქართველოს კანონმდებლობის თქვენეული ინტერპრეტაცია და ისედაც სოციალურად დაუცველ საქართველოს მოსახლეობას თქვენს მიერ მოწოდებულ პროდუქტზე ზედმეტად დაუწესეთ გადასახადი.
საქართველოში დაწესებული წყლის გადასახადი ისედაც არაადეკვატურად მაღალია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, აღადგინოთ ძველი გადახდის ფორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ პროტესტის ყველა კანონიერ ზომას, მათ შორის, პოლიტიკურს და სამართლებრივს“, - აღნიშნულია „მემარცხენე ალიანსის“ საპროტესტო წერილში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ამ ახალი ფორმის მიხედვით, არსებობს საშიშროება, რომ მომხმარებლები, რომლებიც ორ ან მეტ უძრავი ქონებას ფლობენ, ორმაგად დაიბეგრონ.