ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ე.წ. კლანური ინფორმაციები ვრცელდება. თუ ერთი მხრივ უგულავას ჯგუფი პროექტის განსაკუთრებულ წარმატებულობაზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე მხრივ მერაბიშვილი-გილაურის ტანდემი პროცედურულად აფერხებს პროგრამის მეორე ეტაპის დასრულებას.
თბილისის მერიის პროექტის ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე მეორე ეტაპში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენა კიდევ ერთი თვით გადაიდო. ეს ინფორმაცია მენაშენეთა ასოციაციაციის თავმჯდომარემ ირაკლი როსტომაშვილმაც დაადასტურა. თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ სპეციალური კომისია 21 მაისს შესულ სატენდერო წინადადებებს ამ დრომდე სწავლობს.
კულუარული ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შეფერხების რეალური მიზეზი სახელისუფლებო გუნდში არსებული დაპირისპირებაა. საქმე ისაა, რომ პროექტის მთავარი დამფინანსებელი, “საქართველოს ბანკი”, რომლის გენერალური დირექტორი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ძმა ირაკლი გილაურია, სესხის გაცემაზე უარს აცხადებს.
გილაურსა და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელთა გუნდშიც პრემიერი მოიაზრება, თბილისის მერისთვის გიგი უგულავასთვის მაღალრეიტინგული პროექტი არ ემეტებათ.
“ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის» განხორციელება გიგი უგულავას ისედაც მაღალ რეიტინგზე დადებითად აისახება, რაც ხელისუფლების გარკვეული ნაწილის შეშფოთების საგნად იქცა”, - აცხადებს სააგენტო “პირველის” წყარო და დასძენს, რომ პროექტის “მხსნელად”, შესაძლოა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოგვევლინოს.
“ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მეორე ეტაპი 3-წლიანი და მისი დაფინანსება 200 მლნ ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხა სწორედ პრეზიდენტის ბოლო დროს გაზრდილი ფონდიდან დაფინანსდება. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის ქულებს გიგი უგულავას ნაცვლად, მიხეილ სააკაშვილი ჩაიწერს.
პროექტი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” თბილისის მერიამ 2009 წლის ივნისში წარმოადგინა. პირველ ეტაპზე გამარჯვებულ 12 სამშენებლო კომპანიასა (“არსი”, “არსი ავლაბარი”, “ორთაჭალის ტურფა”, “ტიფლის საბურთალო”, სამშენებლო კომპანია “ნიკე”, “ეუბე ჯორჯია”, “აკადემქალაქი” – “ოქროს კვეთი”, “პარკ-პლეისი”, “აქსისი პალასი”, “მარსი”, “ვაკე პალასი” და “ოლიმპიური ვარსკვლავი”) და 4 ბანკს (“საქართველოს ბანკი”, “თიბისი ბანკი”, “ბანკი ქართუ” და “ბანკი რესპუბლიკა”) შორის ხელშეკრულებები გაფორმდა.
ბანკებმა მშენებლობის დასასრულებლად დეველოპერებს 53 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი გამოუყვეს. თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიებმა ვალდებულება აიღეს, მშენებლობები ორი წლის განმავლობაში დაასრულონ და ავარიულ ბინებში მცხოვრები 250 ოჯახი საცხოვრებლად ახალ სახლებში გადაიყვანონ. გარდა ამისა, პროექტის ხელშეწყობით დასრულდება იმ 1 917 ბინის მშენებლობა, რომელიც კომპანიებს დაფინანსების არქონის გამო შეჩერებული ჰქონდათ.
ასეთი არასასიამოვნო ინფორმაციების პარალელურად, თბილისი მერის გუნდის წარმომადგენლები ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის პოპულარობაზე საუბრობენ. მათი აზრით, პროექტმა იმდენად გაამართლა, რომ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მეორე ეტაპის პარალელურად, მესამე ეტაპიც დაიწყება.
მთაწმინდის მაჟორიტარი მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ პროექტის მესამე ეტაპი წლის ბოლომდე დაიწყება. მისივე თქმით, ამჟამად პროექტის მეორე ეტაპზე საკონკურსოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმება მიმდინარეობს.
ძველი თბილისის რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე 33 დეველოპერმა განაცხადი 47 მშენებარე პროექტზე წარადგინა. ისინი ბანკებისგან მერიის გარანტიით 200 მილიონამდე დოლარის დაფინანსებას ითხოვენ.მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენლები კი ხაზს უსვამენ, რომ ამ პროექტით ყველაზე მეტად სახელმწიფო იხეირებს.
- “ყველაზე მოგებული ამ პროექტიდან დარჩება სახელმწიფო. პროექტის მეორე ეტაპისათვის, თუკი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თანხის მოცულობა დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენს. რა მოხდება ამ შემთხვევაში? განვითარდება ეკონომიკის სტიმულირების პროცესი და 200 მილიონ დოლარზე, ჩვენი გათვლებით, ბიუჯეტში მხოლოდ გადასახადების სახით შევა, დაახლოებით, 360 მილიონი დოლარი, ანუ 1,8-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ბიუჯეტს თვითონ მოუწევს გადახდა. იმავდროულად, დაახლოებით, 200-210 მილიონი შევა მანამ, სანამ სახელმწიფოს თვითონ მოუწევს გადახდა.
შეგახსენებთ, რომ თანხის გადახდა ხდება დეველოპერის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ. დანარჩენი 155-160 მილიონი დოლარი კი შევა მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს ეს თანხები უკვე ექნება გადახდილი”, - ამბობს მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე.