საკრებულოს დეპუტატები „სითი პარკის“ გაგდებას ითხოვენ

საკრებულოს დეპუტატები „სითი პარკის“ გაგდებას ითხოვენ

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას ითხოვს. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მერიას აქვს საშუალებს პარკირების თანხა თავად ამოიღოს.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიისგან მოითხოვენ, რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება „სითი პარკთან“, პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი აისახოს 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება მართოს თბილისის მერიამ.

2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც დავით ნარმანია დედაქალაქი მერი გახდა, „სითი პარკმა“ თბილისის მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღო 62 მილიონი ლარი, აქედან თბილისის ბიუჯეტში ჩარიცხა 18 მილიონი ლარი, ხოლო 43 მილიონზე მეტი კომპანიამ სახლში წაიღო. ელისაშვილის თქმით, „სითი პარკს“ არ აუშენებია არც ერთი ავტოსადგომი, თეთრიც კი არ დაუხარჯავს პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მისი ხარჯი არის მინიმალური და შემოიფარგლება თანამშრომელთა ანაზღაურებით, საღებავის ფულით და ევაკუატორებისთვის საწვავით.

დედაქალაქის მერს კი ეს ძალიან ეეჭვება. დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ წელიწადში 25 მილიონი ლარის ამოღება ვერ მოხერხდება, თუ ამ პარკირებას დედაქალაქის მერია განახორციელებს.

ნარმანიას თქმით, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტის 2017 წლის პროექტს საკრებულოში წარადგენს, დიდი სიამოვნებით მოისმენს საკრებულოს დეპუტატების კონკრეტულ მოსაზრებებს და გაანგარიშებებს, რას მოაკლონ თანხები, რათა „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში მერიამ „სითი პარკს“ პირგასამტეხლო 25 მილიონი ლარი გადაუხადოს.

„მეტი არგუმენტები სჭირდება ამას. ვფიქრობ, უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს ქალაქი და ათეულობით მილიონი ლარის გადახდა არ უნდა მოუწიოს შემდეგ. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან, იმიტომ რომ ჩვენი წინამორბედების მიერ „სითი პარკთან“ კაბალური ხელშკრულება იყო გაფორმებული, რომელიც სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციებიკარგა ხანია ილაშქრებენ „სითი პარკის“ წინააღმდეგ. რამდენიმე დღის წინ „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარემ ემზარ პაქსაძემ კომპანიის უკანონო საურავებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „სითი პარკი“ თვითონაა პოლიციაც, სასამართლოც და აღმასრულებელიც.

„ვინ აკონტროლებს იმას, მოქმედებს თუ არა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში „სითი პარკი“ კანონის შესაბამისად? პასუხი მარტივია – თუ პირმა ვისი დაჯარიმებაც მოხდა თავად არ მიმართა სასამართლოს ან თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, „სითი პარკი“ თვითონ წყვეტს ვინ დააჯარიმოს, ვის დააკისროს საურავი და ვის მიმართ დაიწყოს სააღსრულებო წარმოება.

რეალურად მაქსიმალური თანხა, რაც ერთ ათლარიან ჯარიმაზე პირს შეიძლება დაეკისროს, არის 192 ლარი. ეს არაა ისეთი თანხა, რის გამოც ავტომობილის მფლობელი პირების 99% მიმართავს სასამართლოს ან მერიას და ამ მიზნით დაიქირავებს ადვოკატს, შემდეგ რამდენიმე თვე ან წელი დაელოდება მერიის ან სასამართლოს გამამართლებელ გადაწყვეტილებას. ვერც გავამტყუნებთ ამ ადამიანებს, მართლაც არ შეიძლება ადამიანს უღირდეს 192 ლარი საკუთარი დროის, ნერვებისა და თანხების დასახარჯად, თუ არ ამოძრავებს სამართლიანობის აღდგენის წყურვილი.

თუ წავიდა ადამიანი სასამართლოში ან მერიაში და მოიგო კონკრეტული საქმე, რეალურად, „სითი პარკი“ არც არაფერს კარგავს, მაქსიმუმ, დააბრუნებს უკანონოდ (თუ ასე დადგინდა) მითვისებულ თანხას და განაგრძობს თავის ჩვეულ საქმიანობას“, - აცხადებს ემზარ პაქსაძე.

„სითი პარკს“ 2024 წლამდე აქვს ხელშეკრულება დედაქალაქის მერიასთან და თანაც ისეთი კაბალური პირობებით, რომ მისი ალაგმვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.