საერთაშორისო საზოგადოება უკვე მერამდენედ მსჯელობს იმაზე, უნდა აიკრძალოს თუ არა ოფშორები. თუმცა ოფშორული ზონების გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე იმდენად დიდია, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა თავიანთი ოფშორებიც კი შექმნეს. ამდენად, ოფშორულ ანგარიშებზე არსებული 3.5 ტრილიონი დოლარის ამოღება მხოლოდ სურვილის დონეზეა. მეტიც, თანამედროვე ბიზნესი დამოკიდებულია ოფშორებზე და მათი აკრძალვის შემდეგ მსოფლიოს სხვა წერტილებში გაჩნდება სხვა საგადასახადო ოაზისები.
თბილისში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარულ სესიაზე ჩამოსულმა OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრაციის დირექტორმა პასკალ სენტამანმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანამ ერთობლივად უნდა იმუშაოს საბანკო საიდუმლოების დასამთავრებლად და გადასახადების გადამხდელები მთელ მსოფლიოში უნდა დაეთანხმონ ახალ გამჭვირვალე გარემოს.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ დგას ოფშორული კომპანიების მიღმა, ხელისუფლებებმა უნდა იცოდნენ, რა რაოდენობის ფული ტრიალებს ოფშორებში, რათა ყველამ გადაიხადოს გადასახადები და არა რამდენიმემ ყველას ნაცვლად“, - განაცხადა პასკალ სენტამანმა.
OECD-ის თავმჯდომარემ კოსი ლოუმ აღნიშნა, რომ მსოფლიოში არაკომფორტული გარემო უნდა შევქმნათ მათთვის, ვისი მიზანიც და სურვილიც გადასახადებისგან თავის არიდება ან სხვადასხვა აქტივების გაუმჭვირვალე ანგარიშებზე გადამალვაა.
აიკრძალება თუ არა ოფშორები?!
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აკრძალვამ შეიძლება დააზიანოს ეკონომიკური პროცესი. ამიტომ აკრძალვას სჯობს, მოვახერხოთ გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა. შეიძლება, აკრძალვაზე ვიფიქროთ გარკვეულ სფეროებში, ანუ იმ სფეროებში, რომელიც უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებას (ტელეკომუნიკაციები, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, სტრატეგიული ობიექტები). რაც შეეხება სხვა სფეროებს, ეს იქნება ტურიზმი თუ მომსახურების სხვა სფერო, არასწორი იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა.
„მსოფლიოში ოფშორებთან ბრძოლის რეალური მეთოდი არ არსებობს. ასი პროცენტით ამ თემის ჩახურვა შეუძლებელია, რადგან როგორც საგადასახადო ტექნოლოგიები ვითარდება, ასევე, გადასახადებისთვის თავის არიდების ტექნოლოგიებიც ვითარდება. ოფშორული კომპანიები გამოიყენება ორი ძირითადი მიმართულებით. პირველი, ეს არის კორუფციული ფული. როგორც წესი, ამ კორუფციულ ფულს ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა ნიღბავს ამ ფორმით და ამის პრევენცია შესაძლებელია
გამჭვირვალეობის მოთხოვნით. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, უნდა აიკრძალოს ოფშორების მონაწილეობა მედიასივრცეში, ტელევიზიებში. ჩემი აზრით, იგივე ნორმები უნდა მოქმედებდეს მედიის ყველა სახეობაში, მათ შორის, სააგენტოებში, გაზეთებში, ანუ ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. ენერგეტიკაში განსაკუთრებით სერიოზულად მძიმე მდგომარეობაა ამ კუთხით. დანარჩენი სფეროები კი შეგვიძლია შედარებით ლიბერალურად დავტოვოთ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოფშორული კომპანიები 70-80-იანი წლების მეორე ნახევარში შეიქმნა, რათა განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის სტიმულაცია მომხდარიყო. ოფშორული ზონების განვითარებით თურქეთმა ეკონომიკური ზრდის ტემპებს მიაღწია.
„სხვათა შორის, ზურაბ ჟვანიას ჰქონდა ასეთი მიდგომა და მეც მოვუმზადე ბატონ ზურაბს სპეციალური მოხსენება ოფშორულ ზონებთან დაკავშირებით, რის მერეც შემუშავდა კანონი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ. ოფშორული ზონებისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონების შემოტანით საქართველოში უნდა დაწყებულიყო ეკონომიკური ბუმი. მაგრამ ეს კანონპროექტი ბლოკირებულ იქნა, თუნდაც იმავე რეგიონალური მმართველების, მათ შორის, ასლან აბაშიძისა და სხვა პირების მხრიდან. დიდი ალბათობით, ზურაბ ჟვანია სწორედ თავისუფალი ეკონომიკური ზონების შემოღების გამჭვირვალეობის პროცესს შეეწირა კიდეც.
ოფშორებთან მიმართებით მსოფლიო უძლურია, რადგან სხვადასხვა ქვეყანაშიც შეიძლება ოფშორული ზონები განავითარონ. ერთიანი შემაკავებელი მექანიზმი ამისთვის არ არსებობს, რადგან არ არსებობს ერთიანი მთავრობა, ერთიანი გლობალური ცენტრი. შესაძლოა, გაერომ მიიღოს რაღაც ტიპის დოკუმენტი და იქ ჩაიწეროს, რომ ოფშორები უნდა შეიზღუდოს, მაგრამ ოფშორულ ზონაზე არც ერთი ქვეყანა უარს არ იტყვის, რადგან ამ ოფშორებიდან ხდება მთავარი ეკონომიკური და ფინანსური პირობების განვითარება“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მანვე განმარტა, რომ ოფშორებში არსებული რეგულაციის ფორმები უნდა გახდეს საჯარო და გამჭვირვალე, ვინაიდან ოფშორებს ზოგჯერ შავი ფულის გასათეთრებლად იყენებენ. ამიტომაც მსოფლიომ მარტივ გამოსავალს მიაგნო. კერძოდ, უნდა მომხდარიყო ოფშორებში გადარიცხული თანხების სრული შემოწმება, რათა ეს სივრცე არ გამოეყენებინათ ტერორისტების მხარდაჭერის მიზნით. აქედან გამომდინარე, ოფშორებს უკვე კავშირი აქვთ არა მარტო ეკონომიკურ დანაშაულთან, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემებთან.