ირაკლი ბათიაშვილი კრიზისების საბჭოს ხელმძღვანელად ინიშნება?
პოლიტიკური ევერესტი ნოემბერში დაიპყრო და პოლიტიკური უფსკრულისკენაც ნოემბერში მიექანება... დიახ, გიორგობისთვე მისი ბედისწერაა, პოლიტიკური ბედისწერა! ახლა, ვინმემ, უფრო სწორად, რომელიმე მართლმორწმუნე ,,მიშისტმა'' შეიძლება, სიტყვა შემომიბრუნოს და ნიშნისმოგებით მითხრას, მიშა არასოდეს დაეცემაო და ამის დასტურად 2007 წლის 7 ნოემბერი მოიყვანოს, როცა ნაციონალებმა მშვიდობიანი მიტინგი სისხლში ჩაახშეს, ვითომ სინანულის ნიშნად, სააკაშვილი გადადგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, მაგრამ მაშინდელი და დღევანდელი მოცემულობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ისე, მაშინ საკაშვილის დოკუმენტალისტებმა პროპაგანდისტული ფილმი - ,,ნოემბრიდან ნოემბრამდე'' გადაიღეს, რომელიც დღემდე განხილვის საგანია... ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 9 წლის წინ, მიხეილ სააკაშვილი ბედკრული თუ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ერთპიროვნული მმართველი იყო, შესაბამისად, ყველას და ყველაფერს საკუთარ ჭკუაზე ატრიალებდა. ახლა კი მიშა უცხო ქვეყანაშია, ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივი ჩინოვნიკის თანამდებობა ეკავა და, მიუხედავად იმისა, რომ იგივე უკრაინის შს მინისტრის მოადგილე მისი თანაგუნდელი და თანამოაზრეა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გისოსებისგან ეკა ზღულაძეც ვერ იხსნის!
ისე, გისოსები ტყუილად არ მიხსენებია, თუმცა ვიდრე ამ თემას განვავრცობთ, ჯერ ის გავარკვიოთ, პრეზიდენტყოფილმა ,,ქოში უკუღმა'' რატომ ,,ყარა''. საერთოდ, საქმეში ჩახედულები ამბობენ, რომ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან ,,ცა მოწმენდილზე'' არ გადამდგარა.
,,ჯერ კიდევ ზაფხულში ვიცოდი, რომ სააკაშვილის უკრაინული კარიერა ისე დამთავრდებოდა, როგორც დამთავრდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მიშა არ დაიკარგება, ძალიან ცდება. ის ფენიქსი არაა, აღდგეს, თანაც მერწმუნეთ, სააკაშვილს პოლიტიკურ დაფაზე უკვე პაიკის ფასიც აღარ აქვს. დიახ, ის გაწირეს, უფრო სწორად, გამოიყენეს და მოიშორეს'', - ეუბნება ,,ვერსიას'' პიროვნება, რომელიც შეთქმულების თეორიებს ვერ იტანს, მაგრამ სამაგიეროდ, პოლიტიკურ ტექნოლოგიებში კარგად ერკვევა და, როგორც მიანიშნებს, ამა თუ იმ პერსონების აღზევება-დაცემაში გარკვეული წვლილი, სხვადასხვა დროს, თვითონაც შეუტანია.
დიახ, ,,ვერსიის'' ოპერატიული წყარო აცხადებს, რომ სააკაშვილი ამ ნაბიჯისთვის დიდი ხანი ემზადებოდა, მაგრამ ყველაფერი 8 ოქტომბრის არჩევნებმა დააჩქარა.
,,ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, გეგმა ასეთი იყო: ნაციონალები, უფრო სწორად, მიშა და ნაცმოძრაობის მისი ფრთა ვარაუდობდა, რომ ყოფილი მმართველი პარტია 8 ოქტომბერს იმაზე დიდ წარმატებას აჩვენებდა, ვიდრე აჩვენა ანუ თუ ნაცმოძრაობა პარლამენტში 50-მდე ადამიანის შეყვანას მაინც მოახერხებდა, ეს ყოფილი პრეზიდენტისთვის ერთგვარი ჯავშანი იქნებოდა, უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ, თუკი 150-დან 50 დეპუტატი მიშას დაქალ-ძმაკაცი იქნებოდა, მას ,,ოცნებასთან'' შესაძლოა, ფარული პოლიტიკური ვაჭრობა დაეწყო და, მინიმუმ, იმის გარანტია მიეღო, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, არ დააკავებდნენ. ამის სანაცვლოდ კი მიშა საკუთარ ხალხს ,,პრიკაზს'' მისცემდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ,,ოცნების'' ინიციატივები არ დაებლოკა. ამასთან, საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილი თავის ტკივილი არათუ ,,ოცნებისთვის'' იქნებოდა, არამედ, პოროშენკოსაც სისხლს გაუშრობდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მიშას ეგონა, თან ყველაფერ ამას ,,დიდი ღალატიც'' დაემატა'', - ამბობს ,,ვერსიის'' ოპერატიული წყარო და საუბარს ღალატით აგრძელებს, - ,,მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მიშას ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ საკუთარმა თანაგუნდელებმა მიაყენეს. ისე, ვერ ვიტყვი, რომ ყოფილი პრეზიდენტი და აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი, მაგალითად, გიგა ბოკერიას თავიდან ბოლომდე ენდობოდა, მაგრამ მგონი, ადრეც გითხარით, რომ ნაცმოძრაობაში სააკაშვილის უპირობო მიმდევრები აკაკი მინაშვილი და გოკა გაბაშვილი არიან. ასევე, მიხეილ ნიკოლოზის-ძეს იმედი ჰქონდა, რომ იგივე მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი და სხვები, ვინც თავის დროზე ცხონებული ზურაბ ჟვანიას გარემოცვის წევრები იყვნენ, სიკვდილამდე მის გვერდით იქნებოდნენ, მაგრამ მიშამ ერთ გარემოებას არ მიაქცია ყურადღება, კერძოდ, იმას, რომ თუ ამ ხალხმა ჟვანია უარყო, მას რატომ აღარ უარყოფდა?''
,,ვერსია'', რასაკვირველია, დაინტერესდა, ინფორმატორი აქცენტს ე.წ. ჟვანიას სასტავზე რატომ აკეთებს და საუბარი ამ კუთხით გააგრძელა. ჰოდა, ოპერატიულმა წყარომაც საინტერესო მინიშნება გააკეთა: ,,აბა, დააკვირდით: მიშას საწინააღმდეგო შეფარულ განცხადებებს ვინ აკეთებს? ვინ და, ის ადამიანები, რომლებმაც ჟვანია ანუ ადამიანი, რომელმაც ისინი პოლიტიკაში მოიყვანა, მანამ უარყვეს, ვიდრე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ პრემიერს დაასაფლავებდნენ. არადა, თავის დროზე სააკაშვილმა ეს ხალხი სწორედ იმ მიზნით გადაიბირა, რომ მისი ,,ყურმოჭრილი მონები'' იქნებოდნენ. საერთოდ, ,,დავერბოვკებისას'' ერთ-ერთი მთავარი გარემოება კომპრომატებია ანუ იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილს ექსჟვანიისტებზე არაერთი მამხილებლი მასალა ჰქონდა, მაგრამ ისიც სპეცსამსახურების კლასიკაა, რომ კომპრომატებით ,,დავერბოვკებულთა'' ნდობა ბოლომდე არ შეიძლება''.
ყოველივე ზემოთქმულის გარდა, ,,ვერსიასთან'' ოპერატიულ კავშირზე მყოფი ადამიანი ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს. სახელდობრ, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ,,ნაცები'' პარლამენტში სოლიდური რაოდენობით შევიდოდნენ, მათი არაოფიციალური მწყემსი, სააკაშვილის გათვლით, სანდრა რულოვსი იქნებოდა, მაგრამ ამ მოცემულობაში, როცა მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს წევრი სულ 27 ნაციონალი გახდა, სანდრას დეპუტატობამ, უბრალოდ, აზრი დაკარგა.
,,ჩემი აზრით, სანდრას პოლიტიკოსის სტატუსი არც ადრე ხიბლავდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი და მიშას ოჯახურ ურთიერთობაზე არასასიამოვნო ხმა არაერთხელ გავრცელებულა, რაც უნდა იყოს, მაინც ცოლ-ქმარი ეთქმის, შვილები ჰყავთ. ამიტომ, სანდრა, უნდა თუ არა, მიშას ,,ხუშტურებს'' ემორჩილება. ახლაც, ალბათ მიშამ ,,დაუპრიკაზა'', პარლამენტში არ შესულიყო და ქართველების ჰოლანდიელმა რძალმაც ეს ,,პრიკაზი'' სიტყვა-სიტყვით'' შეასრულა'', - აღნიშნავს ,,ვერსიასთან'' საუბრის დროს ინკოგნიტო რესპოდენტი, რომელიც სააკაშვილს არცთუ ხავერდოვან მომავალს უწინასწარმეტყველებს და მიანიშნებს, რომ ამ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც თავისუფლად შეეძლო, ისტორიაში კარგი სახელი დაეტოვებინა, პოლიტიკური მემუარების წერა, ალბათ, გისოსებსმიღმა მოუწევს.
,,ქართულ მედიაში არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინელი სამართალდამცავები სააკაშვილის, როგორც ოდესის გუბერნატორის საქმიანობას სწავლობდნენ. მართალია, ამას ნაციონალები ,,ოცნების'' ,,შავი პიარით'' ხსნიდნენ, მაგრამ ახლა ფაქტი სახეზეა: მიშა უკრაინის პრეზიდენტს ღიად დაეტაკა და, როგორც განაცხადა, ბრძოლიდან კი არ მიდის, არამედ, ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ იწყებს ანუ თქვა, ის ჯარისკაცი ვარ, რომელიც არასოდეს ჩერდებაო. ეს ფრაზები შეიძლება, ერთგვარ მესიჯადაც ჩავთვალოთ, იმის თქმა მინდა, რომ მიშამ პოროშენკოს მიანიშნა, რომ თუ მის წინააღმდეგ ვთქვათ, სისხლის სამართლის საქმე აღძრავს, უკან არ დაიხევს და ყველაფერს ,,დაფქვამს'', რაც უკრაინის პრეზიდენტსა და მის გარემოცვაზე იცის.
წესით, ამ მხრივ სააკაშვილს დიდი ინფორმაცია ექნება - თუკი საქართველოში ყველას და ყველაფერს ფარულად უსმენდა და უღებდა, ამ ჩვევაზე უარს უკრაინაში ვითომ რატომ იტყოდა? მით უმეტეს, უკრაინის შსს-ში თავისიანი ჰყავდა, ეკა ზღულაძის სახით. პირადად მე, ვეჭვობ, რომ იმ ადამიანებზე, რომლებიც სააკაშვილს უპირისპირდებიან, გარკვეული მამხილებელი მასალა გია ლორთქიფანიძესაც ექნება, რომელიც ოდესის ძალოვან უწყებას ხელმძღვანელობდა. ახლა, არ ვამბობ, რომ ეს მასალები მაინცდამაინც ინტიმური დეტალების შემცველია, მაგრამ მიშამ კორუფცია იმდენჯერ ახსენა, რომ შეიძლება, ფარული ჩანაწერები აქვს, სადაც უკრაინელი მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგებებია ასახული'', - აღნიშნავს ,,ვერსიის'' კონფიდენტი და კიდევ ერთ კულუარულ ინფორმაციას გვაწვდის, რომელიც სააკაშვილსა და ნაციონალებს არ ეხება.
მოკლედ, როგორც საუბრის დასასრულს ჩვენმა ოპერატიულმა წყარომ აღნიშნა, აქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ,,ოცნების'' ხელისუფლებაში რომელიმე გავლენიანი თანამდებობა შესაძლოა, ირაკლი ბათიაშვილმა დაიკავოს. სხვათა შორის, ბათიაშვილმა ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება დიდი ხანია, დატოვა და საზოგადოებრივად მაინცდამაინც აღარ აქტიურობს.
,,არ ვიცი, ეს ინფორმაცია გამართლდება თუ არა, მაგრამ როგორც მითხრეს, ამ ეტაპზე მიდის ლაპარაკი, ბათიაშვილი კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნოს. ზოგადად, კრიზისების მართვის საბჭო ზოგს შეიძლება, უშიშროების საბჭოს ანალოგი ჰგონია და, ერთი შეხედვით, ასეცაა, მაგრამ პრემიერთან არსებული ეს უწყება ქვეყნის უსაფრთხოებისა და უშიშროების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია. ბათიაშვილი კი, რომელსაც 90-იან წლებში უშიშროების მინისტრის თანამდებობა ეკავა, შეიძლება, ცუდი კანდიდატურა არც იყოს, რადგან ჯერ ერთი, სისტემას იცნობს; მეორეც, წყაროებიც ჰყავს და შესაბამისად, ინფორმაციის პრობლემა არ ექნება. გარდა ამისა, მას ლაპარაკი რუსებთანაც შეუძლია და ევროპელებთანაც. ამიტომ, პირადად მე, ბათიაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნის საწინააღმდეგო არაფერი მექნება'', - ამბობს ,,ვერსიის'' კონფიდენტი, თუმცა ამ ეტაპზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი სამთავრობო ცვლილებებზე კი არა, მიხეილ სააკაშვილის შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებსა და, ზოგადად, მის მომავალთან დაკავშირებით უფრო არსებობს. ამიტომ, საქართველოს მთავრობის ფორმირებაზე სხვა დროს ვისაუბროთ, თუმცა რაკი სიტყვა ჩამოვარდა, ერთი მაინც აღსანიშნავია: პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ძალოვანი მინისტრები არ შეიცვლებიან.