საქართველოს მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექდათვალიერების სრულად ასამოქმედებლად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება. მსურველებმა განაცხადი 2016 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ ეკონომიკის სამინისტროში. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს.
„ტექნიკური დათვალიერების სისტემის დანერგვას უნდა მოჰყვეს ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ცნობილია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ამ დარგში სტანდარტების არარსებობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით დღეს ვითარება რომ მძიმეა, ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. საყურადღებოა საგზაო შემთხვევების სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი სწორედ მანქანების გაუმართაობაზე მოდის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ყველა რეგიონს მოემსახურება ცენტრების საკმარისი რაოდენობა, რათა ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს; ჩამოყალიბდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები; დაინერგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ერთიანი ცენტრალიზებული მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციული გარიგებების ალბათობას;
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საკონსულტაციო კომპანიასთან შეთანხმების შედეგად, სხვადასხვა ასაკის და ტიპის მანქანებისთვის შეიძლება იყოს სხვადასხვა პერიოდულობა. დადგინდება ბაზარზე მაქსიმალურად მორგებული კონკურენტული ფასი, 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა სრულად იქნება გამართული. კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
წინასწარი გათვლით, რეფორმას დაახლოებით 30 მილიონი დოლარი დასჭირდება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, 1000-მდე სპეციალისტი მომზადდება და დასაქმდება.
საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აღდგენაზე მთავრობის ინიციატივას ქვეყნისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, მაგრამ იქვე ხაზს უსვამს, რომ მთავრობამ საწყის ეტაპზე ლიბერალური დამოკიდებულება უნდა გამოიჩინოს.
„ჰაერის დაბინძურება და ავტოავარიები პირდაპირ არის დაკავშირებული ავტომობილების ტექნიკურ გაუმართაობასთან. ეს ტექდათვალიერება ქვეყანას აუცილებლად სჭირდება. მიმდინარე ეტაპზე ბევრი ავტომობილი ნამდვილად ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, თუმცა ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრიორიტეტები. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ტექდათვალიერება აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს, მაგრამ საწყის ეტაპზე უნდა იყოს ლიბერალური მიდგომა, მოგვიანებით კი, ეტაპობრივად გამკაცრდეს“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.
არასამთავრობო სექტორი კი სისტემის გამჭვირვალობაზე ამახვილებს ყურადღებას. ტრანსპორტის სფეროს ექსპერტი დავით მესხიშვილის თქმით, ტექნიკური დათვალიერების ცენტრები მაქსიმალურად მოწესრიგებული და მომზადებული უნდა იყოს, პერსონალი კი აუცილებლად გადამზადებული, რათა შეძლონ ტესტირების იმ სტანდარტში ჩატარება, როგორც ეს ევროპაშია მიღებული. კორუფციის დონე ნულამდე უნდა იყოს დაყვანილი.
„მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 4 წელზე მეტი ასაკის ავტომობილი 2 წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს, თუმცა არ არის გამორიცხული, კანონმდებლობა გადაიხედოს. მაგალითად, რაც უფრო ახალია ავტომობილი, ის მით უფრო იშვიათად მოწმდებოდეს.
ჩვენ თუ ავდგებით და ყველა მძღოლს ვაიძულებთ, ყველაფერი ერთად შეამოწმოს, ეს შედეგს ვერ მოგვცემს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში 1,2 მლნ-იდან 10 წელზე უფრო ასაკოვანი ავტომობილი დაახლოებით 800 000-ია. ეს მოთხოვნა ძალიან მძიმე სოციალური დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. ტექდათვალიერება აუცილებელად, თუმცა ეტაპობრივად უნდა ჩატარდეს. პირველი წელი ჰაერის დამაბინძურებლები შემოწმდეს. მეორე წელს სავალი ნაწილი უნდა გაუმჯობესდეს, მესამე წელი მოწყობილობები და ასე შემდეგ“, - განაცხადა მესხიშვილმა.