საქართველოს სავაჭრო სექტორში უახლოეს მომავალში შეიძლება ისეთივე კომბინაციები გათამაშდეს, როგორც ეს ბანკებთან მიმართებით მოხდა. ბაზარს რამდენიმე მსხვილი ქსელური კომპანია დატოვებს და მათ სხვა ობიექტები მიიერთებენ. მსხვილ სავაჭრო ქსელებს პრობლემა მას შემდეგ შეექმნათ, რაც მათი რაოდენობა საოცრად გაიზარდა. ამჟამად ქვეყნის ეტრიტორიაზე 15-მდე სუპერმარკეტების ქსელი მოქმედებს.
გამორიცხული არ არის, სულ მალე მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ გასხვისდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაცია კომპანიას გასაყიდად ამზადებს და ამ დროისთვის ინვესტორს ეძებს. „ორი ნაბიჯის“ შესაძლო გასხვისებას არ გამორიცხავენ არც სადისტრიბუციო კომპანიები. თავად „ორ ნაბიჯში“ კი ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ კომპანია არ იყიდება და გასხვისებას არც მომავალში გეგმავს.
საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონიას ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მიდის მოლაპარაკება რუსული ქსელის საქართველოში შემოსვლაზე და საუბარია ქართული სუპერმარკეტების მიყიდვაზე. გამორიცხული არ არის, რუსული კომპანია „ორი ნაბიჯის“ ყიდვით იყოს დაინტერსებული, თუმცა ჭყონიას აზრით, ნაკლებად სავარაუდოა რუსული კომპანია იმ მასშტაბის ქსელით დაინტერსედეს, როგორიც „ორი ნაბიჯია“.
„შესაძლოა „ნიკორამ“ იყიდოს „ორი ნაბიჯი“ და გახდეს 300 სუპერმარკეტის მფლობელი. ამის შემდეგ, შესაძლოა, მისთვის საკმაოდ სარფიანი იყოს ამ ბიზნესის გაყიდვა“ - აცხადებს ჭყონია „კომერსანტთან“ საუბრისას.
სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორაში“ გავრცელებული ინფორმაცია „ორი ნაბიჯის“ შესაძლო ყიდვასთან დაკავშირებით უარყვეს. აღსანავია, რომ მის გარშეც „ნიკორა“ ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელია საქართველოში.
ამასობაში „ფურშეტს“ და „ლა ფემილის“ საკმაო პრობლემები აქვს. ამის მიზეზი კი სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ გაუსტუმრებელი ფინანსური დავალიანებაა. სხვათა შორის, მსგავსი პრობლემა არაერთ მსხვილ სავაჭრო ქსელს აქვს.
ჭყონია ამბობს, რომ „ფურშეტი“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და საკმაოდ კაბალურ სიტუაციაში უწევს ყოფნა, ამიტომ ისიც კი საინტერესოა, აქამდე როგორ მოაღწია. რთულ სიტუაციაშია „ლა ფემილიც“, რომელიც რეალურად უკვე დაიხურა და ქართულ „რითეილ კომპანიად“ გადაკეთდა. კომპანია ამ ეტაპზე ორი მაღაზიითაა წარმოდგენილი, თუმცა, ჭყონიას ვარაუდით, დიდი ალბათობით ეს მაღაზიებიც იგივე ბედს გაიზიარებს.
„ფურშეტი“ დისტრიბუტორებთან ფინანსურ დავალიანებას ადასტურებს, თუმცა დახურვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
„კომპანიებთან გარკვეული სახის დავალიანებები არსებობს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ან გაკოტრება გვემუქრება, ან მათთან თანამშრომლობის შეწყვეტა, ან ამის გამო ბაზრიდან გასვლა. დავალიანებები ყველას აქვს, ნებისმიერ საცალო ქსელში მომუშავე კომპანიას აქვს დავალიანება მომწოდებლებთან. ამის გარეშე არც სავაჭრო სისტემა არსებობს და არც კომპანიებთან თანამშრომლობა“, - აცხადებენ „ფურშეტში“.
კომპანია „ქართული რითეილის“ კომერციულმა დირექტორმა მაკა კვარაცხელია კი აღნიშნავს, რომ „ლა ფემილის“ დახურვა არ არის მოსალოდნელი და მეტიც, ქსელი განვითარებას და ორი ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს.