ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო გახდება

ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო გახდება

რამდენიმე კვირაში ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო გახდება. ეს დაახლოებით ისეთივე პროცესი იქნება, როგორც რძის პროდუქტების ტექნკური რეგლამენტის ამოქმედება. მომხმარებელს ყველაზე მეტად ის აინტერესებს, გაუძვირდება თუ არა პროდუქტი.

საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირების წესი ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, პროდუქციის ეტიკეტზე სავალდებულო გახდება ყველა იმ ინფორმაციის დატანა, რომელიც მის ვარგისიანობაზე მიუთითებს. ეტიკეტირება უშუალოდ სასაკლაოებზე მოხდება.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ეტიკეტირება ნებაყოფლობით ხდებოდა და მას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირირების ხელშეკრულება ავალდებულებს. ამიერიდან კი მწარმოებელი ვალდებული იქნება ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდოს მომხმრებელს. ეს შეეხება ყველა სახის ცხოველისა და ფრინველის ხორცს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნოდარ კერესელიძი თქმით, ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს შესასრულებელი აქვს გარკვეული ვალდებულები. „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ კუთხით“, - განაცხადა ნოდარ კელესელიძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, კახა სოხაძეც ადასტურებს, რომ ტექნიკური რეგლამენტი „საქონლის ხორცისა და ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ“ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც პირდაპირაა ფოკუსირებული მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე. მისი ამოქმდებით ბაზარი გაცილებით მოწესრიგდება.

საინტერესოა რა გავლენას მოახდენს ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირების შემოღება წარმოების პროცესზე და ხომ არ გამოიწვევს ეს პროდუქციის გაძვირებას?

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ვერძის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ერეკლე ნატროშვილი აცხადებს, რომ სავალდებულო რეგულაცია ხორცის და ხორცპროდუქტების ღირებულებაზე მეტ-ნაკლებად აისახება. მისი აზრით, ხორცი გაძვირდება, თუმცა მნიშვნელოვნად არა.

„მსხვილ კომპანიებზე უფრო ნაკლებად აისახება ეს ხარჯი, მცირე კომპანიებში კი თვალშისაცემი იქნება. თუ გვინდა ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა, ასეთი სტანდარტი უნდა დავნერგოთ, სხვანაირად არ გამოვა. ამ დროისთვის კომპანიაში მზადება მიმდინარეობს“, - განუცხადა „კომერსანტს“ ერეკლე ნატროშვილმა.

კახეთში მდებარე სასაკლაოს, შპს „მატადორის“ ხელმძღვანელი იოსებ კოხტაშვილი აცხადებს, რომ დღეს ბაზარზე ძალიან ბევრი შეუმოწმებელი და აღურიცხავი ხორცი ხვდება. შესაბამისად, ეტიკეტირების ამოქმედება დროულია. როგორც კოხტაშვილი ამბობს, ხორცის მწარმოებლები სასაკლაოების გვერდის ავლით ამზადებენ და ყოველგვარი შემოწმების გარეშე ახდნენ მის რეალიზებას.

„მას შემდეგ რაც კონტროლი იქნება, ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს. არ არის გამორიცხული ხორცის ფასის გაზრდაც, თუმცა, მგონია, რომ ეს უმნიშვნელო იქნება. მწარმოებლებმა ფასი ძალიან რომ გაზარდონ, პროდუქტი აღარ გაეყიდებათ. ხორცი საქართველოში იაფი ისედაც არ ღირს“, - განაცხადა იოსებ კოხტაშვილმა.