ლარის კურსი უკანმოუხედავად მიიწევს 2,50-იანი ნიშნულისკენ. ხალხში უკვე მსუბუქი პანიკა შეინიშნება, მით უფრო, რომ ბაზარზე უკეთესობის მოლოდინი არავის აქვს. მთავრობის წევრები დრო და დრო დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ, თუმცა მათდამი ნდობა უკვე მინიმალურ ზღვარს კარგა ხანია ჩამოცდა.
რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჯერ ისევ იმედიან განწყობას ინარჩუნებს. მისი თქმით, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები წესრიგშია და უარყოფით მოლოდინებს ოპოზიცია ქმნის, თუმცა ქვეყნაში დევალვაციის რეალური მიზეზი არ არსებობს.
ნოდარ ხადური ამტკიცებს, რომ ლარი უახლოეს პერიოდში გამყარებას დაიწყებს.
„მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის შეცვლილი, პირიქით, გაუმჯობესებულია, მათ შორის, ჩამორიცხვები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო. იმპორტს შემცირების ტენდენციაც სახეზეა, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში. აზიის განვითარების ბანკიდან ჩამოირიცხება თანხები. უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ ლარის გამყარებას. ცუდი მოლოდინის საფუძვლები არ არსებობს. მოვუწოდებ მოსახლეობას არ იზარალონ“, - განაცხადა ხადურმა.
სახელისუფლებო წრეების მტკიცებას, რომ ლარი მალე დასტაბილურდება, არ ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი მაკალათია. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, არსებულ დინამიკაში, ლარი დეკემბარმდე, შესაძლოა, კიდევ გაუფასურდეს და დოლარმა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწიოს. ეს, რასაკვრიველია, აისახება სამომხმარებლო ბაზარზეც და დიდი ალბათობით, პროდუქტების გაძვირებასაც გამოიწვევს.
მაკალათიას თქმით, ლარის კურსის სტაბილიზაციის წინაპირობა საკმაოდ მყიფეა. დღეისათვის ის თითქმის 2.5 ნიშნულს უტოლდება და შესაძლოა, 2.6 ნიშნულსაც კი მიაღწიოს, მით უმეტეს, რომ შემოდგომით ვალუტის კურსი უფრო მეტად განიცდის ვარდნას, გაზაფხულზე კი - მყარდება.
რაც შეეხება ლარის გაუფასურების მიზეზებს, მაკალათიას განმარტებით, პირველ რიგში, ამის მიზეზია ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებულია იმპორტირებულ საქონელზე და მაღალია დოლარიზაცია.
„გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ლარის კურსის დასტაბილურებისთვის აუცილებელია ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია“, - განუცხადა რადიო „ფორტუნას“ მაკალათიამ.
კომპანია „პირადი ბანკირის“ ხელმძღვანელი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ირაკლი ბერძენაძეც ამბობს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი ჩვენ ეკონომიკაშია და საერთაშორისო საფინანსო ბაზრებთან არანაირ კავშირში არაა.
„ქვეყანაში ნაკლები დოლარი შემოდის, გარდა ამისა, ბაზარზე გარკვეული მანიპულაციები ხორციელდება. ლარის გაუფასურების მიზეზი ეკონომიკაშია. ახლა ლარი უცხოეთზე არაა დამოკიდებული და აქ გარე ეფექტს, ფაქტობრივად, გამოვრიცხავ. ეს მხოლოდ შიდა ეკონომიკური პრობლემაა“, - განაცხადა ირაკლი ბერძენაძემ.
ფინანსისტი დავით წიქარიძე კი მიიჩნევს, რომ ლარის მდგომარეობა რეალურად საქართველოს ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობას ასახავს.
„ლარის გაუფასურების მიზეზი არის ის, რაც დღეს ქვეყნის ეკონომიკაში ხდება. მის გაუფასურებაზე აბსოლუტურად ყველაფერი მოქმედებს. სანამ ეკონომიკა არ გაჯანსაღდება, ლარის ასეთ მდგომარეობაში მუდმივად იქნება“, - აღნიშნა დავით წიქარიძემ.