გია თორთლაძე, რომელიც თავს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლად აცხადებს, მიიჩნევს, რომ 26 მაისს პოლიციამ აქცია მხოლოდ «დაშალა» და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დადგეს თუნდაც მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი იმის გამო, რომ «პოლიციამ ვიღაცას ჯოხი ოდნავ მეტად მოარტყა». იგი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ხიფათისგან სწორედ მერაბიშვილმა იხსნა.
რა არგუმენტი აქვს ამისთვის თორთლაძეს და რითი ხსნის საკუთარ პოზიციას, ამ საკითხებთან დაკავშირებით «რეზონანსი» გია თორთლაძეს ესაუბრა.
იზიარებთ, რომ ეს იყო უცხო ქვეყნის მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების და შეირაღებული აჯანყების მცდელობა?
- მე კი არ მგონია, არამედ ამას თავად აფიქსირებდნენ.
რას გულისხმობთ?
- იმას, რომ თავად ამბობდნენ, ჩვენ აჯანყებულები ვართ, გამოვალთ, ხელისუფლებას გადავატრიალებთ ნებისმირ ფასად და ა.შ.
და ეს იყო რუსეთის მიერ დაგეგმილი ოპერაცია?
- რა თქმა უნდა. ორი წელია ვამბობ, რომ რუსული ფულის სუნი და სპეცსამსახურების კვალი ჩანს. მე ამას მაშინ ვამბობდი, როდესაც ჯერ ჩასულებიც კი არ იყვნენ მოსკოვში და ჩემს ნათქვამებს შეურაცხყოფად ღებულობდნენ. ახლა კი ყველაფერი ხელისგულზე გვიდევს.
ახლა თუ იმას ვიტყვით, რომ არაფერი არ ხდებოდა და ყვლაფერი ფაბრიკაციაა, მაშინ ვერ გვქონია საქმე კარგად და ვერ ვაცნობიერებთ იმ საფრთხეს, რასაც ეს ადამიანები გვიმზადებდნენ. ყველაფერი თვალწინაა...
მაგრამ აქ არის მთავარი ის, რომ გაიმიჯნოს, ვინ გეგმავდა ამ ყველაფერს და ვინ უბრალოდ პროტესტს აფიქსირებდა. დარწმუნებული ვარ, რომ მიტინგზე მისული ადამიანებიდან ამ გეგმების შესახებ არაფერი იცოდა. მაგრამ ვინც იცოდა და ვინც სხვისი შვილების ხარჯზე აპირებდა საკუთარი მიზნების შესრულებას, პასუხი უნდა აგოს.
როგორ უნდა აგოს პასუხი?
- არ ვიცი.
ხელისუფლებამ არ უნდა აგოს პასუხი?
- თქვენ ალბათ მიტინგის დაშლას გულისხმობთ, არა?
ამ ყველაფერს დარბევად მიიჩნევთ და დაშლად?
- იცით რა, ეს ისეთი თემაა, რომ ასე ლაპარაკი არ შეიძლება. დაშლა სხვანაირად როგორ უნდა მომხდარიყო? მომიტინგეებმა პოლიციას ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.
ანუ, თქვენ ამბობთ, რომ მომიტინგეებმა პოლიციას სცემეს?
- პირველ ეტაპზე, როდესაც წყლით დაშლა მიმდინარეობდა, არა. მაგრამ შემდეგ აშკარად წინააღმდეგობა იყო და ამიტომაც პოლიციამ იმ პირების დაპატიმრება დაიწყო, ვინც წინააღმდეგობ აგაუწია და ეს ძალიან ბუნებრივია. ეს არ იყო აქციის ჩვეულებრივი დაშლა. აქციის მონაწილეთა მხრიდან იყო ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა და ამ მომენტში მოხდა მათი დაპატიმრება.
ნებისმიერი ასეთი შეტაკების დროს, როდესაც ეს ყველაფერი მართლაც რომ შეტაკებაში გადადის, დაპატიმრება ხდება. თუმცა, მე მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ ადამიანს ოდნავ ზედმეტად მიარტყეს ჯოხი, რომელიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა.
რა თქმა უნდა, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ, როდესაც საუბარია ქვეყნის დაღუპვასა და აქ რუსეთის სპეცრაზმის შემოყვანაზე, ასეთი აჟიოტაჟი ძალიან ზედემეტად მიმაჩნია. ვინც მხოლოდ პოლიციის ოდნავ გადაცდომაზე ლაპარაკობს, რომ ვიღაცას ჯოხი ოდნავ მეტად მიარტყა და არაფერს ამბობს ქვეყნის გადატრიალების მცდელობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე სწორედ მათ უთანაგრძნობენ და ეს სამარცხვინოა.
თქვენ იმას ამბობთ, რომ ის, რაც 26 მაისს მოხდა, მხოლოდ პოლიციის ოდნავი გადაცდომა იყო?
- გადაცდომა ჰქვია ამას, აბა სხვა რა იყო?
ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდადადგეს?
- თანამდებობრივი გადაცდომის დროს, ცხადია, გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დგება, მაგრამ სახელმწიფო რა შუაშია?
მერაბიშვილის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს?
- არა, რას ამბობთ. იმ მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბარი, რომელმაც ქვეყანას თავიდან ააცილა ასეთი საფრთხე, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, უბრალოდ, ძალიან სასაცილოა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქვეყანა ძალიან სერიოზულ ხიფათს გადარჩა.
ხელისუფლებას პასუხისმგებლობა არ აკისრია?
- არა. ხელისუფლებამ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ მათ აქციის ჩატარების უფლება არ ჰქონდათ და ა.შ. მაგრამ მათი მხრიდან ისმოდა, რომ ხელისუფლებას რამით მაინც გავამწარებთ და რაღაცით მაინც გავიყვანთ სხვა მდგომარეობაშიო და, როდესაც ხელისუფლებას აიძულებ, მიმართოს ეს ზომები, ეს უკვე დანაშაულზე მეტია. ეს ფაქტობრივად პროვოცირება იყო იმის, რომ გინდა, დაგარბიონ. მე თუ მინდა, რომ დამარბიონ, ამაში კი ხელისუფლებას რა ბრალი მიუძღვის?
ნებისმიერ ქვეყანაში ასეა, რომ სამართალდამცავზე აღმართულიხელი არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ვიდრე ჩვენ ამას არ გავაცნობიერებთ, არაფერი გვეშველება.
კადრები არსებობს, სადაც სპეცრაზმს დაკეტილი აქვს ყველა გასასვლელი და სცემს განურჩევლად ყველას. ეს არის სამართალდამცავზე აღმართული ხელი?
- ვის მიერ იყო გადაკეტილი? ვიდრე პოლიცია აქციის დაშლას დაიწყებდა, თავად გააბეს ტროსები და თავად ჩაკეტეს გზები და მერე ეს ყველაფერი პოლიციამ გახსნა.
ის კადრები, რაც ჩვენ ვნახეთ, რა თქმა უნდა, არის გადაცდომები და ამაზე რეაგირება არის აუცილებელი. მე იმას ხომ არ ვამბობ, რა კარგი რამე მოხდა მეთქი. არა, ბატონო, ძალიან ცუდი რამ მოხდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მხოლოდ ამ კონტექსტში ლაპარაკი არ არის სწორი.
თქვენს მიერ ნახსენებ გადაცდომებზე რეაგირება ვინ უნდა მოახდინოს?
- რა თქმა უნდა, თავად უწყებამ.
თქვენ ენდობით ამ უწყებას და დარწმუნებული ხართ, რომ სათანადო რეაგირება ექნება მერაბიშვილს სპეცრაზმელებზე?
- ვიდრე საქმეს არ შეისწავლიან და დასკვნას არ დადებენ, მე რა გითხრათ. რა საფუძველი მაქვს იმისთვის, რომ არ ვენდო?
საერთოდ არსებული ფაქტები. იგივე 7 ნოემბრის ამბებს მაშინ თქვენც აპროტესტებდით და ახლა უფრო მძიმე სურათი არ არის?
- წინა ფაქტები სულ სხვა იყო და მათი შედარება არ შეიძლება. 7 ნოემბრის აქციაზე შეიარაღებული გადატრიალებ ანახსენებიც კი არ ყოფილა და არც არავინ ფიქრობდა ასეთ რამეს. ახლა კი რუსეთის გეგმა თავიდან ბოლომდე ჩანს. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერ საზოგადოებრივ გადაცდომაზე რეაქცია უნდა გვქონდეს, მაგრამ პირველი რეაქცია უნდა გვქონდეს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გადატრიალებას გეგმავდნენ.