[გიორგი ბექაური]
თბილისში ორი მეტად საგანგაშო ტენდენცია იკვეთება, რომლის გამოწვევი მიზეზი ერთია - ავტოტრანსპორტი. ჯერ ერთი, რომ დედაქალაქის ქუჩებში გადააგილება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. ამის მიზეზი ინტენსიურ მოძრაობასთან ერთად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოწყობილი „სითი პარკის“ ავტოსადგომებია. გარდა ამისა, მანქანების მატებას და მუდმივ საცობებს ეკოლოგიური მდგომარეობის უკიდურესობამდე დამძიმება მოჰყვა. ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას 2,3-ჯერ აღემატება.
საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვები წარმოადგენს. ჩვენი ავტოპარკის 90% მეორადი მანქანებია, რომლებიც არ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს გამონაბოლქვი აირების ტოქსიკურობით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ მაღლაკელიძე ამტკიცებს, რომ ის წლიური მაჩვენებელი, რაც თბილისში ფიქსირდება, საგანგაშო არ არის.
„2010 წლის მონაცემებით, თბილისში მტვრის საშუალო წლიური კონცენტრაცია ნორმას 2,9-ჯერ აღემატებოდა, აზოტის დიოქსიდისა - 2,3-ჯერ. სხვა ყველაფერი თითქმის ნორმაშია. დიდი ქალაქისთვის კი ასეთი მატება კატასტროფული ნამდვილად არ არის. ამის მიზეზი გაუმართავი ავტომანქანებია, რომლებიც საწვავის წვას შესაბამისად ვერ ახერხებს“, - განაცხადა თამარ მაღლაკელიძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებში ეჭვი ეპარება მწვანეთა პარტიის ლიდერს გია გაჩეჩილაძეს, რომელიც აღნიშნულ მონაცემებს საგანგაშოს უწოდებს.
„რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არის ცუდი. თბილისს, განსაკუთრებით კი იმ უბნებს, სადაც გადატვირთული მოძრაობაა, მწვანე საფარი, პრაქტიკულად, მოაშორეს. მცენარეებს აქვს ასეთი თვისება, ისინი იწოვენ ტოქსიკურ ნივთიერებებს და ანეიტრალებენ მას.
რაც შეეხება იმას, რომ მომატებულია აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი, ტყვია კი დასაშვებ ნორმებშია, უბრალოდ, გასაკვირია. ორივეს მაპროვოცირებელი არის საწვავი და როგორ შეიძლება ერთი ნორმაში იყოს, მეორე კი მომატებული“, - ამბობს გაჩეჩილაძე.
ჰაერის დაბინძურების უმთავრესი მიზეზი თბილისის ქუჩებში მოძრავი ავტომობილებია, თუმცა დედაქალაქში ცენტრალურ უბნებში გადაადგილებას, სიტყვა მოძრაობა ნაკლებად შეესაბამება. ეს არის ტიპური უძრაობა, როდესაც ავტომობილები ძლივ-ძლიობით ახერხებენ დანიშნულების ადგილამდე მიღწევას. მუდმივი საცობებისა და დაბალი გამტარუნარიანობის მთავარი მიზეზი, მოძველებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად არის, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოწყობილი პარკირების ადგილები. ვიწრო ქუჩებზე ავტოსადგომებისთვის ტერიტორიების გამოყოფამ, მანქანების მოძრაობა თითქმის შეუძლებელი გახადა.
დედაქალაქში პარკირების ადგილების პრობლემას „სითი პარკშიც“ აღიარებენ. მათი თქმით, ცენტრალურ უბნებში ადგილები მართლაც არასაკმარისია, თუმცა ეს პრობლემა ყველა დიდ ქალაქს უდგას. „სითი პარკში“ განმარტავენ, რომ თბილისში მანქანების სიჭარბეა, ქალაქის ინფრასტრუქტურა კი ისეა მოწყობილი, რომ პარკირების ადგილს ყველგან ვერ გამოყოფ. ზოგ შემთხვევაში ამას შენობა უშლის ხელს, ზოგ შემთხვევაში ქუჩის სივიწროვე და სხვა. მათი თქმით, ამ ეტაპზე დედაქალაქში 60 ათასზე მეტი პარკირების ადგილია, რომელიც ყოველდღიურად იზრდება.
არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის განმარტებით, თუკი დედაქალაქის მერია ამ პრობლემას დროზე არ მიხედავს, სიტუაცია ყოველწლიურად დამძიმდება და თბილისი, პრაქტიკულად, გაუვალი ქალაქი გახდება. მისი თქმით, „სითი პარკი“ მერიისგან მიწას ქირაობს და მოსაკრებლით ამ ქირას იხდის, თუმცა ეს პარკირების პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს. ეს საკითხი უფრო გლობალურია და იგი დედაქალაქის მერიამ გენგეგმის დონეზე უნდა გადაჭრას.
ბათიაშვილის განმარტებით, მსოფლიოს არცერთ დიდ ქალაქში პარკირების პრობლემა ერთდონოიანი პარკირებით არ წყდება, რადგან მიწის ასეთი ფლანგვა დაუშვებელია. საჭიროა მერიამ მის საკუთრებაში არსებული მიწები გარკვეული პირობებით გაასხვისოს, რათა ამ ტერიტორიაზე მრავალდონიანი ფარეხების აშენდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ყოველწლიურად დამძიმდება.