საქართველოში სკოლის მოსწავლეების თითქმის ნახევარი თამბაქოს მომხმარებელია. 17-18 წლამდე ასაკის მოზარდებიდან 43% სიგარეტს სხვადასხვა ინტენსივობით ეწევა. ასეთ სტატისტიკას ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა ადასტურებს. საერთაშორისო კვლევა ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება, 2015 წელს პროექტს საქართველოც შეუერთდა.
ნოემბერში საქართველოში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 190-მა სკოლამ. გაანალიზდა 2477 სრულად შევსებული კითხვარი, მათგან 1961 მოსწავლე 1999 წელს არის დაბადებული. რამდენადაც კვლევა რეპრეზენტატულია და მისი განზოგადება, საქართველოში მცხოვრებ 16 წლის ყველა მოსწავლეზე შეიძლება.
მოწევა გოგონებში უფრო ნაკლებად გავრცელებულია - 30%, ვიდრე ბიჭებში - 54%. მოსწავლეთა 21%-მა (ბიჭების 28%-მა და გოგონების 13%-მა) მოწევა პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში სცადა. მოსწავლეთა 4% აღნიშნავს, რომ ყოველდღიური მოწევა 13 წლის ასაკში ან უფრო ადრე დაიწყო.
60%-მა განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ადვილი ან ძალიან ადვილია. მოსწავლეთა 4%-მა ელექტრონული სიგარეტი პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში მოწია და 1%-მა ამ ასაკში მისი ყოველდღიური გამოყენება დაიწყო.
ისევე როგორც მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოშიც განსაკუთრებით საგანგაშოა თამბაქოს მოხმარების მატება მოზარდებსა და ქალებში. ზოგიერთი ბავშვი სიგარეტის მოწევას 9-10 წლამდე ასაკში იწყებს, არადა ასეთ შემთხვევაში მკვეთრად იზრდება ადრეული სიკვდილის რისკი. გარდა ამისა, არსებობს განსაზღვრული დამოკიდებულება სიგარეტის წევის ადრეულ ასაკში დაწყებასა და შემდგომში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას შორის.
მოზარდებში თამბაქოს განსაკუთრებული მავნებლობა იმითაც აიხსნება, რომ ისინი მანკიერი ჩვევის დასამალავად, წესისამებრ, ჩუმად ეწევიან და ამიტომ სწრაფად ისუნთქავენ ბოლს. ასეთ დროს კი თამბაქოს კვამლში მავნე ნივთიერებები უფრო მეტად კონცენტრირდება (ნელი მოწევისას კვამლში ნიკოტინის დაახლოებით 20% გადადის, ხოლო სწრაფი მოწევისას - 40%-ზე მეტი).
თამბაქოს კონტროლის ალიანსში ამბობენ, რომ ბავშვები და ახალგაზრდები უნდა დავიცვათ ამ ნარკოტიკის მოხმარებისგან. ნიკოტინი ჩვეულებრივი ნარკოტიკული ბუნებისაა და თითქმის იგივე დონის დამოკიდებულებას იწვევს, რასაც, მაგალითად, ჰეროინი.
„ასე რომ, თუ თამბაქოს ინდუსტრიას, პირობითად 1 ლარი შემოაქვს ბიუჯეტში, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისა და ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხებით თუ ვიმსჯელებთ, 3 ლარი უკან მიაქვს ბიუჯეტიდან“, - აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.
საქართველოში 3 720 400 ადამიანი ცხოვრობს და აქედან 30 პროცენტზე მეტი მწეველია. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა არ შედის მსოფლიოს ოც ყველაზე მწეველ სახელმწიფოთა რიცხვში (აქ საბერძნეთი, ბულგარეთი და სერბეთი ლიდერობენ), საქართველო მაინც ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან საქართველოს მიერთებიდან 10 წელი შესრულდა, რითაც ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულებები, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა განუხორციელებელია.
„მეტიც, ვალდებულებების დიდ ნაწილს ვადა 5 წლის წინ გაუვიდა. ვადაგადაცილებული ვალდებულებებია: დახურული ტიპის შენობისა და ტრანსპორტის გათავისუფლება თამბაქოს კვამლისაგან, თამბაქოს რეკლამისა და პოპულარიზაციის სრული აკრძალვა, დაავადებების სურათებრივი გამოსახულების (პიქტოგრამების) დატანა კოლოფებზე, თამბაქოს ნაწარმის ლიცენზიის სისტემის აღდგენა როგორც წარმოებაზე, ასევე იმპორტზე, საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე, თამბაქოს ინდუსტრიის პასუხისმგებლობის დაყენება, მათგან კომპენსაციების მოთხოვნა და ა.შ.“ - აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.