რუსთაველის გამზირზე, 26 მაისს, მშვიდობიანი აქციის დარბევის სამართლებრივ მხარესა და აქციის გარშემო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის განცხადებებზე, “ობიექტივი“ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს ესაუბრა.
იზიარებთ თუ არა თქვენი კოლეგების პოზიციას, იმის შესახებ, რომ 21-ში დაწყებული აქცია 25 მაისის ღამის 12 საათამდე იყო სანქცირებული?
- ამგვარ პოზიციას არავითარ შემთხვევაში არ ვიზიარებ. თქვენ ალბათ, გულისხმობთ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის მიერ, საინფორმაციო საშუალებებით გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეებს ვადა 25-ში, ღამის თორმეტამდე ჰქონდათ.
ამ საკითხთან მიმართებაში, საქართველოს კანონმდებლობა არანაირ სანქციას არ ითვალისწინებს, კანონში მხოლოდ და მხოლოდ გაფრთხილების ინსტიტუტი არსებობს.
თბილისის მერიას შეტყობინება ჰქონდა, რომ საპროტესტო აქცია 25-ში მთავრდებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის შეკრების გამო ვერ დასრულდა, რაც საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და ევროპული კონვენციის მეთერთმეტე მუხლის მიხედვით, ხელისუფლებას აქციის დარბევის უფლებას არ აძლევდა.
ასე რომ, იურისტები (მათ შორის კვალიფიციური სპეციალისტები) და ხელისუფლების წარმომადგენლები დარბევის ფაქტის არასწორ ინტერპრირებას ახდენენ, იმის თქმით, რომ ხელისუფლებას 25-ში, ღამის 12 საათის შემდეგ აქციის დარბევის ლეგიტიმური უფლება ჰქონდა.
კარგად წაიკითხონ კანონი “შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“, რომელიც 10-15-გვერდიანია და მასში არსად წერია, რომ რაიმე სანქციაა საჭირო. ვიმეორებ, კანონი მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს და მასში ვერსად ნახავთ ჩანაწერს, რომლის თანახმად, ხელისუფლებას აქციის დარბევის ლეგიტიმური უფლება მას შემდეგ ენიჭება, რაც გაფრთხილების შემტანები ვადას გადააჭარბებენ.
როგორ აფასებთ საპროტესტო აქციის გარშემო, ელჩების მიერ გაკეთებულ განცხადებებს?
- ამერიკის ელჩის, ჯონა ბასის, საფრანგეთის ელჩის და ევროკავშირის წარმომადგენლის, ბატონი დიმიტროვის განცხადებები არის საქართველოს ხელისუფლების შინაურ საქმეებში ჩარევა. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარებული არ არის და ამიტომ, ელჩების მხრიდან ყოვლად გაუმართლებელია მტკიცებულებებისა და დასაბუთებული არგუმენტების გარეშე აქციაში მონაწილე პირების დადანაშაულება, რომ ვითომდა მათ აქციაზე შეკრების უფლება არ ჰქონდათ.
ფაქტია, რომ ბატონი ელჩები საქართველოს კანონმდებლობას არ იცნობენ და ვერც ევროპულ კონვენციაში ერკვევიან. მაგალითად, ევროპული კონვენციის მეთერთმეტე მუხლის თანახმად, აქცია იმ შემთხვევაში შეიძლება აღიკვეთოს, თუ ის დანაშაულებრივ ხასიათს მიიღებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს საფრთხეს შეუქმნის.
ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ზემოხსენებულმა ელჩებმა ხელისუფლებას ადვოკატობა გაუწიეს და მათი დანაშაულებრივი ქმედების ლეგალიზება მოახდინეს.
თქვენი აზრით, როგორ შეიძლება მოხდეს 26 მაისის დარბევის ფაქტის გამოძიება?
- საქართველოს მთავარ პროკურატურაში განცხადება უნდა შევიდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოძიება დაიწყოს. მიმაჩნია, რომ აქციის დარბევის ბრძანება მიხეილ სააკაშვილის მიერ არის გაცემული.
ვინ უნდა მიმართოს პროკურატურას?
- აქციის რომელიმე ორგანიზატორმა, ან დაზარალებულმა. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქციის დარბევის ბრძანება არ გაუცია, მაშინ გამოიკვეთება ის პირი, ვინც ამგვარი ბრძანება გასცა. ეს იქნება შს მინისტრი, რომელმაც დარბევის ბრძანება თბილისის მერის მიმართვის საფუძველზე გასცა, თუ რაიმე სხვა ფაქტს ჰქონდა ადგილი.
თუ გამოძიებას არ დაიწყებენ, ეს იქნება ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლების მოსპობა და ეს საქმე ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება.
აქციის ორგანიზატორები სამართლებრივი ნორმებით არ იბრძვიან და უკანონო ქმედებაზე კონტრზომებს არ იღებენ - მხოლოდ განცხადებები და პრესკონფერენციები არ არის ეფექტური საშუალება დაიცვა, როგორც საკუთარი თავი, აგრეთვე მოქალაქეები, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ.