"სულ მალე მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებაც დაიწყება - ეს იქნება პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და კომიტეტის თავმჯდომარეები. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათ კანდიდატებზე არათუ გადაწყვეტილება, არამედ მსჯელობაც არ დაუწყიათ, რადგან ახლა მთავარი საკითხი 30 ოქტომბერს მაჟორიტარულ ფლანგზე მეორე ტურის ჩატარება და სრული გამარჯვების მოპოვებაა. თუმცა კულუარებში საბოლოო გადაწყვეტილება არა, მაგრამ სავარაუდო კანდიდატებზე საუბარი და განხილვები უკვე დაწყებულია, მათ შორის ზოგიერთი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ტურში გადასული მაჟორიტარობისთვის მებრძოლებიც კი განიხილებიან. საუბარია იმაზეც, რომ კომიტეტის თავმჯდომარეებად პარტიის ახალი სახეების წამოწევაა გადაწყვეტილი. საბოლოოდ, ვინ სად აღმოჩნდება, ამას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გადაწყვეტენ. უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივანი და სიის მესამე ნომერი ირაკლი კობახიძე შეცვლის დავით უსუფაშვილს და პარლამენტის სპიკერი გახდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ახალი სახეები კომიტეტის თავმჯდომარეებად.
"ვიცე-სპიკერებიდან საუბარია, რომ შესაძლოა ზვიად ძიძიგური და მანანა კობახიძე ისევ დარჩნენ და მათ მიემატოთ ერთი ახალი სახე. ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, ირაკლი კოვზანაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გენადი მარგველაშვილი, გიორგი გახარია, რომან კაკულია, მამუკა მდინარაძე, კობა კობალაძე - ეს ის ახალი სახეები არიან, რომლებიც "ქართული ოცნების" კულუარებში სხვადასხვა თანამდებობაზე განიხილებიან... პარლამენტში სულ 15 კომიტეტია. აქედან 6 კომიტეტის თავმჯდომარე მომავალ პარლამენტში არ მოხვდება, რადგან სამი კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებიდან იყვნენ: ვახტანგ ხმალაძე და ლევან ბერძენიშვილი "რესპუბლიკელებიდან" და ზურაბ ტყემალაძე "მრეწველებიდან"; სამი კი იყო პარტია "ქართული ოცნებიდან", მაგრამ მათგან თამაზ მეჭიაურმა პარტია დატოვა და საკუთარი შექმნა, ივანე კიღურაძე და თედო ჯაფარიძე კი პარტიის სიის მიღმა აღმოჩნდნენ.კონკრეტულად კი, ვაკანტურია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, სადაც ვახტანგ ხმალაძის შემცვლელად ეკა ბესელია განიხილება. ადამიანის უფლებათა კომიტეტში კი, სადაც ბესელია იყო თავმჯდომარე, ახალი სახეები მოიაზრებიან. მათ შორის საუბარია პარტიული სიის მე-4 ნომერ თამარ ჩუგოშვილზე. თუმცა ჩუგოშვილს ასევე იუსტიციის მინისტრადაც მოიაზრებენ და ამ შემთხვევაში საუბარია მამუკა მდინარაძეზე, რომელსაც ჯერ მეორე ტური აქვს მოსაგები", - აღნიშნავს გამოცემა.
"ასევე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ლევან ბერძენიშვილის შემცვლელად ახალი სახეები სახელდებიან - სიის მე-8 ნომერი რომან კაკულია, ან 34-ე დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც პარტია "ქართული ოცნების" საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "ოცნების" სიაში ვერ მოხვედრილი თედო ჯაფარიძის ადგილი, დიდი ალბათობით, შესაძლოა დაიკავოს მისმა მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძემ. განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ივანე კიღურაძის შემცვლელად მოსვლის დიდი სურვილი აქვს გუგული მაღრაძეს და ის ამას არც მალავს. თუმცა "ოცნების" კულუარებში ამ პოსტზე გენადი მარგველაშვილი განიხილება, რომელმაც ქუთაისში მეორე ტური უნდა მოიგოს. საფინანსო და საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის შემცვლელადაც მოიაზრება ახალი სახე - სიის მე-18 ნომერი ირაკლი კოვზანაძე, რომელიც ჯერ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ ეროვნული ბანკისთვის სასწრაფოდ შექმნილი საბანკო ზედამხედველობის თავმჯომარეობის კანდიდატადაც მიიჩნეოდა, თუმცა შემდეგ ეს სტრუქტურა საკონსტიტუციო სასამართლომ საერთოდაც არაკონსტიტუციურად ცნო", - განაგრძობს გამოცემა.
"ასევე ვაკანტურია დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი, მას შემდეგ, რაც ზურაბ ტყემალაძე ვერ შევიდა პარლამენტში. რამდენიმე კანდიდატს შორის სახელდება პარტიული სიის მე-5 ნომერი გიორგი გახარია, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში და ეკონომიკური საბჭოს მდივანი. სხვა კომიტეტებში უმეტესად, შესაძლოა, ისევ ძველი თავმჯდომარეები დარჩნენ, თუმცა ასევე საუბარია იმაზე, რომ ახალი სახეებიც იქნებიან განხილული. მაგალითად, თავდაცვის კომიტეტში ან დარჩება ირაკლი სესიაშვილი, ან მას კობა კობალაძე ჩაანაცვლებს, თუმცა ჯერ ორივეს მაჟორიტარული მეორე ტური აქვს მოსაგები. ასევე საუბარია იმაზეც, რომ უკვე გადაწყვეტილია შეიცვალოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ნაცვლად პოსტს ჩაიბარებს აკაკი ზოიძე, რომელიც სიის მე-6 ნომერია", - დასძენს გამოცემა.
"გუგული მაღრაძე, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, აცხადებს, რომ კანდიდატების განხილვა ჯერჯერობით არ ყოფილა, უბრალოდ, შეიძლება ყველას თავისი კანდიდატი ჰყავდეს მეტ-ნაკლებად მოაზრებული. აცხადებს, რომ კადრების დეფიციტი არ იქნება. შეკითხვაზე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს, მას განიხილავენ თუ არა ლევან ბერძენიშვილის შემცვლელად, ამბობს, რომ საკუთარი თავი პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ წარმოუდგენია -"მაგალითად, მე, განათლების სფეროზე უფრო ვფიქრობ, იმიტომ, რომ 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ უნდა გაკეთდეს განათლებაში. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეკონომიკაზე დაფუძნებული განათლება გვჭირდება და მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო. განათლება ჩემთვის ძალიან ახლობელი სფეროა. ევროინტეგრაციის სამინისტროდან გვყავს ხალხი ბოლოს და ბოლოს. მაგალითად, რომან კაკულია, რომელიც დეპარტამენტის უფროსი იყო. არ ვიცი, რომანს რა უნდა, მაგრამ ამ ლოგიკით თუ გავყვებით, ამ სფეროში რამდენიმე ადამიანი შეიძლება იყოს. ასე რომ, ჯერ ამ საკითხის წამოწევა არ არის სწორი", - მიიჩნევს მაღრაძე. ის ამბობს იმასაც, რომ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი შეიძლება ბევრი ჰყავდეს "ქართულ ოცნებას" პარლამენტში, მაგრამ მათგან ყველას არ აქვს ამბიცია კომიტეტის თავმჯდომარეობაზე. ამიტომ შერჩევისას გაითვალისწინებენ ყველაფერს და ერთგვარი შეჯიბრებითობაც იქნება", - წერს სტატიის ავტორი.
"ვიცით, ვინ რა სფეროში მუშაობდა, ვის რა წარმატებები აქვს და ვის შეუძლია მუშაობა. რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი დასახელდება, მერე იქნება მსჯელობა - ვინ ჯობია. სადღაც ძველი უნდა დარჩეს, სადღაც - ახლები მოვიდნენ. თუ აღმოჩნდა, რომ ის კადრი, რომელიც ძველი მოწვევის პარლამენტში კარგად მუშაობდა და სხვა არ არის პრეტენდენტი, დარჩება ძველი. მანდაც გარკვეული შეჯიბრებითობაა. მე მივესალმები ახლების უფრო ინტენსიურად ჩართვას, იმიტომ, რომ თანდათანობით ცოდნას შეიძენენ და 2020 წლის პარლამენტისთვის უფრო გამოცდილები იქნებიან. თუმცა წინასწარ ვარაუდების გამოთქმა ამ შემთხვევაში გონივრული არ არის, შეიძლება ის არ გამართლდეს. ყოველ შემთხვევაში, კადრების დეფიციტი არ იქნება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუგული მაღრაძე.
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი თედო ჯაფარიძის პარლამენტში არმოხვედრაზე წყდება გული, რადგან ჯაფარიძე მისთვის ყველაზე სანდო პროფესიონალია, რომლის მსგავსი დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი თითზე ჩამოსათვლელია და, სამწუხაროა, რომ ის "ქართული ოცნების" სიაში არ აღმოჩნდა. ცისკარიშვილის თქმით, როგორც წესი, ყველა თანამდებობას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი წყვეტს საბოლოოდ, თუმცა საპარლამენტო პოსტებზე პრეტენდენტების საქმიანობის შესახებ ნაკლები ინფორმაცია ექნება - მხოლოდ უკანასკნელ წლებში ვინ სად, რა თანამდებობაზე მოღვაწეობდა, ეს ეცოდინება. ამიტომაც თვლის, რომ ექსპრემიერი ამ კადრების გადანაწილებას გიორგი კვირიკაშვილს მიანდობს და უფრო უკეთესს შედეგსაც მივიღებთ. პოლიტოლოგი არ გამორიცხავს იმასაც, რომ კვირიკაშვილმა არატრადიციული ნაბიჯი გადადგას და კომიტეტის თავმჯდომარებად ადამიანები ჯერ სამი თვის ვადით, გამოსაცდელი დროით დაინიშნოს, მათ შორის იქნება ბევრი ახალი სახე, შემდეგ კი, ვინც ბიძინა ივანიშვილს მოეწონება, დატოვებენ, ვინც არა - შეიცვლება. თვლის, რომ აქცენტი ახალ სახეებზე უნდა გაკეთდეს და თუ კომიტეტებში თავმჯომარებად არა, მიადგილეებად მაინც იქნებიან ყველგან", - განაგრძობს სტატიიის ავტორი.
"ცისკარიშვილის ვარაუდით, შესაძლოა, კვირიკაშვილთან ერთად საპარლამენტო პოსტების გადანაწილებაში ირაკლი კობახიძემაც მიიღოს აქტიური მონაწილეობა, თუმცა კობახიძესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ გამართლდა ქართული გამონათქვამი: "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა", რადგან თვლის, რომ ირაკლი კობახიძე საკუთარ მამას, ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილ აქტიურ წევრს, გია კობახიძეს ვერ სჯობს. "თუ კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე გახდება, შეიძლება შავი არშია შემოვაკრათ პარლამენტის შენობას. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერის, დავით უსუფაშვილის შემდეგ ეს იქნება საკადრო კატასტროფა. მისი გამოუცდელობისა და გაუწონასწორებელი ხასიათის გამო ბევრი სადარდელი გვექნება. ჩემი აზრით, ის უნდა ყოფილიყო მამლაყინწის როლის შემსრულებელი "ნაციონალური მოძრაობის" ლანძღვის პროცესში, რაც გარდაუვალია, რადგან განვლილი 4 წელი პარლამენტში მთავარი თემა სწორედ ურთიერთლანძღვა იყო", - მიიჩნევს ცისკარიშვილი, რომელიც ახალი სახეებიდან თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურას მიესალმება, რადგან მას საია-ს თავმჯდომარეობისას "ძალიან პოზიტიური თვისებები ჰქონდა"; თვლის, რომ ირაკლი კოვზანაძე გამოცდილი ფინანსისტია და მას სადმე თანამდებობაზე აუცილებლად დანიშნავენ იმიტომ, რომ მასთან "ოცნება" ვალშია, რადგან ის დანიშნეს ეროვნული ბანკის საზედამხედველო სამსახურის უფროსად, რომელიც არაკონსტიტუციური ყოფილა და საკმაოდ პასუხისმგებლობის მქონე სამსახურიდან ის უმუშევრად დატოვეს", - დასძენს სტატიის ავტორი.