“შენ ხარ მკვლელი, არაადამიანი, ნაძირალა და არაკაცი, რომელიც პასუხს აგებს 26 მაისის ქმედებების გამო!” - პრეზიდენტის მისამართით ნათქვამი ამ ფრაზის გამო მარჯანიშვილის თეატრში პარასკევს დაკავებული 3 ახალგაზრდის მიმართ სასამართლომ ძალიან უცნაური გადაწყვეტილებები გამოიტანა.
29 წლის დავით ფაცაციას, მას, ვინც სააკაშვილს “მკვლელი”უწოდა, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. მისი მეგობრები კი დაისაჯნენ. გვერდით დგომისთვის 17 წლის გიორგი ლაპიაშვილს 400-ლარიანი ჯარიმა დაუწესეს. 25 წლის ვახო მაისურაძეს კი, რომელიც ინციდენტს არც შესწრებია, რადგან სიგარეტის საყიდლად იყო წასული, ჯერ 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, გასაჩივრების შემდეგ კი, გუშინ, სააპელაციო სასამართლომ ეს ვადა 4 დღემდე შეუმცირა.
ადვოკატი კახა კოჟორიძის განცხადებით, “ყველას უკვირს, რატომ იყო ერთი და იგივე მუხლებით ბრალდებულებზე ასეთი განსხვავებული სასჯელები. მით უმეტეს, რომ სწორედ გათავისუფლებული დავით ფაცაცია იყო პრეზიდენტის მისამართით ნათქვამი რეპლიკის ავტორი.”
“თუმცა, პროტესტის შემდეგ საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ მაისურაძეს 2-თვიანი პატიმრობა 4-დღემდე შეცვალა. მართალია, სასამართლოს მხრიდან აბსურდული დადგენილება იყო მიღებული, მაგრამ ამ შედეგს მივაღწიეთ იმიტომ, რომ 26 მაისის შემდეგ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება არ უნდოდათ,” - მიაჩნია კოჟორიძეს.
როგორც თავად სააკაშვილის მიმართ შეურაცხყოფის ავტორი დავით ფაცაცია “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, “საინტერესოა სწორედ ის, რომ სააკაშვილის მისამართით გინების გამო მიმიყვანეს სასამართლოში, მოსამართლემ კი პატიმრობა არ მომისაჯა და გამათავისუფლა. გამოდის, რომ მათი სურვილი იყო მე, ან ვინმე სხვას, შეეგინებინა სააკაშვილისთვის და ამიტომაც არ დამსაჯეს”.
ცნობისათვის, ეს ინციდენტი პარასკევს, 27 მაისს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ეკვადორის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიების საზეიმო გახსნის დროს მოხდა. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდათა ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილს მკვლელი უწოდეს და შოკოლადი ესროლეს. ინციდენტის გამო პრეზიდენტის დაცვამ ახალგაზრდები - სამოქალაქო მოძრაობა “რატომ”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ფაცაცია, ”რატომ”-ის წევრი ვახტანგ მაისურაძე და სკოლის მოსწავლე გიორგი ლაპიაშვილი დააკავა.
მათ ბრალი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ედა 173-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულში ედებათ, რაც საზოგადოების თავშეყრის ადგილზე წვრილმან ხულიგნობას, ლანძღვა-გინებასა და პოლიციის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
იმავე ღამეს, ვახტანგ მაისურაძეს 90-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, გიორგი ლაპიაშვილს სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, დავით ფაცაცია კი - უდანაშაულოდ ცნო.
პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი დავით ფაცაცია ყვება, რომ ”წინა ღამით მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ” მას სააკაშვილთან ერთად ერთ დარბაზში ჯდომა არ უნდოდა და თავისი სათქმელი საჯაროდ განუცხადა ქვეყნის პირველ პირს. შოკოლადის სროლას კი ადგილი არჰქონია.
“შეიძლება მეორე დღეს კი ვინანე, რატომ არ ვესროლე შოკოლადის ფილა, რომელიც ჯიბეში მქონდა-მეთქი, მაგრამ მე, ხელისუფლებისაგან განსხვავებით კანონის ჩარჩოში ვიმოქმედე და მხოლოდ საკუთარი მოქალაქობრივი პოზიცია დავაფიქსირე. ეს იყო პროტესტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეხატა და ეს სააკაშვილს უნდა გაეგო. მგონია, რომ ძალიან ბევრი ქართველის სურვილი შევასრულე, როცა სააკაშვილს “მკვლელი” და “ნაძირალა” ვუწოდე 26 მაისის ღამით ჩადენილი დანაშულის გამო”, - ამბობს ფაცაცია.
დავით ფაცაცია: “ჩემს მეგობრებს მოსაწვევები ჰქონდათ და მითხრეს თეატრში წავსულიყავით. იქ მისულებმა ვნახეთ, რომ წინა სამი რიგი სამთავრობო ლოჟა იყო და ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები იკრიბებოდნენ. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დაჯდა ჩვენს წინ, უკვე დამებადა ეჭვი, რომ სააკაშვილიც აპირებდა მოსვლას. თანაც, განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებიც იყო მობილიზებული. მე ვთქვი, რომ ვერ დავესწრებოდი და ვერ დავჯდებოდი სააკაშვილთან ერთად, მის მიერ წინა ღამით მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. ამიტომაც დაცვის რამოდენიმე წევრს ვიკითხე, აპირებს თუ არა საკაშვილი მოსვლას მეთქი. არ ვიცითო - მიპასუხეს.
“თუმცა, როცა უკვე 100 კაცამდე ფორმიანი ადამიანი ვნახე და თან უკვე თეატრის კარებიც იკეტებოდა, დავრწმუნდი, რომ სააკაშვილი მოდიოდა. ჩემს მეგობრებთნ ერთად მთავარი შესასვლელისკენ წავედი და მის მოსვლას გარეთ, კიბეებზე დაველოდე. როგორც კი ესკორტი გაჩერდა და სააკაშვილი მანქანიდან გადმოვიდა, შევძახე - შენ ხარ მკვლელი, არაადამიანი, ნაძირალა და არაკაცი, რომელიც პასუხს აგებს 26 მაისის ქმედებების გამო! ეს იყო ჩემი სამოქალაქო პროტესტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეხატა და ეს სააკაშვილს უნდა გაეგო”.
მისი თქმით, სააკაშვილს მოულოდნელობისაგან ძალიან დაბნეული სახე ჰქონდა, რაღაც რეპლიკის გაკეთებაც უნდოდა, მაგრამ გაჩერდა.
“გარემოცვაც ძალიან დაიბნა. სააკაშვილსაც თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გაჩერდა. 3 მეტრით იყო ჩემგან დაშორებული და მან და მის ირგვლივ მყოფებმა ყველაფერი ძალიან კარგად გაიგეს. ისეთი სახე ჰქონდა, მართლა საინტერესო სანახავი იყო”, - განმარტავს ფაცაცია.
ფაცაცია ამბობს იმასაც, რომ ამ ინციდენტის დროს მის გვერდით გიორგი ლაპიაშვილი იდგა, ხოლო ვახტანგ მაისურაძე, რომელიც სხვათა შორის ყველაზე მეტად დაისაჯა, საერთოდ არ იმყოფებოდა იქ, სიგარეტის საყიდლად იყო წასული.
დავით ფაცაცია: “ამ რეპლიკის შემდეგ მეტროსკენ წავედი. ვიგრძენი, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი მომსდევდა, 50-მდე იქნებოდნენ. ყველა უფორმო იყო. მე ამას ველოდი და ამიტომაც გავჩერდი. ჩემს მეგობრებს, გიორგი ლაპიაშვილს ხელი ვკარი, ჩემთან არ დადგე, მომშორდი მეთქი. ვახო მაისურაძე კი საერთოდ გასული იყო სიგარეტის საყიდლად “იოლის” მაღაზიასთან და მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა.
“დაცვამ ხელები შემიკრა, მანქანაში ჩამსვა და ჯერ ძველი თბილისის პოლიციაში წამიყვანეს. იქ არავინ იყო და ამიტომაც შემდეგ ორთაჭალის განყოფილებაში გადამიყვანეს. იქ დაახლოებითამის 12 საათამდე დავყოვნდი. შემდეგ სასამართლოში მიმიყვანეს, სადაც ადვოკატი მოვითხოვე და ბოლოს გამათავისუფლეს. ჩემი მეგობრები კი დასაჯეს და მთელი აბსურდიც ამაშია. ყველაზე მკაცრი სასჯელი მოსამართლე ნანა დარასელიამ გამოიტანა და არაფრის გამო 2-თვიანი პატიმრობა მისცა ადამიანს, რომელიც ამ ფაქტს საერთოდ არც შესწრებია და მხოლოდ იმიტომ უნდა იჯდეს ციხეში, რომ თეატრში ჩემთან ერთად იყო?!”
როგორც ადვოკატი კახა კოჟორიძე აცხადებს, ვახტანგ მაისურაძე და გიორგი ლაპიაშვილი ადვოკატის გარეშე გაასამარლეს და ისე შეუფარდეს სასჯელი.
“მაისურაძე და ლაპიაშვილი ადვოკატის გარეშე გაასამართლეს, ფაცაციამ მოსამართლეს შუამდგომლობა სთხოვა, ადვოკატთან დამაკავშირეთო და მისმა მოსამართლემ ეს დააკმაყოფილა. ამიტომაც შევძელით მისი დაცვა. რაც შეეხებ სხვადასხვა სასჯელების შეფარდებას - ეს ყველას უკვირს. ერთი და იგივე საქმის გამო ორი პირი გამტყუნდა, მოსამართლეები იმის და მიხედვით მოიქცნენ, ვის რა დამოკიდებულება ჰქონდა ფაქტის მიმართ. ყველაზე მკაცრი მოსამართლე ნინო დარსალია იყო”, - ამბობს კოჟორიძე.
“ჩემი მეგობრები უცებ გაასამართლეს, ჩემ შემხვევაში კი თან არასამთავრობო სექტორი დამიდგა მხარში, მედიაც უცებ გაჩნდა იქ და ამ ყველაფერმა ალბათ განაპირობა ის, რომ მე არ ჩამსვეს. ეს ჩემთვისაც ძალიან საკვირველი იყო. მხოლოდ საყვედური გამომიცხადეს,” - მადლობას უხდის ფაცაცია არასამთავრობო სექტორს.
ის 26 მაისის ღამის ამბებსაც იხსენებს და ამბობს, რომ როგორც კი დარბევის ამბავი გაიგო, დარბევის გაგონებისთანავე რუსაველზე გავიდა. იქ კი ისეთი საზარელი დარბევა გახდა, რომ არ შეეძლო ეს არ გაეპრტესტებინა.
დავით ფაცაცია: “სიმართლე გითხრათ, ავსტრიაში ვიყავი და 4 დღის წინ ჩამოვედი. მხოლოდ ერთხელ ვიყავი აქციაზე, ისიც ნახევარი საათით. როცა დაარბიეს, 1 საათზე ჩემს მეგობრებთან ერთად გავედი და ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისაკენ გავიარე. ამაზრზენი სანახავი იყო ყველაფერი. სამხედრო ფორმაში გადაცმული ადამიანები ყოველ 10 მეტრში იდგნენ. ბეტეერის ტიპის ჯავშანტრანსპორტები ჰყავდათ გამოყვანილი. სამხედრო ტექნიკის ისეთი მობილიზება იყო, რომ მეგონა, სოხუმის ან ცხინვალის ასაღებად ემზადებოდნენ. ვუთხარი კიდეც რამოდენი მათგანს, ყოჩაღ, ალბათ ცხინვალის ასაღებად მიდიხარ-მეთქი ამ შეიარაღებით”.
გუშინ კი ვახტანგ მაისურაძის 2-თვიანი პატიმრობა ადვოკატმა, კახა კოჯირიძემ გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ნანა დარასელიას მკაცრი სასჯელი 4 დღემდე შეამცირა.
კოჟორიძის განცხადებით, 2-თვიანი პატიმრობის 4-დღემდე შემცირება, ეს დიდი მიღწევაა, რადგანაც, დაპატიმრების შემდეგ გამამართლებელი განაჩენი არ გამოაქვთ ხოლმე.
“ჩვენ განაჩენი გავასაჩივრეთ და დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 60 დღის ნაცვლად ვახო მაისურაძე პატიმრობაში მხოლოდ 4 დღეს გაატარებს. რადგანა ორი დღე უკვე მოხდილ აქვს, სამშაბათს ის თავისუფალი იქნება. ლაპიაშვილმაც თქვა, რომ ისიც გაასაჩივრებს 400-ლარიან ჯარიმას. კანონის მიხედვით ჯარიმა 10 დღეში საჩივრდება. მე მისი ადვოკატი არ ვარ და დეტალები არ ვიცი,” - ამბობს კოჟორიძე.
ადვოკატის თვალსაზრისით, თუ ქმედებას წმინდა სამართლებრივად შევაფასებთ ამ ქმედებას, არანაირი გასაკვირი არ არის, რომ ფაცაცია გაათავისუფლეს. გასაკვირი ის არის, რომ საერთოდ გამტყუნდნენ.
კახა კოჟორაძე: “სამივეს გამართლება სამართლებრივად ადეკვატური იქნებოდა, იმიტომ, რომ ნებისმიერი ადამიანი სარგებლობს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ამ შემხვევაში “მკვლელო”, “არაკაცო” და “არადამიანო” - ეს არის აზრის გამოხატვის შემადგენელი ნაწილი. მით უმეტეს, საუბარია რიგითი მოქალაქის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ რეპლიკაზე. პრეზიდენტი კი საჯარო პირია და თმენის ვალდებულება აქვს. მართალია, სასამართლოს მხრიდან აბსურდული დადგენილება იყო მიღებული, მაგრამ ამ შედეგს მივაღწიეთ იმიტომ, რომ 26 მაისის შემდეგ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება არ უნდოდათ.”